კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იპოვა ჯარის ამხანაგი თბილისიდან ერევანში და რა შეხვედრა ელოდებათ 24 წლის უნახავ მეგობრებს თბილისში

 

48 წლის რაულ ვალიკოს ძე მირიანაშვილი ეძებდა დაახლოებით 44-45 წლის ოვიკ პაპიკიანს.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულებში“, „თბილისელების“ აგვისტოს ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა. საბედნიეროდ, ოვიკ პაპიკიანი ნაპოვნია და ჯარის მეგობრებს შორის 1989 წელს შეწყვეტილი კავშირი აღდგენილია. ჯარის მეგობრის პოვნაში ჩვენ დაგვეხმარა სომხეთის ნებაყოფლობითი დამხმარე ადამიანების მოძებნის საკითხში, ანა ოლეგის ასული ვართანოვა. დღევანდელი რუბრიკის რესპონდენტი ბატონი რაულ მირიანაშვილია, რომელიც თავად უამბობს მკითხველს თავისი ემოციების შესახებ.

– წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ თქვენი მეგობრის შესახებ 1989 წლის შემდეგ არაფერი გსმენიათ. რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ ის ნაპოვნია და თქვენთან საუბარი სურს?

– ძალიან გამიხარდა, რომ ჯარის მეგობარი ვიპოვე, თანაც, ასეთ მოკლე დროში. ჩემი  ერთადერთი ხელმოსაჭიდი იყო ფოტო, რომელიც მე და ოვიკამ ჯარში სამსახურის დროს გადავიღეთ. ფოტოზე ოვიკა საკმაოდ ახალგაზრდაა  (ნაპოვნი ოვიკა ფოტოზე ხელმარცხნივაა). დიდი მადლობელი ვარ თქვენი და სომხეთის ნებაყოფლობითი დამხმარის, რომელმაც, როგორც ვიცი, ოვიკას პოვნაში დიდი როლი ითამაშა. პირველად, როდესაც გავიგე, რომ ოვიკა ნაპოვნია და ჯანმრთელადაა, ძალიან გამიხარდა და მაშინვე დავურეკე. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სიხარული მოგვანიჭეთ მეც და ჩემს მეგობარსაც. მასთან პირველივე საუბრის დროს გავიხსენეთ ჩვენი ერთად სამსახურის ეპიზოდები და ბევრი ვიცინეთ (იცინის). გადასარევია, როდესაც შენს მეგობარსაც ისევე ახსოვს ყველაფერი, როგორც შენ. აღმოჩნდა, რომ ოვიკაც მეძებდა, მაგრამ, ჩემი მისამართი დაჰკარგვია და ამის გამო ვერანაირად ვერ მიკავშირდებოდა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, გავოცდი, როცა გავიგე, რომ მეძებდიო. შემდგომ კი როდესაც მას ფოტოც მიაწოდეს, ყველა ეჭვი გაეფანტა და დაიჯერა, რომ მართლაც მე ვეძებდი. ოვიკას ჰყავს ცოლი და ორი შვილი. ჩვენ ერთმანეთს შევპირდით, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად შევხვდებით.

– სად და როდის აპირებთ შეხვედრას? როგორც მე ვიცი, ოვიკა სომხეთშია, თქვენ კი – თბილისში.

– ოვიკა მუშაობს. მეც, ასევე, დაკავებული ვარ, მაგრამ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ახალ წელს ის ჩემთან, თბილისში ჩამოვა სტუმრად. როგორც გითხარით, მე დღემდე მაქვს კავშირი ჯარის  თითქმის ყველა მეგობართან, რომლებთან ერთადაც ვმსახურობდი უკრაინაში და რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. ჩვენ ყოველწლიურად ვიკრიბებით და ერთად ვიხსენებთ ახალგაზრდობას და ჯარში სამსახურის პერიოდს. ყველას გაუხარდა ოვიკას პოვნა და ახლა მოუთმენლად ელიან მის ჩამოსვლას.

– როგორც ვიცი, თქვენი მეგობარიც გეძებდათ, ხომ არ მოუყოლია, რა ხერხებით?

– ოვიკამ მითხრა, რომ რამდენჯერმე სცადა ჩემი მოძებნა ინტერნეტის საშუალებით, მაგრამ, უშედეგოდ. სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, მე არ ვარ დარეგისტრირებული არც ერთ საიტზე და, საერთოდ, კომპიუტერში ნაკლებად ვერკვევი.  ამიტომ, ბუნებრივია, ამ გზით ვერც მიპოვიდა. მართლაც სასწაულია, რომ ჩემმა სტატიამ შედეგი გამოიღო.

– საქართველოში უამრავი ადამიანი ეძებს ერთმანეთს. ისინი სრულიად სხვადასხვა მიზეზით არიან დაკარგულები. რას უსურვებდით მათ?

– პირველ ყოვლისა, მინდა, აბსოლუტურად ყველას ვუსურვო იმ ადამიანების პოვნა, ვისაც ეძებენ; ასევე, ვუსურვებდი, ხელი არ ჩაიქნიონ და ჰქონდეთ იმედი. მაგალითად, მე ძალიან მინდოდა მეგობრის პოვნა და ეს სურვილი ამიხდა კიდეც. ნამდვილად სასიხარულო შეგრძნებაა, როცა ეძებ და პოულობ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და მთელ თქვენს რედაქციას, ჩემი ისტორია გულთან ახლოს რომ მიიტანეთ.

– ოვიკას რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ მას თბილისიდან ჯარის მეგობარი ეძებდა?

– აღმოჩნდა, რომ იმ დღეს, როდესაც სომხეთის ნებაყოფლობითმა დამხმარემ ოვიკას სახლის ტელეფონზე დაურეკა, ის სამსახურში იყო. როგრც კი სახლში დაბრუნდა, მისმა მეუღლემ ჩემი ისტორია და ფოტო გადასცა (ანამ ყველაფერი ინტერნეტით გადაუგზავნა). ოვიკამ ეს ყველაფერი რომ წაიკითხა, მაშინვე გადაწყვიტა, დაერეკა ჩემთვის, მაგრამ, ანას ჩემი კოორდინატები არ დაუტოვებია, ამიტომ მას ისღა დარჩენოდა, დალოდებოდა ჩემს ზარს. ენით აუწერელია ის სიხარული, რომელიც განვიცადეთ. დაახლოებით ნახევარი საათი ვლაპარაკობდით ტელეფონით. გავიხსენეთ თითქმის ყველაფერი. ბოლოს კი მაინც „დამაყვედრა“ – ბლოკნოტი რომ არ დაგეკარგა, ხომ არ დამკარგავდიო (იცინის).

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

 

скачать dle 11.3