არყის დალევის უნიკალური მეთოდი
ჩემი შვილი მოსკოვში მუშაობს. როდესაც საშუალება მაქვს, ჩავდივარ ხოლმე მასთან. ახლახანაც ვიყავი... ერთხელაც გავიარე ქალაქში და ყავის დასალევად კაფეში შევედი. რატომღაც, დარბაზი ცარიელი იყო. მივუჯექი მაგიდას, მომიტანეს ფინჯანი ყავა და ნამცხვარი. რამდენიმე წუთში გაიღო კარი და შემოვიდა მეტად ბინძურად ჩაცმული მამაკაცი. ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. მიუახლოვდა მებუფეტე ქალს და ბრძანებით უთხრა:
– ნადია, მომე ჭიქა!
ქალმა გამანადგურებელი მზერით შეხედა და მიახალა:
– რა ჭიქა, რის ჭიქა, გაეთრიე აქედან!
– ნადია, მომე, რა, გენანება?
კაფეს კარი გაბრახუნდა და შემოვიდა კიდევ ერთი მამაკაცი. რომ შევხედე, მივხვდი, რომ ნამდვილი ბომჟი იყო.
– კიდევ დიდხანს უნდა გელოდო, პეტრუხა? – უკმაყოფილოდ იკითხა მან.
– რა ვქნა, ჭიქას არ მაძლევს!
– და არც მოგცემ! – იფეთქა მებუფეტემ, – გუშინ მოგეცი, „მომიტეხე“ და მე ჩემი ჯიბიდან გადავიხადე. შემიკვეთე არაყი და ჭიქასაც მიიღებ!
– შენთან არაყი უფრო ძვირად იყიდება, – დაიწყო პეტრუხამ და შარვლის ჯიბიდან ამოიღო ბოთლი, – აი, ზუსტად ასეთი არაყი, როგორიც შენ გაქვს, მაღაზიაში ბევრად იაფად ვიყიდეთ.
– მიბრუნდით იმ მაღაზიაში და იქ დალიეთ!
– ნადია, მოგვეცი ჭიქა!
– გაეთრიეთ აქედან!
– რა ძუნწი ხარ, რა ვქნათ ახლა ჩვენ?
– პირდაპირ ბოთლიდან დალიეთ, ვითომ ახლა დაიბადეთ! – ურჩია ნადიამ.
– ვანიას რაღაც ციებამ გამოაყარა ტუჩზე, გადამდებია. გიჟი ხომ არ ვარ, რამე ავიკიდო. მომე, რა, ჭიქა!..
– გითხარი, არა-მეთქი და მორჩა! შემეშვი რა! – დაიყვირა მებუფეტემ.
პეტრუხამ თვალი შემოავლო დარბაზს და მე მკითხა:
– თქვენ ჭიქა გჭირდებათ?
– ყავას ვსვამ.
– არა, აი, ის.
ჭუჭყიანი თითით მიმითითა პლასტმასის ჭიქაზე, რომელშიც ხელსახოცები ელაგა.
– აიღეთ, – ნება დავრთე მე.
პეტრუხამ აკურატულად ამოალაგა ხელსახოცები და ბრძანა:
– მე ამ ჭიქიდან დავლევ, შენ კი, ვანკა, – ბოთლიდან, – თქვა პეტრუხამ, მერე სითხე ჭიქაში ჩაასხა; „მეგობარს“ კი გაუწოდა ბოთლი, რომელიც ერთ წამში დაცარიელდა.
პეტრუხამ ამოიოხრა, მოჰკიდა ხელი ჭიქას და... ვერ შეძლო მისი აწევა.
– რა ამბავია? – გაუკვირდა მას, – არც კი ინძრევა.
– სპეციალურად თქვენნაირი მახინჯებისთვის არის გამოგონილი, – გაიცინა ნადიამ, – ნუ ცდილობ, ვერ დაძრავ!
– რატომ? – გამოაშტერა თვალები ვანიამ, რომელსაც თავისი ულუფა უკვე მიღებული ჰქონდა.
– ჭიქა შურუპით არის მიმაგრებული მაგიდაზე, თქვენნაირებმა რომ არ მოიპარონ, აუხსნა ნადიამ.
– ვაიმე, რაღა ვქნა ახლა? – დაიბნა პეტრუხა და თან არყით სავსე ჭიქას უყურებდა, რომელიც მაგიდის შუაში იდგა.
– რაც გინდა! – გამხიარულდა მებუფეტე, – გნებავს, ენით ალოკე, თუ მისწვდები...
– მომე კოვზი! – ახტა პეტრუხა.
– მხოლოდ ჩანგალი მაქვს. კოვზებს ნორმალურ ხალხს ვაძლევ, რომლებიც სალაროში ფულს იხდიან და არა იმათ, ვინც მაღაზიაში ყიდულობს არაყს და მერე კაფეში მიდის დასალევად.
უეცრად ჭიქის ფსკერთან, მაგიდაზე, სითხე გამოჩნდა.
– გესმის, პეტრუხა, – გამოცოცხლდა ვანია, – გასდის!
პეტრუხას თვალები შიშით აევსო, მომიტრიალდა და მითხრა: გაიწიე ერთი წამით!
მე შევასრულე მისი თხოვნა. სიმართლე გითხრათ, მაინტერესებდა, რას მოიმოქმედებდა. მან ხელები წაავლო მაგიდას, ჰაერში ასწია და, ასე თუ ისე, მაინც მოახერხა დარჩენილი არყის დალევა. შემდეგ თავაზიანად მითხრა:
– დაბრძანდით. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. რას იზამ, ასეც ხდება ხოლმე.
კმაყოფილი მამაკაცები გასასვლელისკენ გაეშურნენ.
– ხედავთ? – მომმართა ნადიამ, – შურუპებით მივამაგრეთ ჭიქა, მაგრამ, მაინც მოახერხეს მისი გამოყენება. ალბათ, ძალიან მსუბუქი, მაგიდებია, არა უშავს, ხვალ მაგიდის ფეხებსაც მივამაგრებინებ იატაკზე.
აი, ასეთ ისტორიას შევესწარი. ლოთი ყოველთვის იპოვის გამოსავალს.