კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აიკრძალა ქალაქში რობიკო სტურუას და რამაზ ჩხიკვაძის სპექტაკლებზე დასწრება

 

ნოდარ გურაბანიძე თავის წიგნში „ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე“ წერს: „უკვე, თითქმის ორმოცდათხუთმეტი წელიწადია, რაც მასთან სიახლოვე და მეგობრობა მაკავშირებს. თეატრალურ ინსტიტუტში რომ შევედი (ეს იყო 1949 წელი), რამაზი მეორე თუ მესამე კურსის სტუდენტი იყო, მაგრამ უკვე ძალზე პოპულარული გახლდათ. იგი იმთავითვე უყვარდა ყველას, ცდილობდნენ მასთან დაახლოებას, მისი ყურადღების დამსახურებას, თბილისელი ლამაზმანების დაბადების დღეები რამაზის გარეშე ვერ წარმოედგინათ. მისი ჩიჩერონე და ბავშვობის მეგობარი, გურამ საღარაძე, ასევე პოპულარული მაშინ, თავისი პოეტური ინსპირაციებით შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებდა. შორიდან მოთვალთვალეს, ალბათ, სჯეროდა, რომ რამაზი თეატრალური ბოჰემის სული და გული იყო (და, მაინცდამაინც არც ცდებოდა ამაში), მაგრამ არ იცოდა უმთავრესი – რამაზი დიდი შრომისმოყვარეობითა და პროფესიის დაუფლების ჟინით გამოირჩეოდა. ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით კლასიკურ დრამატურგიას, თარგმნიდა, სერიოზულად მეცადინეობდა სიმღერასა და მუსიკაში. რამაზის სამუშაო ოთახში თვალსაჩინო ადგილასაა ბაბუამისის, ზაქარია ჩხიკვაძის ფოტოპორტრეტი, საიდანაც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს დიდი ინტელიგენტი გვიმზერს. დიდია ზაქარია ჩხიკვაძის, როგორც ფოლკლორისტისა და საზოგადო მოღვაწის დამსახურება ქართული კულტურის წინაშე. რამაზის მამა, გრიგოლი, მამის კვალს გაჰყვა. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას შეიყვარა ქართული ხალხური სიმღერა, მშვენივრად უკრავდა ვიოლინოზე. გრიგოლმა თბილისის კონსერვატორია დაამთავრა, სწავლა პეტერბურგში განაგრძო და იქვე დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. თბილისში დაბრუნებულმა კონსერვატორიაში დააარსა ქართული მუსიკის, შემდეგ კი მუსიკალური ფოლკლორის კაბინეტი. მე ახლოს ვიცნობდი ბატონ გრიგოლს. არაჩვეულებრივად მომხიბლავი პიროვნება იყო: წყნარად მოსაუბრე, ღიმილიანი, ყოველთვის უზადოდ ჩაცმული. იშვიათად შევხვედრივარ ასეთ კეთილგანწყობილ და ტაქტიან ადამიანს. უდიდეს პატივს სცემენ არა მარტო მუსიკის თეორეტიკოსები, არამედ ქართველი კომპოზიტორები ანდრია ბალანჩივაძიდან დაწყებული გია ყანჩელით დამთავრებული. რამაზის დედა, ქალბატონი ელენე გაჩეჩილაძე-ჩხიკვაძისა პროფესიონალი მომღერალი იყო და სპეციალისტების თქმით, არაჩვეულებრივად ლამაზი ხმა ჰქონდა. ბუნებრივია, ამგვარ მუსიკალურ გარემოში გაზრდილი ყმაწვილი, რომელსაც ბავშვობიდანვე უჩვეულო მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, პირდაპირ კონსერვატორიაში სწავლისთვის იყო „განწირული“, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, განგებამ თეატრისკენ ააღებინა გზები. თავისი სპორტული გატაცების ამბავს რამაზი უფრო დაწვრილებით ყვებოდა, მაშინ ძალზე პოპულარულ სპორტულ გაზეთ, „ლელოს“ კორესპონდენტთან საუბარში: „ბავშვობიდანვე ვთამაშობდი კალათბურთს. 1946-1947 წლებში საბჭოთა კავშირის პირველობაზე პირველ ლიგაში ჩვენმა გუნდმა „შრომითმა რეზერვებმა“ პირველი ადგილიც კი დაიკავა. საქართველოს პირველობაზე კი გამოდიოდა ჩვენი გუნდი „ხელოვნება“. შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას, საგნად გავდიოდი სცენურ ფარიკაობას, პარალელურად, ვვარჯიშობდი სპორტულ ფარიკაობაშიც და 1949 წელს გამართულ საქართველოს პირველობაზე მეორე ადგილიც მოვიპოვე. მაგრამ, ჩემი ბავშვობის საყვარელ თამაშად მაინც კალათბურთი დარჩა...“ მსახიობობის სურვილი რამაზ ჩხიკვაძეს ადრეულ ასაკშივე გაუჩნდა. თავისი ორმოცდაათი წლის იუბილესთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში (გაზეთი „ახალგაზრდა კომუნისტი“) ის ამბობს: „მახსოვს, როგორი ცნობისმოყვარეობით ვადევნებდი თვალყურს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენებს. განსაკუთრებით მიტაცებდა სცენაზე მოქმედების ლოგიკა, მძაფრი სიტუაციები. ვგრძნობდი, როგორ ამიფორიაქდებოდა სული საყვარელი გმირის განსაცდელში ჩავარდნისას, რა სიხარულით ვბორგავდი, როცა კეთილი ბოროტს ამარცხებდა. ყველაფერი ეს აღმიძრავდა უზომო ცნობისმოყვარეობას სცენის საიდუმლოებისადმი, სულ მაწვალებდა ფიქრი – რა ხდება სცენაზე, რა არის ის ძალა, რომელიც ასე მიზიდავს და მაღელვებს. მთელი არსებით შემიყვარდა თეატრი და ყოველი კარგი სპექტაკლისა თუ ფილმის ნახვისას, მუდამ მახლდა სურვილი – მსახიობი გავმხდარიყავი“.

განუმეორებელი რუსთაველის თეატრი

ვის არ შთანთქავდა რუსთაველის თეატრი, სადაც ორი გიგანტი, ორი აკაკი, ყველასა და ყველაფერს ჩრდილავდა. აღარაფერს ვამბობ დასის სხვა უძლიერეს წევრებზე, რომლებსაც ასევე შეეძლოთ სცენური სასწაულების მოხდენა და ახალი თაობის რჩეული, რამაზ ჩხიკვაძე კარგა ხანს „დაიკარგა“ რუსთაველის თეატრის კოლოსალური სცენის სივრცეში, სადაც მაყურებელთა დარბაზში მხოლოდ განსაკუთრებული ძალის ხმა თუ ჟღერდა. არც რამაზ ჩხიკვაძე უნდა ყოფილიყო ამ მხრივ გამონაკლისი. თეატრის დასში მას არც ერთი წამით არ უგრძნია „გაუცხოება“, სიყვარული და ყურადღება არ მოკლებია, მაგრამ ახალი საინტერესო როლების თამაშით ინსტიტუტში ბრწყინვალედ დაწყებული კარიერის გაგრძელება სურდა. მძიმე აღმოჩნდა მისთვის ეს მცირე პაუზაც კი. მართალია, ნელ-ნელა თეატრის რეპერტუარში „შევიდა“, მაგრამ ეს როლები არ იყო იმ მხატვრული დონისა, რასაც მისი ნიჭი ითხოვდა. ჰქონდა პერიოდი, როცა იგი (თუ არ ვცდები ორგზის) სერიოზულად ფიქრობდა თეატრის სამუდამოდ მიტოვებას და სცენიური ხელოვნების სხვა ჟანრში გადასვლას, მაგრამ თეატრალური ხელოვნების მუზამ, როგორც ჩანს, გაჩენისთანავე შუბლზე აკოცა და სცენისკენ უბიძგა. „თეატრი ჩემი ბედისწერაა!“ – ხშირად უთქვამს შემდგომ...

რამაზ ჩხიკვაძე რუსთაველის თეატრში სწორედ იმ პერიოდში მივიდა, როცა მიხეილ თუმანიშვილი და უნიჭიერეს მსახიობთა თაობა მუშაობდა ფუჩიკის პიესაზე – „ადამიენბო, იყავით ფხიზლად“. მართალია, თეატრალურ ინსტიტუტში ნიჭიერად შესრულებული როლებით მას უკვე იცნობდნენ და აღიარებდნენ, მაგრამ ნამდვილი, დიდი შემოქმედება სწორედ აქ, რუსთაველის თეატრის სახელგანთქმულ სცენაზე უნდა დაწყებულიყო. მსახიობის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ერთი უცნაური ფაქტი ისიცაა, რომ მისმა მასწავლებელმა, დოდო ალექსიძემ მთავარი როლი მხოლოდ მოგვიანებით მისცა. ეს იყო „სამგროშიანი ოპერა“, რეჟისორის ერთ-ერთი ძალზე საინტერესო და უცნაური სპექტაკლი. მანამდე კი რამაზ ჩხიკვაძეს ერთი პატარა ეპიზოდური როლი ათამაშა – შტაბის მწერალი „ყვარყვარე თუთაბერში“. ჩვეულებრივი ყოფით-კომედიურის პექტაკლი იყო და თეატრის ისტორიაში არავითარი კვალი არ დაუტოვებია, თუმცა ყვარყვარეს თვით ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა. ეს იყო როლი-გაელვება, კაცი მასიდან, უფუნქციო, უმნიშვნელო მარიონეტი.

ქოსა მრჩევლიდან იწყება რამაზ

ჩხიკვაძე

სერგო ზაქარიაძის, მიხეილ თუმანიშვილისა და ახალგაზრდა მსახიობთა იდეა იყო რუსთაველის თეატრთან არსებული საკონცერტო დარბაზი მცირე სცენად გადაეკეთებინათ, რათა თეატრს ექსპერიმენტების მეტი ასპარეზი ჰქონოდა. დიდ სცენაზე დადგმულ ყოველ სპექტაკლს, ტრადიციისამებრ, კრიტიკა და საზოგადოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. თუმანიშვილს მიაჩნდა, რომ ჩხიკვაძის მიერ შესრულებული ქოსა მრჩევლის როლი „ჭინჭრაქაში“ მსახიობის შემოქმედებითი გზის მეორე ეტაპის დასაწყისი იყო. „მას შემდეგ იგი უჩემოდ გაუყვა თავის გზას. ჩვენ გავიყარეთ. მისი სვლა დიდებისკენ დაიწყო“, – ამბობს ბატონი მიშა. უცხოეთში ჩვენი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს ჩხიკვაძეს ჩემთვის თავისი ცხოვრებიდან მრავალი საინტერესო რამ უამბია. „ჭინჭრაქასთან“ დაკავშირებით ასეთი რამ მითხრა: „ამ როლის თამაში ძალიან არ მინდოდა. არ ვიცი, რატომ დამნიშნა მიშამ ამ როლზე, რომელიც ჩემს სულსა და გულს არ ეკარებოდა. რაღაცაზე განაწყენებულ მიშას სჩვეოდა ხოლმე მსახიობის ამგვარი დასჯა. რეპეტიციებს სულ კარლო გადიოდა და ძალიან კარგი იყო. რეპეტიციებს არ ვაცდენდი, ვიჯექი ჩემთვის პარტერში და კარლოს ვუყურებდი. ძალიან მომწონდა ქოსიკოს როლი, მაგრამ ამ როლზე გივი ჭიჭინაძე და ბორის წიფურია იყვნენ დანიშნული. ერთ დღეს მიშა მომიტრიალდა და მითხრა: რამაზ, სცენაზე ადი და ჭინჭრაქას რეპეტიციები გაიარეო. ამ ცოცხალი, მხიარული, ციბრუტივით მობზრიალე ბიჭის თამაში ჩემთვის იმ წუთებში საშინელება იყო. დილას წელკავი დამეტაკა და წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე: მოდი, ქოსიკოს როლს ვსინჯავ-მეთქი. არაფერი უთქვამს. მე წელში ოთხად მოხრილი, მოკაკული, კვნესით, რის ვაი-ვაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე დავჯექი. მიშა წამოხტა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა: განაგრძე რეპეტიციები, იჯექი მანდ. დაიწყე, კარგია ეგ რადიკულიტიც. მგონი, მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიგონე და აღფრთოვანდა. აი, მაშინ გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნა. თავიდან თითქოს ჭინჭრაქა უნდა მეთამაშა, მაგრამ უფრო მეტად ქოსიკოს სახემ მომხიბლა. ქოსიკო არ იყო მნიშვნელოვანი პერსონაჟი, სულ მცირე ადგილი ჰქონდა პიესაში. მუშაობის პროცესში გაიზარდა და მიიღო ის სახე, რომლითაც სპექტაკლში შევიდა“.

რამაზ ჩხიკვაძის სტალინი და ჰიტლერი

ისედაც პოპულარულ ჩხიკვაძეს კიდევ უფრო მეტი პოპულარობა სტალინის როლის შესრულებამ მოუხვეჭა ფილმში „გამარჯვება“. გორკის სახელობის კინოსტუდიისა და „მოსფილმის“ ხელმძღვანელობამ მას ყველა პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ საფუძვლიანად გასცნობოდა უამრავ დოკუმენტურ მასალას, არქივებს, აურაცხელ ფოტოსურათს. ჩხიკვაძემ სტალინის ძალიან ორიგინალური სახე შექმნა. ამ ფილმში ვიხილეთ სრულიად სხვა, „ახალი“ სტალინი, არა მიმბაძველური. „ას ერგასის დღე“ რობერტ სტურუას „პოლიტიკური თეატრის“ ყველაზე მკაფიო გამოხატულება იყო. ჰიტლერის როლს რამაზ ჩხიკვაძე ასრულებდა. რამაზი იგონებს: „სტალინის როლის  კინოში თამაშის შემდეგ, რუსეთში ბევრი მეკითხებოდა – ახლა რა როლს ამზადებო. როცა ვეუბნებოდი, ჰიტლერის როლს სტურუას ახალ სპექტაკლში-მეთქი, გაოცებას ვერ მალავდნენ. ხოლო სსრკ-ს კინემატოგრაფიის მინისტრს, ერმაშს კინაღამ გული წაუვიდა და გონს მოსულმა იყვირა: „რას ამბობთ, სტალინის შემდეგ ჰიტლერი? ეს ხომ წარმოუდგენელი რამაა!“ მას შემდეგ, რაც რამაზმა რიჩარდში ითამაშა, საქართველოში აღარაფერი უკვირდათ და ამ ცნობას ინტერესით უფრო შეხვდნენ, ვიდრე გაოცებით. თუმცა, ყველა მრავალგზის გამოცხადებულ „მეფე ლირის“ პრემიერას ელოდებოდა.

მეფე რამაზი

ლონდონში მიღწეული განსაცვიფრებელი წარმატების შემდეგ, რამაზ ჩხიკვაძე უამრავ წერილს იღებდა დიდი ბრიტანეთიდან. საჩუქრად წიგნებს, გაზეთებიდან ამოკრეფილ რეცენზიებს უგზავნიდნენ. „რაუნდ ჰაუზის“ ყოფილი დირექტორი თელმა პოლტი რამაზს სწერდა: „თქვენ წინ წითელი ხალიჩაა გაფენილი. ინგლისის თეატრალური სამყარო „კავკასიელ ოლივიესთან“ შეხვედრას მოუთმენლად მოელის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შექსპირის სამშობლოსა და მისი თეატრალური სამყაროს გაცნობა ძალიან სასარგებლო იქნება თქვენი ახალი ნამუშევრისთვის – ლირის მხატვრული სახისთვის, რომელთან შეხვედრასაც მოუთმენლად ველით“. მართლაც, რამაზ ჩხიკვაძემ და ნატაშამ თელმა პოლტის თავაზიანი მიწვევით ისარგებლეს და დიდ ბრიტანეთში ერთი თვე დაჰყვეს. ამ როლზე მუშაობა რამაზ ჩხიკვაძემ სტურუასთან ერთად ჯერ კიდევ 1982 წელს დაიწყო, როცა თეატრი პროფკავშირების სასახლეში იყო შეხიზნული. პრემიერა კი, 1987 წელს, მშობლიური თეატრის სცენაზე გაიმართა. ამ ხუთი წლის განმავლობაში მრავალ ფილმში ითამაშა. იმ სცენებიდან, რაც სპექტაკლში აღარ შევიდა, მეხსიერებაში მძაფრად აღიბეჭდა ლირის პირველი გამოსვლა სამეფოს დანაწილების ეპიზოდის წინ. ეს სცენა ძალზე ორიგინალურად და მოულოდნელად იყო გადაწყვეტილი...

რამაზი მიდის...

რამაზმა ადრე დაიწყო ლაპარაკი პენსიაზე გასვლის თაობაზე. ამას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. მსახიობი დიდების ზენიტში იმყოფებოდა, ძალზე ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ხარის გული მაქვსო, – ხშირად უთქვამს. უამრავი მიწვევა ჰქონდა უცხოეთის ქვეყნებიდანაც, ახალ როლებს სთავაზობდნენ კინოფილმებში. ის კი, მაინც პენსიაზე ლაპარაკობდა. მან მითხრა: პენსიაში გავალ და თუ მომიწვევენ, ცალკეულ სპექტაკლებში ვითამაშებ, რუსთაველის თეატრის ახალ სპექტაკლებში კი არაფრის დიდებითო. გაცხარებით, ხმამაღლა, მძაფრი ჟესტიკულაციებით ლაპარაკობდა, თითქოს ვიღაცის ჯიბრზე. პირადად ჩემთვის, ფრიად სამწუხაროა, რომ ჩემს ორ უსაყვარლეს შემოქმედს – რამაზ ჩხიკვაძესა და რობერტ სტურუას შორის რამდენჯერმე გადაირბინ-გადმოირბინა შავმა კატამ, რომლის დაჭერასაც, თუ მათი სურვილი არ იქნებოდა, ვერავინ შეძლებდა. რამაზის ასეთ სულიერ განწყობილებას მისი თამაშის ხარისხზე სრულიად არ უმოქმედია, პირიქით. სიტყვას მოჰყვა და რამაზი სასოწარკვეთილიც მინახავს. ეს იყო მილანში, როცა რუსთაველის თეატრი „ლირკიო თეატრში“ „მეფე ლირს“ წარმოადგენდა. რამაზის მეუღლე, მისი ერთგული მეგობარი და გამამხნევებელი, ქალბატონი ნატაშა მაშინ მილანში არ ბრძანდებოდა. არც რობიკო სტურუა იყო. ლონდონში ჩეხოვის „სამ დას“ დგამდა და რეპეტიციებზე გაცივდა. რამაზი თავს მარტოსულად გრძნობდა. სულ ერთად ვიყავით. ცოტას ლაპარაკობდა, მისი მგზნებარება და ტემპერამენტი თითქოს მიმქრალიყო. სპექტაკლის დაწყების წინ, რამაზის საგრიმიოროში შევედი. მარტო იჯდა, ლირის ჯვალოს პერანგში გახვეული და სარკეში იყურებოდა. საოცრად სევდიანი იყო. ვუთხარი: თეატრის უზარმაზარი დარბაზი გაჭედილია და პარტერში რუდოლფ ნურიევი ზის-მეთქი (გენიალური მოცეკვავე, სსრკ-დან გაქცეული). არავითარი რეაქცია, არც შერხეულა, მერე წყნარად მითხრა: „ნოდარ, აღარ მინდა თამაში, როგორ უნდა ვითამაშო, როცა სულში გაფურთხებენ, როცა ბინძურ ხელებს სულში გიფათურებენ“. მოკლედ ასე იყო თუ ისე, რამაზი სცენის გარეშე დარჩა. კარგა დიდი დრო გავიდა იმ დღემდე, ვიდრე რამაზ ჩხიკვაძეს ქართულ სცენაზე კვლავ ვიხილავდით. მისი დაბრუნება „სარდაფის თეატრში“ 1997 წელს, ავთო ვარსიმაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მოხდა. სტრინდბერგის „სიკვდილის როკვაში“ რამაზი პიესის მთავარი გმირის – ედგარის როლს თამაშობდა. ვარსიმაშვილმა ყველაფერი იღონა, რომ ჩხიკვაძეს მის რომელიმე სპექტაკლში ეთამაშა. მაგრამ, როგორც ვარსიმაშვილის ინტერვიუდან ირკვევა, საქმე პირიქით ყოფილა (გაზეთი „ასავალ-დასავალი“, 24.5.1999). „მართლაც ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, „ტიტუსი“ ახლად გამოშვებული მქონდა, როდესაც რამაზ ჩხიკვაძემ მითხრა, რამეს ხომ არ დამიდგამდიო. იცით, ეს რას ნიშნავს? სულ რომ აღარ დამედგა „სიკვდილის როკვა“, ამ შემოთავაზებას უკვე გამარჯვებად ჩავთვლიდი, იმიტომ რომ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში რამაზ ჩხიკვაძე სტურუას გარდა არც ერთ რეჟისორთან არ მუშაობდა“.

ცხოვრების მეგზური – არაჩვეულებრივი ნატაშა

ნატალია იმთავითვე ტიპური მოსკოვური შარმითა და მომხიბვლელობით გამოირჩეოდა. ულამაზეს სლავ ქალთა საზოგადოებაში აშკარად განუმეორებელი იყო, არა მხოლოდ უზადო გარეგნობითა და ჩამოქნილი სხეულით, არამედ ევროპელ-აღმოსავლური იერის იშვიათი მიმზიდველობის ძალითაც. როცა „ფაზისის“ აკადემიის წევრებმა რამაზ ჩხიკვაძეს 75 წელთან დაკავშირებით „არგოს“ გემის მშვენიერი მაკეტი გადასცეს, ჩვენი ტელევიზიის მაყურებელმა დაინახა, თუ როგორ აღელდა ნატალია და როგორ თქვა ცრემლმორეულმა, ეს საჩუქარი სიმბოლურია, რადგან ჩვენი სიყვარული სწორედ გემზე ჩაისახაო. ნატალიას გარეგნობამ უმალვე მიიპყრო თბილისური საზოგადოებისა და ყმაწვილკაცების ყურადღება, მაგრამ იგი პირველად აფეთქებული გრძნობების ერთგული დარჩა ბოლომდე. არც ქართული კინემატოგრაფია დარჩენილა მისადმი გულგრილი. რეჟისორმა მანაგაძემ იგი მთავარ როლში გადაიღო ფილმში „ყვავილი თოვლზე“. ნუ იფიქრებთ, რომ ხელოვნებაში ნებიერ რამაზს ცხოვრებაში რაიმე წინააღმდეგობა და გასაჭირი არ შეხვედრია, ხელმოკლეობაც განუცდიათ ორთავეს და საკუთარი ჭერის უქონლობის დრამაც. ერთხანს მე და რამაზი კარის ეზობლებიც ვიყავით (ქუჩიშვილის ¹9) და მისი ცხოვრების პერიპეტიებს კარგად ვხედავდი. რამაზს სიცოცხლის ხალისი და იუმორის გრძნობა ერთი წამით არ დაუკარგავს. რასაკვირველია, დიდი და მრავალმხრივი ნიჭის რამაზ ჩხიკვაძე უეჭველად მიაღწევდა დიდ წარმატებას სამსახიობო კარიერაში, მაგრამ შესაძლოა, ვერ გამხდარიყო ისეთი დიადი, როგორც დღეს არის, რომ არა ნატალიას უდიდესი გულისყური და ყოველდღიური ზრუნვა თავისი სათაყვანებელი მეუღლისადმი. მან რამაზი ოჯახური ყოველდღიურობის სიმძიმისგან გაათავისუფლა. მუშაობისთვის იდეალური პირობები, კულტურული ატმოსფერო შეუქმნა. ბევრი რამ ცხოვრების სიამეთაგან თვითონ ჩხიკვაძემაც დათმო და მთელი თავისი ნიჭი და ენერგია ქართულ თეატრსა და კინოს სამსახურში ჩადო. 

ნატალიას დაახლოება რამაზთან და რუსთაველის თეატრთან თითქმის ერთდროულად დაიწყო. თუმანიშვილის „ჭინჭრაქადან“ დაწყებული ნატალია თეატრის ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ ადამიანად იქცა, ხოლო „ყვარყვარეს“ შემდეგ, მისი კავშირი თეატრთან სულ სხვა, მაღალ ხარისხში გადაიზარდა. იმდროინდელმა პარტიულმა ელიტამ კატეგორიულად არ მიიღო სტურუას ამ შედევრის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულება (საუბარია „ყვარყვარეზე“). გაიმართა ეგრეთ წოდებული თერთმეტი „დახურული“ განხილვა, რომელზედაც დასწრება მხოლოდ რამდენიმე ოფიციალურ პირს შეეძლო. თეატრში მკაცრი კონტროლი დაწესდა და ამ დროს ნატალია ახერხებდა არათუ სპექტაკლზე დასწრებას, არამედ რამდენიმე ისეთი პიროვნების შემოყვანას, რომელთა აზრს საზოგადოება დიდ ანგარიშს უწევდა. თეატრის მაშინდელი დირექტორი აკაკი ბაქრაძე ამაზე „თვალს ხუჭავდა“. სპექტაკლით აღტაცებულებმა ქალაქში ხმა გაავრცელეს, სტურუას და ჩხიკვაძის გენიალურ ნამუშევარს კრძალავენო. ასე შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, რომლის ჩამოყალიბებაში ნატალიას მცირე როლი როდი მიუძღვის. თბილისელები რაღაც მანქანებით ყოველთვის იგებდნენ, როდის იმართებოდა ეს „დახურული“ სპექტაკლები.

 

 

скачать dle 11.3