მსოფლიო პრემიერები თბილისის კინოთეატრებში
ბოლო ერთი თვის განმავლობაში კინოთეატრები „რუსთაველი“ და „ამირანი“ წლის საუკეთესო ფილმების პრემიერებით გვანებივრებენ. ალმადოვარის ფილმს „კანი, რომელშიც ვცხოვრობ”, ვუდი ალენის „შუაღამე პარიზში” მოჰყვა. ახლა კი დედაქალაქი ახალი „სამი მუშკეტერით” არის მოცული, რომელიც „სამი D” ფორმატში გადის და სრული ანშლაგებით მიმდინარეობს 13 ოქტომბრიდან.
სამ მუშკეტერად, ექსცენტრიკულ დარტანიანად და მომხიბლავ ჯაშუშად გარდასახული ჰოლივუდის ვარსკვლავები საფრანგეთის სამეფოს გადასარჩენად ერთიანდებიან. კინოს მოყვარულები კი კბილების კაწკაწით ელოდებიან ლარს ფონ ტრიერის „მელანქოლიას”. 20 ოქტომბრიდან კანის ფესტივალის ტრიუმფატორი, წლის ყველაზე დიდი კინოსკანდალის ჩვენება „ამირანში“, „აპოლოსა“ და „რუსთაველში“ დაიწყება. ფილმში მთავარ როლებს კირსტენ დანსტრი (ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელი – კანის კინოფესტივალი), შარლოტა გინსბურგი და კიფერ საზერლენდი თამაშობენ.