კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად არის დაცული მსოფლიოში ყველაზე დიდი სახარება და რა წვლილი მიუძღვის მის შექმნაში თენგიზ ელისაშვილს

 

 მინანქარზე მუშაობა საქართველოში უძველესი დროიდან იყო გავრცელებული.  მას გამოიყენებდნენ როგორც სამკაულების დასამზადებლად, ასევე, საეკლესიო ნივთებისა და ხატების შესამკობადაც. დღეს ბევრი პროფესიონალი და თვითნასწავლი ოსტატი მუშაობს მინანქარზე. თუმცა, მხატვარ-რესტავრატორ თენგიზ ელისაშვილის ხელწერა, ალბათ, განსაკუთრებული, ინდივიდუალური და ამ მხრივ ერთადერთიცაა. მის კოლექციაში არაერთ თემაზე შექმნილი ნამუშევრებია დაცული, როგორც რელიგიურ, ასევე ძველი თბილისისა თუ ფიროსმანის თემებზეც. რა პერიოდი სჭირდება ერთი ნამუშევრის შექმნას, რომელი ცნობილი პიროვნებები გახდნენ სხვადასხვა დროს ბატონი თენგიზის ნამუშევრის მფლობელები და რა წვლილი მიუძღვის მას მსოფლიოში ყველაზე დიდი სახარების შექმნაში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

თენგიზ ელისაშვილი: ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. მოთხოვნილება მქონდა, რომ მეხატა. ამიტომ, არავის არ გაჰკვირვებია ჩემი პროფესიული არჩევანი.

– ანუ, სამხატვრო აკადემიაში ჩააბარეთ?

– დიახ. ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში, რესტავრაციის ფაკულტეტზე. იმ დღიდან მოყოლებული, ამ საქმის ერთგული ვარ. სწავლა რომ დავამთავრე, გარკვეული ხნის განმავლობაში ლენინგრადში ვმუშაობდი. მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში ვიყავი დასაქმებული. 

– მაგალითად?

– ერთ-ერთი საინტერესო ეკლესიაა მთელ რუსეთში „სპას ნა კროვი”, ანუ ტაძარი სისხლზე. ეს მეცხრამეტე საუკუნის ტაძარია; დიდი ზომისაა, მასში თავისუფლად ეტევა 1 600 კაცი. ის აგებულია იმ ადგილას, სადაც 1881 წლის 1 მარტს სასიკვდილოდ დაჭრეს მეფე ალექსანდრე მეორე – იგი ეტლში ააფეთქეს. ეკლესია ქალაქის ცენტრში დგას. მისი ნახევარი ნაწილი ხმელეთზე მდებარეობს, ნახევარი კი წყალშია. 

– გავიდა წლები... საქართველოში დაბრუნების შემდეგ რა საქმიანობით დაკავდით?

– ძირითადად, ხატები, ზარდახშები, თავისუფალი თემები – ფიროსმანის, ძველი თბილისის თემები... ვმუშაობ ვერცხლზე, ოქროზე... მაქვს ბედნიერება, საპატრიარქოს დაკვეთითაც ვიმუშაო ხოლმე. საერთოდ, ბევრს ვმუშაობ...

– რომელმა ცნობილმა პიროვნებებმა გამოთქვეს თქვენი რომელიმე კონკრეტული ნამუშევრის შეძენის სურვილი?

– ასეთი ერთი და ორი არაა. მაგალითად, პრეზიდენტმა ჩემი და სოსო ოჩიგავას მიერ შესრულებული ილორის წმიდა გიორგის ხატი წააბრძანა აფხაზეთში; ასევე, ჩვენ შევასრულეთ ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი. კრემლშიც არის ჩემი ნამუშევარი, ზურაბ ჟვანიამ წაიღო; მანვე წაუღო კიდევ ერთი ელცინსაც. საერთოდ, ზურაბ ჟვანია გვაფასებდა და არაერთი ნამუშევარი აქვს ჩვენგან შეძენილი. შევარდნაძესაც აქვს ჩემი და გენო ზაქარაიას მიერ შესრულებული ცხენი. როგორც გავიგე, თურმე, ძალიან მოსწონს. მიმუშავია სახარებაზე, რომელიც სამებაშია დაცული.

– მსოფლიოში ყველაზე დიდ სახარებას გულისხმობთ, რომელიც სამების ტაძარშია დაცული?

– დიახ. მის შექმნაზე 30 კაცი ვმუშაობდით. ყველა თავის საქმეს ასრულებდა: რუსუდან ფეტვიაშვილი ხატავდა, ჩვენ ყდას ვაკეთებდით და ასე შემდეგ. 

– ერთ დროს ათეისტურ ქვეყანაში აღზრდილი ყმაწვილი, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ უკვე რელიგიურ თემაზე მუშაობს, თანაც, დიდი წარმატებით...

– ბავშვობიდან ვმუშაობდი ამ თემაზე.

– რელიგიურ ოჯახში იზრდებოდით?

– არა, უბრალოდ, რასაც გვიშლიდნენ კომკავშირლობისა და პიონერობის ასაკში, პროტესტის ნიშნად, იმას ვაკეთებდით: ტაძარში სანთელს ვანთებდით – ეს დღესასწაული იყო ჩვენთვის. სხვათა შორის, ჩემი ოჯახი არ იყო რელიგიური. კი სწამდათ, მაგრამ, სახლში ხატების კუთხე არ იყო, რაც მოგვიანებით მე მოვაწყვე; მარხვასაც არ იცავდნენ ხოლმე მაშინ... 

რელიგიური თემით უფრო აქტიურად ლენინგრადიდან ჩამოსვლის შემდეგ დავინტერესდი, საპატრიარქოში დავიწყე მუშაობა, უშუალოდ პატრიარქთან მქონდა ურთიერთობა, სხვადასხვა ტაძრის რესტავრაციებზე ვმუშაობდი. სამების ჯვრის შექმნაზეც მივიღე მონაწილეობა – ჩემი გაანგარიშებით არის დამზადებული, თუმცა, შემდეგ სხვამ გააკეთა. მცხეთის ჯვრის მონასტერზე ჩემი გაკეთებული ჯვარია აღმართული, უფრო სწორად – ნაწილი.

– ნაწილი როგორ?

– როგორ გითხრათ, ლითონი ისეთი თემაა, შესაძლოა, ერთი ნაწილი ერთმა  გააკეთოს, მეორე – მეორემ. აკი ზემოთაც მოგახსენეთ, სახარებაზე 30 კაცი ვმუშაობდით-მეთქი.

ალბათ, შთაგონებითა და უფლის მადლით, შემდეგში ნელ-ნელა მოვიდა ჩემში, მყარად გაჯდა და, უკვე რთული ნამუშევრების შესრულება დავიწყე. ჩემს კოლექციას თუ დააკვირდებით, სამოთხიდან განდევნიდან დაწყებული, ხარება, ნათლიღება, შობა... – თითქმის ყველა ხატი მაქვს შესრულებული.

– თქვენი ვერსიით?

– ჩემი ვერსიით და, ალბათ, კიდევ, შთაგონებითაც. ასევე, უამრავი ფრესკა მაქვს ნანახი და სპეციალურ ლიტერატურასაც კარგად ვიცნობ. 

– გაჩუქება შეგიძლიათ?

– დიახ, ძალიან ბევრჯერ გამიჩუქებია. ვერ ვიტყვი, რომ ნახევარი, მაგრამ, ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს გაჩუქებული. მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე, რომელიც ჩემს პირად კოლექციაშია დაცული და რომელსაც არასდროს არაფრის გამო არ შეველევი.

– სულ რამდენი ნამუშევრის ავტორი ბრძანდებით?

– არ ვიცი... ათასობით.

– შეგიძლიათ, დაასახელოთ ყველაზე დიდი თანხა, რომლის სანაცვლოდაც თქვენი რომელიმე ნამუშევარი გაყიდულა?

– ახლახან ინგლისში გაიყიდა ჩემი ერთი ნამუშევარი და 2 000 ფუნტი გადაიხადეს, მაგრამ, ჩემამდე ამდენი თანხა არ მოსულა, რადგან სალონმა გაყიდა.

– გამოფენები ხშირად გაქვთ?

– რა თქმა უნდა, საქართველოს გარდა ამერიკაშიც, ინგლისშიც.

– ამერიკისთვის, ალბათ, მინანქარი ცოტა უცხო თემაა...

– არა, ამერიკისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ინგლისისთვის. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ინგლისში უფრო გამიჭირდა. შესაძლოა, მიწოდება ვერ მოვახერხე სათანადოდ...

– რამდენი წელია, რაც მინანქრით შესრულებული ნამუშევრებით დაიწყეთ კოლექციის შევსება?

– დაახლოებით 15-17 წელია, რაც მინანქარზე დავიწყე მუშაობა. ისიც არავის უსწავლებია, ჩემით მივედი შედეგამდე. ბევრი ვიწვალე, ბევრჯერ მიტირია კიდეც. წარმოიდგინეთ, მთელი კვირა რომ იწვალებ,  ნამუშევარზე, შედებ ღუმელში და გაფუჭებულს გამოიღებ... ბოლოს, როგორც იქნა, მივიღე ის, რაც მჭირდებოდა.

– რამდენ ხანს ანდომებთ ერთი ნამუშევრის შექმნას?

– დაახლოებით 3-4 დღე მჭირდება, იმდენად დამეხვეწა ხელი.

– რატომ აირჩიეთ პროფესიად მაინცდამაინც რესტავრაცია?

– ალბათ, ჩემში იყო ამ საქმის სიყვარული... ბავშვობიდან მიყვარდა დაშლა, აწყობდა ჩხიკინი... ჩემი შვილიც ასევე გავზარდე.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ეს კოლექცია ჩემი ცხოვრებაა. 

 

 

скачать dle 11.3