კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა მიზნით გამოიყენება კოსმეტიკაში ნუში, ცაცხვი, ლიმონი და წაბლი?
პასუხი: ნუში მდიდარია E ვიტამინით, ოლეინისა და ლინოლის მჟავებით, რისი წყალობითაც ნუშის ზეთი აახალგაზრდავებს კანს და ბზინვარებას ანიჭებს თმას.
ცაცხვის ექსტრაქტი არბილებს მშრალ კანს და აადვილებს ხვეული და ჯიუტი თმის დავარცხნას. ლიმონის გამამხნევებელი სურნელი ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აქრობს (ან აბაცებს) კანზე გაჩენილ ლაქებს და ელასტიკურს ხდის კანს.
ცხენის წაბლის ექსტრაქტი აწყნარებს და არბილებს კანს.
კითხვა: მაქვს ძალიან ფერმკრთალი სახის კანი. ჯანმრთელობის მხრივ არაფერი არ მჭირს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: სახის კანის ფერი, თუ ჯანმრთელობა წესრიგში გაქვთ, დამოკიდებულია კაპილარებზე – როგორც ჩანს, თქვენ სუსტი კაპილარები გაქვთ და კანქვეშ საკმაოდ ღრმად მდებარეობს. მათ გასამაგრებლად უნდა გამოიყენოთ თეთრი შროშანის, აკაციის ან მუხის ქერქის ექსტრაქტები. უმჯობესია, მიმართოთ დერმატოლოგს და მან დაგინიშნოთ მკურნალობის კურსი.
კითხვა: როგორ მოვიშორო პიგმენტური ლაქები?
პასუხი: ამ შემთხვევაშიც, სასურველია, მიმართოთ ექიმ-კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს. ჩვენ კი გირჩევთ, ყველა მკვებავს, ტონიკს ან ლოსიონს შეურიოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. გარდა ამისა, გამოიყენეთ B და C ვიტამინები და ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი.
კითხვა: როგორ უნდა შევარჩიო ელექტრობიგუდები (თმის დასახვევად)?
პასუხი: ეგრეთ წოდებულ „ბიგუდებში“ მთავარია, თუ რითაა ზედაპირი დაფარული. ყველაზე უსაფრთხოა ტურმალინით ან კერამიკით დაფარული ზედაპირი, რომლებიც არ აზიანებს თმის სტრუქტურას. ასეთი „ბიგუდების“ პლუსად ითვლება, აგრეთვე, იონიზაციის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს თმის ბზინვარებას და მორჩილსა და დამჯერს ხდის მას.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ნიღბისთვის გამოვიყენო ცოცხალი მაყვალი?
პასუხი: ასკორბინის მჟავის (ანუ C ვიტამინის) შემცველობით მაყვალი არ ჩამოუვარდება ლიმონს, ამიტომ, მისი გამოყენება ნიღბისთვის არათუ ნებადართული, არამედ, სასურველიცაა. ოღონდ, კანი რომ არ გაგიშავდეთ, გამოიყენეთ მკვახე (მწვანე) მაყვალი.
კითხვა: ხანდახან სახე ისე მიწითლდება, როგორც პატარა ბავშვს გაუწითლდება დამორცხვების დროს. როგორ მოვიქცე?
პასუხი: როგორც ჩანს, თქვენი სახის კაპილარები კანქვეშ ახლოსაა განლაგებული. ამიტომ, რომ არ „გააღიზიანოთ“ ისინი, მიხედეთ კვების რაციონს: გამორიცხეთ მლაშე და მწარე საკვები, რაც აფართოებს კაპილარებს და „აიძულებს“ მათ, სახე წითლად შეაფერადონ.