რა შემთხვევაში ტყდება გიშერი და როგორ ატყობინებს ის ადამიანს მომავალში მოსახდენ უბედურებას
კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილთან ერთად, ისევ ვაგრძელებთ საუბარს მინერალების ძალიან საინტერესო თვისებების შესახებ. დღეს ჩვენი საუბრის თემა გიშერია, რომელიც მინერალებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მინერალია. მას ძალიან ბევრი საინტერესო და მისტიკური თვისება აქვს.
ნოდარ მამისაშვილი: გიშერი, ნებისმიერ მინერალთან შედარებით, ყველაზე საინტერესო და მისტიკურია. რაც მთავარია გიშერს, ისევე როგორც სხვა მინერალებს, თავისი ისტორიები აქვს. ქართველების ერთ-ერთი რიტუალი იყო – „სულზე დატირება”. ამ დროს ყოველთვის დებდნენ შედარებით დიდი ზომის, დაუმუშავებელი გიშრის ნაჭერს, დამუშავებული გიშერი მიაჩნდათ, რომ უკვე ამქვეყნის, ამა სოფლისა იყო. დაუმუშავებელს კი ქვის ყვავილს ეძახდნენ და ყვავილებს შორის განსაკუთრებულად მიიჩნევდნენ. გიშერი, რომელიც ღამის იდუმალებასთან იყო დაკავშირებული, თითქოს ხელს უწყობდა მედიუმების მოგზაურობას საიქიოში, რათა იქ გარდაცვლილთა სულებს შეხვედროდნენ და ესაუბრათ. ქართველთა წარმოდგენით, სულის შეწუხება არ შეიძლებოდა. ამიტომ, სული კი არ უნდა გამოეძახებინათ, არამედ თვითონ ხვდებოდნენ მას. ამ წასვლას, მოგზაურობას, გიშრის დიდ ნაჭერთან ერთად, თან ახლდა რიტუალური მუსიკა დასარტყამი და გუდასტვირის მსგავსი ინსტრუმენტებისა. უხეშად რომ წარმოვიდგინოთ, ავიღოთ გახვრეტილი ზღვის ნიჟარა, რომელშიც ჩადგმულია სალამურის მსგავსი ჩასაბერი ინსტრუმენტი. ამას ჩაბერავდნენ და ნიჟარა გამოსცემდა უცნაურ ხმებს. ამ ნიჟარას კიდევ ხელს აფარებდნენ და ამით სხვადასხვა ინტონაციებს გამოსცემდნენ. ესე იგი წარმოიდგინეთ, სხვადასხვა ნიჟარა, დასარტყამი ინსტრუმენტები და შუაში გიშერი – ეს არაჩვეულებრივად საინტერესო რიტუალი იყო. მედიუმები კი უბრალოდ მედიუმები კი არ იყვნენ, არამედ მუსიკოსი-მედიუმები. მეორე ასევე, ძალიან საინტერესო ტრადიცია, რაც ქართველებს ჰქონდათ, იყო ასეთი: როდესაც ოჯახში გოგონა დაიბადებოდა, დიდ, უზარმაზარ სპილენძის ქვაბში, რომელსაც როგორც მზეს, ისე წარმოიდგენდნენ, ასხამდნენ შავ ღვინოს და მასში დებდნენ გიშერს. ეს გიშერი ორივე მხრიდან დამუშავებული იყო და მას ავი თვალისგან უნდა დაეცვა ახალშობილი გოგონა. გიშერს რომ გოგონა დაეცვა, არ გატეხილიყო ქვაბში, ორივე მხრიდან ამუშავებდნენ. ამას ისეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისთვის, რომ გიშრის დამუშავება საქართველოში უმაღლეს დონეზე იყო. ისეთ თხელ გიშერს, საქართველოს გარდა, ვერსად ამზადებდნენ. სპილენძის ქვაბში, გიშერთან ერთად, ღვინოში აგდებდნენ ბროლსაც და ორივე ერთად დღესა და ღამეს ნიშნავდა – დღე-ღამის ერთობაში ბავშვს თვალი არ უნდა სცემოდა.
– მართლაც იცავს გიშერი ადამიანს ავი თვალისგან?
– როგორც აღვნიშნე, გიშერი მყიფე მინერალია და როცა რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, გიშერი მართლაც ტყდება. მაგრამ იმისთვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ რა ხდება, პატარა, განსხვავებულ ეპიზოდს მოვიყვან, რომელიც მკითხველისთვის საინტერესო იქნება. აფრიკაში, დიდი ხნის განმავლობაში, გავრცელებული იყო ასეთი აზრი, რომ ლომს ძალიან ეშინია მამლის. მამლის ყივილზე სულ იკუნტება. ეს იმდენად გავრცელდა იქ და იმდენად სჯეროდათ ამის, რომ ყველას უყვებოდნენ. სინამდვილეში კი, ხდებოდა სულ სხვა რამ. მამალი უნიკალური ფრინველია, რომელიც ყველაზე ადრე გრძნობს სინათლეს, გათენებას. ამიტომაც იყო, რომ სასაფლაოზე მამალი მიჰყავდათ, მიცვალებულს უკლავდნენ, რომ მას მიცვალებულის სულისთვის სიბნელეში გზა გაეკვალა – ასეთი რიტუალიც არსებობდა. მამალი უფრო ადრე იგებს სინათლის მოახლოებას, გათენებას, ვიდრე მართლა განათდება – წინ უსწრებს მას. გათენებისას, მაგნიტური ველი იცვლება და ამ მაგნიტური ველის შეცვლას ვერ იტანს ლომი. ეს ეპიზოდი იმიტომ მოვიყვანე, რომ ჯერ ერთი, ძალიან საინტერესოა და მეორე მხრივ, მინდა, გითხრათ, ჩვენი ქვეცნობიერი წინასწარ გრძნობს, რაღაც ცუდი რომ უნდა მოხდეს. ასეთ დროს ის გარკვეულ ვიბრაციულ ტალღებს გამოჰყოფს, რომელსაც გიშრის ნაპრალები ვეღარ უძლებენ და გიშერი სკდება. ანუ გამოდის, რომ გიშერს ჩვენ შევატყობინებთ, მაგრამ ის, რაც ჩვენმა ქვეცნობიერმა გვაცნობა, ვერ წავიკითხეთ, გიშერმა კი წაგვაკითხა. ამიტომ, ყველაფერს გიშერს ნუ დავაბრალებთ. გიშერი, ისტორიული გამოცდილებით, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, მიიჩნეოდა მინერალად, რომელიც კარმულ ველთან იყო დაკავშირებული. იმისთვის, რომ კარმული ველი დაეწყნარებინათ, გიშერი ყოფილიყო შემარბილებელი კარმული ველის სიმკაცრისა, მას იყენებდნენ როგორც თილისმას, რომელზეც ზოგჯერ რაღაც გამოსახულებას აკეთებდნენ. კარმული ველი, თავისთავად, ჩვენს წინაპრებთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, ისევ მივდივართ მიცვალებულთა მოხსენიებასთან, მათთან სათხოვნელად, ოღონდ, უკვე თხოვნა სხვანაირია. ამ შემთხვევაში ჩვენ მათ მოსანახულებლად კი არ მივდივართ, არამედ სათხოვნელად, რომ შეგვიწყალოს, შეგვიბრალოს. საქართველოში, როგორც უკვე აღვნიშნე, სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება იყო. უფრო მეტიც, ჩვენთან შრომის, ცელვის რიტუალები ხშირად მიცვალებულთა სულებთან იყო დაკავშირებული, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი იყვნენ შუამავლები უფალსა და ამა სოფლის ადამიანებს შორის. ამიტომ მათ სთხოვდნენ არ მოსულიყო წვიმა, ან პირიქით. და ყველა ასეთ რიტუალში გიშერი იღებდა მონაწილეობას. გარდა ამისა, გიშერს კიდევ ჰქონდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, ის იყო დაკავშირებული ვერცხლსა და ოქროსთან. ჩვეულებრივ, მას უპირატესობას ანიჭებდნენ ვერცხლთან კავშირში. ამიტომ იუველირები, ოქრომჭედლები ცდილობდნენ, გიშერი ვერცხლში დაემუშავებინათ.
– რატომ ვერცხლში?
– იმდროინდელი წარმოდგენით, გიშერი იყო ღამე, ვერცხლი კი მთვარის სიმბოლო და იქ, სადაც ღამეა, არის მთვარეც. ამავე დროს, ასტროლოგიურადაც არის ერთი საინტერესო ნიუანსი: ის იყო სატურნის მინერალი, სატურნი კი ერთ-ერთი უნიკალური პლანეტაა თავისი სარტყელით. აქაც ძალიან საინტერესო წარმოდგენა არსებობდა, რომ ეს სარტყელი იყო ჩვენი წასულების სულთა წრე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობდა ნიღბების უჩვეულოდ საინტერესო რიტუალი. შუაში იდო ღამის იდუმალება, ანუ გიშერად, მას გარშემო თითქოს სულები უვლიდნენ. ანუ, შუაში გიშერი, შემდეგ ადამიანების წრე, რომლებიც ამსოფლისები არიან და მერე იმსოფლის ადამიანების წრე, ანუ სამი წრე იყო. ასეთი ტიპის რიტუალი საქართველოში ძალიან საინტერესო გამოთქმაში გადადის: ამსოფლიდან იმსოფელში რომ წავა, კი არ გარდაიცვლება, წუთისოფლიდან სოფელს შეემატება. გაიხსენეთ, ლილეს – მზის დღესასწაული, იქაც ხომ წრეებია, ერთმანეთს მხრებზე ადგებიან, ეს წრე სიგანეში კი არ არის, არამედ სიმაღლეში, რადგან ეს შეხვედრაა მზესთან. ეს ორი რიტუალი ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორც გიშერი და ბროლი ანუ დღე და ღამე. ისევ იმ წრეს დავუბრუნდეთ, რომელიც გიშრის გარშემო ტრიალებს, ამ დროს საკმეველივით უშვებენ ნივთიერებას. საკმეველი მოგვიანებით, ქრისტიანობის დროს შემოვიდა. მე ვისაუბრე ნიჟარებზე, რომლისგანაც მუსიკალურ ინსტრუმენტს აკეთებდნენ და ამ დროს, ამ ნიჟარებს სხვადასხვა ადგილას იკეთებდნენ. ჩაბერავდნენ და თითქოს, სოფელს რომ შეემატნენ, იმ წასული ადამიანების ხმები ისმოდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ეს ხმები ადამიანების არ იყო. ჩვენ ახლა ვამბობთ – მიცვალებულთა მოხსენიების დღეები. მაგრამ, ადრე ამას ერქვა: „ზეციური საქართველოს ზეიმი”. ისინი ზეიმობენ, რადგან ჩვენ მათ ვიხსენიებთ და ვინ იყო ამ დროს შუამავალი? რა თქმა უნდა, გიშერი. როგორც აღვნიშნე, ჩვენს ნაკეთობებს რომ დახედოთ, გიშერი ყოველთვის შერწყმულია ვერცხლთან. ნამდვილი იუველირი გიშერს ოქროში კი არა, მელქიორშიც არ აკეთებდა. ვერცხლს აქვს ძალიან საინტერესო ორგვარი ნიუანსი: – ვერცხლს ისე დაფერავდნენ, თითქოს ოქროში გადადიოდა, ისე დაამუშავებდნენ, თითქოს უმაღლესი ხარისხის ვერცხლი იყო. დაფერვის ეს ხერხი, მხოლოდ ქართველებმა იცოდნენ. დაფერვა ხდებოდა განაპირა ადგილებზე, შემდეგ გიშრიდან ვერცხლი გადავიდა სიშავეში. ანუ, ვერცხლს სიძველეს აძლევდნენ, თითქოს დაჟანგავდნენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს გიშერი ფართოვდებოდა, მერე თანდათან ვერცხლის სახეს იღებდა და შემდეგ უკვე ოქროსფერი, მზეს ედარებოდა. მოგვიანებით, ევროპაში გიშერს უფრო მეტად კარმულ ველს უკავშირებდნენ და მასში ისეთ თვისებებს ეძებდნენ, რომლის დახმარებითაც, ადამიანი ერეოდა შიშს. გიშერს აძლევდნენ მას, ვინც შიშით იყო დაავადებული, მაგრამ ეს მოხდა მერე, როდესაც ამ მინერალმა თავისი პირვანდელი, ძალიან საინტერესო თვისებები დაკარგა და წინა პლანზე გამოვიდა, სამწუხაროდ, ჩვენს ყოფაში დამკვიდრებული შიში არსებობისა. გიშერს ასევე იყენებდნენ ენაბრგვილობის სამკურნალოდ. აქაც არის ძალიან უცნაური, ძველი ინდური ლეგენდა. ადამიანი შეესწრო სინათლის ღმერთის გამოჩენას, თავისი თვალით ნახა ის და რომ არ გაეთქვა, სინათლის ღმერთმა მისი ენა დააბრკოლა. მაშინ მოვიდა ღამის ძალა და მან უთხრა, მე გიშველიო. თუ გავითვალისწინებთ, რომ გიშერის გარკვეული ვიბრაციები მართლა მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე და ძალიან ხშირად ენაბრგვილობაც ადამიანის ნერვულ სისტემასთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია, ვისაც სჯერა გიშრის, მას უშველოს კიდეც. ახსნა იმისა, თუ რა კავშირია გიშერსა და ადამიანს შორის, ისევე, როგორც სხვა მინერალებთან მიმართებაში, მომავლის საქმეა. სულ გვეშინოდა, ეს ცრუ რწმენა ხომ არ არის, ხომ არ ეწინააღმდეგება რელიგიას ან სხვა რაიმეს? როგორ შეიძლება მინერალი რამის წინააღმდეგ იყოს?! ყველაზე მნიშვნელოვნად ის მიმაჩნია, რომ იმ კვლევებმა, რომელიც მომავალში აუცილებლად იქნება, ხელი არ შეუშალოს ტრადიციების გახსენება, ყურადღება არ გადაიტანონ ფიზიკისა და ქიმიის ფორმულებზე, რადგან ნებისმიერი ფორმულის უკან დგას ყველაზე მაღალი – ადამიანი. ადამიანი კი, როგორც უფლის ქმნილება, გამთლიანებულია მთელ სამყაროსთან. ვამთავრებ იმით, რითაც დავიწყე. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენმა ქვეცნობიერმა რაღაც იგრძნო, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება, ეს ჩემს სამეტყველო დიაპაზონში აღმოვაცენო და მისი ნამდვილი არსი გავიგო, ამაში კი მეხმარება გიშერი. იცი როგორ? ის თავს სწირავს, და სკდება.
– ასეთი გიშრის გამოყენება აღარ შეიძლება?
– კი, როგორ არა. გიშრის დაფხვნა შეიძლება და მას ამ დროს ძალიან ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია. გიშრის სამკურნალო თვისებები ზოგიერთ კატეგორიაში კიდევ უფრო მაღალია, თუ ის დაფხვნილია. მე ასევე, შემიძლია, ის სპეციალურ პრესში მოვაქციო და თანამედროვე ტექნიკის საშუალებით გავამთელო. ასეთი გამონათქვამიც კი მქონდა: გიშერი ისეთი მინერალია, ღამესაც უხარია. ამას დავუმატებდი, რომ მეც მიხარია ღამე, როცა გიშერს ვხედავ.
– როგორ უნდა გამოვიყენოთ გიშერი შიშის, ენაბრგვილობის დროს?
– აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი. ვინც სახელმძღვანელოს წერს მინერალებზე, ან ექსტრასენსია, ან მინერალებზე მუშაობს და იცის მათი სამკურნალო თვისებების შესახებ, ძალიან ადვილად წყვეტს, მარჯვენა მხარეს უნდა დაიკიდო ის თუ მარცხენა მხარეს, კუჭთან, გულთან და ასე შემდეგ. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ეს ასე არ არის. პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, თუ რა არის ამ შიშის მიზეზი, რისგანაა გამოწვეული. თუ შიშის მიზეზი, ვთქვათ, იყო – კენჭები, ღვიძლის დაავადება, ვიღაცის მიერ თავდასხმა, სტრესი, ავადმყოფობა, ანუ უამრავი სავარაუდო რამ, ამის მიხედვით, გიშერს თავისი ადგილები აქვს. ამიტომ, ვიდრე გიშერს სადმე დაიდებთ, ჯერ მიზეზი უნდა გამოიკვლიოს. რას ვიზამთ, სამყარო რთულია, უსასრულო და მას ვერ დათვლით. მე ჩემს ერთ ლექსში თხოვნით მივმართავ ადამიანს: ნუ ითვლით წამებს, ვერ დათვლით.