რატომ უნდა ეკიდოს ახალდაქორწინებული წყვილის ოთახში სარკე და როდის ხდება ადამიანი ფინანსურად წარუმატებელი კოდის მატარებელი
ყოველდღიურად ადამიანი უამრავი მისტიკური მოვლენის მოწმე ხდება. თუმცა, ამას, ხშირ შემთხვევაში ვერც კი ამჩნევს. არადა, ჩვენს გარშემო ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტები ხდება, მათი უგულებელყოფა, უბრალოდ, არ შეიძლება. მაგალითად, ეზოთერიკოსები გვირჩევენ, თუ გზაში უმწეო ადამიანი გაჩერებთ და ფულს გთხოვთ, მას აუცილებლად უნდა დაეხმაროთ. ასე, უფრო მეტი ფული შემოგივათ და არ არის გამორიცხული, რომ ის გამოცდისთვის გამოგიგზავნათ განგებამ – იმსახურებთ თუ არა ზედმეტ ფინანსურ შემოსავალს. როგორც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი ლეილა ამბობს, თავად ვქმნით ცხოვრებაში ჩვენი წარმატებისა და ბედნიერების კოდს. ასევე, არსებობს წესები, რომლებიც ახალდაქორწინებულმა წყვილმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, თუ მათ ბედნიერი თანაცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე სურთ.
ლეილა: ძუნწი და გაუმეტებელი ადამიანი, საკუთარ მატერიალური კეთილდღეობის არხს თავადვე კეტავს. ალბათ, ვინც ეზოთერიკაში ჩახედულია, დამეთანხმება, რომ ფული კოსმიური ენერგიის მატერიალური განსახიერებაა, რომელსაც არ უყვარს ძუნწი, წუწუნა და ზედმეტად ხელმომჭირნე ადამიანები.
– მართალია, ის აზრი, რომ თუ უმწეო ადამიანს გავუწევთ დახმარებას, გაცილებით მეტი შემოსავალი შემოგვივა და ეს ერთგვარი, საკუთარი ფინანსური კოდის გახსნის ერთ-ერთი მეთოდია?
– რასაკვირველია. რაც მეტს ხარჯავს ადამიანი, მას მით მეტი შემოსავალი ექნება. პირადად მე, საკუთარ თავზე ვარ დაკვირვებული. მაგალითად, თუ ქუჩაში მივდივარ, ვინმე გაჭირვებული გამაჩერებს, ფულს მთხოვს და დავეხმარები, არ არსებობს, მეორე დღესვე არ მივიღო გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე გავეცი. მე იმ მაწანწალა ციგნის ბავშვებს არ ვგულისხმობ, ქუჩაში რომ გვეკიდებიან და კალთებს გვახევენ. მოხუც, მიუსაფარ და ხეიბარ ადამიანებს ვგულისხმობ, ვისაც არ შეუძლია თავად ფულის სხვა ფორმითა და ხერხით შოვნა; ვისაც ფულს რომ აძლევ, გლოცავს და ისეთ მზერას გაყოლებს, თითქოს იმ ხურდის სანაცვლოდ, რომელიც მისთვის გაიმეტე, მთელი დარჩენილი ცხოვრება შენი მადლიერი იქნება. სხვათა შორის, ბარაქა პირდაპირ კავშირშია იმასთან, სწორად გაქვთ არჩეული პროფესია, თუ არა. სწორი არჩევნის შემთხვევაში, შემოსავალი მეტია და ბარაქაც, შესაბამისად, იმატებს. მაგრამ, თუ არასწორად გაქვთ პროფესია არჩეული, რთულია ფულის მოზიდვა და რაიმე ფინანსური კეთილდღეობის დაბევება. ვერც კარიერაში მიაღწევთ წარმატებას და არ არის გამორიცხული, უმუშევრობაც ამის ბრალი იყოს.
– თუ არის შესაძლებელი, ბარაქისა და შემოსავლების კოდის გაძლიერება?
– ეს ნამდვილად შესაძლებელია. ასევე, შესაძლებელია, ბარაქის კოდის გაძლიერება და კოსმიურ არხთან მისი ისე დაბალანსება, რომ კონკრეტული ადამიანის კარიერულ წინსვლას შეუწყოს ხელი. ეს შეუძლია, შესაბამისმა სპეციალისტმა გამოიწვიოს. მაგრამ, თუ მან არ იცის, რა კოსმიური ენერგეტიკული პოტენციალი დევს ამა თუ იმ ადამიანის ბარაქის კოდში, ისე დახმარებას ნამდვილად ვერ შეძლებს. ამის სპეციალისტები კი საქართველოში, სამწუხაროდ, არ არიან. აი, ევროპაში ძალიან ბევრია და მათთან მისასვლელად შესაძლოა, თვეობით რიგში დგომაც კი დაგჭირდეთ. სხვათა შორის, გეტყვით იმასაც, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება გარკვეული პერიოდი, როცა შემოსავლების კოდი დროებით იკეტება. ეს კარმული ჩავარდნის დროა და მას უნდა გაუძლოთ, თუ გინდათ, მომავალში მეტად გაგიმართლოთ. ერთ ხერხს გასწავლით, რომელიც ფულის გამრავლება-მოზიდვაში დაგეხმარებათ. ყოველ ახალმთვარეობისას, ღამის თორმეტ საათზე, გამოიტანეთ მსხვილი კუპიურები, დაანახვეთ ის მთვარეს. შემდეგ სარკესთან მიდით და ისე დაიჭირეთ ფული, სარკეში მას ხედავდეთ. მერე საფულეში ჩადეთ და ბალიშის ქვეშ დაიდეთ. ეს უტყუარი ხერხია, რომ ახალმთვარეობიდან მომავალ ახალმთვარეობამდე ფული არ შემოგაკლდეთ და ის თქვენს საფულეში მუდამ იდოს. მე ყოველთვის ასე ვიქცევი და თქვენი ჟურნალის მკითხველებსაც ამასვე ვურჩევ. ასე რომ, ადამიანები თავად ვქმნით ჩვენივე წარმატების კოდს და ამისთვის ასეთი პატარა ეშმაკობების ჩადენა, დამეთანხმებით, ნამდვილად ღირს.
– ქალბატონო ლეილა, პირად საუბარში აღნიშნეთ, რომ ახალდაქორწინებულთათვის არსებობს სპეციალური ეზოთერული რეკომენდაციები, რაც მათი ბედნიერი თანაცხოვრების გარანტიაო. რას გულისხმობდით?
– აქაც იგივეს გეტყვით, რომ სამომავლოდ, ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრება სასურველ და საყვარელ ადამიანთან თავადვე უნდა დაგეგმოთ და ამისთვის იბრძოლოთ, თუნდაც ელემენტარული ეზოთერული, პატარ-პატარა ხრიკებით. კარგია გრძნობების აყოლა, როცა გიყვარს და უყვარხარ, მაგრამ თუ ცოტა გონება და წინაპართა გამოცდილებაც არ გაითვალისწინეთ, შესაძლოა, ცოტა ხანში მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდეთ. ახალდაქორწინებულებმა, სახლში, სადაც ცხოვრებას აპირებენ, აუცილებლად უნდა შეიტანონ ახალი სარკე. სახლის ზღურბლს გადააბიჯებენ თუ არა, მასში ორივემ ერთდროულად უნდა ჩაიხედოს და შემდეგ ის საძინებელ ოთახში დაკიდონ, რომ შურიანმა და ავის მდომელმა სტუმარმა მასში ვერ ჩაიხედოს. ასევე, ახალდაქორწინებულმა წყვილმა, ქორწილის პირველ დღეს აუცილებლად უნდა ჭამოს თევზი. ძველად ითვლებოდა, რომ თუ შეყვარებული წყვილი ასე მოიქცეოდა ქორწინების პირველი ღამის წინ, ისინი თევზივით მოქნილები და სხარტები იქნებოდნენ; ვერც ბოროტი ადამიანი დააკლებდა რამეს მათ სიყვარულს და ვერც ავი ენა. ამას წინათ ქორწილში ვიყავი. ტორტი გაჭრეს და პირველი ნაჭერი ნეფე-დედოფალს კი არა, მათ მშობლებს მიართვეს. კი გამიკვირდა, ეს რა წესია-მეთქი, მაგრამ გავჩუმდი, რას ვიტყოდი? არადა, რომ გეკითხათ, მაგარი „სვეტსკი” ქორწილი იყო. რომ წამოვედით, ჩემს დაქალს ვუთხარი: აი, ნახავ, ეს წყვილი დიდხანს ვერ გაძლებს ერთად და სკანდალურად დაშორდება-მეთქი. გადაირია, რაებს როშავ, დღეს ქორწილი ჰქონდათ და რატომ უნდა დაშორდნენ, ვერ ხედავ ერთმანეთს როგორი სიყვარულით შესციცინებდნენო. ჩავიღიმე და არაფერი ვუპასუხე. არ გასულა რამდენიმე თვე და ახალდაქორწინებულები მართლაც სკანდალურად დაშორდნენ. თურმე, ნეფეს სხვა ჰყვარებია, ამ გოგოსთან კი იმიტომ იქორწინა, რომ მის მშობლებს მოსწონდათ. მოდი, ახლა და თქვი, რა შუაშია ტორტი და ძველი წესებიო.
– საქორწინო ტორტის პირველი ნაჭერი რომ ნეფე-დედოფალს ეჭამა, აღარ დაშორდებოდნენ სკანდალურად?
– მოდი, ასე გიპასუხებთ: რატომ არის მიჩნეული, რომ საქორწინო ტორტის პირველი ნაჭერი ნეფე-დედოფალმა თავისი ხელით უნდა აჭამოს ერთმანეთსო, ამით ისინი სიტკბოს, სიხარულს, ვნებას, ლტოლვას და სიყვარულს იორმაგებენ და გადასცემენ ერთმანეთს. მართალია, გაგეღიმათ, მაგრამ მერწმუნეთ, ამაში დიდი რამაა ჩადებული. ის ტორტი ხომ მათთვის ცხვებოდა და ირთვებოდა? ჰოდა, ის ენერგეტიკა ჩაიდო მასში, რაც ნეფე-დედოფლისთვის, პირველი, ეგრეთ წოდებული, შეგუების დღეებშია საჭირო. ამიტომ, ის აუცილებლად პირველად მათ უნდა დააგემოვნონ და, თავადვე მოჭრან კუთვნილი პირველი ნაჭერი. ასე რომ, გასათხოვარ და დასაოჯახებელ გოგო-ბიჭებს ვურჩევ, მასთან გადაწყვიტონ შეუღლება, ვინც უყვართ და პირველი საქორწინო ტორტის ნაჭერიც საკუთარი ხელით დააგემოვნებინონ ცხოვრების მეწყვილეს, თუ სამომავლოდ მყარი ოჯახის შექმნა სურთ.