ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რომელი გარემოებები შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად?
პასუხი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება:
1) მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;
2) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი;
3) არასრულწლოვნის ჩაბმა სამართალდარღვევაში;
4) სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;
5) სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს;
სამართალდარღვევის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისგან განსხვავებით, კოდექსით გაუთვალისწინებელი სხვა გარემოებების მიჩნევა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად დაუშვებელია. უფრო მეტიც, ადმინისტრაციული სახდელის დამდებ ორგანოს ან თანამდებობის პირს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათის კვალობაზე, შეუძლია, არ ცნოს მითითებული გარემოებები დამამძიმებლად.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა სახის ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს კომერციულ საიდუმლოებად?
პასუხი: კომერციული საიდუმლოებაა ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების შესახებ ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ანდა, რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს; აგრეთვე, სხვა ინფორმაცია, რომელის გამჟღავნებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია კომერციული საიდუმლოებაა. ამასთან, ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რომელი სახის შემოქმედებით ნაწარმოებზე ვრცელდება პირის საავტორო უფლებები?
პასუხი: პირის საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. საავტორო უფლება ვრცელდება ყველა ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.
კითხვა: სასამართლოში მაქვს შეტანილი სარჩელი და საქმე განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. მოსამართლემ მხარეებს შემოგვთავაზა მორიგება, მიუხედავად იმისა, რომ მე მორიგების სურვილი არ გამომიხატავს. გთხოვთ, განგვიმარტოთ, ჰქონდა თუ არა უფლება მოსამართლეს თავისი ინიციატივით შემოეთავაზებინა ჩემთვის მხარესთან მორიგება?
პასუხი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე, სასამართლომ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას. მოსამართლეს, ასევე, შეუძლია, მიუთითოს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე და მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები. შესაბამისად, მოსამართლეს სრული უფლება ჰქონდა, შემოეთავაზებინა თქვენთვის საქმის მორიგებით დამთავრება.
კითხვა: ჩემმა მეზობელმა, ოჯახის წევრების მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების გამო, სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ, ექიმის დროული ჩარევის შედეგად ის გადარჩა. დაისჯებიან თუ არა მისი ოჯახის წევრები აღნიშნულის გამო?
პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, თვითმკვლელობის ცდამდე ადამიანის მიყვანა ითვლება დანაშაულად. კერძოდ, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით, ანდა, მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე. შესაბამისად, თუ წინასწარი და სასამართლო გამოძიებით დადგინდება, რომ თქვენი მეზობლის თვითმკვლელობის მცდელობა გამოწვეულია ოჯახის წევრთა ბრალეული მოქმედებით, მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისთვის.
კითხვა: ჩემი ოჯახის წევრი მსჯავრდებულია. სასჯელის მოხდის პერიოდში შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 3 თვის ვადით. როგორ ხდება პატიმრისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულება და ჩაითვლება თუ არა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა სასჯელის მოხდის საერთო ვადაში?
პასუხი: ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო. აღსრულების ორგანიზება და კონტროლი ეკისრება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. რაც შეეხება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადას, ის არ ჩაეთვლება მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
კითხვა: ჩემი ახლო ნათესავი, რომელიც იხდის სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ფსიქიკურად დაავადდა. გთხოვთ, გვაცნობოთ, რა პროცედურების დაცვით შეიძლება ჩაუტარდეს მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა?
პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, ადმინისტრაცია სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.