დუმილი ოქროა
ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ ამ ჭეშმარიტებას. რატომღაც, დაგვჩემდა, ზღარბივით ეკლები გამოვისხათ და საყვარელ ადამიანებს ზურგი ვუჩვენოთ, ან, პირდაპირ დავესხათ თავს საკუთარი სიმართლის დასაცავად. ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ: – რისთვის გვჭირდება ისეთი სიმართლე, თუ გულს ვატკენთ იმას, ვინც ჩვენთვის ძვირფასია და მერე ამაზე თავადაც ვინერვიულებთ?! რატომ ავტეხოთ ქარიშხალი ჭიქაში? გთავაზობთ, რამდენიმე „ოქროს” წესს...
როცა ქმარი შემართულია კამათისთვის და თქვენ მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა მას სკანდალისთვის განაწყობს, უნდა გაჩუმდეთ. თუნდაც მოისმინოთ რამდენიმე გულსატკენი და შეურაცხმყოფელი ფრაზა, ღრმად ჩაისუნთქეთ, გაუღიმეთ საკუთარ გამოსახულებას სარკეში და შეეცადეთ, ქმრის ნეგატიური ემოცია თქვენზეც არ გავრცელდეს. ცუდი განწყობა ვირუსივით არის – სწრაფად ვრცელდება! მაქსიმალურად შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ის, შეიძლება ნელა, მაგრამ, მაინც გადაეცეს მეუღლესაც.
თუ ქმარი დუმს და არაფერს გიყვებათ, ნუ შეაწუხებთ მას შეკითხვებით, მალე თავად გაუჩნდება ლაპარაკის სურვილი.
რა თქმა უნდა, ყველა მამაკაცს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება: ზოგს მოფერება და მხარდაჭერის გამოხატულება მოსწონს, ზოგს კი, უბრალოდ, თავი უნდა დაანებო და რაღაც პერიოდის განმავლობაში მარტო უნდა დატოვო – თქვენ უკეთ მიხვდებით, რომელ მეთოდს მიმართოთ.
თუ იცით, რომ თქვენი ქმარი მანამდე არ დამშვიდდება, სანამ თქვენზე არ „დაიცლება”, მაშინ, ცოტა ხნით გაერიდეთ, ან, სულაც, წადით სახლიდან: გაისეირნეთ ან მეგობარს ესტუმრეთ და, როცა დამშვიდდება, მაშინ დაბრუნდით.
ქმარმა მაინც მოასწრო და უამრავი გულსატკენი, საწყენი რაღაც გითხრათ?! შეეცადეთ, არ გქონდეთ ამაზე რეაქცია. ძნელია, მაგრამ, სკანდალი გაცილებით უარესი იქნება. მიეცით მას დრო, დამშვიდდეს. საყვედური მაშინ შეგიძლიათ უთხრათ, როცა „ქარიშხალი” გადაივლის...