როგორ მოიჭრა თავი ევროპაში ჩასულმა გიორგი მახარაშვილმა და რატომ დაძვრებოდა ის უცხოეთის სასტუმროში აივნიდან აივანზე ბარგით ხელში
ყოფილი ჯეოსტარელი გიორგი მახარაშვილი, აქტიურად ემზადება სამხატვრო აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად, ფოტოხელოვნებაშიც სცდის ბედს, მღერის, უკრავს და მეგობრებში გართობისთვისაც რჩება დრო. გიორგი ძალიან მხიარული და ენაკვიმატი ადამიანია. არაერთი ამბავი გადახდენია თავს, რომელსაც დღეს სიცილით და იუმორით იხსენებს.
გიორგი მახარაშვილი: ძალიან ხშირად ვხვდები სასაცილო სიტუაციებში, მაგრამ არ ვკომპლექსდები და იუმორით ისე ვიძვრენ თავს, რომ მერე ამაზე თვითონვე ბევრს ვიცინი. ასეთ სიტუაციაში მოხვედრისას უხერხულობას არ ვგრძნობ და არც თავის დაძვრენა მიჭირს.
– ამბობენ, ისეთი ცელქი ბავშვი იყავი, რომ შენს სტუმრობაზე ბევრი ამბობდა უარს. მართლა ასე იყო? კი მაგრამ, ასეთს რას სჩადიოდი?
– (იცინის). მართალია, ისეთი ცელქი და მოუსვენარი ვიყავი, მტრისას. ყველაფერს ვაფუჭებდი, ყველგან ვძვრებოდი, ყველაფერს ვლეწავდი და ვამტვრევდი. ახლაც მიკვირს, როგორ მიძლებდნენ. რაც მე „როკოკოს“ ჭურჭელი მაქვს დამტვრეული, ვინ მოთვლის. ნათესავები რომ გვირეკავდნენ და გვეპატიჟებოდნენ, ჩემს მშობლებს სთხოვდნენ, ეგ ბავშვი არ მოიყვანოთ, თორემ თავდაყირა დააყენებს მთელს სახლსო. დავშლიდი რამეს და მერე ვეღარ ვაწყობდი. ახლაც ასე ვარ, ეს თვისება დღემდე შემომრჩა. შატალოს ინიციატორიც ხშირად მე ვიყავი. ერთი სიტყვით, ძალიან რთულად აღსაზრდელი ბავშვი ვიყავი, ნეტავ როგორ მიძლებდნენ? (იცინის).
– ამბობენ, უცხოეთში მიმავალმა, მებაჟე ისე დააზარალე გიტარით, რომ ის კაცი კარგა ხანს გონზე ვერ მოდიოდაო. ეს ისტორია გახსოვს?
– როგორ არა: ავტობუსით მივდიოდით რუმინეთში. წინ ვიჯექი და ჩემი გიტარა, ავტობუსის სალონში, თაროზე შემოვდე. საზღვარზე გაგვაჩერეს და შემოწმება დაგვიწყეს. მებაჟე ამოვიდა. ხომ იცით, როგორც იციან, მკაცრი სახით დაიწყო ჩვენი შემოწმება. მე რომ მომიახლოვდა, უცბათ თავი აარტყა ამ ჩემს გიტარას, გადმოვარდა და ისეთი ხმა ჰქონდა, მეგონა თავი გაუტყდა იმ საწყალს. კინაღამ სიცილით გავიგუდე. გამწარდა, დაიწყო ყვირილი, რა გაცინებს, სასაცილოა? რა არის, ამ გიტარას პატრონი არ ჰყავს? თავი კინაღამ გავიტეხეო. არადა, რა მექნა? მთელი გზა ჩახუტებული ხომ არ ვიმგზავრებდი გიტარასთან ერთად. ასე იბუზღუნა და ჩავიდა, გამწარებულს სულ გადაავიწყდა ჩემი შემოწმება. მერე ვიცინოდი, კიდევ კარგი დაჭერას გადაურჩა ჩემი გიტარა-მეთქი. (იცინის).
– უცხოეთში ჩასული, სასაცილო სიტუაციებში ხშირად ხვდები?
– ძალიან ხშირად. ერთხელ, არ დამავიწყდება, უცხოეთში ვარ გასტროლებზე „ქართულ ხმებთან“ ერთად. სასტუმროში დავბინავდით. ერთ დღესაც, მეგობრებთან ერთად მთელი ღამით გავერთე და უკან დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ გასაღები დავკარგე. არადა, იმ დღეს მოვფრინავთ. ვიფიქრე, აქ ამ გასაღების დაკარგვაზე მაგარი ჯარიმა იქნება და რამე უნდა მოვიფიქრო, თავი დავიძვრინო-მეთქი. არ გინდა ჩაკეტილი ნომრიდან ბარგის გამოტანა?! მოკლედ, მოვიფიქრე, გვერდით ნომერში შევედი, მეოთხე სართულიდან ჩემს აივანზე გადავძვერი, ჩავალაგე ბარგი და აივნიდან ასე გადავიტანე ამსიმძიმე ჩანთები მეორე ნომერში. მე მეგონა, ვერავინ შემნიშნავდა, მაგრამ აივნიდან გადაძრომის მომენტში დაბლა რომ ჩავიხედე, იმდენი ხალხი იდგა და მიყურებდა, კინაღამ გავგიჟდი. პანიკაში იყვნენ, ეტყობა, ფიქრობდნენ, ან გიჟია, ან – აკრობატი, თორემ, რა უნდა მაუგლივით, რომ დახტუნაობს აივნიდან აივანზე, თან ჩანთებით და გიტარით ხელშიო. მოკლედ, გადავიტანე ჩემი ბარგი და დავჯექი სულის მოსათქმელად და არ შემოვარდა ადმინისტრატორი? მითხრა, რას იკლავდი, შვილო, თავსო. თურმე სათადარიგო გასაღები მას ჰქონია. თანაც, ჯარიმა გასაღების დაკარგვაზე მიზერული თანხა ყოფილა, მე კი მთელ ევროპაში არ მოვიჭერი თავი აივნებზე ძრომიალით?! (იცინის). ახლა მეცინება თორემ, რომ ჩამოვვარდნილიყავი მეოთხე სართულიდან, მერეც გავიცინებდი?
– გიორგი, კარგი მძღოლი ხარ, მაგრამ მაინც ხშირად ამტვრევ მანქანას. რაშია საქმე?
– კარგი მძღოლი კი ვარ, მაგრამ „ზადნით“ ვიჭედები (იცინის). ერთხელ, დავქოქე მანქანა და უკან უნდა გამეწია. დავაწექი „პედალს“, ცოტა „დავზადნე“ და, ვახ! არ გავიჭედე?! აღარ მიდის მანქანა. მე ჩემსას ვაწვები, მანქანა – თავისას. თურმე, ორმოში ვარ ჩავარდნილი და რას წავალ უკან?! ხალხი შემომეხვია, რას შვრები, შვილო, ვერ ხედავ გაიჭედეო? (იცინის). ერთხელ კი ისევ უკან მინდოდა მანქანის დახევა და ისევ გავიჭედე. თურმე ბეტონის მაღალი ფილა ყოფილა, მე კიდევ, ვაძალებ ამ მანქანას უკან წასვლას, მაგრამ არაფერი გამომდის. თან ვიხედები სარკეში – უკან არაფერი მოჩანს, ვიფიქრე რა მჭირს-მეთქი. მაშინაც გამვლელმა მითხრა, შვილო, ბეტონის ფილის დანგრევას მანქანით აპირებო? (იცინის). ასე რომ, „ზადნიში“ არ მიმართლებს. ისე, მეგობრების მანქანებში, ჩემი აღნაგობის გამო, ძალიან პრივილეგირებული ვარ: წინ თუ არ დამსვეს, მტრისას – ვერ ვეტევი და ფეხები ხან ფანჯრიდან მაქვს გადმოყოფილი და ხან წინა სავარძლებს შორის მაქვს გაკვეტებული. იმსიგრძე ფეხები მაქვს, ვერ ვეტევი და ამიტომ, წინა სავარძელში ჯდომა მგზავრობის დროს გარანტირებული მაქვს. მართალია, ბავშვობის ასაკიდან ვზივარ საჭესთან, მაგრამ ჯერ მართვის მოწმობა არ მაქვს აღებული, არასრულწლოვანი ვარ (იცინის). ერთხელ, მოვაგრიალებ მანქანას და უცბად პატრულმა გამაჩერა. არადა, ალბათ 14-15 წლის ვიქნებოდი მაშინ, მაგრამ ფიზიკურად ყოველთვის დიდი ბიჭის შეხედულება მქონდა. მომიახლოვდა, მეკითხება, რამდენი წლის ხარო. ვეუბნები – ოცდაექვსის-მეთქი. გადაირია კაცი. მიყურა, მიყურა და მეკითხება: რამდენის ხარ? ისევ ვუპასუხე ოცდაექვსის-მეთქი. უფრო მაგრად დამაკვირდა და გაოცებულმა მკითხა, დარწმუნებული ხარო? (იცინის).
– მართლა ელოდებოდი მთელი ღამე მზის ამოსვლას ზღვიდან?
– ეს მართლაც სასაცილო ამბავია და დღესაც რომ ვიკრიბებით მეგობრები და ვიხსენებთ, სიცილით ვიგუდებით. მოკლედ, მეგობრები წელს ქობულეთში წავედით დასასვენებლად. ეს დასვენება არასდროს დამავიწყდება. ერთ ღამეს დისკოთეკაზე წავედით, კარგი დრო ვატარეთ, გავერთეთ, მერე პლაჟზე გავისეირნეთ და ერთმა თქვა, მზის ჩასვლა ნანახი მაქვს და, აი, მზე როგორ ამოდის ზღვიდან, ეს ნამდვილად არ მინახავსო. დავფიქრდით და აღმოჩნდა, რომ არც ერთს არ გვქონდა ნანახი მზის ზღვიდან ამოსვლა. დავსხედით ნაპირზე და ველოდებით. გახდა დილის ექვსი საათი, შვიდი საათი, შეგვცივდა, ვიბუზებით, მაგრამ არ ვიძვრით ადგილიდან, გავყურებთ ზღვის ჰორიზონტს. ეს მზეც არადა არ ამოდის ჯიბრზე. უცბად, გავიხედეთ, ერთ-ერთი მეგობრის დედა მორბის. რომ დაგვინახა, გადაირია რას დამსხდარხართ აქ, რას იყინებით და მიშტერებიხართ ზღვას, რამე ხომ არ მოგელანდათო. ჩვენ ვუთხარით, მზის ამოსვლას ველოდებითო და ქალს თმები ყალყზე დაუდგა (იცინის), ეგონა, ყველა ერთდროულად გავგიჟდით. რა დალიეთ ასეთი, რამსები რომ აგერიათ, როდის იყო, მზე ზღვიდან ამოდიოდა, ახლავე წამოდით სახლშიო. ჯერ დავფიქრდით და მერე იმდენი ვიცინეთ, კინაღამ დავიხოცეთ.
– ის როგორ იყო, გოგონა რომ დაპატიჟე და ფული მას გადაახდევინე?
– „ჯეოსტარში“ რომ ვიღებდი მონაწილეობას, იმ პერიოდში ერთი გოგონა მომწონდა. გამოვიდე თავი და ფეშენ-ბარში დავპატიჟე. ვიცოდი, ფული მედო ჯიბეში, თან მაგრად მშიოდა და შევუკვეთე, მაგრამ რა შევუკვეთე! (იცინის). კარგა ხანს ვისხედით, ვისაუბრეთ, მე კარგად გეახელით, იმ გოგონამ კი მხოლოდ ყავა დალია და ნამცხვრის პატარა ნაჭერი გადაიღო. ბოლოს, ადგომა და წამოსვლა რომ დავაპირეთ, ოფიციანტს დავუძახე, ანგარიში მოვითხოვე, ჯიბისკენ წავიღე ხელი და... სად არის ფული? საფულეს არ ვატარებდი, ისე ვიდებდი ფულს ჯიბეში და, ეტყობა, ამომივარდა სადღაც. რაღას იზამდა ის გოგო, გახსნა ჩანთა, ამოიღო ფული და გადამიხადა. მერე შაყირობდნენ მეგობრები, შენთან ერთად სადმე წასვლა ზარალიაო (იცინის). რა მექნა, განგებ ხომ არ მინდოდა? თან იმდენი ვჭამე მშიერზე... ასე რომ მცოდნოდა, ცოტას მაინც დავახარჯვინებდი (იცინის).