რა არ აპატია რომა რცხილაძემ ძმას და ვის აუწია მან ყურები ორმოცდაშვიდი კაცის წინაშე
ძმებ რომა და თემო რცხილაძეებს, ალბათ განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდებათ. ისინი შოუ-ბიზნესში გამორჩეული მუსიკოს-შემსრულებლები არიან, რომელთა შემოქმედებით ცხოვრებაში წარმატება უბრალოდ და უცებ არ მოსულა. ამისთვის საკმაოდ გრძელი გზა გამოიარეს, „დიელო”, „ივერია”... ოჯახის უმცროსმა წარმომადგენელმა – თემომ რომ იტყვიან, ძველი სკივრი გახსნა და იქიდან საინტერესო საოჯახო ისტორიები და ფოტოები გადმოგვილაგა. რომას ქალ-ვაჟი, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობენ. თემურის ქალიშვილი თამუნა, ესპანეთში გათხოვდა და მალე თემო ბაბუა გახდება. ნიკუშა კი – ამერიკაში სწავლობს.
თემო: მე რომ დავიბადე, თურმე ჩემს დას მაგრად გაუტყდა, და უნდოდა. ტირილით გასკდა – რომაც მეყოფა ერთი ძმაო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნანას თუ ეწყინა ჩემი დაბადება, რომას გაუხარდა. იმიტომ, რომ რომას ძმა უნდოდა. ნანა ცხრა წლის იყო, რომა – ექვსის. ფაქტობრივად, მათთვის სათამაშო ვიყავი. მე კი ჩუმ-ჩუმელა, ისეთ რაღაცეებს ვაკეთებდი, გახსენებაც არ უნდათ. ძალიან ცუდ რაღაცეებს ჩავდიოდი, თუმცა კარგსაც ვაკეთებდი.
ერთხელ, რომამ ბუშტი წყლით გაავსო და მეექვსე სართულიდან მანქანას გაუქანა. სახურავზე რომ დაეცა, ძირამდე ჩავიდა, იმდენად დააზიანა. თურმე პატრონს ახალი გამოყვანილი ჰყავდა. პროფილაქტიკაში წაიყვანეს. ბუშტში ჩასხმული წყალი ქვაზე მძიმე ყოფილა. იმ კარგმა მეზობელმა ჩაგვიშვა. რომამ მითხრა – შენ პატარა ხარ, მე სრულწლოვანი და დამიჭერენო. ამიტომ ჩემს თავზე ავიღე ყველაფერი და ამით გადავარჩინე ჩემი ძმა, მაგრამ მამაჩემს მაინც ვერაფრით დავეხმარე, იმ მანქანის გაკეთება მაინც მოუწია.
– მშობლები რომელთან უფრო მკაცრები იყვნენ?
– სხვათა შორის, სიმკაცრეში უფრო რომა იზრდებოდა. მამაჩემმა ომში დაკარგა მარჯვენა ხელი. 18 წლის ყოფილა ჯარში რომ გაიწვიეს, მერე ომში. გიტარაზე უკრავდა ძალიან კარგად და სახლში რომ ჩამოსულა, სიმწრისგან, რაც ინსტრუმენტი ჰქონია, სულ დაუმტვრევია. როგორია, 19 წლის ბიჭისთვის, გინდა რომ დაუკრა და ხელი არ გაქვს. ამიტომ მთელი თავისი სიყვარული და ენერგია რომაში ჩადო. ამ მხრივ, მე ფეხებზე ვეკიდე.
პრაქტიკულად, ისე დავამთავრე სკოლა და თოიძე, არც გაუგიათ. დიპლომი რომ მოვიტანე სახლში – ვა, დიპლომიო, თქვეს. ეს იყო მათი რეაქცია. ძალიან თავისუფალი ბავშვობა მქონდა, თოთხმეტი წლისა ან ბათუმში ვიყავი, ან „სოჩაში“ მეგობრებთან ერთად.
– საინტერესოა, შენი მშობლების შეუღლების ისტორია.. დედა იმ პერიოდში გაჰყვა ცოლად, როცა უკვე მამას ხელი დაკარგული ჰქონდა? რა იცი გადმოცემით?
– დედაჩემისთვის უკითხავს, შეგიძლია შეგიყვარდეს ადამიანი, რომელსაც დიდი ფიზიკური ნაკლი აქვსო. დედაჩემს უკვე უყვარდა და ამიტომ უპასუხა – კიო. ბებიაჩემს, გურულ მახარაძის ქალს არ უნდოდა თავისი ქალიშვილი, ანდღულაძის ქალი კახეთში გაეგზავნა. ისე, მამაჩემი იმერეთიდან არის, მაგრამ პაპაჩემი გააკულაკეს და გადაასახლეს ყვარლის რაიონში. ეს იყო ერთი პრობლემა, მაგრამ დედაჩემმა აუხსნა ოჯახს, რომ მხოლოდ ეს ადამიანი უყვარდა. შექმნეს არაჩვეულებრივი ოჯახი. რაც ერთად იყვნენ, მათი ჩხუბი არ გამიგია. სიყვარული ბოლომდე გაჰყვათ. დედა ექიმი – პედიატრი იყო, მამა – იურისტი და ისტორიკოსი. სხვათა შორის, ძალიან კარგად მღეროდნენ დუეტში. მამაჩემს ქეიფი ძალიან უყვარდა და ყოველ შაბათ-კვირას ჩვენთან უზარმაზარი სუფრა იყო გაშლილი. მახსოვს, 1964 წელს თბილისის „დინამომ” პირველად რომ აიღო საბჭოთა კავშირის ჩემპიონთა თასი, ყველა ფეხბურთელი ჩვენთან იყო.
– მოგვიყევი ოჯახური ისტორიები, თუნდაც მშობლების ურთიერთობიდან.
– კვირა დღეა, ყველა სახლში ვართ. მამაჩემმა დედაჩემს უთხრა: ერთი, თერმომეტრი მომეცი, რაღაც ვერ ვარ კარგადო. გაისინჯა, სიცხე 39-მდე აქვს. დედაჩემმა სასწრაფოდ ლოგინში ჩააწვინა და წავიდა ოფლის დენა, ძმრიანი წინდები ჩააცვა და მთელი პროცედურები ჩაუტარა. გაუსინჯა სიცხე, ისევ იმდენი აქვს. საღამოა, მთელი ოჯახი შეშფოთებულია, მამა ცუდად გაგვიხდა და სიცხეს ვერ ვუგდებთ. დაილია, დადნა კაცი ამდენი წამლებით და ოფლის დენით. მოვიდა ჩემი სიძე. რაღაც მეც ვერ ვარ კარგად, ნეტავ ვირუსი ხომ არ არისო და იმანაც გაისინჯა. სიცხე – 39 გრადუსი აქვს. თურმე თერმომეტრია გაფუჭებული. მამაჩემი წამოხტა, დაუძლურებული და ყველას აგინა, ოღონდ ლაითად. ეს თერმომეტრი მერე ჩემი მზაკვრული მიზნებისთვის გამოვიყენე. სკოლაში წავიღე. დედაჩემი ჩვენს სკოლაში მუშაობდა ექიმად. მალულად გამოვცვალე და ამხანაგებს ვუთხარი: თუ სახლში წასვლა გინდათ, ჩადით ექიმთან და უთხარით სიცხე რომ გაქვთ და გაგიშვებენ, როცა დედაჩემი იქ არ იქნება-მეთქი. რამდენიმე დღე გავქაჩეთ, მერე მიგვიხვდნენ.
– იმ პერიოდში იყვნენ ოჯახები, საკმაოდ რომ უჭირდათ. თქვენ როგორ ცხოვრობდით? რა გილხინდათ, რა გიჭირდათ?
– დედაჩემი ოთხ განაკვეთზე მუშაობდა, ყველაფერს აკეთებდა ოჯახის კეთილდღეობისთვის. რომამაც ადრე დაიწყო მოღვაწეობა – „ციცინათელაში”, მერე მე ამიყვანეს „დიელოში”. პრაქტიკულად, დედაჩემსა და მამაჩემზე სამჯერ მეტი ხელფასი გამომდიოდა, მაშინ გამომუშავებაზე ვიყავი, მაშინ შრომა ფასდებოდა.
– სიძუნწე რომელს გახასიათებდათ, შენ თუ რომას?
– ერთხელ, სახლში მე, რომა და დედა ვართ. დედაჩემი სარეცხის თოკებს ცვლიდა, საქმეს აკეთებდა და გვითხრა: სანამ ამას მოვრჩები და სადილს გავაკეთებ, უცებ რამეს გაჭმევთო. სახელდახელოდ გააკეთა ცოტა ტყუილი „ბორშჩი“. ორივეს დაგვისხა. ძალიან გემრიელი იყო. რომამ ჩემზე ადრე შეჭამა და დაიმატა და მე მეტი აღარ შემხვდა. ვეხვეწები ცოტა გადმომიღე-მეთქი. არ მოგცემო, მაღიზიანებდა. კარგი, მოდი, თან ჭამე, თან ომობანა ვითამაშოთ. ვითომ, შენ პარტიზანი ხარ, მე გერმანელი, სკამზე დაგაბამ და აბა, თუ შეჭამ-მეთქი. კარგიო, – დაინტერესდა. მეც დავაბი. ავიღე თეფში და გავიქეცი. მართალია, მერე მომხვდა მისგან, მაგრამ ჩემსას მაინც მივაღწიე.
– სწავლაში რომელი იყავით კარგი?
– 124-ე სკოლაში ვსწავლობდით. რომა ძალიან მაგრად თამაშობდა კალათბურთს, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იყო. სპორტში რომ დარჩენილიყო, ახლა, ვეტერანი პიანისტი არ იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. მამაჩემის დამსახურებაა, რომ მუსიკას გაჰყვა. მართლა, საათობით ედგა თავზე, რომ ემეცადინა. სკოლაში რომ მიიყვანეს, სკოლის დირექტორს ძალიან მოეწონა – ამ ბავშვს აბსოლუტური სმენა აქვს, ვიოლინოზე ატარეთო. მართლაც, მშობლებმა რომა ვიოლინოზე ნახევარი წელი ატარეს. ბოლოს, რომას ამოუვიდა ყელში, სასწავლო ნაწილთან ტირილით შევარდა – არ მინდა, ეს თქვენი ვიოლინო, პიანინო მინდაო. მე უფრო მერყევი ხასიათი მქონდა. კარიკატურების ხატვა მომწონდა. არ იყო მასწავლებელი, მისი კარიკატურა რომ არ დამეხატა. ზოგჯერ ისევ მუსიკაში გადავერთობოდი. მერვე კლასი რომ დავამთავრე, მუსიკის ხსენება აღარ მინდოდა, ყელში მქონდა ამოსული. ამიტომ წავედი თოიძეში, როგორც უკვე გითხარი. თოიძე რომ დავამთავრე მუსკომედიაში გაგვიშვეს. დიდი სახელოსნო იყო დეკორაციებისთვის, სადაც სადიპლომოზე ვმუშაობდით. ერთი პატარა როიალი იდგა. შევედი, ჩემს ნამუშევართან დაკავშირებით, კომისია იჯდა და მკითხეს, რას გვიმღერებო. მაშინ პოპულარული იყო „ნატვრის ხე”. დავუკარი და ვიმღერე. ხუთი დამიწერეს, თუმცა ვერ გავიგე ხატვა სიმღერასთან რა კავშირში იყო. მერე „დიელოში” ამიყვანეს და ხატვა დამავიწყდა.
– ქუჩაში და უბანში რომელი იყავით კარგი ბიჭი?
– მე უფრო ფხუკიანი ვიყავი, შარს რომ ეძებენ ისეთი, კიდევ კარგი, რომა ნაკლებს ჩხუბობდა, თორემ ერთხელ კონსერვატორიასთან ერთ ბიჭს დაარტყა და მერე სამი საათი ვასულიერებდით საწყალს. ერთხელ ჩემ გამო იჩხუბა. დიდ ბიჭებს უბანში ავუშარდი და ისიც ჩაერია – რა არის, უფრო პატარა ვერ ნახეთო – უთხრა.
ნიჭიერთა ათწლედში ერთი ჩვენი ძმაკაცი და ბიძაშვილი ზურა კიკნაველიძეც სწავლობდა. მაშინ მოდაში იყო დისკების „დაწერა”. ვიღაც 47-ე სკოლელს დისკი „დააწერა“. აღარ უბრუნებს და დაინიშნა შეხვედრა ათარბეგოვზე. სამნი ავედით, იმათგან ორმოცდაშვიდი ბიჭი ჩამოვიდა, რომლებიც ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. მეგონა, გვცემდნენ. მეგობარი გვახლდა, რომელიც ქუჩურ გარჩევებში კარგად ერკვეოდა. ამ ლაპარაკში მერაბის აზრმა გასჭრა. ქვიშაზე ორმოცდაშვიდ კაცს ფეხით გაუსვა ხაზი და იმ ბიჭთან პირისპირ დარჩა, ვისაც დისკი წავართვით. დანარჩენი ორმოცდაშვიდი კაცი იდგა და უყურებდა როგორ ვუწევდით იმ ტიპს ყურებს.
– ცხოვრებაში თუ გქონია შემთხვევა, რომელიც შენს მეხსიერებას ცუდად შემორჩა და არც არასდროს დაგავიწყდება?
– 4 მარტს ჩემი დაბადების დღეა. წინა დღეს ოთხი მეგობარი ერთად ვიყავით ზემელზე და ვლაპარაკობდით, მეორე დღეს სად აღვნიშნოთ ეს ამბავიო. ამ ლაპარაკში ორს ერთმანეთში კამათი მოუვიდა. შევედით ქიაჩელის ბაღში. ჩემი ბიძაშვილი თირკმელში დაჭრეს. მე მასთან მარტო დავრჩი. მანქანა არ მიჩერებდა, ან ვინ გამიჩერებდა, ზურგზე სისხლიანი ადამიანი მყავს გადაკიდებული. გადავუდექი მანქანას და ჩავიყვანე ჩხეიძეზე ტრავმატოლოგიურში. იქ რატომღაც, არაკეთილსინდისიერად მოექცნენ. ისეთი არაფერიაო და ზემოდან ამოკერეს. თურმე რა არაფერია, თირკმელი აქვს დაზიანებული და სისხლი მუცელში ეღვრება. ბიჭი კომაში ჩავარდა. ორი კვირა უგონოდ იყო. გავვარდი და მშობლებს ვუთხარი – საავადმყოფოშია და დაეხმარეთ-მეთქი. მადლობა უფალს, რომ გადარჩა. მერე დაიწყო სასამართლო. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდი. ჩემთვის ძვირფასი ადამიანის მხარე გავანაწყენე. რადგან გადარჩა და კარგად იყო, ვიფიქრე, იმ მეორის გაწირვა საცოდაობაა-მეთქი. 18 წლის ბიჭი იყო. ის მხარე ხომ საერთოდ დავკარგე, ასეთი ცუდი საქციელის გამო და ამ მხარემ, მე დამკარგა, იმიტომ, რომ სასამართლოზე ისე არ მოვიქეცი, როგორც საჭირო იყო.
– თქვენს ქორწინებაზეც მიამბე.
– ჩემი რომას გადადგმული ყოველი ნაბიჯით ბედნიერი ვარ და სიგიჟემდე მიყვარს. გასტროლებზე ვიყავით აფხაზეთში. „ივერია“ წავიდა ათი დღით კიევში. ჩვენ კი სოხუმში მათ ველოდებოდით. გემ „გრუზიაზე“. ავედით, მოვილაპარაკეთ ბარემ ერთი კვირა აქ დავრჩეთ, გავისეირნოთო და იქ, გადაწყვიტეს რომამ და რუსიკომ დაოჯახება. მერე შეეძინათ ორი ბავშვი – ნანუკა და ნიკუშა, რომლებიც ახლა საბერძნეთში ცხოვრობენ. მერე რუსიკო და რომა გაეყარნენ. ახლა რომას სხვა მეუღლე ჰყავს. სხვათა შორის, მაშინ მამაჩემმა ოთხასკაციანი ქორწილი გადაუხადა კახეთში. რაც შეეხება ჩემს დაქორწინებას, ოლია ფილარმონიაში გავიცანი. „ივერიაში” მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილში“ ჯერ არ ვიყავი ჩხიკვი ზაქარია. უბრალოდ, ჩემს პარტიას ვმღეროდი. პირველი იანვარი იყო. კონცერტია. გავიხედე, კულისებში, ძალიან ლამაზი გოგო მოვიდა და დაჯდა, მერე სადღაც გაქრა. დავაკვირდი, რომ ჩემს სიმღერაზე გამოჩნდება და ისევ ქრება. გავიგე, რომ ლილი ზღვაურის, თემურ წიკლაურის ცოლის და ყოფილა. გრიბოედოვის თეატრის მსახიობი იყო. მერე თეატრში მივაკითხე. რომას თუ ჰქონდა ოთხასკაციანი ქორწილი, მე ოთხკაციანი ქორწილი მქონდა. ხელი რომ მოვაწერეთ, ოლია თამუნაზე უკვე შვიდი თვის ფეხმძიმე იყო.