როგორ სცემდა შიშის ზარს მთელ საქართველოს არაადამიანური ძალით დაჯილდოებული „პანდა“
„პანდა“
მელორ ჯიქია, მეტსახელად „პანდა“, 26 წლის გოლიათი ახალგაზრდა იყო. მელორი არაადამიანური ძალით გახლდათ დაჯილდოებული და ამტანობით კამეჩსაც დასჯაბნიდა. გოლიათური აღნაგობის მიუხედავად, პანდა კატასავით მოქნილი, ქურციკივით სწრაფი და მგელივით ჭკვიანი იყო. თუმცა, ყველა ამ ღირსებას მელორი ბოროტმოქმედებისთვის იყენებდა, პროფესიონალი დამნაშავე გახლდათ და 6 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული. პანდას მშვენივრად იცნობდნენ შავ სამყაროში და მიუხედავად იმისა, რომ ის კანონიერი ქურდი არ იყო, ქურდები მას პატივს სცემდნენ და თან, ეშინოდათ, რადგან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ხალხში და მთელი სამეგრელო-აფხაზეთი მის მზეს ფიცულობდა. მელორ ჯიქია ორჯერ გაიქცა ციხიდან და პირველად მეგობრის დაბეზღებით შეიპყრეს. თუმცა, მან მეორედაც მოახერხა გაქცევა და უფრო ფრთხილობდა. პანდას არც დედ-მამა ჰყავდა და არც ახლო ნათესავი. ერთადერთი, აღმზრდელი ბებია კი, მაშინ გარდაეცვალა, როდესაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოხუცს პირდაპირ სასამართლო დარბაზში გაუსკდა გული და შვილიშვილის თვალწინ დალია სული. მაშინ მელორი 15 წლის იყო და ხულიგნობისთვის ასამართლებდნენ. პანდა, მაშინ ჯერ კიდევ მელორი, მეზობელ ახალგაზრდა ქალს გამოესარჩლა, რომელსაც ქმარი, მაზლი და მამამთილი ერთდროულად სცემდნენ. ქალი ისტერიკულად კიოდა და შველას ითხოვდა. თუმცა, ღობესთან მიმდგარი მეზობლები ეზოში შესვლას ვერ ბედავდნენ. თარბების ეშინოდათ, რადგან შლეგიანების სახელი ჰქონდათ გავარდნილი და მათთან შეტაკება არავის უნდოდა. მელორი მეზობლების ეზოში გადავიდა და ქალი საკუთარი სხეულით დაიფარა. თან, ცდილობდა, კაცების გაჩერებას. მაგრამ თარბები უფრო გაშმაგდნენ და მელორს მუშტები დაუშინეს. მაშინ, მელორმა თითოჯერ შემოჰკრა თარბებს მუშტი და ძმებს ყბები მოსტეხა, მათ მამას კი ტვინის შერყევა დაემართა. მამა თარბა ძველი ბოლშევიკი და მილიციის გადამდგარი პოლკოვნიკი იყო. მან მელორს უჩივლა და არასრულწლოვანი ჯიქია 4 წლით ციხეში გამოამწყვდია. ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში მელორმა მალევე გაითქვა სახელი და „პანდა“ სწორედ იქ შეარქვეს. მის მშობლიურ სოფელში, თითქმის ყოველდღიურად მოდიოდა ცნობები მელორის გმირობის შესახებ. ამიტომ, შურისძიებით შეშინებულმა თარბებმა სოფელი დატოვეს და რუსეთში გადაიხვეწნენ. ციხიდან გათავისუფლებული მელორი, რომელიც ამქვეყნად მარტოდმარტო დარჩა, რადიკალურად იყო შეცვლილი და მხოლოდ მისი შესახედაობაც კი შიშს იწვევდა. თუმცა, პანდა ტყუილად არავის ერჩოდა და თავის სოფელში მას ნემსიც კი არავისთვის წაურთმევია.
ფანტასტიკური ძარცვა
პანდა დიდხანს არ დარჩენილა სოფელში. მას უკვე დამნაშავის ფსიქოლოგია ჰქონდა ჩამოყალიბებული. მუშაობას არ აპირებდა და როგორც თავად ამბობდა, საქმეები უნდა ეკეთებინა. მელორმა სოფლიდან ძველი მეგობარი და თანაკლასელი ტიტე ქაჯაია შეიამხანაგა და თბილისს მიაშურა. საქართველოს დედაქალაქში პანდამ და ქაჯაიამ პატიმრობიდან ახალი გათავისუფლებული გივი ვეშაპიძე, მალხაზ კასრაძე და მერაბ გიორგაძე შეიამხანაგეს, დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბეს და მოსკოვს მიაშურეს...
საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ბონდო მიქაძე ცხოვრობდა, რომელმაც პანდასთან ერთად 6 თვე გაატარა საპყრობილეში და მელორთან შეთანხმებული იყო, რომ მსხვილი საქმე ერთად გაეკეთებინათ. ბონდო მიქაძე, მეტსახელად „სტრელა“, 29 წლის იყო. მოსკოვში ის თავის საყვარელთან, ალასთან ცხოვრობდა და თბილისიდან ჩასული ხუთივე ბოროტმოქმედი სწორედ ალას სახლში ეწვია სტრელას.
– ყველაფერი მოფიქრებულია, გამზადებული და მხოლოდ შესრულება უნდა, – უთხრა სტრელამ პანდას, – ექვსი პისტოლეტი დავაზაგაჟნიკე და ფურგონიანი „მოსკვიჩი“, რომელიც ჯერ კიდევ შარშან გავიტაცე გარაჟში მიყენია.
ბონდო მიქაძის განმარტებით, საინკასაციო მანქანა უნდა გაეძარცვათ, რომელშიც დაახლოებით 800-900 ათასი მანეთი იქნებოდა.
– მოკლედ ასე, ძმებო! – თქვა სტრელამ, – გადაკეთებული „რაფი“ ნახევრად დაჯავშნულია და მსხვილ სავაჭრო ობიექტებს ემსახურება. ყოველ საღამოს, ზუსტად 20 საათსა და 50 წუთზე ეს მანქანა საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრ „სვეტლანადან“ ფულით გაძეძგილი გამოდის და ბანკისკენ მიემართება. მანქანაში მძღოლი და მის გვერდით მჯდომი უფროსი ინკასატორია. საბარგულში კიდევ ორი ინკასატორი ზის. ოთხივეს „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტები აქვთ. ჩვენ ეს ფურგონი „სვეტლანადან“ გამომავალ 30-მეტრიან გვირაბში უნდა შევაჩეროთ. ანუ, წინასწარ დაფენილი შიპები მანქანას საბურავებს დაუხეთქავს და გააჩერებს. ჩვენ ამით ვისარგებლებთ, ორი კაცი მძღოლსა და უფროს ინკასატორს შეაყენებს. სამნი კი საბარგულს გავაღებთ და მაყუთს წამოვიღებთ. ეს ყველაფერი, მაქსიმუმ 40 წამში უნდა მოხდეს...
1968 წლის 16 მაისს, ექვსმა ქართველმა მძარცველმა შეთანხმებული დანაშაულის გეგმის განხორციელება დაიწყეს. ჯერ ფულით სავსე ფურგონი გააჩერეს, მძღოლი და უფროსი ინკასატორი გაანეიტრალეს, მერე კი ერთი გასროლით საბარგული გააღეს და პისტოლეტები იქ მსხდომ ინკასატორებს მიუშვირეს. თუმცა მათაც ავტომატები აღმოაჩნდათ და მძარცველებს ცეცხლი გაუხსნეს. ორი ტყვია პანდას მოხვდა მარცხენა მხარში. ტიტე ქაჯაია მუცელში ორი ტყვიით მძიმედ დაიჭრა. ცეცხლი მძარცველებმაც გახსნეს და ორივე ინკასატორი მძიმედ დაჭრეს. თუმცა, მძარცველები ხელცარიელი არ გაქცეულან. 4 ტომარა ფული წაიღეს, რომლებშიც ზუსტად მილიონი მანეთი იდო. პანდას ცალ ხელში ფულით სავსე ტომარა ეჭირა, მეორეში – პისტოლტი, მხარზე კი მძიმედ დაჭრილი ტიტე ქაჯაია ჰყავდა გადაკიდებული, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. მძარცველები ფურგონიანი „მოსკვიჩით“ მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან და სანამ სამშვიდობოზე გავიდოდნენ, ერთ-ერთ სასწრაფო დახმარების სადგურთან მძიმედ დაჭრილი ტიტე ქაჯაია დატოვეს. სულ რაღაც 2 საათში მთელი მოსკოვი ფანტასტიკურ ძარცვაზე ლაპარაკობდა, რომლის დროსაც ბოროტმოქმედებმა მილიონი მანეთი გაიტაცეს. სამართალდამცველებმა მყისვე რეაგირება მოახდინეს და მთელი ქალაქი შეკრეს, თუმცა მძარცველები ვერ შეიპყრეს...
გაქცევები
უმძიმესი ჭრილობების მიუხედავად, ორივე ინკასატორიც გადარჩა და ტიტე ქაჯაიაც. პანდამ კი სახლის პირობებში მოირჩინა იარები. მძარცველები ალას ბინაში აღარ დაბრუნებულან. მათ ეშინოდათ, რომ ტიტე ქაჯაია არ აელაპარაკებინათ. მაგრამ, ქაჯაიამ საშინელ წამებას გაუძლო და არც მელორის მისამართი უთქვამს და არც თავისი მეგობრები დაუსახელებია. სამაგიეროდ, მილიციამ მიქაძის საყვარელი, ალა ბობროვა დააპატიმრა. სწორედ ბობროვას მიცემული იყო ძარცვის საქმე, რადგან ქალი ბანკში მუშაობდა მოლარედ და კარგად იცნობდა სტრუქტურას. მილიციამ კი საფუძვლიანად იმუშავა, საქმის მიმცემი აღმოაჩინა და ერთკვირიანი თვალთვალის მერე დააპატიმრა. ბობროვამ ტიტე ქაჯაია ამოიცნო და დანარჩენი ხუთი მძარცველის ვინაობაც დაასახელა. მილიციამ თითოეულ მათგანზე საკავშირო ძებნა გამოაცხადა და მთელი საბჭოთა კავშირის მილიცია ფეხზე დადგა. ტიტე ქაჯაია გაასამართლეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სხვადასხვა დროს კი მილიციასთან შეტაკებისას დაიღუპა ამ ძარცვის კიდევ ორი მონაწილე, – გივი ვეშაპიძე და მალხაზ კასრაძე. მერაბ გიორგაძე საყვარლის ძმამ მოკლა თელავში, ბონდო მიქაძე კი ლენინგრადში დააპატიმრეს. ყველაზე ბოლოს აიყვანეს პანდა. მელორი ზუგდიდში თავისი მეგობრის, სტალბერ კოდუას სახლში იმალებოდა და სწორედ მის ოდაში შეიპყრეს. თუმცა, სტალბერს ამაში იოტისოდენა ბრალიც არ მიუძღოდა და როდესაც მელორი მიჰყავდათ, გადაეხვია მეგობარს და უთხრა:
– ნუ დარდობ. ვიცი, რომ სუფთა ხარ.
დაპატიმრებულები, სტრელა და პანდა, მოსკოვში დააპირისპირეს ერთმანეთთან და გატაცებული მილიონი მანეთის ადგილსამყოფლის გამხელას სთხოვდნენ. მათ კი თქვეს, რომ ეს ფული მილიციასთან შეტაკებაში მოკლულ გივი ვეშაპიძეს ჰქონდა შენახული. გამომძიებლებმა, რა თქმა უნდა, არ დაიჯერეს და ისინი სასტიკად აწამეს. მიქაძე გარდაიცვალა, ხოლო ცოცხალმკვდარი პანდა, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ, საიდანაც ის 25 დღის მერე გაიქცა... პანდამ ორი ბადრაგი თავში მუშტის ჩარტყმით გათიშა, შემდეგ მთავარი ექიმის „გაზ 21-ში“ ჩაჯდა და იმ დროს გავარდა ეზოდან, როცა კარი ავტომატურად იკეტებოდა. თუმცა, მელორ ჯიქია ორი თვის შემდეგ უკვე სოხუმში დააპატიმრეს. პანდა თავის ძველი მეგობრის ანტონ გულიას ბინაში იმალებოდა. გულიამ კი, მას მილიცია მძინარეს დააყენა თავზე და დააპატიმრებინა. თავისი საქციელი გულიამ იმით ახსნა, თითქოს პანდა მის ცოლს ეარშიყებოდა, რაც სიცრუე იყო. მელორი სოხუმის იზოლატორში გამოამწყვდიეს და თბილისში ეტაპირებისთვის ამზადებდნენ, თუმცა, ორი დღის შემდეგ, პანდამ სამი ბადრაგი გათიშა და ციხის პირველ სართულზე ჩააღწია. იქ მან კიდევ ორი ბადრაგი გათიშა და პისტოლეტები აართვა. იარაღის მუქარით მორიგეს ორი კარი გაახსნევინა, შემდეგ კი საბადრაგო მანქანის მძღოლს დაადო პისტოლეტი შუბლზე და აიძულა ციხიდან გაეყვანა. თან, სამი პატიმარიც გაიყოლა, რომლებსაც 10-10 და 13 წელი ჰქონდათ მისჯილი.
სისხლიანი შეტაკება
სოხუმის ციხიდან საბადრაგო მანქანით გაქცევა უპრეცედენტო შემთხვევა იყო საბჭოთა კავშირის კრიმინალისტიკის ისტორიაში, მით უმეტეს, რომ პანდასთან ერთად გაიქცნენ რეციდივისტები – კობა სახვაძე, მიხეილ ბობოხიძე და რამაზ გოგია. სამივე ცნობილი ბოროტმოქმედი და ყველაფერზე წამსვლელი ტიპები იყვნენ. მათი მოთვინიერება არცთუ ისე ადვილი საქმე იყო თვით პანდასთვისაც კი. მიუხედავად ამისა, გაქცეული კვარტეტი ერთად მოძრაობდა და აფხაზეთის მაღალმთიანი ზონის სოფლებს აფარებდნენ თავს. თბილისიდან გამოგზავნილი სპეცჯგუფი კი, რომელსაც აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც დაემატნენ, კუდზე ასხდნენ მათ. თითქმის ორკვირიანი დევნის შემდეგ, გაქცეულები გულრიფშის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ამირან გეგელიას სახლში ალყაში მოაქციეს და დანებება უბრძანეს. თუმცა, რამაზ გოგიამ ცეცხლი გაუხსნა მილიციელებს და მათაც ცეცხლით უპასუხეს. ურთიერთსროლა 20 წუთს გაგრძელდა და ორი მილიციელი მძიმედ დაიჭრა, ერთი კი დაიღუპა. გაქცეულთაგან რამაზ გოგია და მიხეილ ბობოხიძე დაიღუპნენ, კობა სახვაძე კი ფეხში დაიჭრა. თუმცა, სახვაძემ და პანდამ სიბნელით ისარგებლეს და თამბაქოს პლანტაციებს გაუყვნენ, მილიციის ალყას თავი დააღწიეს და გაიქცნენ. მოკლული რამაზ გოგია და მიხეილ ბობოხიძე სოხუმის პროზექტურაში გადაიყვანეს და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს. ორივე საშინლად იყო დაცხრილული. გოგიას – 31, ბობოხიძეს კი 37 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ექვს ნაწილად თავგაჩეხილ გოგიას ნაწლავები გარეთ ჰქონდა გამოყრილი...
მილიონი მანეთი
ფეხში დაჭრილი სახვაძე პანდამ ზურგით ატარა და თემურ გოგოხიასთან მიიყვანა, რომელიც ცნობილი სახალხო ექიმი და პანდას გულშემატკივარი იყო. გოგოხია ოჩამჩირეში ცხოვრობდა და გაქცეულები ერთ თვეზე მეტხანს გაჩერდნენ მასთან. როცა სახვაძეს ფეხი მოურჩა, გოგოხიამ მათ მალამო მისცა და უთხრა:
– კვირაში ერთხელ წაისვამ ექვსი თვის განმავლობაში და ცხოვრებაში აღარ გაგახსენდება, რომ ფეხი გტკიოდაო.
დევნილებმა მადლობა გადაუხადეს გოგოხიას და ერთ ღამეს თბილისისკენ გაემართნენ. გორში მათ გივი ლომინაძე გაძარცვეს, 9 ათასი მანეთი წაართვეს და საქართველოს დედაქალაქში ავტობუსით ჩავიდნენ. დიდუბის ავტოსადგურზე მილიციის მორიგე – ზემდეგმა ფხაკაძემ საეჭვოდ მიიჩნია გორიდან ჩამოსული ორი მამაკაცი, მიუახლოვდა მათ და საბუთები მოსთხოვა. პანდამ კი იარაღის ტარი სთხლიშა ყბაში და გონდაკარგული ძირს დააგო. შემდეგ ერთ-ერთ კერძო ტაქსისტთან მივიდა, იარაღის მუქარით მანქანიდან გადმოაგდო, სახვაძესთან ერთად შიგ ჩაჯდა და ქალაქის ცენტრისკენ აიღო გეზი. სასწრაფოდ შექმნილმა ოპერჯგუფმა, დიდუბიდან გატაცებული მანქანა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ცირკის ქვემოთ იპოვა დაგდებული. პანდას და სახვაძის კვალს ვერსად მიაგნეს. მილიციის მთელი აგენტურული ქსელი ფეხზე დადგა და ბოროტმოქმედების ძებნა ინტენსიურად გააგრძელეს. თუმცა, ისინი ვერსად აღმოაჩინეს და ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გაიგეს.
დიდუბეში მომხდარი ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ, მოსკოვში, რადიშჩევის შესახვევის ¹23 სახლის სარდაფში, სადაც მინის ტარის მიმღები პუნქტი იყო, ორი ახალგაზრდა კაცი მივიდა და იქ მომუშავე მამაკაცს უთხრა:
– გინდა, 100 მანეთი იშოვო?
– რა თქმა უნდა, – მხრები აიჩეჩა მუშამ.
– მაშინ, შენი სარდაფი ერთი საათით დახურე, – უთხრა მუშას პანდამ. შემდეგ მოპირკეთებული კედლიდან ორი ფილა გამოაძრო, სამალავში ხელი შეჰყო და სპორტული ჩანთა გამოიღო.
– მანდ რა არის? – დაინტერესდა მუშა.
– ფული, – მიუგო პანდამ.
– რამდენი?
– მილიონი, – პანდამ ჩანთა გახსნა, რომელშიც ბანკის ქაღალდში გახვეული დასტები ეყარა. შემდეგ ერთი დასტა მუშას გაუწოდა და უთხრა, – აქ ასჯერ ასი მანეთია და მშვიდობაში მოიხმარე.
P. S. პანდა, კობა სახვაძე და ტიტე ქაჯაია, რომელიც დროზე ადრე გათავისუფლდა ციხიდან, დღესაც კანადაში ცხოვრობენ.