მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: გამოიყენებოდა თუ არა წინათ ეკლესიაში მუსიკალური თანხლება? ცნობილია, რომ კათოლიკურ ეკლესიაში ის მიღებულია, მართლმადიდებლურში კი – არა.
პასუხი: მუსიკალური თანხლება ეკლესიებში არ გამოიყენებოდა. თვით მაცხოვარი და მოციქულები უფალს გალობით განადიდებდნენ. გალობით ადიდებდნენ უფალს პირველი ქრისტიანებიც. პავლე მოციქული ასე მიმართავს თავის ეპისტოლეში ეფესელებს: „ელაპარაკეთ თქვენსავე თავს საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით; უგალობეთ და უმღერდეთ თქვენი გულებით უფალს“ (ეფეს 5, 19).
კითხვა: ჩემს მეუღლეს არ აქვს ნათლობის ჯვარი და არ იცის, მონათლულია თუ არა. გადავა თუ არა ეს ცოდვა ჩვენს შვილებზე?
პასუხი: ჯვრის არქონა მოუნათლაობას არ ნიშნავს. ეს ცოდვა შვილებზე არ გადავა, მაგრამ, უნდა დააზუსტოთ, ნამდვილად არის თუ არა მონათლული თქვენი მეუღლე. თუ არ არის, დაუყოვნებლივ მოინათლოს, ნათლობა არც ერთ ასაკში არ არის გვიან. იცხოვრეთ ეკლესიურად, თქვით აღსარება, მიიღეთ ზიარება და თქვენს ოჯახს უფლის მადლი არ მოაკლდება.
კითხვა: მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოხუცი მამა მოხუცებულთა სახლში მოვათავსეთ, სადაც ის გარდაიცვალა. ახლა ძალიან ვნანობთ და ვნერვიულობთ. ითვლება თუ არა ჩვენი ქმედება ცოდვად?
პასუხი: ამის პასუხად ერთ მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც ბერძნებმა ტროა აიღეს, ტროელებს ნება დართეს, აეღოთ მხოლოდ ერთი საგანი და ისე დაეტოვებინათ ქალაქი. ენეოსმა მხარზე მოხუცი მამა შეისვა, რომელიც თვითონ ვერ დადიოდა და ბერძნებს უთხრა – ეს არის ჩემი ყველაზე დიდი განძიო. რაც შეეხება თქვენს საქციელს, მშობლის პატივისცემა და მასზე ზრუნვა ყველა შვილის მოვალეობაა, მაგრამ, უპატიებელი ცოდვა არ არსებობს, თუკი გულით მოინანიებთ. ილოცეთ გარდაცვლილი მამის სულისთვის და მისი სახელით დახმარება გაუწიეთ გაჭირვებულებს.
კითხვა: მოძღვართან ცოდვების თქმა მიჭირს და უშუალოდ ხატების წინაშე ვინანიებ. მომიტევებს თუ არა უფალი ცოდვებს?
პასუხი: ცოდვების მონანიებისთვის უფალმა მოძღვარი დაგვიწესა და მოციქულთა დროიდან ასეა ჩვენს ეკლესიაში მიღებული. ცოდვა მიგეტევებათ მხოლოდ მაშინ, რაც აღსარების შემდეგ მოძღვარი წაგიკითხავთ შენდობის ლოცვას.