როგორ იცავს ნიგერიელი ბრაიანი შვილთან აფრიკულ ტრადიციებს და რატომ ვარჯიშობს ის „მაპით“
ბრაიან იდოუ თბილისში ყველაზე ცნობილი შავკანიანი აფრიკელია, რომელიც საქართველოში ოთხი წლის წინ ჩამოვიდა და ხასიათის წყალობით, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იოლად შეძლო – ახლა უკვე თავადაც ფიქრობს, რომ ბევრი თვისებით ჰგავს ქართველებს – როცა აბრაზებენ, ქართულად იგინება; პატარა ლატიფას კი ნიგერიული სახელი დაარქვა.
– ბრაიან, ამ ბოლო დროს იშვიათად ჩანხარ. სად დაიკარგე და რას საქმიანობ?
– ახლა ისევ გამოვჩნდები – „რუსთავი 2-ის“ ახალი სეზონი უკვე გაიხსნა და ისევ ვიქნები იმ იუმორისტულ შოუებში, რომლებშიც აქამდე ვიყავი. უკვე გვქონდა რამდენიმე გადაღება „კომედი შოუსთვის”. როცა დასჭირდებათ ჩემი თავი, ისევ დამიძახებენ, მე ისევ ამ გუნდში ვარ. ზაფხულში არდადეგები გვქონდა სკოლაში, სადაც ფეხბურთის მასწავლებლად ვმუშაობ და იქაც ისევ განვაგრძობ მუშაობას. კიდევ, ფეხბურთის თამაში დავიწყე მეორე ლიგის გუნდში, მაგრამ, ფეხბურთისთვის ბევრი დრო არ მრჩება, უფრო სკოლაში და „რუსთავი 2-ში“ ვარ დაკავებული. ამ ზაფხულს ანიმატორადაც ვიმუშავე გრიგოლეთში, სასტუმრო „ანდამატში”. იქ პირველად გასულ წელს მიმიწვიეს, მაშინ ორი კვირა ვიყავი, ახლა კი ორ თვეზე უფრო დიდხანს ვიმუშავე სასტუმროში.
– ანიმატორობა როგორ გამოგივიდა? კიდევ რჩები საქართველოსთვის ეგზოტიკად?
– ეტყობა, ვრჩები. თბილისი კიდევ უფრო კარგად მიცნობს, რაიონის ხალხისთვის კი ჯერ კიდევ ეგზოტიკა ვარ, ამიტომაც, ყველა სურათებს იღებდა ჩემთან (იცინის). ისე, მაინც ბავშვებს უხარიათ ჩემი დანახვა, ძირითადად მათთან ერთად ვიყავი ხოლმე, მაგრამ, დიდებიც არ მაკლებდნენ ყურადღებას. პლაჟზე ხან ფრენბურთს ვთამაშობდი უფროსებთან, ხან – კალათბურთს.
– არ ირუჯებოდი?
– მე კიდევ ზაგარი მინდა? სულ მიკვირს იმ ხალხის, დილით რომ დაწვებიან პლაჟზე, გვიანობამდე არ დგებიან, მერე კი ტირიან ხოლმე – ეს დავიწვი, ის დავიწვიო. რად უნდათ ყოველ წელს გარუჯვა? აი, მე ერთხელ გავშავდი ქობულეთში და მაგის მერე ფერი არ გადამდის (იცინის). გრიგოლეთში ძალიან კარგად გადიოდა დრო – იმას ვაკეთებდი, რაც მიყვარს. ხალხის გამხიარულება და გართობა კარგად გამომდის, ხელფასს მიხდიდნენ, მაგრამ, ისეც მსიამოვნებდა იმის კეთება; ხან დისკოთეკაც იმართებოდა.
– შენი შემოსავლის ძირითადი წყარო რა არის?
– უფრო – სკოლა, იქ მუდმივი ხელფასი მაქვს, „რუსთავი 2-ის“ შოუებში მაშინ მეძახიან, როცა ისეთი როლი აქვთ, რომელშიც მე ვჭირდები, ეს კი ყოველთვის არ არის. ოჯახს რჩენა ხომ უნდა, ამიტომ, ყველგან მივდივარ სამუშაოდ, სადაც მეძახიან. მეგრული სიმღერა რომ ვიმღერე, მას შემდეგ ამ სიმღერაზეც დიდი მოთხოვნაა: ხან სად მიწვევენ ამ სიმღერით, ხან – სად და მეც არასოდეს ვამბობ უარს. ჩემი ცოლიც მუშაობს, მაგრამ, მე კაცი ვარ და იმის იმედზე ხომ არ ვიქნები? სახლში ათასი რამე გვჭირდება: ქირას ვიხდით, გადასახადებს; რაც ბავშვი გვეყოლა, უფრო მეტი ხარჯი გვაქვს, ამიტომაც, სულ უნდა ვიმუშაო, რომ ეს ხარჯები დავფაროთ. როცა ნიგერიაში ვცხოვრობდი, იქ სულ მქონდა ჩემი ფული ფეხბურთიდან. შეიძლება, უფრო ცოტა იყო, მაგრამ, მყოფნიდა, ხან მამაჩემიც მომცემდა ხოლმე ცოტას. თან, სახლში როცა ვიყავი, ფული არ მჭირდებოდა, ამიტომაც ჩემი ფული სულ მქონდა. ახლა აქ ფულს კი ვშოულობ, მაგრამ, იმდენი რამე გვჭირდება სახლში, ზედმეტი ფული არასდროს არ მაქვს.
– ახლა შენმა შვილმა უფრო მეტი საზრუნავი გაგიჩინა, როგორი მამა ხარ?
– კარგი. როცა ჩემი ცოლი მუშაობს, ბავშვი ჩემთან არის. ბებიაც გვეხმარება, მაგრამ, ისე, სულ ჩვენ ვზრდით. მე 5 საათზე ვამთავრებ სამსახურს და ეგრევე სახლში მივდივარ; პამპერსს, საჭმელს მე ვყიდულობ, ტანსაცმელს – ჩემი ცოლი; ქალმა უფრო კარგად იცის, როგორი ტანსაცმელი სჭირდება ბავშვს.
– ნიგერიაში აპირებთ წასვლას?
– ჯერ ვერ მოვახერხე, იქ წასვლა-წამოსვლას ბევრი ფული უნდა და ჯერ ამდენი არ მაქვს. როგორც კი ფულს ვიშოვი, აუცილებლად წავიყვან ბავშვსაც და ლოლასაც – ყველას აინტერესებს ამათი ნახვა. იქ მამა მყავს, ძმები, და, ამიტომ, ცარიელი ვერ ჩავალ – რაღაცეები ხომ უნდა ჩავუტანო საჩუქრად! ფულის საკითხს რომ მოვაგვარებ, წავალ ნიგერიაში.
– როგორ ზრდით შვილს – ქართულად თუ თქვენს ადათ-წესებზე?
– ბავშვს სულ ქართულად ველაპარაკები, ჩემი ცოლი მეტყვის ხოლმე, ელაპარაკე, რა, ინგლისურად, ცოტა ყური მიეჩვიოსო. დავიწყებ ხოლმე ინგლისურად ლაპარაკს, მაგრამ, ისე გადავდივარ ქართულზე, ვერ ვიგებ. ბავშვს ნიგერიული სახელი დავარქვი – დედაჩემს ერქვა ლატიფა. 12 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. ახლა ლატიფას ქრისტიანულად რომ მოვნათლავ, ქართულ სახელს დავარქმევ, ოღონდ, ისეთ სახელს, რომ მართლმადიდებლურიც იყოს და ინგლისურადაც კარგად გამოითქმებოდეს, აი, როგორიც არის გიორგი და ჯორჯი, ასეთი სახელები გოგოებსაც ხომ აქვთ?
– ნიგერიაში გოგონებს როგორ ზრდიან?
– ჩემი ბავშვი ერთი კვირის იყო, როცა თმა გადავპარსე – ნიგერიაში ყველა ბავშვს ასე უკეთებენ, რომ კარგი თმა ამოუვიდეთ. ჩემს ცოლს არც ამაზე უთქვამს რამე. მამაჩემს სამი ცოლი ჰყავდა. მაჰმადიანებში ეს პრობლემა არ არის – თუ კაცს ბევრი ცოლის შენახვა შეუძლია, ჰყავდეს, რა მოხდება, მაგრამ მე არ მომწონს მრავალცოლიანობა. მართლმადიდებლად რომ არ მოვნათლულიყავი, ბევრ ცოლს, ალბათ, მაინც არ მოვიყვანდი. მე ვიცი, რა ცუდია, როცა კაცს ბევრი ცოლი ჰყავს, რა პრობლემები ჩნდება ასეთ ოჯახებში, როგორ იწყება ჩხუბები – ეს საკუთარ თავზე გამოვცადე და ჩემს შვილს ისეთ მდგომარეობაში არ ჩავაგდებ. როცა ლოლა ცოლად მოვიყვანე, დავდე პირობა, რომ მას არ ვუღალატებდი და ამ პირობას ვასრულებ, არავის არ ვეპრანჭები (იცინის).
– უკვე ოთხი წელია, რაც ჩვენთან ცხოვრობ, ჩვენი ჩვეულებები და თვისებები „გადმოგედო”?
– როგორ არ გადმომედო! როცა მაბრაზებენ, ქართულად ვიგინები. ხანდახან გული მეტკინება ხოლმე, ვინმე ქუჩაში რომ მომაძახებს, ჩვენები სხვაგან მიდიან სამუშაოდ, ესენი კი აქ ჩამოდიანო. იმათ კი არ ვაგინებ, მაგრამ, გული მწყდება: მერე რა მოხდა, კაცო, აქ რომ ჩამოვედი? ვაფუჭებ რამეს? ვიპარავ? ვცხოვრობ ჩემთვის, პატიოსნად. უფლის ნება იყო, მე რომ შავკანიანი ვარ, ამით მე რამე ხომ არ გავაფუჭე? მე მიყვარს ეს ქვეყანა, ჩემი შვილი ამ ქვეყნის მოქალაქეა, მეც უკვე მუდმივი ბინადრობის პასპორტი მაქვს, უკვე აქაურივით ვცხოვრობ. ხანდახან ძმაკაცები რომ დამიძახებენ ხოლმე, რესტორანში წავიდეთო, წასვლა რომც არ მინდოდეს, ხათრით მაინც მივდივარ. დალევა არ მიყვარს, მაგრამ, ძმაკაცთან ერთად უნდა იყო. აქაური მეგობრობა ძალიან მომწონს. ნიგერიაშიც მყავდა მეგობრები, მაგრამ საქართველოში სხვანაირი ძმაკაცობა იციან. უფროსებს აქაც სცემენ პატივს, მაგრამ ნიგერიაში ეს ძალიან სხვანაირადაა, უფროს კაცს „გამარჯობას“ რომ ეტყვი, თვითონ თუ არ გამოგიწოდა ხელი, შენ ამის უფლება არ გაქვს. ასეთ რამეებს აქაც ვაკეთებ. აქაურ რაღაცეებსაც ისე მივეჩვიე, რომ უკვე სიზმრებსაც კი ქართულად ვხედავ, ერთი კვირის წინ მამაჩემმა დამირეკა, გვიანი იყო, მეძინა. კაცი ჩვენს ენაზე მესაუბრებოდა, მე კი ქართულად ვპასუხობდი – რა ვქნა, ეს თითქოს უკვე ჩემი ენაა. ისე კარგად ვერ ვისწავლე, როგორც მინდა, რომ ვიცოდე, მაგრამ, თითქმის ყველაფერი მესმის, ისიც კი, როცა პოლიტიკოსები ტელევიზორში „მაპზე” ლაპარაკობენ – ასეთი რთული ტექსტებით ვვარჯიშობ კიდეც (იცინის).