კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ევრო-2012-ზე“ გასული ეროვნული ნაკრებების ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელების ტოპ-ათეული

 

პოლონეთსა და უკრაინაში 2012 წელს გასამართი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი სულ ახლახან დასრულდა. მხოლოდ პლეი-ოფის რაუნდის მატჩებია დარჩენილი, რომლებიც ბოლო 4 მონაწილე ქვეყანას გამოავლენს. ტრადიციულად ძლიერმა ნაკრებებმა კი, უკვე დაიბევეს ადგილი კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო ფორუმზე და მზადებასაც შეუდგნენ. „უეფას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი „ევრო-2012-ზე“ გასული ნაკრებების ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელებისგან შემდგარი რეიტინგი გამოქვეყნდა. სწორედ ამ ფეხბურთელების თანავარსკვლავედი აკაშკაშდება პოლონეთისა და უკრაინის სტადიონებზე. 

ევგენი კონოპლიანკა – უკრაინა

დნეპროპეტროვსკის „დნეპრის” შემტევ ნახევარმცველს, ევგენი კონოპლიანკას საფეხბურთო ექსპერტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. კონოპლიანკას დებიუტი უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2007 წელს შედგა. საყურადღებოა, რომ თავის პირველ მატჩში იგი ჩვენებური – ჯაბა კანკავას ნაცვლად შევიდა მოედანზე. კონოპლიანკა 16 წლიდან ასპარეზობს „დნეპრში” და მისი პირველი ხელფასი ამ კლუბში 300 დოლარი იყო თვეში. დღეს კი მას ლიონელ მესის, რაფაელ ვან დერ ვაარტს და დიეგოს ადარებენ. კონოპლიანკა 2010 წლიდან გამოდის უკრაინის ეროვნულ ნაკრებში და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე. „იგი ტექნიკური, მიზანდასახული და მოაზროვნე ფეხბურთელია, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს უკრაინულ ფეხბურთს”, – ასე ახასიათებენ კონოპლიანკას სამშობლოში.

გრჟეგოჟ სანდომერსკი – პოლონეთი

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ფრანციშეკ ჟმუდა რთული არჩევნის წინაშე დადგება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე. მთავარი საკითხია, თუ ვის ანდობს იგი ნაკრების მთავარ მეკარეობას – „არსენალელ” ვოიცეხ შჩესნის თუ ლუკაშ ფაბიანსკის, „მანჩესტერის” გოლკიპერ ტომას კუშჩაკს თუ ახალგაზრდა ტალანტს ბელგიური „გენკიდან”, გრჟეგოჟ სანდომერსკის, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ევროპულ ფეხბურთში. 22 წლის სანდომერსკი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარეა ევროპაში და მის მიმართ ინტერესს ევროპის წამყვანი ტოპ-კლუბები იჩენენ. ლონდონის „ჩელსი” მას პეტრ ჩეხის შემცვლელადაც კი მოიაზრებს „არისტოკრატების” კარში.

ტიაგო ალკანტარა – ესპანეთი

წარმოშობით ბრაზილიელი ესპანელი ნახევარმცველი – ტიაგო ალკანტარა „ბარსელონას” ახალი „პროდუქტია,” რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 1994 წლის, ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონის, მაზინიოს ვაჟმა ესპანეთის ნაკრებში გამოსვლა არჩია და თამამად შეიძლება ითქვას, მისი სახით, ხავისა და ინიესტას ღირსეული შემცვლელი ეყოლება, როგორც „ბარსელონაში”, ასევე „ფურია როხაში”. ალკანტარამ 2011 წელს, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, უკვე მოიგო ევროპის ჩემპიონატი იუნიორებს შორის, ახლა კი ვისენტე დელ ბოსკეს ჯერია, ანდობს თუ არა იგი ადგილს ნაკრებში „ბარსელონას” მეთერთმეტე ნომერს.

კაილ უოკერი – ინგლისი

„ტოტენჰემის” მცველზე დიდ იმედებს ამყარებენ ბრიტანეთში და მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ არ უთამაშია ეროვნულ ნაკრებში, საფეხბურთო მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ფაბიო კაპელო წაიყვანს ნიჭიერ ფეხბურთელს ჩემპიონატზე და შესაძლოა, ძირითადშიც კი ათამაშოს. ამბობენ, რომ კაილ უოკერი მობერებულ რიო ფერდინანდს და ჯონ ტერის ჩაანაცვლებს ეროვნულ გუნდში და ღირსეულად შეცვლის სახელოვან ვეტერანებს.

სებასტიან ჯოვინკო – იტალია

„პარმის” და იტალიის ნაკრების მინიატურულ ნახევარმცველს, სებასტიან ჯოვინკოს (მისი სიმაღლე 164 სმ-ია) დიდი ხანია, იტალიური ფეხბურთის მომავალს უწოდებენ. არცთუ შესამჩნევი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, ჯოვინკო სწრაფია და ბრწყინვალე დრიბლინგს ფლობს. ერთხანს ჯოვინკო ტურინის „იუვენტუსში” თამაშობდა, თუმცა იქ ვერ მოახერხა ფეხის მოკიდება და მოკრძალებულ „პარმაში” გადასვლა არჩია, სადაც გუნდის ლიდერად იქცა. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2011 წლის თებერვალში შედგა და მას შემდეგ, ჩეზარე პრანდელის გუნდის უცვლელ წევრად ითვლება.

მარტენ მარვენი – საფრანგეთი

 ფრანგული „სოშოს” ნახევარმცველი მარტენ მარვენი ლორან ბლანის საფრანგეთის ნაკრების ახალი ფორმაციის წევრია, და გუნდის ლიდერობაზე აქვს პრეტენზია. მარვენი საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ასისტენტად ითვლება. ნაკრებში თავის სადებიუტო შეხვედრაში 2 გოლი გაუტანა უკრაინის ნაკრებს და მას შემდეგ სტაბილურად იძახებენ „სამფეროვნების” რიგებში. სხვათა შორის, ახლახან მარვენი ერთ-ერთი სკანდალის მონაწილე გახდა – მან ღიად განაცხადა, რომ არასდროს დათანხმდება სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდის, „პარი ფუტ გეის” შემადგენლობაში თამაშს. ამის გამო მას უმალ მიაკერეს „ჰომოფობის” იარლიყი, თუმცა მოგვიანებით, მარვენმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში „ცისფერებს” და განაცხადა, რომ არ უნდოდა მათი შეურაცხყოფა.

ანდრე სანტუში – პორტუგალია

მართალია, პორტუგალიის ნაკრებს ჯერ არ დაუბევებია ადგილი ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავია, რადგან კრიშტიანუ რონალდუს და მისი თანაგუნდელების გარეშე, „ევრო-2012“ ხიბლს დაკარგავს. პორტუგალიის ტრადიციულად ძლიერ ნაკრებს არასდროს აკლდა ტალანტები, თუმცა ლისაბონის „სპორტინგის” წევრ ანდრე სანტუშზე ამბობენ, რომ მასზე ნიჭიერი და უნივერსალური ფეხბურთელი ჯერ არ ჰყოლიათ. სანტუშის დებიუტი ეროვნულ გუნდში 2011 წელს შედგა და ვარაუდობენ, რომ მისი ვარსკვლავი საფეხბურთო ოლიმპზე უკრაინის ან პოლონეთის სტადიონებზე აკაშკაშდება.

სვენ ბენდერი – გერმანია

დორტმუნდის „ბორუსიას” ნახევარმცველ სვენ ბენდერს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში. თუმცა, ამბობენ, რომ იოაჰიმ ლიოვი მას აუცილებლად წაიყვანს ევროპის ჩემპიონატზე. ბენდერს გერმანიის ყველა ასაკობრივი ნაკრები აქვს გამოვლილი და აბსოლუტურად ყველგან ლიდერის ფუნქციას ასრულებდა. ტყუპ ძმასთან, ლარსთან ერთად, სვენი გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია და ლიოვის ახალგაზრდულ „გერმანულ მანქანასთან” ერთად, ევროპის სტადიონებზე გაბრწყინებას გეგმავს. 

კევინ სტროტმანი – ჰოლანდია

ჰოლანდია მუდამ ამარაგებდა ევროპულ ფეხბურთს ახალი ტალანტებით და „პსვ” ეინდჰოვენის ნახევარმცველი – კევინ სტროტმანი „ნარინჯისფერთა” ახალი პროდუქტია. სტროტმანი წელს გადმოვიდა ჰოლანდიური ფეხბურთის ფლაგმანკლუბში მოკრძალებული „უტრეხტიდან” და მისი ტრანსფერი გუნდს 13 მილიონი ევრო დაუჯდა. ჰოლანდიელთა მესაჭე, ბერტ ვან მარვიკი ბოლო დროა, რეგულარულად იძახებს სტროტმანს ეროვნულ გუნდში და ძირითად შემადგენლობაშიც ანდობს ადგილს. მწვრთნელი არ მალავს, რომ სტროტმანს მოედნის საუცხოო ხედვა და ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ მომავალში „ნარინჯისფერთა” ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდეს.

კირიაკოს პაპადოპულოსი

– საბერძნეთი

საბერძნეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების მეტოქე იყო შესარჩევ ეტაპზე და ამ ფეხბურთელის შესაძლებლობები ჩვენი გუნდისთვის ცნობილია. კირიაკოს პაპადოპულოსი ბერძნული ფეხბურთის იმედია და მისი სახით ევროპულ ფეხბურთს ძლიერი ცენტრალური მცველი ეზრდება. პაპადოპულოსი გერმანულ „შალკეში” ლევან ყენიას თანაგუნდელია და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე სამშობლოში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. პაპადოპულოსი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ოდესმე უთამაშია ბერძნულ „სუპერლიგაში”. გარდა ამისა, მცველის პოზიციაზე თამაშის მიუხედავად, იგი რეზულტატურობითაც გამოირჩევა და მის ანგარიშზე უკვე ორი გოლია ეროვნულ ნაკრებში.

 

скачать dle 11.3