ინტიმური საუბრები
რაში გამომადგა ინგლისურის ცოდნა
20 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ქმარი 13 წლით იყო ჩემზე უფროსი. ასაკში ასეთი სხვაობის მიუხედავად, ძალიან ვუგებდით ერთმანეთს. თავიდან მატერიალურად არ გვიჭირდა და სამი შვილი გავაჩინე. მერე კი ქვეყანა აირია, ჩემმა ქმარმა სამსახური დაკარგა და ძალიან გაგვიჭირდა. მე კი ვმუშაობდი, მაგრამ, ჩემი სიმბოლური ხელფასი არაფერზე არ გვყოფნიდა. ამიტომ, ნელ-ნელა დავიწყეთ ჯერ ოქროულობის, შემდეგ კი სხვა ნივთების გაყიდვა. გურამი (ჩემი ქმარი) სამსახურს ვერ შოულობდა, ბავშვებს კი ათასი რამე აკლდათ და ამის გამო ისეთ დეპრესიაში ჩავარდა, იქით გამიხდა სამკურნალო და სანუგეშებელი. სწორედ ასეთ რთულ პერიოდში, ერთ დღეს, კარზე რუსული გარეგნობის უცნობი ბიჭი მოგვადგა, ასე, 19-20 წლის. გურამი იკითხა. სახლში არ არის-მეთქი, ვუთხარი. დაველოდებიო, მიპასუხა და უცერემონიოდ შემოვიდა სახლში, თავისი უზარმაზარი ჩანთა ჰოლში დადო, თვითონ კი ოთახში შევიდა და სავარძელში მოკალათდა. მერე ძალიან დიდი ინტერესით დაიწყო ოთახის თვალიერება. ვერ ვიტყვი, რა, მაგრამ, რაღაც არ მესიამოვნა მის გამოხედვაში. თავი ვერ შევიკავე და ვკითხე, ვინ ხართ და რა გნებავთ-მეთქი. რაღაცნაირად ირონიულად შემომხედა და მითხრა, მე გურამის შვილი ვარ, პეტერბურგიდან ჩამოვედი და დღეიდან აქ უნდა ვიცხოვროო. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, რა დამემართებოდა. ცოტა გონს რომ მოვედი, ვუთხარი, ზუსტად ვიცი, რომ გურამს ჩემამდე ცოლი არ ჰყოლია-მეთქი. მან ხმამაღლა გაიცინა და მითხრა: რა გულუბრყვილო ყოფილხარ („შენობით“ მომმართა), ბავშვის გაკეთებას ოფიციალური ქორწინება რომ არ სჭირდება, არ გაგიგიაო?
მე ისე გამაოგნა მისმა პასუხმა, კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე, მაგრამ, სიჩუმე ისევ თვითონ დაარღვია: ნამგზავრი და დაღლილი ვარ. თან, ცოტა არ იყოს, მომშივდა კიდეც. ამიტომ, კარგს იზამ, თუ რამეს მაჭმევ, ოღონდ, მანამდე ყავა მომიტანე, რომ გამოვფხიზლდეო. მე ვუთხარი, არც საჭმელი გვაქვს და არც ყავა (მართლაც ასე იყო), თუ გინდა, ჩაის დაგალევინებ ჯემიან პურთან ერთად-მეთქი. საზიზღარი ღიმილით შემომხედა და მითხრა:
– რა იყო, უკვე დაიწყე დედინაცვლური?! იცოდე, ეგენი ჩემთან არ გაგივა. მე მამაჩემთან მოვედი და არა შენთან. თანაც, მას დიდი ვალი აქვს ჩემი – ოცი წელია, არც კი ვუკითხივარ, ჩემზე არ უზრუნია, არაფერი დაუხარჯავს და ამ ყველაფრის გაკეთება ახლა მოუწევს, თან, გაათმაგებულად. ამიტომ, ჩემო კარგო, ბევრს ნუ იხტუნავებ. გინდა შენ ეს თუ არა, მე მაინც აქ ვიცხოვრებ და შვილის ყველა უფლებით ვისარგებლებ, – მერე ადგა, მთელი ბინა მოიარა, ყველაზე დიდ ოთახს მოავლო თვალი (იქ ჩემი სამივე შვილის საწოლები და საწერი მაგიდა იდგა) და გამომიცხადა: – დღესვე დამიცლით ამ ოთახს. ანუ, მინდა გითხრათ, რომ ეს ოთახი იქნება ჩემი.
– ეს ჩემი შვილების ოთახია, აქ სამ ბავშვს სძინავს, ეს ოთახი რომ შენ დაგითმო, ისინი სადღა წავიყვანო? – გაბრაზებით ვუპასუხე და ისე ამიკანკალდა ყველაფერი, შემეშინდა, არ წავიქცე-მეთქი.
– ეგ ჩემი პრობლემა არ არის. აბსოლუტურად არ მაინტერესებს, შენი ლაწირაკები სად დაიძინებენ. მე მამაჩემის შვილი ვარ და მისი ქონებიდან წილი მეკუთვნისო, – გამომიცხადა.
– ეს ჩემი მშობლების ბინაა და აქედან წილი მამაშენსაც კი არ ეკუთვნის, არათუ შენ. ამიტომ, სრული უფლება მაქვს, ჩემს საკუთარ სახლში ვინც მინდა, მხოლოდ ის მივიღო. შენ კი, გირჩევ, აიკრა გუდა-ნაბადი და, საიდანაც მოსულხარ, ისევ იქ დაბრუნდე-მეთქი.
ძალიან ავად შემომხედა და დამემუქრა, მაგ სიტყვებს მწარედ განანებო. მერე ვიღაცას დაურეკა და ჯერ რუსულად დაილაპარაკა, მერე კი ინგლისურად უთხრა (ალბათ, ეგონა, ინგლისური არ ვიცოდი), ამ მათხოვრებში სად გამომიშვი. არაფერი გამოგვივა, ბინა ცოლის ყოფილა, ოთახებიც თითქმის ცარიელია, თან, ეტყობა, ისე უჭირთ, საჭმელიც კი არ აქვთ. ალბათ, რაღაც აგერია და იმასთან არ გამიშვი, ვინც ჩვენ გჭირდებოდა. კაცი სახლში არ დამხვდა, მაგრამ, ქალი ისეთი მაგარი ჩანს, ამის მორევა გაგვიჭირდება. ამიტომ, ჯობია, ამათ შევეშვათ და ვინმე სხვა მოვძებნოთო.
მივხვდი, რომ გაქნილ აფერისტთან მქონდა საქმე და ისეთმა ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, გადავწყვიტე, გამერკვია, ვინ იყო. ამიტომ, ტონი შევცვალე და დაყვავებით ვუთხარი, მაპატიე, ასე რომ გელაპარაკე, მაგრამ, შენი ბრალიც არის, ისე თავხედურად მოიქეცი. მოდი, შევრიგდეთ, თუ ჩემი ქმრის შვილი ხარ, ჩემი შვილების ძმა ყოფილხარ. გურამის მოსვლამდე მაინც დარჩი და მერე თვითონ გადაწყვიტეთ, წახვალ თუ არა-მეთქი. ცოტა ეჭვით კი შემომხედა, მაგრამ, ისეთი მშვიდი და გულწრფელი ღიმილი შევაგებე, შვებით ამოისუნთქა, მერე ისევ სადღაც დარეკა და ისევ ინგლისურად უთხრა, ჯერჯერობით გეგმები უკეთესობისკენ იცვლება, დანარჩენს უახლოეს საათებში შეგატყობინებო. მერე ჩანთიდან ხალათი და ჩუსტები ამოიღო და მთხოვა, მეჩვენებინა, სად იყო აბაზანა. როგორც კი წყლის ხმაური გავიგონე, მაშინვე ვეცი მის მობილურს, რომელიც ჟურნალების მაგიდაზე დარჩა და ბოლო რამდენიმე ნომერი ამოვიწერე, მერე კი ჩემი მობილური გამოვიტანე და ჩაის სმის დროს ჩუმად გადავუღე სურათი.
გურამი რომ მოვიდა, ჩემს სტუმარს ტკბილად ეძინა. ყველაფერი ვუამბე და გავაფრთხილე, ზუსტად ვიცი, რომ აფერისტია, თანაც – საშიში და მასთან არაფერი შეგეშალოს-მეთქი. თავიდან, სანამ გონს მოვიდოდა, საწყალი კაცი გადაირია – პეტერბურგში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი: ერთხელ ბავშვობაში და ერთხელ – შარშანწინ, თანაც, არასდროს მქონია რუს ქალებთან რომანებიო. მერე კი ერთობლივად დავსახეთ გეგმა და საღამოს, ვახშამზე დავპატიჟეთ ერთი ჩვენი ახლობელი, რომელიც ორგანოებში მუშაობდა. მაღაზიიდან ნისიად ამოვიტანე პროდუქტები, ერთი-ორი თავი კერძი მოვამზადე, სუფრა გავაწყვე და მე, გურამი და ჩვენი ორივე სტუმარი მაგიდას შემოვუსხედით. ის ჩვენი ახლობელი წინასწარ ჩავაყენეთ ყველაფრის საქმის კურსში, მაგრამ, ვითომ არაფერი იცოდა.
ვახშამმა გულითად ვითარებაში ჩაიარა. გურამის „შვილი“ გვიყვებოდა, როგორ ოცნებობდა იმ დღეზე, როცა მამას შეხვდებოდა. მერე დედაზეც გვიამბო რაღაც-რაღაცეები: როგორ უყვარდა გურამი, როგორ არ უმხელდა თავის ფეხმძიმობას, როგორ დაუმალა უკვე საქართველოში დაბრუნებულ გურამს შვილის გაჩენა და ასე შემდეგ.
ამ საუბრისას ჩვენმა ახლობელმა, ვითომ სხვათა შორის, ჰკითხა, პეტერბურგში სად ცხოვრობდითო. ბიჭმა რაღაც მისამართი დაუსახელა. ცოტა ხნის შემდეგ დედის სახელი და გვარიც ჰკითხა. პასუხი რომ მიიღო, თავისი მობილურით სადღაც დარეკა და დაავალა, სასწრაფოდ დამიდგინეთ, პეტერბურგში, ამა და ამ მისამართზე ამ სახელისა და გვარის მქონე ქალი თუ ცხოვრობსო. ნახევარ საათში დაურეკეს და უთხრეს, მაგ მისამართზე მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებაა, ამ სახელისა და გვარის მქონე ქალი კი სულ სამი დავადგინეთ, რომელთაგან ორი სტუდენტია, ერთი კი ღრმად მოხუცი ქალბატონიო. ეს ყველაფერი ჩვენმა სტუმარმა ბიჭს რუსულად გადაუთარგმნა, მერე კი უთხრა: ახლა იმ ნომრების აბონენტებს დამიდგენენ, ვისაც აქედან ურეკავდიო. ამის თქმა იყო და გურამის „შვილი“ ღრიალით წამოხტა ადგილიდან, სკამები გადააყირავა და კარისკენ გაიჭრა, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდა. ჩვენმა ახლობელმა კი ისევ სადღაც დარეკა და ორ წუთში ორი უზარმაზარი ნიღბიანი მოგვადგა კარზე, ჩემს „გერს“ მკლავები გადაუგრიხეს, ხელბორკილები დაადეს და განყოფილებაში წაიყვანეს.
ჩვენი თავხედი სტუმარი ცნობილი ბანდის წევრი აღმოჩნდა. რადგან ეროვნებით მართლაც რუსი იყო და გარეგნობაც სლავური ჰქონდა, თავს ჩამოსულად ასაღებდა, ოჯახებში ძირითადად მიტოვებული ან დავიწყებული შვილის სტატუსით შედიოდა, იქაურობას შეისწავლიდა და მერე თავისი ბანდის წევრებს გადასცემდა დაწვრილებით ინფორმაციას, ისინი კი ოჯახს პირწმინდად ძარცვავდნენ. მაგრამ, ამჯერად კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ცხადია, მეც იმ მოტყუებულთა სიას შევუერთდებოდი, რომ არა ორი რამ: ბიჭის გადამეტებული თავხედობა და ცინიზმი და ჩემი ინგლისურის ცოდნა – ინგლისური რომ არ მცოდნოდა, ხომ ვერ გავიგებდი, რას ელაპარაკებოდა ტელეფონში თავის ამფსონებს? ვერც გავიგებდი და შესაძლოა, თავიდან მაინც, დამეჯერებინა, რომ გურამის შვილი იყო და ჩემი მრისხანება ქმრისთვის დამეფრქვია თავზე. იმის წარმოდგენა კი ნამდვილად არ მინდა, რით დამთავრდებოდა ეს ისტორია. ამ ამბიდან კი ერთი რამ მაკვირვებს: როდის და სად ისწავლეს ამ ბანდიტებმა ინგლისური?!
თიკა, 42 წლის.
ჩემს დას მე თვითონ მივხედავ
მყავს უმცროსი და, რომელიც ძალიან წყნარი, მორცხვი და მორიდებული ბავშვი იყო 13 წლამდე. მერე კი, უცებ, ისე შეიცვალა, რომ ვეღარ ვცნობთ. ერთ დღეს თავის მეგობარ გოგონებთან ერთად წავიდა ერთ-ერთის აგარაკზე (მთელი კვირა ეხვეწებოდა მამაჩემს, გამიშვიო), რამდენიმე დღის შემდეგ კი ისეთი დაბრუნდა, რომ დავინახეთ, ბებიაჩემმა იკივლა და გული წაუვიდა, დანარჩენებს კი შიშისგან თმა ყალყზე დაგვიდგა – ჩვენ წინ იდგა ნამდვილი ველური, ინდიელთა რომელიღაცა ტომიდან: მუხლებს ზემოთ შემოხეული ჯინსის შარვალი; მაისურის ნაგლეჯი, რომელიც მხოლოდ მკერდს უფარავდა (სანახევროდ); შავად შეღებილი ფრჩხილები; ალაგ-ალაგ აპარსული და წითელ-ყვითელ-მწვანე და ლურჯ ზოლებად შეღებილი თმა, ფანქრით ჩაშავებული თვალები და უშნოდ წასმული კვასკვასა წითელი პომადა, რომლისგანაც კბილებიც გასწითლებოდა.
ოთახში რომ შემოვიდა და გაგვიცინა, ჯერ გულები დაგვისკდა, მერე გვეგონა, ჩვენს შესაშინებლად სპეციალურად გამოეწყო ასე, ანუ, თავისი ჭკუით, გაგვეხუმრა, მაგრამ, მამამ რომ უთხრა, კარგი, გეყოფა, წადი და მოიწესრიგე თავიო, სრულიად სერიოზულად გამოგვიცხადა: დღეიდან სულ ასე ვივლი და უფლება არ გაქვთ, დამიშალოთ. თუ ზედმეტად გამცემთ ხმას, ყველას გიჩივლებთ, რომ ბავშვის უფლებების შელახვას ცდილობთო.
დედას ისტერიკა დაეწყო, მამას კი ჯერ ყბა ჩამოუვარდა გაოგნებისგან, მერე კი მივარდა და, რომ არ მიმესწრო, ალბათ, ხელში შემოაკვდებოდა. მეორე დილით კი კარზე პოლიცია მოგვადგა – თქვენზე საჩივარია შემოსული, არასრულწლოვან მოზარდს სცემთ და მის უფლებებს ლახავთო. მივხვდით, რაშიც იყო საქმე, მაგრამ მამა მაინც დაიბნა. მე კი უცბად მოვისაზრე, რაც უნდა მექნა: პოლიცია სახლში შევიყვანე, ვთხოვე, სავარძლებში დამსხდარიყვნენ და ორიოდე წუთის შემდეგ მათთან ჩემი და გამოვიყვანე (იმავე ფორმაში იყო) და ვუთხარი – აი, ის დაჩაგრული არასრულწლოვანი, თქვენ თვითონ ელაპარაკეთ-მეთქი. რომ შეხედეს, შიშისგან ორივე პოლიციელმა ერთდროულად წამოიძახა – ვაიო. ეს ქალბატონი კი ირონიული სახით დაუდგა წინ და ძველბიჭურად ჰკითხა, აბა, ძმებო, მითხარით, რა გაინტერესებთ, ოღონდ, ყველაფერი დროზე უნდა „გავაიასნოთ“, რადგან მეჩქარებაო. საწყლებმა, კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღეს, მერე რაღაც ოფიციალური ფორმალობა ჩაატარეს და გაოგნებულები წავიდნენ.
იმ საღამოს დედაჩემთან ცალკე იყო სასწრაფო, მამაჩემთან – ცალკე. მე კი გადაწყვეტილი მაქვს, რომ ამისი დაქალების მშობლებთან მივიდე და ვუთხრა, ცოტა მეტი ყურადღება მიაქციონ თავიანთ შვილებს, რომ რამე საშინელებას არ გადაეყარონ. ჩემს დას კი მე მივხედავ. იმან არ იცის, ვინ გადაიკიდა ჩემი სახით. ისეთ დღეში ჩავაგდებ, აქეთ მეხვეწებოდეს, ოღონდ თავი დამანებე და ჩადრით ვივლიო.
კახა, 21 წლის.
ჩემი ბიოლოგიური მამა ნაძირალა გამოდგა
10 წლის ვიყავი, მამამ რომ მიგვატოვა. დედამ მარტომ გამზარდა. სახლიდან წასვლის შემდეგ მამა აღარ მინახავს. ბავშვი ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დედა ძალიან განიცდიდა ამ ამბავს და ამიტომ არაფერს ვეკითხებოდი – არ მინდოდა, ტკივილი მიმეყენებინა. დედა აღარ გათხოვილა, მაგრამ მამაჩემმა კიდევ სამჯერ შეირთო ცოლი (ეს გვიან გავიგე) და არც ერთ ქორწინებაში შვილი აღარ ჰყოლია. ასაკში რომ შევიდა და დაუძლურდა (პრინციპში, არც ისე ხნიერი იყო, მაგრამ, თავისი მოუწესრიგებელი ცხოვრების გამო ნაადრევად მოტყდა), იფიქრა, ქუჩაში არ ამომხდეს სულიო და, ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად, სამსახურში მომაკითხა. მაშინვე ვიცანი, მაგრამ, არანაირი სურვილი არ მქონდა, დავლაპარაკებოდი. თუმცა, იმდენი მოახერხა, მაინც დამითანხმა და ერთ პატარა კაფეში შევედით. პირველი, რაც თქვა, ის იყო, რომ დედაჩემი ირონიულად მოიკითხა, რაზეც საკადრისი პასუხი გავეცი და წამოვდექი, რომ წავსულიყავი, მაგრამ, ძალით დამსვა სკამზე და მითხრა, ერთი საიდუმლო უნდა გაგანდო, ოღონდ, იმ პირობით, თუ ისევ მამად მცნობ და ჩემს გვარს დაიბრუნებო (დამავიწყდა მეთქვა, სკოლა რომ დავამთავრე, ჩემი სურვილით გადავედი დედის გვარზე და მამის სახელადაც ბაბუის – დედაჩემის მამის სახელი ჩავიწერე). რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი და შეძლებისდაგვარად ზრდილობიანად ვთხოვე, ახლავე წადი აქედან და მე და დედაჩემი სამუდამოდ დაგვივიწყე. ამის გაკეთება კი ნამდვილად არ გაგიჭრდება, რადგან, თითქმის თხუთმეტი წელია, არც კი გაგხსენებივართ-მეთქი. მან ჩაიქირქილა: რომელი დედაშენი! იცნობ კი, ვინ არის შენი ნამდვილი დედაო?! მე ადგილზე გავშეშდი. ამით ისარგებლა იმ არაკაცმა და მითხრა, რომ მე მისი ბიოლოგიური შვილი ვარ, ოღონდ, სხვა ქალისგან, დედაჩემმა კი მხოლოდ გამზარდა.
სხვათა შორის, დედამ ეს ამბავი დაადასტურა. თავიდან ძალიან განვიცადე, მაგრამ, პატარა ბავშვი აღარ ვარ და, არც ისე დიდი ფიქრისა და ნერვიულობის შემდეგ, ყველაფერი რომ გადავხარშე, დედას ვუთხარი, მე მხოლოდ შენი შვილი ვარ, ღმერთმა მაჩუქა შენი თავი და არანაირი მამა არასდროს არ მყოლია-მეთქი. შეიძლება, გულუბრყვილობაა 25 წლის კაცისგან ასეთი სიტყვები, მაგრამ, დედაჩემი ჩემი მეორე ღმერთია და, ვინც მასზე თუნდაც ერთ გადაკრულ სიტყვას მეტყვის, მწარედ ვაგებინებ პასუხს. მამაჩემს კი ისეთი რამეები ვუთხარი, დარწმუნებული ვარ, ასი წელიც რომ იცოცხლოს, ჩემი ნახვის სურვილი არასდროს გაუჩნდება.
სერგი, 25 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 595 40-76-78.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.