რა აგიჟებს კაბუს სიყვარულში და რისგან „დაფრინავს” ნინო ჩხეიძე
ახალი ქართული, საინტერესო, უჩვეულო დუეტი: კაბუ და ნინო ჩხეიძე „ტანგოს“ მღერიან! გაყინულ, უმოქმედო შოუ-ბიზნესში გემოვნებიანი და მაღალი ხარისხის პროდუქტს ისეთი მონატრებული ვართ, რომ ახალი კლიპი ჩემს პირად ბედნიერებად მივიღე. ნინომ და კაბუმ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუები აიღეს ერთმანეთისგან.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნინო ჩხეიძე
– კაბუ, მგონი, კარგი სამუშაო ჩავატარეთ, ძალიან კმაყოფილი ვარ. შენ თუ გაქვს იგივე განცდა?
– ძალიან კმაყოფილი ვარ. მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: კარგ ადამიანებთან ერთად ნებისმიერი საქმე კარგი გამოდის.
– თავიდან რომ დაგირეკე, არ იფიქრე, ერთად რა უნდა გამოგვივიდესო?! საერთოდ სხვა ჟანრში ვარ.
– არა, არც ერთი წუთით. თავიდან, უბრალოდ, არ ვიცოდი, რა უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ როგორც კი მოვისმინე, ეგრევე აზრზე მოვედი. თანაც, ყოველთვის მინდოდა, შენთან ერთად რაღაც გამეკეთებინა.
– რა მიყვარს, იცი? ორი სხვადასხვა ჟანრის მომღერლის სინთეზი, რადგან ეს ყოველთვის უჩვეულო და საინტერესო გამოდის. ახლა ვისაც ვეუბნები, კაბუსთან დუეტი ჩავწერე-მეთქი, ყველას უკვირს – ვერ წარმოუდგენიათ, როგორი იქნება და დიდი ინტერესით ელოდებიან. ვფიქრობ, წარმატებული გამოვა და დიდი მადლობა ამისთვის.
– პირიქით, შენ მადლობა. თავიდანვე ისე სწორად იყო სიმღერა შერჩეული და ყველაფერი ისეთი მაღალი ხარისხით გაკეთებული, შეუძლებელია, წარმატება არ ჰქონდეს. მინდა, აქვე დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, მთელ ჯგუფს, რომელიც კლიპზე მუშაობდა.
– მინდოდა, ძალიან სადა, ლამაზი ვიდეო გამოსულიყო. სპეციალურად კლიპისთვის შევისწავლე „ტანგო“. ძალიან სასაცილო იყო ჩემი „ტანგოს“ გაკვეთილები. მინდოდა, გადაღებებამდე წონაში დამეკლო, საერთოდ არ ვჭამდი, პლუს, ეს გაკვეთილები და, რასაც ჰქვია, დავფარფატებდი. მუდმივად თავბრუხვევები მქონდა, დავლასლასებდი, არადა, ტანგოს ხასიათი, სიძლიერე, დაჭიმულობა სჭირდება, მე კი დარეტიანებული ქათამივით დავდიოდი რეპეტიციებზე. შენთვის როგორი იყო გადაღებები?
– ჩემთვის ყველა გადაღება საინტერესოა. მით უმეტეს – ამ კლიპის. სადა, საინტერესო და კარგი გამოვიდა. „ტანგოში“ მე არ მიმეცადინია, თან, კლიპში სხვა იდეაა ჩადებული (მე მომმართავს, – ავტორი), ჩვენ ცალ-ცალკე ვცეკვავთ, მაგრამ, ბოლოს აღმოჩნდება, რომ ერთმანეთი გველანდება, ერთმანეთის ფიქრში ვართ. მოკლე დროში საკმაოდ დიდი სამუშაო ჩავატარეთ, გიჟური გრაფიკი გვქონდა და ყველაზე მეტად მარიკა მეცოდებოდა (მარიკა ლორთფიფანიძე ნინოს მენეჯერი, – ავტ.).
– მარიკა მთავარ როლში იყო – ყველაფერი მას ევალა, თმიდან და გრიმიდან დაწყებული, ორგანიზებით დამთავრებული. კლიპის გადაღების მომენტში ვერავინ ვიტანდით და მერე დავაფასეთ მისი შრომა.
– ერთხელ, მირეკავს და მეუბნება, დილის 7 საათზე უკვე გადაღებაზე უნდა ვიყოთ და, გამოგივლიო. შვიდ საათზე სიზმართან მისულიც არ ვიქნები-მეთქი. მაგრამ, ზუსტად 7 საათზე დაბლა ვიყავი და გადაღებაზე მოვყავდი. რომ რეკავდა, უკვე ნიკაპი მიკანკალებდა – ნეტავ, რა უნდა მითხრას-მეთქი. შეშინებული ვპასუხობდი მის ზარს.
– ამ სიმღერამ უფრო მეტი მუშაობის სტიმული არ მოგცა?
– რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმული მომცა. კარგი ხელის კვრა იყო, წინსვლის ამბავში. თბილისზე მაქვს სიმღერა, რომელიც, მინდა, მოგასმენინო და, თუ მოგეწონება, ძალიან მინდა, იქ იყო, იმ სიმღერაში. პარალელურად, კინოზე ვიწყებთ მუშაობას – „ყარაბაღის” მესამე ნაწილს იღებენ. მთავარ როლში ვარ და ეს მიხარია და მეამაყება. პირველივე სცენაში დობოს დავაგდებ – თავში ვესვრი ეგრევე. ისიც მესვრის, მაგრამ, გადავრჩები – ცოტა „წავუკაშჩეიებ” (იცინიან). კარგი საყურებელი ფილმი გამოვა. რაც შეეხება თეატრს, ეს ამბავი ცოტა ძნელად არის – მხოლოდ ერთ სპექტაკლში ვთამაშობ. თუმცა, ამას არავის ვაბრალებ, მხოლოდ ჩემი ბრალია. სხვა ჯერ არაფერი ხდება, ცოლი ჯერ არ მომიყვანია.
– არ აპირებ?
– არა, არც ვფიქრობ.
– კლიპში შეყვარებულ ადამიანებს ვასახიერებთ, რომლებსაც საყვარელი არსება ელანდებათ. რეალურად თუ გყვარებია მოლანდებამდე?
– რა თქმა უნდა, გაღვიძებული, ფხიზელი თვალით ვყოფილვარ და მომლანდებია. სიყვარული განუსაზღვრელად დიდია, თვითონ ღმერთია სიყვარული და ის სასწაულმოქმედია. შეიძლება, მოგელანდოს, ცრემლიც წამოგივიდეს, ფეხიც მოიტეხო და ამით ყველაზე ბედნიერი იყო. აი, თუ ძალიან არ გიყვარს, მაინც ბედნიერი ხარ, რადგან ეს ყველაფერი წინ გელოდება. თუ მოხდა ისე, რომ ეს ყველაფერი ვერ განიცადა, ის ადამიანი მეცოდება.
– ასეთი სიყვარული ყოველთვის „ჰეფი ენდით” მთავრდება ხოლმე?
– არა, სულ ასე არ არის. სადაც დიდი სიყვარულია, იქ ძალიან იოლად იბადება სიძულვილი, რადგან, ძნელად პატიობ, მეტს სთხოვ. მოსაფრთხილებელია სიყვარული, მისი შენარჩუნება ურთულესია. და თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მართლა გიყვარს, თქმა არც ღირს. ამის გამო, სხვათა შორის, ძალიან ბევრი კარგი გოგო დავკარგე.
– არადა, ქალს ყველაზე მეტად ამის მოსმენა უნდა – როგორც ამბობენ, ყურით გვიყვარს.
– არ ვიყავი დარწმუნებული, რომ, ამას თუ ვეტყოდი, მერე ამის შესაბამისად მოვიქცეოდი. რაღაცეები დამემართა, რაც უკვე მთელმა დედამიწამ იცის და ესეც ცუდ ფაქტორს თამაშობს ჩემს ურთიერთობებში.
– ცოლს რატომ აღარ მოიყვან, შეიძლება, რომ არ შეგიყვარდეს?
– არა, ღმერთმა დამიფაროს! ახლაც მიყვარს და სულ შეყვარებული ვიქნები. მაგრამ მიყვარდეს და ვერ გავაკეთო ის რაღაცეები, რაც, ასევე, მიყვარს, და მინდა, გავუკეთო იმ ადამიანს, რომელიც მიყვარს, ძალიან დავითრგუნები და, ალბათ, დავემალები. აღარ ვარ იმ ასაკში, რომ, უბრალოდ, ვიაროთ და „აი ლოვ იუ” ვუთხრა. რაღაც თუ არ აჩუქე, ვთქვათ, ყვავილი თუ არ უყვარს, სხვა რაღაც, აიღე და ეს შენი ნაჩუქარი გული გადაფხრიწე. აღარავის უნდა მკერდიდან ამოღებული და მიცემული გული, სხვა დროა დღეს. მე შემიძლია, საყვარელ ადამიანს ლექსები მივუძღვნა, წიგნი ვაჩუქო, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ ლექსები არ არის. სამწუხაროდ, დღეს ძალიან მალე დადის ურთიერთობები მატერიალურამდე, ყოფითამდე. ცის, მთვარის და მზის განცდა ისე მალე ვარდება მიწაზე და მიწის ქვეშ, რომ, მგონია, ვგიჟდები. საშინელ იმედგაცრუებას განვიცდი ხოლმე. ასე არასდროს მყვარებია, არ მიფიქრია, რომ ჩინურში თუ არ შევჭამთ და „კელვინ ქლაინს” თუ არ ჩავიცვამთ, არ გამოვა სიყვარული. დავინახე, შემიყვარდა და ცის მგონია. არადა, ეს, თურმე, გაქანებული „დედამიწისტია”. მღლის ეს თემა და, მირჩევნია ხოლმე, იქაურობას გავეცალო.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია კაბუ
– არ მგონია, რომ მიწაზე მყარად დადიოდე და ფორთხვა გიყვარდეს. ლექსს რომ წაიკითხავ და თვალები ცრემლებით აგევსება, ალბომს „მიყვარხარ ცამდეს” რომ დაარქმევ, ესე იგი, გესმის, რა არის ეს ცამდე სიყვარული. ასე რომ, შენც არ უნდა იყო ძალიან მიწის.
– არ ვიცი, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მაგრამ, ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით ვუყურებ სამყაროს. ბავშვი აღარ ვარ, ოცდაათი წლის ვარ და, უამრავ ჩემს ტოლ ადამიანს რომ ვუყურებ, უკვე პრაგმატული ქალები არიან, რომლებსაც სიყვარულის საერთოდ აღარ სჯერათ. ძალიან დავფრინავ და, ხანდახან, მიფიქრია, რომ ეს ცუდია. მიყვარს სიურპრიზები, მაინცდამაინც საჩუქრის ყიდვა კი არა, საკუთარი ხელით რაღაცის გაკეთება, მოფიქრება, რომლის კარნახიც მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. მაგრამ, შენსავით მიფიქრია: იქნებ, არ არის საჭირო ეს ყველაფერი, იქნებ მივაღწიე იმ ასაკს, რომ ეს ყველაფერი სასაცილო ჩანს? როდემდე შეიძლება, ამოჭრა გულები და დააწერო – „მიყვარხარ“?! მაგრამ, ისე მინდა ხოლმე ამის გაკეთება, ვერ ვჩერდები. დღემდე ვაგროვებ გულებს – სხვადასხვა ფორმის გულების კოლექცია მაქვს. შენ უფრო ნიჭიერი ხარ – ლექსებს წერ, სიყვარულის გამოხატვის სხვა, გაცილებით ღრმა ფორმები გაქვს, მაგრამ, მე სხვაგვარად გამოვხატავ.
– შენი მეუღლე, ალბათ, ძალიან ბედნიერია ამით.
– რა თქმა უნდა. ის ისეთი დაკავებულია, რომ ყოველთვის ამის დრო არ აქვს, რომ ჩემს რომანტიკულობას აჰყვეს, მაგრამ, რადგან მიწაზე არ დავეშვი, ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა. მგონი, ყველა მამაკაცს მოსწონს ასეთი ქალები. ჩემს მეგობრებსაც ვურჩევ ხოლმე, არ იყვნენ ძალიან მიწიერები, სულიერად ბებრები, მატერიალისტები. მყავს გვერდით გოგოები, ვისაც უნდა, რომ გათვლით გათხოვდეს ან შეყვარებული ჰყავდეს.
– კონტრაქტიო, ბიჭო! ვაიმე, გავაფრენ! კონტრაქტით სიყვარული რას ნიშნავს?
– ახლაც რომ ვიყო გაუთხოვარი...
– მე მოგიყვანდი ცოლად (იცინიან).
– ალბათ, ისევ ასე ვიაზროვნებდი. ისიც ვთქვით წეღან, რომ ოჯახში მხოლოდ ფურცლები არ გეყოფა, მაგრამ, ასეც არ არის. ბევრი ოჯახი ვიცი, სადაც ფული არ განსაზღვრავს მათ ბედნიერებას. თუ ორ ადამიანს ერთი სამყარო აქვს და მათ გარშემო მეგობრებიც იმავენაირად აზროვნებენ, მაშინ, ნებისმიერი შემოსავლებით იქნებიან ბედნიერები. შენს ნაჭუჭში, შენს სამყაროში თუ ხარ, მას ვერავინ დაგირღვევს. არ ვამბობ იმას, რომ პური არ გქონდეს სახლში, მაგრამ, შემწვარ კარტოფილზე და შემწვარ კვერცხზეც გვიქეიფია და უბედნიერესები ვიყავით.
– კარგი, დავანებოთ თავი ამ თემას, მითხარი, რატომ მაინცდამაინც მე, რატომ გადაწყვიტე ჩემთან ერთად სიმღერის ჩაწერა?
– შენი და დათო ნეფარიძის დუეტი მოვისმინე და ძალიან მომეწონა შენი ხმის ტემბრი. ბევრი შენი დუეტი ვიცი, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებულად მომხვდა გულზე, იმდენად ჩემკენ წამოიყვანა შენი ხმა, რომ, მივხვდი, კარგი იქნებოდა, ერთად რაღაც გაგვეკეთებინა. შენი „ძალიან მომენატრე” იმდენად გულწრფელი, ალალი იყო, ლამის ცრემლები წამომივიდა. სხვა ადამიანზე არც მიფიქრია, მთელი გულით მინდოდა, რომ ეს კაბუ ყოფილიყო, თუმცა, მერე დარეკვის მრცხვენოდა. ჩემი უბედურება ხომ იცით, რა არის – ყველასთან დარეკვა მერიდება: „აუ, უარი რომ მითხრას მერე რა ვქნა?!“ არადა, ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა, წინასწარ მეშინია ხოლმე. ბოლოს, მარიკამ დაგირეკა და, დადებითი პასუხი რომ მივიღე, ისე გამიხარდა. სულ მერიდება ინიციატივის გამოჩენა, ვფიქრობ, თავზე არ მოვახვიო ადამიანს ჩემი სურვილები; იქნებ, არ უნდა და უარის თქმა მოერიდა... – ასეთ დებილობებს ვფიქრობ ხოლმე.
– რას ამბობ ძალიან მინდოდა! დიდი ხანია, ნათქვამი მაქვს, რომ შენთან ერთად რაღაცის გაკეთება მინდა.
– ისეთი თბილი და გრძნობისმიერი სიმღერაა, ვფიქრობ, ყველა ადამიანის გულში გაივლის. სასწაული ლექსი დაწერე. კარგად შეიკრა სიმღერა, რაც ძალიან მახარებს.
– ეგ ძალიან მნიშვნელოვანია დუეტში – ერთიანობის შექმნა. შენ მარცხნივ და მე მარჯვნივ, ასე არ ვართ. მიხარია, რომ შევძელი და დაგეწიე. სულაც არ „ვსკრომნობ”, ამას რომ ვამბობ, ზუსტად ასე ვფიქრობ. მართლა გამიხარდა, რომ მარცხნივ არ ვარ. დუეტი ერთიანი უნდა იყოს. თუ დრამატურგია არ არის სიმღერაში, მისგან არც კარგი კლიპი გამოგივა, არც ტაშს დაგიკრავენ. სად იტრიალებს ეს კლიპი?
– „პროფილის” პრემიერის შემდეგ იტრიალებს რადიო „აფხაზეთის ხმაზე”, „დარდიმანდზე”, ასევე, ტელეარხზე „აფხაზეთის ხმა”.
– ალბომის გამოშვებას როდის აპირებ?
– მას შემდეგ, რაც „პროფილში” ჩვენი კლიპის პრემიერა შედგება, ალბომიც გამოვა. ბოდიში უნდა მოგიხადო იმის გამო, რომ შენგან ნებართვა არ ამიღია და ალბომს ისე დავარქვი შენი ლექსიდან სიტყვები – „მიყვარხარ ცამდე”.
– ჩემო საყვარელო, არ გრცხვენია?! ჩათვალე რომ მკითხე.
– დიდი მადლობა. ალბომში შევა ათი სიმღერა. იმის გამო, რომ ჩვენი სიმღერა სხვა ჟანრშია, რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ჩემს სტილს აღარ ვმღერი. ისიც კი გავიგე, ვიღაცეები, თურმე, ამბობენ, ქალაქური სიმღერების შესრულება რცხვენიაო; ზოგი ამბობს – „გასვეცკდაო” თუ რაღაც ეგეთ სისულელეებს, რაც, არ არის მართალია. ალბომში არის ჩემი ძველი სტილის სიმღერებიც, ასევე, სხვა, თანამედროვე სტილში შექმნილი სიმღერები, რომელიც რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის. პირველი კი იქნება ჩვენი დუეტი, რომელიც მართლა მეამაყება.
– მეც ძალიან ვამაყობ ამ სიმღერით. იქნებ, ახალ წლამდე კიდევ ერთი სიმღერა გავაკეთოთ? აი, ეს სიმღერა თბილისზე.
– აუცილებლად მოვისმინოთ, დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება.