რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა”. რაიონში წავედი. გზაზე დიდხანს მივდიოდი ისე, რომ მუხრუჭის ხმარება არ დამჭირვებია. როცა მუხრუჭი დამჭირდა, სატერფულს ფეხი დავადგი და ავტომობილი არ გაჩერდა. ისევ რომ გავიმეორე მუხრუჭმა დაიჭირა. მთელი გზა ეს აღარ გამეორებულა, მაგრამ შევშინდი, იქნებ რამე პრობლემა აქვს სისტემას?
პასუხი: ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტომობილს სამუხრუჭე ხუნდები ახალი გამოცვლილი აქვს. სამუხრუჭე ხუნდებს, შიგნით სპეციალური, ძალიან პატარა და მარტივი მოწყობილობა აქვს, რომელიც აუცილებლად საჭიროა იმისთვის, რომ ხუნდები დისკოსთან მუდმივად მიბჯენილ მდგომარეობაში იყოს. ხელოსნები კი ამ ნაწილს ხშირად არ აყენებენ, რადგან მისი ჩასმაა საჭირო და ეზარებათ. თანაც, მოხსნის დროს შეიძლება გაუტყდეთ, რადგან ძალიან ფაქიზი ნაწილია და ახლის მოძიებაზე ბევრი დრო დაეკარგებათ, ასევე – შეიძლება, საერთოდ ვერ მიხვდნენ, ის რისთვის იყო საჭირო. მაგრამ, ამ დეტალის გარეშე შეუძლებელია. თუ ხშირად მიხვევ-მოხვევა დაგჭირდათ, დისკო, რომელსაც თავისი დრეკადობა მაინც აქვს, ხუნდებს გარეთ წევს და მუხრუჭზე ფეხის პირველად დადგმის დროს, სითხეს არ ჰყოფნის იმის ძალა, მიაბჯინოს ხუნდები. პირველ დაწოლაზე სითხეს ხუნდები ერთმანეთთან ახლოს მიჰყავს, ხოლო მეორე, მესამე დაწოლის შემდეგ, უკვე დამუხრუჭებას ვახერხებთ. ამიტომ, პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. თუ დაამუხრუჭეთ და არ დაიჭირა, არ შეგეშინდეთ, მეორედ და მესამედ აუცილებლად შეძლებთ შენელებას.
კითხვა: ჩემი ავტომობილის რადიატორიდან წყალი გადის. თუ უშველის მას სპეციალური, ბზარების ამოსავსები სითხის ან ფხვნილის გამოყენება?
პასუხი: ყველა რადიატორს აქვს თავისი ლიმიტი, რის შემდეგაც ის უნდა შეიცვალოს. ამას კი ჩვენთან არავინ აკეთებს. თუ მისი რესურსი ამოიწურა, ის იწყებს წყლის გაპარებას. რადგან რადიატორი ძვირი ღირს, შეგიძლიათ, ხსნარი ან სითხე გამოიყენოთ. რაც უფრო კარგი ბრენდისას იყიდით, მით უკეთესი, მაგრამ მის გამოყენებას თავისი წესები აქვს. ავტომობილის ძრავა ისე უნდა გავათბოთ, რომ რადიატორის ხუფი მოხსნილი გვქონდეს. გახურებულზე ხუფი არ მოხსნათ, რადგან შეიძლება, დაიწვათ. ძრავას გახურება სჭირდება, რომ თერმოსტატმა გახსნა მოახერხოს. თუ ის გახსნილი არ არის, მთელი ეს ჩვენი ფხვნილი თუ ხსნარი, მას დალუქავს. ძრავა რომ გათბება, ნელ-ნელა ჩაყრით ფხვნილს ან ჩაასხამთ ხსნარს. ამის მერე ავტომობილს, დაახლოებით ათი წუთი, კიდევ არ ჩააქრობთ. მერე ჩააქრეთ, რადიატორს თავი დაახურეთ და გზა გააგრძელეთ. სითხე თუ ფხვნილი თავად პოულობს იმ ბზარებს, საიდანაც წყალი იპარება და ავსებს მათ.