ექიმის რჩევები
კითხვა: 18 წლის ბიჭს აქვს სკლეროდერმია. როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ან რომელ ექიმს გვირჩევთ?
პასუხი: სკლეროდერმია შემაერთებელი ქსოვილის პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც შემაერთებელ ქსოვილთან (კანი, სახსრები) ერთად აზიანებს ზოგიერთ შინაგან ორგანოსაც (საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, განსაკუთრებით – საყლაპავი, ფილტვები, გული, თირკმელები). არსებობს სკლეროდერმიის რამდენიმე სახეობა. მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე. დიაგნოსტიკა, ძირითადად, რევმატოლოგიის ცენტრში ხდება.
კითხვა: ჩემს შვილს (7 თვის და 23 დღის) ამოუვიდა 2 ზედა ეშვი, საჭრელი კბილების ნაცვლად. ეს პათოლოგიაა?
პასუხი: არ ინერვიულოთ, ეს ნორმის ვარიანტია, არცთუ ისე ხშირი.
კითხვა: ვარ 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, სიმაღლე – 185 სანტიმეტრი, წონა – 65 კილოგრამი. მაქვს ნეფროპტოზი (თირკმელები 10 სანტიმეტრით არის დაწეული), სქოლიოზი – პირველი ხარისხის და ბრტყელტერფიანობა – მესამე ხარისხი. ძალიან მინდა კუნთოვანი მასის მომატება. სპორტის რა სახეობას მირჩევთ?
პასუხი: ვფიქრობ, თქვენს შემთხვევაში, თქვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე მიზანშეწონილი და უსაფრთხო იქნება ცურვა.
კითხვა: შეიძლება თუ არა მენსტრუაციის შემდეგ, პირველივე დღეებში დაორსულება?
პასუხი: არის აღწერილი შემთხვევები, როდესაც მენსტრუაციის დროსაც კი დაორსულებულან. ასე რომ, თქვენს შემთხვევაში, პასუხი არის – შეიძლება.
კითხვა: მაისში, გარე ორსულობის გამო ამომკვეთეს მარცხენა მილი. როდისთვის შეიძლება ორსულობის დაგეგმვა და შესაძლოა თუ არა, შემთხვევით დავორსულდე თუ თავს არ დავიცავ?
პასუხი: ორსულობის დაგეგმვა შეიძლება ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ. თუ თავს არ დაიცავთ, დაორსულება ახლაც არ არის გამორიცხული.
კითხვა: დამიდგინეს გარე ორსულობა, სისხლი დუგლასის ფოსოში (ექოსკოპიურად). მილი გახეთქილი არ არის. როგორ მოხვდა სისხლი მუცლის ღრუში და, შეიძლება თუ არა, გადავრჩე მილის ამოკვეთას?
პასუხი: გარე ორსულობის დროს სისხლის მოხვედრა მუცლის ღრუში შესაძლებელია როგორც მილის გახეთქვისას, ასევე მილისმიერი აბორტის დროს (მილში სანაყოფე კვერცხის ჩამოშლისას). მილის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ განვითარებადი გარე ორსულობის დროს, ანუ, სისხლდენის დაწყებამდე.