დირიჟორი მთელი კონცერტის განმავლობაში თვალებს უბრიალებს კონტრაბასისტს. დამთავრებისას მივარდა და ეკითხება: – დღეს რა მოგივიდა? მთელი კონცერტი ნახევარი ტონით მაღლა რატომ დაუკარი? – უი‚ უკაცრავად‚ ფეხსაცმელზე ქუსლები მომტყდა და დაბლები მაცვია...
***
– ძვირფასო‚ გიყვარვარ?
– რა თქმა უნდა‚ მიყვარხარ.
– „რა თქმა უნდას“ გარეშე...
– კარგი, ჰო‚ მიყვარხარ.
– „კარგის“ გარეშე. მითხარი‚ რომ სიცოცხლეზე მეტად გიყვარვარ.
– სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.
– ტყუი!
– არა. მართალს ვამბობ‚ რაც ჩვენ დავქორწინდით‚ სიცოცხლე საერთოდ აღარ მიყვარს.
***
ორი მეზობელი, მოხუცი ქალები, ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან და კარტს თამაშობენ – „ბურას“. ერთი ეუბნება მეორეს:
– არ გეწყინოს‚ მართალია‚ ამდენი ხანია ვმეგობრობთ‚ მაგრამ... იქნებ შენი სახელი შემახსენო...
მეგობარი ცოტა ხანს ჩაფიქრდა:
– ახლავე გინდა, გითხრა?
***
პატარა ფირმა. ყველა თანამშრომელი ოჯახებით მეგობრობს ერთმანეთთან. დირექტორთან თანამშრომლის ცოლი მოდის:
– ნახე‚ ჩემი ქმრის ჯიბეში რა ვიპოვე?! – და ქალის ტრუსს აჩვენებს‚ – ჩემი არ არის. არ ვიცი, როგორ მოვიქცე...
– დამიტოვე ეგ ნივთმტკიცება და მე ვაჩვენებ მაგას სეირს!
ქალმა ტრუსი მაგიდაზე დადო და წავიდა.
დირექტორმა ხელში აიღო „ნივთმტკიცება“ და ფიქრობს: „უჯრაში ჩავდო? გამოღებისას ვინმემ შემთხვევით არ დაინახოს; სეიფში‚ საბუთებთან? – უხერხულია. კარგი, ჯიბეში ჩავიდებ‚ გასვლისას დაველაპარაკები“...
საღამოს მივიდა სახლში‚ გამოიცვალა‚ სასადილო ოთაში გავიდა და ცოლი დაადგა თავზე ტრუსით ხელში:
– ო‚ რა ხუმარა ხარ... რა უნდოდა ამას შენს ჯიბეში? მე კიდევ, სამი დღეა, ვეძებ...
***
ცხოვრებაზე ხელჩაქნეულმა მამაკაცმა თავის მოკვლა გადაწყვიტა: ხიდის მოაჯირზე ავიდა‚ ცალი ფეხი მოაჯირს გადააბიჯა და... ზურგსუკან მოესმა:
– შეჩერდი‚ არ გინდა!
კაცი მობრუნდა. ხედავს, შავებში ჩაცმული მამაკაცია.
– რატომ? რად მინდა სიცოცხლე? 45 წლის კაცი ვარ‚ სამსახური დავკარგე; ცოლი ადრეც მღალატობდა და ახლა სულ მიმატოვა; შვილებს ჩემი დანახვა არ უნდათ – ხელმოცარული და მოუხერხებელი ხარო. ერთი მეგობარიც კი აღარ შემომრჩა‚ აღარავის ვჭირდები.
– მომისმინე‚ მე შემიძლია, შენი ცხოვრება შევცვალო – ოცი წლით ახალგაზრდას გაგხდი‚ ფული იმდენი გექნება‚ რამდენსაც მოისურვებ‚ მაგარი მანქანა‚ ქალები შენზე გაგიჟდებიან...
– გგონია‚ დაგიჯერებ?
– უნდა დამიჯერო‚ მე ეშმაკი ვარ...
– კარგი, დაგიჯერე‚ მაგრამ‚ როგორც ვიცი‚ ეშმაკი ადამიანს ტყუილად არაფერს უკეთებს‚ სულს სთხოვს...
– არა‚ ჩემო კარგო‚ ახლა უფრო მატერიალურს ვითხოვ‚ მაგალითად‚ ერთი პანღურის საფასურად...
თვითმკვლელი დაფიქრდა‚ კი ღირს ამის ატანაო. გადმოაბიჯა მოაჯირს‚ პანღურიც მიიღო და შეპირებულის მოლოდინში უცნობს უკან გაჰყვა.
– 45 წლის კაცი ხარ‚ თანაც, ეშმაკის გჯერა. საინტერესოა‚ თავს რატომ იხრჩობდი?..
***
– ვცვლი პლაჟის საწოლს‚ ქოლგას‚ საცურაო ლასტებს სამთო თხილამურებზე...
***
– უფროსკლასელმა გოგონამ საღამოს მთელი ოჯახის წინაშე განაცხადა:
– მე ქალწული აღარ ვარ...
ჯერ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა‚ შემდეგ მამა წამოხტა და ცოლს მივარდა:
– შე ძუკნა‚ შენი ბრალია ყველაფერი! ახლაც კი ქუჩის ქალივით გაცვია‚ შენგან რა უნდა ისწავლოს ბავშვმა? შენ კიდევ‚ – ახლა უფროს შვილს დააცხრა მამა‚ – რაც ქმარს გაშორდი‚ ხან ერთი ბიჭი გაკითხავს‚ ხან მეორე... რა მაგალითს აჩვენებ‚ აბა რას იზამდა?
– ვისგან მესმის ლანძღვა! შენ ხარ სამაგალითო? – წამოხტა ახლა ქალი‚ – ნახევარ ხელფასს კახპებში ხარჯავ‚ შენს მდივანზე აღარაფერს ვამბობ! – მერე ცრემლიანი თვალებით ქალიშვილს მიმართა:
– როგორ მოხდა‚ შვილო‚ თანახმა იყავი თუ გაგაუპატიურეს? ვინ იყო...
– დედა‚ მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა‚ რომ თეატრალური სტუდიის რეჟისორმა მთავარი როლი მომცა და „უსიტყვო ქალწული“ აღარ ვიქნები-მეთქი.
***
ორი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ერთმანეთს ეკამათება. ერთი ნახევარი საათი ცდილობს, დაარწმუნოს მეორე‚ როგორ მოიზიდა პარტიისთვის ფული.
– სისულელეა... პატიოსანი გზით ფულის მოპოვების მხოლოდ ერთი გზა არსებობს‚ – უთხრა მეორემ.
– რა გზა?
– ასეც ვიცოდი‚ რომ თქვენ არ გეცოდინებოდათ.
***
ორი რაჭველი გზაზე მიდის. უცბად გვერდით სწრაფად ჩაურბინა მესამე რაჭველმა. ოცი წუთის შემდეგ ერთი ეკითხება მეორეს:
– რაჟიკუნა‚ ქვე ვინ იყო‚ რომ ჩაგვიქროლა?
– რავა ვერ იცანი‚ შე კაცო?! სიმონიკა იყო‚ მთელი რაჭის სირცხვილი...
***
– გაიგე? თურმე‚ უცხოპლანეტელთა შემოსევა გველოდება... აი‚ სერიოზული ტერაქტები ალ-ქაიდას მხრიდან კი – გამორიცხულია...
– ეგ საიდანღა იცი?
– მაგაზე ამ ბოლო დროს არც დოკუმენტური ფილმი გადაუღიათ და არც ჰოლივუდური...
***
ორი ნარკომანი ჩაცუცქულა. უცბად ერთმა ხარხარი დაიწყო.
– რა მოგივიდა‚ ტო?
– რაო‚ რას ამბობენ‚ რამდენი დაიხარჯა სიღნაღში საჰაერო ბურთებით სეირნობაშიო?!
გავიდა კიდევ ორი წუთი‚ ტიპმა კვლავ დაიწყო ხარხარი.
– რა გჭირს‚ ტო?
– აუ‚ საბჭოთა ბაიკანური რამდენი დაჯდებოდა?
გავიდა კიდევ ორი წუთი, ტიპი კიდევ ახარხარდა:
– აუ‚ ვინ იცის‚ „ნასა“ რამდენს ხარჯავს...
– მერე რა არის‚ ტო, ამაში სასაცილო?
– რა არ არის‚ მილიარდი დოლარი იხარჯება მარტო იმისთვის‚ რომ აფრინდნენ‚ ჩვენ კი ამ სიამოვნებას ერთი დოზით ვიღებთ...