როგორ გახდა ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი ლილ ჯონი მსოფლიო რეკორდსმენი და რით გამოირჩევა მისი გამოგონილი კრანკ-მუსიკა
ამერიკელი პრომოუტერი, პროდიუსერი, რეპერი, ჰიპ-ჰოპის სუბ-ჟანრის „კრანკის“ პიონერი და მეტად წარმატებული მუსიკოსი. საუბარია ლილ ჯონზე ამერიკული ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავზე, რომლის შემოქმედება რამდენიმე წლის წინ ჯორჯიის შტატის მცხოვრებთა მხოლოდ ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი. ამჟამად კი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდიუსერად და შემსრულებლად ითვლება ამერიკული რეპის თანამედროვე ისტორიაში.
ჯონათან მორტიმერ სმიტი იგივე ლილ ჯონი 1971 წელს ჯორჯიის შტატში, 1996 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქ ატლანტაში დაიბადა და გაიზარდა. 1989 წელს ფრედერიკ დუგლასის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯონათანმა კლუბურ დიჯეიდ დაიწყო მუშაობა. დროთა განმავლობაში იგი ატლანტის ერთ-ერთ საუკეთესო დიჯეიდ ითვლებოდა. პირველი ნაბიჯები პროდიუსერულ საქმიანობაში მან 1993 წელს გადადგა, როდესაც ჯერმეინ დიუპრის დახმარებით, რეკორდ-ლეიბლ „სო სო დეფზე“ თანამდებობა მიიღო. ასევე, იმ პერიოდში საკუთარი კომპოზიციებით პოპულარობას მიაღწია რეპერმა „თუ შორთმა“. გარდა ამისა, ჯონათანს, რომელსაც თანაკლასელებმა მეტსახელად ლილ ჯონი შეარქვეს, რადიო V103-ზე თავისი საავტორო გადაცემა მიჰყავდა, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა ატლანტელ ჰიპ-ჰოპერებში.
1996 წელს ლილ ჯონმა თანამშრომლობა დაიწყო ბიგ სემის და ლილ ბოსის პროექტ „ისთსაიდ ბოიზთან“ და 1997 წელს ლილ ჯონის პროდიუსერობით გამოვიდა მათი ერთობლივი ალბომი „გეთ კრანკი“, რომლის მთავარი სინგლი ატლანტის კლუბურ ჰიმნად იქცა. ამ ალბომის გამოსვლისთანავე მუსიკალურ სამყაროში გაჩნდა ახალი ჰიპ-ჰოპ მიმდინარეობა სახელად „კრანკი“, რაც ბაუნსის, დისკოს და სამხრეთული ჰიპ-ჰოპის ნაზავი იყო. საინტერესოა, რომ „კრანკის“ შექმნის შთაგონების წყარო ლილ ჯონისთვის ატლანტის ერთ-ერთ სტრიპტიზბარში მოსმენილი სინთეზატორის ხმა იყო. ის საცეკვაო მუსიკას, რომელზეც სტრიპტიზის მოცეკვავე გოგონები იხდიდნენ, თავისებურ ელფერს აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ „გეთ კრანკი“ ახალი სიტყვა გახლდათ ჰიპ-ჰოპში, ალბომის გაყიდვის მაჩვენებელი დაბალი იყო. უპირველესად ეს სუსტი დისტრიბუციის და პრომო-კამპანიის უქონლობას დააბრალეს, ასევე მსმენელი არ აღმოჩნდა მზად „კრანკისთვის“, რამაც ალბომის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია მუსიკალურ კრიტიკოსებში. თითქმის იგივე განმეორდა ლილ ჯონის და მისი მეგობრების მეორე ალბომთან დაკავშირებით. დისკი „ვი სთილ კრანკ“ 2000 წელს „ბიემეი რეკორდსის“ ლეიბლზე გამოვიდა და მისმა გაყიდვებმა ასევე დაბალი ნიშნული აჩვენა. მიუხედავად ასეთი წარუმატებლობისა ლილ ჯონის სახელი ჯორჯიის შტატს გასცდა და მისი საპროდიუსერო ნიჭით ამერიკის დანარჩენ შტატებშიც დაინტერესდნენ.
2001 წელს ლილ ჯონმა და მისმა გუნდმა ახალი ალბომი „ფუთ იორ ჰუდ აფ“ გამოუშვეს და ამ ალბომით პირველ წარმატებას მიაღწიეს. სინგლი „ბია ბია“, რომელიც ლუდაკრისის და ჩეინ უაითის დახმარებით ჩაიწერა, ჰიტად იქცა ამერიკაში და mp3.com-იდან ყველაზე ხშირად გადმოწერილ 20 კომპოზიციაში შევიდა, ხოლო თვითონ ალბომმა „ოქროს ალბომის“ სტატუსი მიიღო. 2002 წელს ლილ ჯონი ამერიკული ბას-მუსიკისა და მაიამის ჰიპ-ჰოპ ლეგენდამ რიკ ტეილორმა საკუთარ ხმისჩამწერ სტუდიაში მიიპატიჟა, სადაც ჩაიწერა კიდეც ლილ ჯონის და „ისთსაიდ ბოიზის“ კიდევ ერთი ალბომი „კინგს ოფ კრანკ“, რომელიც თავიდან ბოლომდე ჰიტური კომპოზიციებით იყო დატვირთული. პირველი სინგლი „აი დონთ გივ ე ფაქ“ მაიამის ღამის კლუბების ჰიტად იქცა, ხოლო თრეკი „გეთ ლოუ“ ამერიკის, საფრანგეთისა და გერმანიის არენბი ჩარტების ჰიტად იქცა. გარდა ამისა, ეს სიმღერა პოპულარული კომპიუტერული თამაშის „ნიდ ფორ სპიდ: ანდერგრაუნდის“ საუნდთრეკში შევიდა. მომდევნო წელს ლილ ჯონმა და კომპანიამ „კინგ ოფ კრანკის“ გაგრძელება ჩაწერეს, სადაც ჰიტური კომპოზიციების გარემიქსებული ვარიანტები იყო შეტანილი.
მუსიკალური კარიერის პარალელურად, ლილ ჯონი არ წყვეტდა პროდიუსერობას და მისი დახმარებით რეპ-კოლექტივმა „იანგბლადსმა“ ჩაწერა „დემნ“. აშერმა კი ჰიტი „იეა“, ლუდაკრისთან ერთად ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ თვითონ ლილ ჯონი კონცერტებზე ხშირად იყენებს სიტყვებს „იეა“, „უათ?!“, „ლეთს გოუ“ და „ოქეი“ და ამას ის საკმაოდ ხმაურიანად აკეთებს. ლილ ჯონის დახმარებით ჰიპ-ჰოპის ამომავალმა ვარსკვლავმა სიერამ თავისი სადებიუტო ალბომი „გუდი“ ჩაწერა. ასევე ლილ ჯონი ჰიპ-ჰოპისგან განსხვავებულ ჟანრში მოღვაწე ნიუ-მეტალ ჯგუფ „ქორნთანაც“ თანამშრომლობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული მათ კლიპში „თვისთედ ტრანზისტორ“, სადაც ასევე მონაწილეობდნენ. სნუპ დოგი, იქსზიბითი და დევიდ ბენერი. 2008 წლის ბოლოს გამოვიდა ლილ ჯონის ჯერჯერობით უკანასკნელი ალბომი „კრანკ როკი“, რომლის ჩაწერაში მონაწილეობდნენ შონ პოლი „იანგბლადსიდან“ და „თრი სიქს მაფია“.
მუსიკის გარდა ლილ ჯონი აქტიურად არის დაკავებული ტელევიზიაში. „აუთქასთის“ წევრ ანდრე ბენჯამინის მიერ შექმნილ მულტ-სერიალში იგი სანტა-კლაუსს ახმოვანებდა. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული კომედიურ ფილმში „სოულ ფლეინი“, სადაც მას პარტნიორობას უწევდნენ ამერიკელი კომედიური ჟანრის ფილმების ვარსკვლავი ტომ არნოლდი და რეპერი სნუპ დოგი. ასევე აღსანიშნავია ლილ ჯონის გატაცება ჰოკეით. ის არის მშობლიური ქალაქის ჰოკეის გუნდის „ატლანტა ტრეშერზის“ ფანკლუბის წევრი. საინტერესოა, რომ გუნდის მეკარეს კარი ლეჰტონენს შლემზე ლილ ჯონი აქვს გამოსახული.
ლილ ჯონი ბიზნესითაც არის დაკავებული და აწარმოებს ენერგეტიკულ სასმელს სახელად „კრანკი“. მისი დიზაინით შექმნილი მზის სათვალეების ხაზი ცნობილმა კომპანია „ოუკლიმ“ გამოუშვა. დაბოლოს, უნდა აღინიშნოს რომ, ლილ ჯონი ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდ ბრილიანტის ყელსაბამს, რაც ნიშნავს, რომ იგი ერთგვარი მსოფლიო რეკორდსმენიცაა. ბრილიანტის ყელსაბამი გამოხატავს სიტყვებს: „კრანკი უკვდავია“. მისი სიგრძე 19 სანტიმეტრია, სიგანე – 15 სანტიმეტრი და დიამეტრი – 2 სანტიმეტრი. ყელსაბამი 2 კილოგრამამდე იწონის და თავიდან ბოლომდე 73-კარატიანი ბრილიანტის თვლებითაა აწყობილი.