ქართველების წარმატება ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე
7-9 ოქტომბერს პოლონეთში, ქალაქ რასიბორზში, გაიმართა ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ჩვენი ქვეყნიდან ჩემპიონატზე ექვსი ვეტერანი მოჭიდავე გაემგზავრა, რომლებიც საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, ბიჭიკო შელიამ მოამზადა. ექვსიდან ხუთი მოჭიდავე, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, უმაღლესი ჯილდოებით – მედლებით დაბრუნდნენ საქართველოში: შალვა გაფრინდაშვილმა და ომარ მელაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვეს, ვერცხლის მედლები ჩამოიტანეს სამშობლოში ესტატე გოგლიჩიძემ და ზაურ ხუბაშვილმა, თემურ რობაქიძემ კი ბრინჯაოს მედალი აიღო. ბატონმა თემურმა ფინალამდე ტრავმა მიიღო და არავინ ელოდა, თუ ის ფინალში იჭიდავებდა. თუმცა, მას მაინც მოუწია ფინალის დათმობა და ტატამიდან გამოსვლა. აღფრთოვანებულმა მაყურებელმა ვეტერანი ქართველი მოჭიდავე დიდი ოვაციებით გააცილა. როგორც თავად ნაკრების წევრები ყვებიან, ქართველები ჩემპიონატზე განსაკუთრებულად მიიღეს. საერთოდ ვეტერანებად ითვლებიან 35-დან 70 წლამდე მოჭიდავეები. ქართველებმა კი, რომელთა შორის იყვნენ 59, 62, 70 წლის მოჭიდავეები, მათზე გაცილებით ახალგაზრდებს აჩვენეს ტატამზე ჭიდაობის ქართული ტექნიკის უპირატესობა.