რატომ არ არიან კერძო ბანკები ვალდებული, დაიცვან კლიენტის კონფიდენციალობა
გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულ ბანკს კერძო ბანკებისგან კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შეეძლება ბანკის კლიენტების შესახებ, რაც ისეც კი იქნა გაგებული, რომ კერძო ბანკები ვალდებული იქნებიან, ეროვნულ ბანკს თავიანთი კლიენტების შიდა ბუღალტერიის შესახებაც მიაწოდონ ინფორმაცია. ეს რაც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კრედიტის ამღების მსურველთა ოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს (თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოში არსებული საკრედიტო განაკვეთი ბიზნესის დასაწყებად თუ განსავითარებლად შანსს თითქმის არ ტოვებს). რატომ გაამკაცრა ეროვნულმა ბანკმა თავისი პოლიტიკა? – თემაზე ემზარ ჯგერენაია გვესაუბრება.
– არსებული კანონმდებლობით, ეროვნულ ბანკს აქვს უფლება, კერძო ბანკებს ნებისმიერი კლიენტის შესახებ მოსთხოვოს ინფორმაცია: ეს იქნება საკრედიტო ნაწილი თუ ტრანზაქციები. მეტიც, კერძო ბანკი ვალდებულია, ყველა ტრანზაქციის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია ეროვნულ ბანკს. დღეს მსოფლიოში ორი პრობლემაა. პირველია ბანკების ლიკვიდურობა და საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ცდილობს, კერძო ბანკების მიერ გადადგმული ნაბიჯი საკრედიტო კალათის კუთხით იყოს აბსოლუტურად დაზღვეული, რომ ვინმემ საეჭვო კრედიტი არ აიღოს. ამას გარდა, საქართველოში ბანკები, ძირითადად, აკრედიტებენ თავად ბანკის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს. უფრო მარტივად რომ ავხსნა: დავუშვათ, რომელიღაც ბანკს ეკუთვნის ესა თუ ის სავაჭრო კომპანია, ვთქვათ, „ელიტ ელექტრონიკსი“ ან ქარხანა, რომელიც აწარმოებს სათამაშოებს, ანუ ისეთ საწარმოს, სადაც დევს ბანკის ინტერესი, აძლევს ძალიან დიდ კრედიტს შეღავათიანი პირობებით. ეროვნული ბანკი ცდილობს, ამ კუთხით გააკონტროლოს ბაზარზე სამართლიანობა. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ბანკებმა დააფინანსეს თავიანთი ბიზნესები და ეს ბიზნესები აღმოჩნდა პრობლემატური, განსაკუთრებით მშენებლობისა და ვაჭრობის სფეროებში. მეტიც, გაკოტრებამდეც კი მივიდა ის კომპანიები და ეს რომ არ განმეორდეს და კერძო ბანკებმა არ დააბანდონ ფული ძალიან რისკიან სფეროში: მშენებლობასა და ვაჭრობაში, ამან კი ლიკვიდურობის დარღვევა არ გამოიწვიოს, ეროვნული ბანკი ცდილობს, გააკონტროლოს, ვის და რა პირობებით აძლევენ ბანკები კრედიტს.
– არის ეროვნული ბანკის საქმე, ვის მისცემს ან არ მისცემს კერძო ბანკი კრედიტს?
– ამას ეროვნული ბანკი ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ეროვნული ბანკი, იმავდროულად, არის მარეგულირებელი ანტიმონოპოლიური სამსახური. როდესაც ბანკი თანაბარი მონაცემების მქონე ორგანიზაციებს სხვადასხვა პირობებით აძლევს კრედიტს, ეს უკვე ეჭვს იწვევს. არის ორი ეჭვი: პირველი, ბანკი დაინტერესებულია ან სხვა მიზეზია, რაც არღვევს საბაზრო ურთიერთობას. ირღვევა მომხმარებელთა უფლებები, იმიტომ რომ არათანაბარ პირობებში ვართ.
– კანონი არეგულირებს ამ თანაბრობას?
– რა თქმა უნდა, ისევე, როგორც კანონივე არეგულირებს ინფორმაციის მიღებას კერძო ბანკებისგან. ეროვნულ ბანკს შეუძლია ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვა კლიენტის შესახებ და კერძო ბანკი ვალდებულია, გასცეს ყველანაირი ინფორმაცია. მეორე მხრივ, რა ინფორმაცია აქვს ბანკს ისეთი, რაც არ აქვს საგადასახადოს?! თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი კლიენტის მონაცემი შეიყვანოთ კომპიუტერში და ამოაგდებთ ნებისმიერ საგადასახადო ინფორმაციას ამ პიროვნების შესახებ. რაც შეეხება შავ ინფორმაციას კლიენტის შესახებ: ეროვნულ ბანკს კერძო ბანკი არასდროს მიაწვდის ასეთ ინფორმაციას. რამდენიმე წლის წინათ იყო დრო, როდესაც კერძო პირები არასწორ მონაცემს აწვდიდნენ კერძო ბანკებს თავიანთი ხელფასების შესახებ, მაგრამ ბანკები ამას იღებდა, ოღონდ ეს დრო დამთავრდა. ბანკი ვეღარ მიიღებს მონაცემს, რომელიც არ არის საგადასახადოში, რადგან ეროვნული ბანკი ამოწმებს ყველა საკრედიტო საქაღალდეს თავიდან ბოლომდე: ყველაზე უმნიშვნელო კლიენტით დაწყებული და „ვი აი პით“ დამთავრებული. ვერ წარმომიდგენია, ვინმემ ბანკში „შავი ბუღალტერია“ წარადგინოს, რადგან ამ მონაცემს არც ერთი კერძო ბანკი არ მიიღებს. „შავი ბუღალტერია“ კრედიტის გაცემაზე არ მოქმედებს.
– მაშინ რას ნიშნავს, რომ კერძო ბანკი იცავს კლიენტის კონფიდენციალობას? კერძო ბანკმა ისედაც იცის ამა თუ იმ მოქალაქის ფინანსური შესაძლებლობები, ეროვნულ ბანკს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი მიღება, რა გამოდის?
– კონფიდენციალობის არეალში მოთავსებულია თვითონ ეროვნული ბანკი. ის, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია თქვენი კრედიტის ან საბანკო ტრანზაქციის შესახებ, არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია ამის გამჟღავნება. ანუ კონფიდენციალობას იცავს ეროვნული ბანკი. ეროვნულ ბანკს, ასევე, აქვს ინფორმაცია ანაბრებზეც. მეტიც, კლიენტების სავალუტო ანგარიშები კომერციულ ბანკებს მოთავსებული აქვთ ეროვნულ ბანკში და ამიტომ ნებისმიერი ჩარიცხული თუ გადარიცხული თანხის შესახებ ყველაფერი იციან: ყველა გადარიცხვა ხორციელდება ეროვნული ბანკიდან. ამას ემატება ინფორმაცია ანაბრების შესახებ, რაც კანონითაა დარეგულირებული: ანაბრებსა და აქტიურ ოპერაციებზე ინფორმაციის მოთხოვნა ეროვნული ბანკის უფლებაა. დღეს მთელ მსოფლიოში მძვინვარებს ლიკვიდურობის პრობლემა – ის, რაც „იუ ბი ესს“ მოუვიდა: ლიმიტის გადაჭარბება. რატომ მოხდა ეს? მარეგულირებლის სისუსტის გამო. მაგალითად, საბერძნეთის კრიზისი არის მსოფლიოს დიდი ბანკების პრობლემა, იმიტომ რომ მათ გადალახეს აქტივის რისკის ზღვარი. ის რისკის ზღვარი გადალახეს, რომელიც მარეგულირებელს უნდა შეემოწმებინა. ჩვენი მარეგულირებელი, ანუ ეროვნული ბანკი ცდილობს, არ მოადუნოს ყურადღება, რადგან, ჩვენს კერძო ბანკებს რომ ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნათ, ეს პერმანენტულ ფინანსურ კრიზისს გამოიწვევს დომინოს ეფექტით. ამ შიშებიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, გაამკაცროს კერძო ბანკების კონტროლი.
– ეროვნულ ბანკს სხვა ინტერესი აქვს, რადგან ქვეყანას მაშინვე მოეღება ბოლო, როგორც კი ბზარი გაუჩნდება საბანკო სისტემას, ამიტომ გასაგებია, რომ კერძო ბანკებს კონტროლი უნდა, მაგრამ თვითონ კერძო ბანკებმა რატომ უნდა გაატარონ ისეთი პოლიტიკა, რაც მათ გაკოტრებას გამოიწვევს?
– „იუ ბი ესმა“ ორი მილიარდ ოთხასი მილიონი დოლარი დაკარგა. მათმა ექსპერტებმა, ბუნებრივია, მოგებაზე გათვალეს ოპერაციები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ექსპერტული გათვლები არ იყო საკმარისი. მეორე მომენტია ის, რომ კერძო ბანკი შეგნებულად მიდის დიდ რისკზე, ეროვნული ბანკი კი იმისთვის არსებობს, არ მისცეს ამის უფლება. ორი მილიარდ ოთხასი მილიონი ერთ დღეში ხომ არ დაიკარგებოდა? ჯერ ასი მილიონი დაკარგა, შემდეგ – მეორე ასი მილიონი, მაგრამ ბანკმა ეს ინფორმაცია დამალა, იქიდან გამომდინარე, რომ ბანკი ძალიან სათუთი ორგანიზმია და შიშობს, ეს ინფორმაცია არ გაიგონ მეანაბრეებმა, კონკურენტებმა და ცდილობს, გამოასწოროს ვითარება, შედეგად კი სულ უფრო და უფრო ეფლობა ჭაობში. რეგულატორი რომ მაღალ დონეზე ყოფილიყო, ხომ გადაარჩენდა „იუ ბი ესი“ ორ მილიარდ დოლარს?! უფრო ადრე ხუთი მილიარდი დაკარგა „სოსიეტე ჟენერალმა“ და ექსპერტები დღეს სვამენ კითხვას: ვინ იქნება შემდეგი? სად არის სუსტი ადგილი რეგულაციაში? ჩვენთანაც იგივე სიტუაციაა: ბუნებრივია, ჩვენ ეს ამ დოზით არ გვემუქრება, იმიტომ რომ ჩვენს ბანკებს ამხელა კაპიტალი არ აქვთ. მაგრამ ჩვენი ბანკები ატარებენ ოპერაციებს, რომელთაგანაც ისინი უნდა დაიცვას ეროვნულმა ბანკმა. ბანკი ყოველთვს მიდის რისკიან ოპერაციაზე და ეს ბანკის დამახასიათებელი თვისებაა. არადა დღეს სიტუაცია ძალიან შეიცვალა მსოფლიოში. ისიც კი ჰპოვებს ასახვას ბაზარზე, რომ ლიბიაში ომი დამთავრდა. ბანკის რისკმენეჯმენტს ბევრი რამის გაანალიზება უწევს და ტექნიკური ანალიზი უკვე არაფრის მომცემია, რადგან ის, რაც მსოფლიო პოლიტიკაში ხდება, მყისვე აისახება ბაზარზე. ამიტომაც ეროვნული ბანკი ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას ქართული კომერციული ბანკები გადამეტებული რისკოპერაციებისგან.
ვიმეორებ, ეროვნულ ბანკს დღესაც აქვს საშუალება, მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კერძო ბანკებისგან, იმის გასარკვევად, ხომ არ თამაშობენ კომერციული ბანკები თავიანთი ინტერესების საწინააღმდეგოდ. თუმცა კომერციული ბანკები, თავიანთი ბუნებით, ყოველგვარი რეგულაციის წინააღმდეგი არიან.
– ბენდუქიძეც არის ეროვნული ბანკის წინააღმდეგი, თუმცა ბანკი, როგორც ვიცით, არ აქვს.
– ბანკი ვერ იტანს არტახებს და რისკიან ნაბიჯებს დგამს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის ზოგადი ინტერესებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ვალდებულია, იზრუნოს, რომ საქართველოს არ გადმოედოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.
– ეროვნული ბანკი სახელმწიფო სტრუქტურაა: რა არის იმის გარანტია, რომ ის არ დაარღვევს კონფიდენციალობას ვინმეს სასარგებლოდ, პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე?
– თუ გამონაკლისს განვიხილავთ, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს.
– ეს ხომ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს ინფორმაცია თითოეული მოქალაქის ფინანსური პოტენციალის შესახებ?
– ისედაც აქვს ეს ინფორმაცია: ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მართვის მოწმობის ტარება უკვე აღარ არის საჭირო.
– მით უმეტეს, სახელმწიფომ ხომ იცის, რა ურისკო და უშრომელ მოგებას იღებდნენ კერძო ბანკები გადასახდელებზე დაწესებული საკომისიოებით? ერთიანი ქვითარი ჰქვია, ასე უფრო ადვილია ადმინისტრირებაო და აბონენტებს სამ საკომისიოს ახდევინებენ. 400 000 აბონენტია თბილისში, ესე იგი, ბანკები ყოველწლიურად იღებენ 7 მილიონ 200 ათას ლარს არაფერში?
– რეალურად, ეს არ არის ერთი ქვითარი. ეს არის სამი დამოუკიდებელი ქვითარი და ბანკი სამ დამოუკიდებელ ანგარიშზე რიცხავს ფულს. ამდენად, მას მოუწევს სამივე საკომისიოს აღება. სხვა საკითხია, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ეს საკომისიოები ნაკლები იყოს. ეს უკვე ეროვნული ბანკის ამოცანაა. მან უნდა აიძულოს კომერციული ბანკები, სპეცტარიფები დაწესდეს შუქის, წყლისა და დასუფთავების გადასახდელებზე და ამ მომსახურებაზე არ ვრცელდებოდეს ჩვეულებრივი ტარიფი.
რაც მთავარია, უნდა არსებობდეს ალტერნატივა და მე, როგორც მოქალაქეს, უნდა მქონდეს არჩევანი: უნდა არსებობდეს, „თელასის“, „თბილისის წყლისა“ თუ დასუფთავების სამსახურის სერვისცენტრები, სადაც შემეძლება, მივიდე და გადავიხადო გადასახდელი ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.
– ძალიან საინტერესო თემაა ის, რომ, წესით, ამ კომპანიებმა თავად უნდა დაუფარონ ბანკებს აბონენტების მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, იმიტომ რომ სერვისცენტრების არარსებობა მათ საკმაო თანხას უზოგავს?
– თუ თქვენ გინდათ, რომ კომფორტულად გადაიხადოთ, მაშინ ბანკში უნდა მიხვიდეთ. მეტიც, ბევრი ადამიანი უკვე მობილური ტელეფონიდან იხდის ამგვარ გადასახადებს. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბონენტს ჰქონდეს არჩევნის საშუალება. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე სახეობის გადასახადი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ამ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი ცენტრები, სადაც გადასახდელებს მიიღებენ ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს ეს სიტუაცია.
– თუ ქვითარი სამია, „თელასს“ თვითონ აგებინებენ მერე, რომელ ურჩ აბონენტს გაუთიშოს ელექტროენერგია?
– სამ სხვადასხვა ანგარიშზე მიდის თანხა, უბრალოდ ერთიან ცენტრში არკვევენ, ვინ გადაიხადა და ვინ – არა. ჩემი პირადი აზრია და მსოფლიო პრაქტიკაც ამას მოწმობს, რომ დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმა წარმოუდგენელია. ბუნებრივია, ნაგავს მრიცხველს ვერ დაუყენებ, მაგრამ მერიის გათვლები მაინც არასწორია. გამოდის, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის მესამედს მოსახლეობა იხდის დასუფთავებისთვის. ეს არაადეკვატურია, რადგან, თუ თქვენ წვავთ 90 ლარის ელექტროენერგიას, უნდა გადაიხადოთ, 30 ლარი დასუფთავებისთვის. ამასთან, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარებისთვის იხდით 90 ლარს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ზუსტად 90 ლარის განათება გაქვთ და ამასთან, თქვენ გაქვთ საშუალება, დაზოგოთ და ელექტროენერგიის ეკონომია გააკეთოთ. ნაგვის შემთხვევაში კი მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ ნაკლებად დავაბინძურო გარემო.
– ბევრისგან მსმენია, რომ პირველი რეაქცია ასეთი იყო: დავაბინძუროთ იმდენის, რამდენსაც ვიხდითო?
– ეს ყველას რეაქციაა, რადგან ეს მეთოდი იძულებითი და არასწორია. ეს ჩემთვის ნიშნავს შეფარულად ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდას 30-პროცენტით. მერიას საკმაოდ კარგი შემოსავალი შესდიოდა დასუფთავების ძველი გადასახდელით და, წესით, უნდა ემყოფინა. მით უმეტეს, ჩვენ კარგად ვიცით, რა ხარისხით იგვება ქუჩები.
– მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი არ იხდიდა დასუფთავების გადასახდელს, იმიტომ რომ არ იყო ზემოქმედების არანაირი მექანიზმი. იქნებ აჩვევენ ამ მეთოდით?
– მეტ-ნაკლებად ყველა იხდიდა, ხოლო, თუ არ იხდიდა: ეს ცუდი ადმინისტრირების შედეგი იყო. მეორე მხრივ, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ბიზნესი? ისინი უამრავ დენს წვავენ და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოება ამ პირობებში შეუძლებელი ხდება. რადგან ყველა მოწყობილობა, რომელიც დენს წვავს, ყრის ნაგავსაც. ეს საკმაოდ შემაფერხებელი ფაქტორია ბიზნესისთვის.
– ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის შესახებ. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებამ ამ წყაროთი იცის, საიდან ამოიქაჩოს ფული?
– ეროვნული ბანკი განაგებს ფისკალურ პოლიტიკას, დანარჩენს – ფინანსთა სამინისტრო, თუმცა ეროვნულ ბანკს აქვს ერთი ფუნქცია: ინფლაციის კონტროლი. როგორც კი გაიზარდა დასუფთავების გადასახადი, ინფლაციაც გაიზარდა.
– როგორ?
– ინფლაცია არის საქონლისა და მომსახურების გაძვირება. გაძვირდა საქონელი, ანუ ნაგვის გატანა და ამან იმოქმედა ინფლაციაზე. ამ კუთხით ეს საკითხი ეხება ეროვნულ ბანკს და მიმაჩნია, აუცილებლად უნდა მივაღწიოთ კონსენსუსს: ნაგვის გადასახდელი უნდა იყოს ნაგვის გადასახდელი, უნდა მქონდეს ეკონომიის გაწევის საშუალება და იმის უფლება, საკომისიოს გარეშე გადავიხადო ნაგვის, შუქისა და წყლის გადასახდელი. თუ კომფორტულად მინდა, ბანკში გადავიხდი, თუ უფრო კომფორტულად – მობილური ტელეფონიდან. არჩევნის თავისუფლება ჩემი უფლებაა და არავის აქვს მისი შეზღუდვის უფლება.
– ისევ ეროვნულ ბანკს რომ დავუბრუნდეთ: აქვს მას პოტენციალი, რომ დაიცვას კერძო ბანკები კრიზისისგან, რომელიც არავინ იცის, ჯერ არ დამთავრებულა თუ მეორე დაიწყო?
– კრიზისი არ დამთავრებულა და ძალიან რთული მოვლენების წინაშე ვართ. ჩვენ მთლიანად ვართ ინტეგრირებული მსოფლიო ბაზარზე და ყველაფერი დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე. ამდენად, ეროვნული ბანკი ცდილობს, გაამკაცროს კონტროლი და არ დაუშვას რისკიანი ოპერაციები კომერციულ ბანკებში, რომ მათზე არ გადმოვიდეს ის პროცესები, რაც დღეს მსოფლიოშია.