“ოქროს თვალის„ ჟიური უკვე საქართველოშია
კინო და ტელეოპერატორების მესამე საერთაშორისო ფესტივალი, რომლის იდეის ავტორიც ფსიქოლოგი და ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძეა ბათუმში კულმინაციურ ფაზაში შედის. ფესტივალ „ოქროს თვალის” საერთაშორისო ჟიური უკვე საქართველოშია, რომელთა შორის ამ სფეროში მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები არიან. ესენი არიან: ჟიურის თავმჯდომარე ოთარ ლითანიშვილი, თაკო ფხაკაძე, ნათია სურგულაძე, ჯონ ჰენშალი – ტელეოპერატორების გილდიის ვიცე-პრეზიდენტი, შეინ ვან ელკი – ოპერატორი, ფოტოგრაფი; ვუგარ მურადოვი – მხატვარი, აზერბაიჯანის ხელოვანთა გაერთიანების წევრი; რომან მუშეგიანი – რეჟისორი. ფესტივალი 19-22 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. „ოქროს თვალი” ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის (IFIT) პირველი პროექტია. ფესტივალის თანაორგანიზატორი არის ბათუმის მერია, ოფიციალური მხარდამჭერები და პარტნიორები კი – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.