ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ჩემი ძაღლი უკვე 10 წლისაა და, რაც ასაკში შევიდა, ხასიათი სულ შეეცვალა. ის უკვე წლებია, ჩვენი ეზოს მცველია. ბოლო დროს, თუ ვინმეს უყეფს, ამის მერე თითქოს დაღლილობისგან ქშენას იწყებს. როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: ყურადღება უნდა მივაქციოთ ძაღლის ხასიათს. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვანერვიულოთ. ძაღლი, რომელიც ეზოში ცხოვრობს და გარკვეულ ტერიტორიას იცავს, გამვლელ-გამომვლელს უყეფს. როდესაც ის ასაკში შედის, უნდა ვეცადოთ, რომ შედარებით თვინიერი გავხადოთ უცხოებისადმი, ანუ, ყეფა დავუშალოთ და ავუკრძალოთ. ძაღლი რომ ბრაზდება, იყეფება; შესაბამისად, გაბრაზება გარკვეულ ნერვიულობას იწვევს, შედეგად კი ის თავის აგრესიას გამოხატავს უცხო ადამიანისადმი. მოხუცი ცხოველის ორგანიზმი კი, ნერვიულობასაც რთულად იტანს. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ზედმეტად გაბრაზების შემთხვევაში ძაღლებში გულის შეტევები დაფიქსირებულა. უნდა შეეცადოთ, რომ ძაღლი ამას მოარიდოთ.
კითხვა: რა შემთხვევაში უნდა მოხდეს ცხოველის სტერილიზაცია?
პასუხი: სტერილიზაცია აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ იმ ცხოველებს, რომლებისგანაც არ იგეგმება შთამომავლობის მიღება. ასევე, ისეთ ცხოველებს, რომლებიც, დამაკების შემთხვევაში, ვერ შეძლებენ ნორმალურად მაკეობის გადატანას და მშობიარობას რაიმე თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადების გამო. ესენია: მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიები, მენჯის ძვლის მოტეხილობა და ასე შემდეგ. პირადი და გარშემო მყოფების უსაფრთხოებისთვის, ასევე, აუცილებელია აგრესიული და ავი ცხოველების სტერილიზაცია. აღნიშნული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით კეთდება.
კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, არსებობს თუ არა ძაღლებში ვენერიული დაავადებები და რა ბაქტერიული ინფექციებია საშიში ცხოველებისთვის?
პასუხი: ვენერიული დაავადებები ძაღლებში არსებობს. რაც შეეხება საშიშ ბაქტერიულ ინფექციებს, როგორც ხვადისთვის, ასევე, ძუსა და ლეკვებისთვისაც, ძალიან საშიშია ისეთი ბაქტერიული ინფექციები, როგორიცაა მაგალითად: სტაფილოკოკოზი, სტრეპტოკოკოზი, ეშერიქიოზი და ბრუცელოზი.
კითხვა: რა არ უნდა შევიტანოთ არასდროს ლეკვის კვების რაციონში?
პასუხი: თქვენს ლეკვს არასდროს არ უნდა მისცეთ შოკოლადი, ასევე, ცხიმიანი, შებოლილი, დამარილებული საკვები. ეს განსაკუთრებით მავნეა ლეკვის ორგანიზმისთვის. არასდროს არ გამოკვებოთ ის სუფრის ნარჩენებით, რაც ცუდად იმოქმედებს არა მარტო მის ჯანმრთელობაზე, არამედ, მის ხასიათზეც. ეს უკანასკნელი იწვევს კუჭ-ნაწლავის სისტემის აშლილობას და, შესაძლოა, ნაწლავების პერფორაციაც გამოიწვიოს, რაც მეტად მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს.