მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-41(563)
ჯერ კიდევ ავღანეთში ვიმყოფებოდი, როდესაც გენერალმა მუხინმა დამიბარა და მითხრა:
– მოემზადე, სალდაფონებს უნდა გაჰყვე სპეცდავალებაზე!
ანდრეი ლუკიჩს სამხედროები მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა, ისინი გონებაშეზღუდულ ადამიანებად მიაჩნდა, რომლებიც, მისი აზრით, ნებისმიერ სისაძაგლეს ჩაიდენდნენ და ამიტომ მათ სალდაფონებს უწოდებდა.
– კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო, ანდრეი ლუკიჩ?
– რა და, იმ კრეტინებს თავდაცვის სამინისტროდან, დაუჩემებიათ, თითქოს „მწვანე აულში“ მოსახლეობა ამერიკელების მიერ პაკისტანიდან შემოტანილ ბაქტეოროლოგიურ იარაღს მალავს, მოჯაჰედები კი ამ იარაღის მეშვეობით საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის ჩატარებას აპირებენ, – მითხრა გენერალმა.
„მწვანე აული“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ერთ-ერთი გარეუბანია, სადაც უაღრესად მორწმუნე მუსლიმანი ოჯახები ცხოვრობენ. ისინი პოლიტიკაში თითქმის არ ერეოდნენ, რელიგიაში იყვნენ „გადავარდნილები“ და თავიანთ პატარა მეჩეთში ლოცულობდნენ, რომელიც საკუთარი ხელით ააშენეს. მე იქ რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი და ერთი აგენტიც მყავდა, რომელიც რეგულარულად მაწვდიდა ინფორმაციებს. ამიტომ, აბსოლუტურად ზუსტად ვიცოდი, რომ ამბავი ბაქტერიოლოგიური იარაღის შესახებ სისულელე იყო. ამიტომ, გამეცინა და მუხინს ვუთხარი:
– წმინდა წყლის სისულელეა და თავს დავდებ, რომ მორწმუნე მუსლიმანების გარდა, იქ სხვას ვერავის აღმოაჩენენ.
– ეს რომ ვუთხარი, – მომიგო მუხინმა, – „გრუელმა“ სალდაფონმა გენერალმა მკვახედ მითხრა, შენი კაცი გამოგვაყოლე და საკუთარი თვალით ნახავს, რასაც იქ ვიპოვითო. მოკლედ, „გრუელებთან“ ერთად მოგიწევს აულში ასვლა, მაგრამ, კონფლიქტში ნუ შეხვალ მათთან და ყველაფერი კარგად დაათვალიერე.
„მწვანე აულში“ მომხდარი ტრაგედიის შესახებ შემდგომ მთელმა მსოფლიომ შეიტყო და, საბჭოთა კავშირი და წითელი არმია კიდევ უფრო მეტად შესძულდა ყველას. აულში შეჭრილმა საბჭოთა ტანკებმა დაანგრიეს მეჩეთი, მიწასთან გაასწორეს მშვიდობიანი ოჯახების საცხოვრებელი სახლები და სამასზე მეტი ადამიანი გაწყვიტეს, რომელთა უმრავლესობა ბავშვები, ქალები და მოხუცები იყვნენ. სამწუხაროდ, მეც ამ საშინელების მონაწილე ვიყავი. მართალია, ერთი ავღანელიც არ მომიკლავს იქ, მაგრამ, ამ საშინელების გამო, გარკვეულ პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ და ამ საშინელების გახსენება ძალიან მიჭირს.
– არც ერთი დამნაშავე არ უნდა წაგვივიდეს ხელიდან, ყურადღებით და საბრძოლო შემართებით იყავით! – მოგვიწოდა თავგასიებულმა, ერთვარსკვლავიანმა „გრუელმა“ გენერალმა აულში შესვლის წინ და დავიძარით.
თავდაპირველად ამ რეიდში მხოლოდ „გრუს“ სპეცრაზმი მონაწილეობდა. აულში რომ შევედით, მთელი მოსახლეობა ლოცვაზე იდგა და, ვინც პატარა მეჩეთში ვერ დაეტია, გარეთ იყვნენ დამხობილები. „გრუს“ ერთმა ჯგუფმა მლოცველებს ალყა შემოარტყა, მეორე ჯგუფი კი აულში გაიფანტა და ბინების ჩხრეკას შეუდგა, თან, იქაურობას ძარცვავდნენ და, რაც ხელში მოხვდებოდათ, ყველაფერი თან მოჰქონდათ. ისედაც ღარიბი ავღანელებისგან რა უნდა წამოეღო კაცს, მაგრამ, „გრუელები“ მაინც პოულობდნენ წამოსაღებს და იქაურობა პირწმინდად გაასუფთავეს.
– ამხანაგო გენერალო! აულში ბაქტერიოლოგიური იარაღი ვერ აღმოვაჩინეთ! – უპატაკა „გრუელ“ მოროდიორთა ჯგუფის მეთაურმა გენერალს და ჰკითხა, – უკან დაბრუნებას გვიბრძანებთ?
– რის უკან დაბრუნებას, მაიორო, შენი დედაც! – შეუკურთხა ხელქვეითს ბრიყვმა, სისხლისმსმელმა გენერალმა, მეჩეთისკენ გაიშვირა ხელი და ბრძანა: – აი, იქ მოძებნეთ, იარაღი ნამდვილად იქაა დამალული!
მე საფუძვლიანად მქონდა შესწავლილი ისლამური ტრადიციები და ვიცოდი, რომ ბრიყვი გენერლის ბრძანების შესრულებას დიდი უბედურება მოჰყვებოდა. ამიტომ, გენერალს ვეახლე და ვუთხარი:
– ბოდიშს გიხდით, ამხანაგო გენერალო, მაგრამ, მეჩეთში შეჭრა მათი რელიგიის შეურაცხყოფაა, რასაც დიდი უბედურება მოჰყვება. მით უმეტეს, რომ არც მეჩეთშია იარაღი და ბრძანება გააუქმეთ.
– ვინ გდიხარ, რომ ბრძანების გაუქმებას მომიწოდებ? წადი, შენი დედაც... – თავის ხეპრულ სტილში მომიგო გენერალმა, მე კი მას მშვიდად, მაგრამ ძალიან ხმამაღლა ვუპასუხე:
– შენი დედაც, შენი მამაც და შენი ბოზი ცოლ-შვილიც, გენერალო!.. – მერე თვალი თვალში გავუყარე, ათიოდე წამი მგელივით ვუყურებდი, შემდეგ მის წინ დავაფურთხე, შევტრიალდი და ჩემს ადგილზე დავბრუნდი.
ჩემს სიტყვებზე გენერალი წამოწითლდა, მაგრამ, უხეშობა ვეღარ გაბედა და შეურაცხყოფა ჩაყლაპა. იმ პერიოდში ქაბულში ერთი ინციდენტი მოხდა და, შესაძლოა, ამ ამბავმა შეაკავებინა თავი ხეპრე გენერალს პასუხისგან: „მწვანე აულში“ დატრიალებულ ტრაგედიამდე სამი კვირით ადრე, ერთმა ქართველმა მაიორმა რუსი პოლკოვნიკი მოკლა. ინციდენტი ოფიცერთა სასადილოში მოხდა. არყით გალეშილი რუსი პოლკოვნიკი იმ მაგიდას მიუახლოვდა, სადაც ქართველი სადილობდა და იარაღამოღებულმა უღრიალა:
– ფეხზე ადექი, როდესაც წოდებით უფროსი გელაპარაკება!
– ვსადილობ, – მოკლედ მიუგო ქართველმა და ჭამა უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ პოლკოვნიკმა მას საჭმელში ჩაუფურთხა.
ქართველი მაიორი მშვიდად წამოდგა, ჯერ პისტოლეტი წაართვა პოლკოვნიკს, შემდეგ ისეთი მუშტი შემოჰკრა ყბაში, რომ მან ორიოდე მეტრი იფრინა და ძირს დაეხეთქა. პისტოლეტი მიუგდო, შემდეგ კი უღრიალა:
– ღორობას თუ არ მოიშლი, შუბლს გაგიხვრეტ!
ქართველი მაიორი შეტრიალდა და გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ პოლკოვნიკმა პისტოლეტს დასტაცა ხელი, გადატენა და მიმავალ ქართველ მაიორს მიუშვირა სასროლად, მაგრამ, მაიორმა დაასწრო, პისტოლეტი იშიშვლა, მკვეთრად შეტრიალდა, პოლკოვნიკს შიგ შუბლში დააჭედა ტყვია და ადგილზევე მოკლა. ქართველი მაიორი თვითონ ჩაბარდა კომენდანტს. ის დააპატიმრეს, გაასამართლეს და ცხრა წელი მისცეს. მისმა საქციელმა სამხედრო თუ არასამხედრო პირთა უმრავლესობის პატივისცემა დაიმსახურა და მას შემდეგ მსგავსი ინციდენტებისგან გენერლებიც კი იკავებდნენ თავს...
მართალია, გენერალმა ჩემი შეურაცხყოფა ჩაყლაპა, მაგრამ, ოპერაციის უფროსი ის იყო, ბრძანება არ გაუუქმებია და თავის ხელქვეითებს მეჩეთში შეჭრა უბრძანა.
„გრუს“ ერთი ქვედანაყოფი მეჩეთისკენ დაიძრა, კართან მათ მოლა გადაუდგა წინ, დაუჩოქა და სთხოვა, შიგნით არ შესულიყვნენ, მაგრამ ჯარისკაცებმა ის გადათელეს და მეჩეთში შეიჭრნენ. ამის შემხედვარე მოლამ ხალხს თავისი სიწმინდის დაცვისკენ მოუწოდა და ერთ-ერთ „გრუელს“ ავტომატზე ჩაებღაუჭა, მან კი მუსლიმანთა რელიგიურ წინამძღოლს იარაღის ჯერი მიუშვა და ადგილზე დაფლითა... ხალხს მეტი აღარ უნდოდა, ეს მათთვის მოქმედების სიგნალი იყო და, გააფთრებული, უიარაღო ადამიანები „გრუელებს“ დაეტაკნენ და საშინელი ტრაგედიაც დაიწყო... საბჭოთა ჯარისკაცები არავის ინდობდნენ და, განურჩვევლად, ყველას ტყვიების ჯერით ცხრილავდნენ. თუმცა, გააფთრებული ადამიანები ვერ შეაშინეს, ისინი შიშველი ხელებით მიიწევდნენ კბილებამდე შეიარაღებულ ჯარისკაცებზე, ორ მათგანს ავტომატიც კი წაართვეს და საპასუხო ცეცხლით რამდენიმე „გრუელი“ მოცელეს.
– ბაზა! ბაზა! დახმარება გამოგვიგზავნეთ, კბილებამდე შეიარაღებული მოჯაჰედები დაგვესხნენ თავს! – დახმარება მოითხოვა რადიოტელეფონით პანიკაში ჩავარდნილმა გენერალმა, რომლის კისერზეც იყო უდანაშაულო ადამიანთა სისხლი, რადგან ეს ტრაგედია მისი ბრძანებით დაიწყო.
„გრუელ“ გენერალს სიამოვნებით გამოვასალმებდი სიცოცხლეს და ფარულად ამის გაკეთებაც კი დავაპირე, კიდეც, მაგრამ, აღარ დამცალდა: საბჭოთა ჯარისკაცისთვის წართმეული ავტომატიდან, რომელიც 14-15 წლის მოზარდს ეჭირა ხელში და ჯარისკაცებს გამალებული ესროდა, ტყვია გენერალს მარჯვენა თვალში მოხვდა და ტვინი გაასხმევინა.
– გენერალი მოგვიკლეს, გადაბუგეთ ეს დამპლები! – იღრიალა გენერლის მოადგილე პოლკოვნიკმა, რომელიც გენერლის სიკვდილისთანავე გახდა რაზმის მეთაური. მან ავტომატზე დამაგრებული ნაღმმტყორცნიდან გენერლის მკვლელი ბავშვის მიმართულებით გაისროლა ჭურვი და მოზარდი ნაფლეთებად აქცია.
ამ მომენტმა გააფთრებული ადამიანები კიდევ უფრო გაამწარა და ისინი ახალი ძალებით ეკვეთნენ „გრუელებს“, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებულ მკვლელებთან რას გახდებოდნენ და უთანასწორო ბრძოლაში იღუპებოდნენ. ამასობაში, საბჭოთა მაშველი ძალაც გამოჩნდა და აულში შემოჭრილმა ათიოდე მსუბუქმა და ორმა მძიმე ტანკმა მეჩეთი და საცხოვრებელი სახლები მიწასთან გაასწორა. ირგვლივ ყველაფერი ინგრეოდა, ნადგურდებოდა, ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებდა, სისხლით გაუმაძღარი ჯარისკაცები კი ცეცხლისმფრქვეველი იარაღით დადიოდნენ აულში და ირგვლივ ყველაფერს წვავდნენ.
მე ამ უბედურებაში აქტიური მონაწილეობა არ მიმიღია, მხოლოდ ყველაფერს თვალს ვადევნებდი, თუმცა დიდი სიამოვნებით მივეხმარებოდი ავღანელებს და საბჭოთა მეომრებს მუსრს გავავლებდი.
გახურებული ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა, როდესაც ერთ ფეხმძიმე, ახალგაზრდა ქალს მოვკარი თვალი. მას ხელში ჩვილი ეჭირა, მეორე ხელით კი ატირებულ ხუთიოდე წლის ბიჭუნას მიათრევდა, რომელსაც ეხვეწებოდა, რომ არ ეტირა და ჯარისკაცების ყურადღება არ მიეპყრო.
ბავშვებიანი ფეხმძიმე ქალი ერთ-ერთი სახლის ნანგრევების გროვას შეეფარა, მაგრამ ის ტყვიამფრქვევით შეიარაღებულმა ჯარისკაცმა შენიშნა და იქით გაემართა, თან იარაღი აამოქმედა, რომელიც ხუთ მეტრზე აფრქვევდა ცეცხლს. ცოტაც და უბედურებას უბედურება დაემატებოდა – ფეხმძიმე ქალი ბავშვებიანად დანახშირდებოდა, ნანგრევებში, ამიტომ პისტოლეტი ვიშიშვლე, ჯარისკაცს გაზის ბალონში დავუმიზნე, რომელიც მას ზურგზე ეკეთა და ფუგასური ტყვია ვესროლე... ის ადგილზევე აფეთქდა, მისი ხორცის ნაფლეთებს კი ცეცხლი წაეკიდა. ეს მომენტი ვერავინ დააფიქსირა, რადგან ყველა ხოცვა-ჟლეტით იყო გართული. მე ნანგრევებისკენ გავწიე და შეშინებულ ფეხმძიმე ქალს ვუთხარი:
– ნუ გეშინია, მშვიდად იყავით და ყველაფერი კარგად იქნება, თორემ, ჯარისკაცებმა თუ მოგაგნეს, დაგხოცავენ.
– გმადლობთ, ჩემო ბატონო, თქვენ რომ არა, ყველას საიქიოს გაგვისტუმრებდნენ, – მომიგო აკანკალებულმა გოგონამ, – თქვენ რომ ის ჯარისკაცი ააფეთქეთ, სწორედ ამან გვიხსნა. თქვენ, ალბათ, მართლმორწმუნე მუსლიმანი მოჯაჰედი ხართ.
– არა, – მივუგე ფეხმძიმე გოგონას, – მოჯაჰედი არ ვარ და არც მუსლიმანი, ქრისტიანი ვარ, თუმცა, ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, აქედან გაგიყვანოთ სამშვიდობოზე. ამიტომ, რასაც გეტყვით, უნდა დამიჯეროთ.
– უსიტყვოდ დაგემორჩილებით, ჩემო ბატონო, – მითხრა გოგონამ და დადუმდა. მე კი ნანგრევებიდან გავიხედე და დავინახე, როგორ გაასწორა მიწასთან ორმა საბჭოთა ტანკმა ყოფილი „მწვანე აულის“ პატარა მეჩეთი.
ფეხმძიმე ავღანელ გოგონას აიშა ერქვა, ორსულობის ბოლო თვეში იყო და, ბედის ირონიით, მაინცდამაინც ნანგრევებში, გაცხარებული ხოცვა-ჟლეტის დროს ასტკივდა მუცელი, იქვე დაღვარა წყლები და მშობიარობა დაეწყო.
– მიშველეთ, ბატონო ჩემო, მშობიარობა დამეწყო, – თქვა აიშამ და ტკივილებისგან საშინელი გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე.
„კაგებეს“ სკოლაში მე, ყოველი შემთხვევისთვის, ბებიაქალის კურსებიც გამატარეს. ამიტომ ის ბრტყელ ბლოკზე დავაწვინე, აქეთ-იქიდან დიდი ქვები დავალაგე, ფეხები მაღლა შევაწყობინე, ქვედა საცვალი გავაძრე და ვუთხარი:
– მიდი, გაიჭინთე, ნურაფრის გეშინია, მე გამშობიარებ!
აიშამ უპრობლემოდ იმშობიარა. ახალშობილს „შტიკ-ნოჟით“ მოვაჭერი ჭიპლარი, შემდეგ ახალშობილი ნანგრევებში ნაპოვნი ზეწრით გავწმინდე, ზეწრის ნაფლეთებშივე შევახვიე და დედას მივაწოდე.
ახალშობილს ჩაეძინა. მეორე ჩვილი ტაშტში იწვა და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ხუთი წლის ბიჭი კი კოპებშეკრული მიყურებდა და ადგილიდან არ იძროდა.
– რა გქვია? – ვკითხე ბავშვს.
– აჰმადი, – მომიგო მან.
– აჰმად, შენს ძმებსა და დედას მიხედე, მე კი მალე მოვალ, – ვუთხარი პატარას, თავზე ხელი გადავუსვი და ნანგრევებიდან გავედი, რომ როგორმე მანქანა მეშოვა და ნამშობიარევი ქალი უსაფრთო ადგილზე გადამეყვანა.
უნდა მეჩქარა, რადგან, შეიძლებოდა, სისხლისმსმელ საბჭოთა ჯარისკაცებს ნანგრევებში შეფარებული აიშასა და მისი ვაჟებისთვის მიეგნოთ და ოთხივე დაეხოცათ.
აიშასა და მისი ვაჟების თავშესაფრიდან ასიოდე მეტრის დაშორებით, „მწვანე აულის“ მოსაზღვრე ტერიტორიაზე, სკოლის შენობასთან გაჩერებული საბჭოთა ჯავშანტრანსპორტიორს მოვკარი თვალი და იქით გავიქეცი. ოთხ წითელარმიელ ჯარისკაცს ცამეტიოდე წლის ავღანელი გოგონა ჰყავდათ დაჭერილი. ბავშვს ტანისამოსი შემოხეული ჰქონდა და კიოდა, თან ფართხალებდა და ჯარისკაცებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რადგან მას გაუპატიურებას უპირებდნენ. იქვე დახვრეტილი მამაკაცისა და ტანსაცმელშემოხეული, დაცხრილული ქალის გვამები ეყარა, რომლებიც, სავარაუდოდ, გოგონას მშობლები უნდა ყოფილიყვნენ. ჯარისკაცები ისეთი გაშმაგებით ცდილობდნენ გოგონასთვის ნამუსის ახდას, რომ ჩემი მიახლოება არც კი შეუმჩნევიათ. ამ სურათის შემხედვარე, დედაჩემის მონათხრობი გამახსენდა მამაზე, როდესაც მან დაცემული ბერლინის ნანგრევებში საბჭოთა ჯარისკაცებისგან იხსნა გერმანელი გოგონა.
„რა ნაცნობი სურათია – პირუტყვი წითელარმიელები დაპყრობილ ქვეყანაში ქალის გაუპატიურებას ცდილობენ“, – გავიფიქრე გუნებაში, ძალები მოვიკრიბე და ჯარისკაცებს ვუღრიალე:
– შეწყვიტეთ ეს „ბესპრეძელი“, თქვენი დედაც!..
ჯარისკაცები ჩემკენ მოტრიალდნენ, განსხვავებულ ფორმაში რომ დამინახეს, მიხვდნენ, ვინც ვიყავი და გამომეჯგიმნენ. შიშველი გოგონა კი წამოხტა, დახოცილებთან მიირბინა, მათ სხეულებზე დაემხო და ატირდა.
დრო არ ითმენდა. ამიტომ გოგონას ავღანურად ვუთხარი, რომ, თუ დამიჯერებდა, გადავარჩენდი, თუ არადა, მას ჯარისკაცები მოკლავდნენ და ჯავშანტრანსპორტიორში ჩაჯდომა ვუბრძანე, რასაც ის უსიტყვოდ დაემორჩილა. შემდეგ ჯარისკაცებს მივუბრუნდი და ვუთხარი:
– ჯავშანტრანსპორტიორის კონფისკაციას ვახდენ და თქვენს საქმეს სამხედრო-საველე სასამართლოს გადავცემ. თქვენ კი ეს ორი გვამი ჩვენი ჯარების შტაბში მოიტანეთ. თან, იცოდეთ, ბრძანებას თუ არ შეასრულებთ, თქვენ მიმართ წაყენებული ბრალდებები დამძიმდება-მეთქი, – შემდეგ ჯავშანტრანსპორტიორში ჩავჯექი და საბრძოლო მანქანა აიშასა და მისი ვაჟების თავშესაფართან მივიყვანე, ისინიც ჩავისვი და ხუთივე გადარჩენილი ავღანელი ქაბულის საავადმყოფოში მივიყვანე, იქ კი ერთ საბჭოთა პროფესორს ჩავაბარე, რომელიც იქ მთავარ ექიმად მუშაობდა, ძალიან გულისხმიერი და სათნო ადამიანი იყო და ვუთხარი:
– ეს ქალი მე ვამშობიარე ნანგრევებში, ეს პატარა გოგონა კი გამხეცებული ჯარისკაცების კლანჭებიდან გამოვიხსენი. აბა, თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს და მიხედეთ, მე კი უნდა წავიდე.
პროფესორი მიცნობდა და იცოდა, რომ „კაგებედან“ ვიყავი და ამ უწყების წარმომადგენლებთან ზედმეტ ლაპარაკს ყველა ერიდებოდა. თუმცა, მან ჩემი საქციელიც კარგად შეაფასა, მიხვდა, რომ „ჩამშვები“ არ ვიყავი და მითხრა:
– რასაც აქ ჯარისკაცები სჩადიან, ყოვლად დაუშვებელია და, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ცუდად შემოუბრუნდება ჩვენს ქვეყანას.
– მართალს ბრძანებთ, პროფესორო, – მივუგე მთავარ ექიმს, ტუჩებზე საჩვენებელი თითი მივიდე და დავამატე: – ნურავისთან გაიმეორებთ ჩემთან ნათქვამს, მე კი, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში შევეცდები, რამე ვიღონო.
პროფესორს გამოვემშვიდობე და ჯავშანტრანსპორტიორი საბჭოთა ჯარების შტაბის ეზოში დავაყენე, შემდეგ შენობაში შევედი, სადაც გენერალი მუხინი მელოდა. ხოლო რომ დამინახა, მშვიდად მკითხა:
– რა მოხდა?
გენერალს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, მხოლოდ ის დავუმალე, რომ შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი მოვკალი. აიშაც გავაფრთხილე, რომ ეს ამბავი არავისთვის მოეყოლა, რაზეც მან მიპასუხა:
– კარგი, ბატონო ჩემო, არავისთან ვიტყვი. თუმცა, წესით, ეს ამბავი ქვეყანას უნდა მოვდო და თქვენი სიკეთისა და ვაჟკაცობის ამბავი გავაგებინო.
– რას ამბობ! – მივუგე აიშას, – ეს რომ ჩემმა უფროსობამ შეიტყოს, დამხვრეტენ.
– კარგი, კრინტს არ დავძრავ, – მითხრა გოგონამ, თავი დახარა და ხელზე მაკოცა.
გენერალმა გულდასმით მომისმინა და მითხრა:
– რაც მომიყევი, ყველაფერი დამიწერე პატაკის სახით, მე კი ამას მსვლელობას მივცემ და ვეცდები, შედეგი გამოიღოს. ხომ ვთქვი თათბირზე, რომ იმ „მწვანე აულში“ არანაირი ბაქტერიოლოგიური იარაღი არ არის და იქაურებს მოეშვით-მეთქი, მაგრამ, ვინ დამიჯერა?! ახლა კი მთელი მსოფლიო გაიგებს ამ ამბავს, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი კიდევ უფრო მეტად დაეცემა და ამაში სამხედროები არიან დამნაშავეები. ღირსია ის კრეტინი სალდაფონი გენერალი, რომ მოკლეს, მასეთებს ასე მოუხდებათ.
სანამ გენერალი მუხინი მელაპარაკებოდა, ფანჯრიდან ის ოთხი ჯარისკაცი დავინახე, რომლებსაც მე ჯავშანტრანსპორტიორი წავართვი და მათივე მოკლული ცოლ-ქმრის შტაბის ეზოში მოყვანა ვუბრძანე. მათ ეს ბრძანება შეასრულეს, დახოცილთა ცხედრები ეზოში დაასვენეს, თვითონ კი დაბნეულები იდგნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ.
– აი, შეხედეთ, ანდრეი ლუკიჩ, – მუხინი ფანჯარაში გავახედე, – აი, ასეთი ჩლუნგები სჩადიან ყველა იმ საშინელებას, რაზეც გელაპარაკეთ. სწორედ მათი ბრალია ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის შელახვა.
– ეს არცაა გასაკვირი, ჩემო კოკი, ისინი ხომ ბრიყვი სალდაფონები არიან და მათგან კარგსა და ჭკვიანურს რას უნდა მოელოდე? – ხელიდან არ გაუშვა მუხინმა სამხედროების გალანძღვის მორიგი შანსი და დაამატა – პოლიტბიუროში ისეთი მოხსენება შევა, რომ სამხედროებს კარგა მაგრად შეახურებენ, თუმცა, ეჭვი მეპარება, მათ ჭკუა ასწავლონ, ისინი თავის სიბრიყვეს ვერასოდეს მოიშლიან.
მუხინი არ შემცდარა, რადგან წითელი არმია ავღანეთში არნახულ საშინელებებს სჩადიოდა და ისე გაამწარა ადგილობრივი მოსახლეობა, რომ მათ წინააღმდეგ მთელი ერი აღდგა და საბჭოთა ჯარს ეომებოდა ყველა, ვისაც ხელში იარაღის ჭერა შეეძლო.
მართალია, ავღანეთში მეც ვიბრძოდი და მოჯაჰედებსაც ვხოცავდი, რაც დღევანდელი გადასახედიდან არასწორად მიმაჩნია, მაგრამ, ეს ხდებოდა ბრძოლაში. ბავშვები კი არასდროს დამიხოცავს, არც ქალებზე მიძალადია ოდესმე და, აიშას, მისი შვილებისა და პატარა გოგონას – ლაილას გადარჩენა მრავალი წლის შემდეგ სასიკეთოდ დამხვდა წინ.
საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო, მსოფლიოში გადანაწილებების ინტენსიური პროცესი მიმდინარეობდა, რაც ყველა სფეროში აისახებოდა და ეს ეხებოდა როგორც პოლიტიკასა და ეკონომიკას, ასევე, კრიმინალურ სფეროს. „კაგებე“ აღარ არსებობდა და ამ უწყებაში უკვე აღარ ვმუშაობდი, დაქირავებული მკვლელობა კი ახალი დაწყებული მქონდა და მხოლოდ ერთი „საქმე“ მქონდა შესრულებული. თუმცა, მეორე შეკვეთაც საკმაოდ მალე მივიღე. „ძია“ რომანმა დამირეკა და მითხრა:
– როგორ ხარ, კოკი?
– რა მიჭირს. შენ? – მივუგე ჩემს გადმომბირებელს, რომელსაც წლების განმავლობაში ისე დავუმეგობრდი, რომ, ასაკში განსხვავების მიუხედავად: უკვე „შენობით“ მივმართავდი.
– მომენატრე, ჩემო ძმაო, როდის გნახო?
– თუნდაც ერთ საათში.
– ძალიან კარგი. მაშინ, ერთ საათში სკამებთან მოვალ, – მითხრა რომანმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ალექსანდროვის ქვედა ბაღში, ბორის ძნელაძის ყოფილი ძეგლის გასწვრივ მდებარე სკამზე იჯდებოდა.
შეხვედრაზე დათქმულ დროს მივედი, „ძიას“ გავუღიმე, ხელი ჩამოვართვი და ვკითხე:
– როგორ ხარ, რა ხდება?
– მე რა მიჭირს. მერი და ბავშვები ხომ კარგად არიან?
– დიახ.
– ჰოდა, ახლა საქმე, – მომიგო რომანმა და მითხრა: – შენმა შესრულებულმა პირველმა დავალებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლა მეორე საქმეს გთავაზობენ და მომისმინე.
– გისმენ.
– ერთი კვირის შემდეგ რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიოს ყველა ბობოლა ნარკობარიგა იკრიბება და, აი, ეს კაცი უნდა გაასაღო, – „ძიამ“ „ობიექტის“ სურათი მიჩვენა და მკითხა, – გეცნობა?
– რა თქმა უნდა, – ჩამეცინა მე, რადგან ფოტოსურათზე აღბეჭდილი ადამიანი კინოვარსკვლავივით პოპულარული იყო და მუდმივად მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა.
– შეასრულებ?
– გააჩნია, რამდენს გადაიხდიან.
– სამასი ათას დოლარს.
– ასეთი საქმისთვის ბევრი არაა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე ამ ქვეყნის მოქალაქეები გაჭირვებაში ვცხოვრობთ, თანახმა ვარ!
– ამ სიბერეში ლაქლაქი დაგიწყია, – გაეცინა რომანს, მოზრდილი კონვერტი დამიდო გვერდით და მითხრა, – აქ ყველა საჭირო საბუთია, ბილეთები და ხუთი ათასი დოლარი. თანხის ნახევარი ამ საღამოს დაგიჯდება შენს ანგარიშზე, მეორე ნახევარი კი, როგორც ყოველთვის, საქმის შესრულებისთანავე. მიემგზავრები ხვალ, „ჩერეზ“ მოსკოვი, საჭირო რეკვიზიტი კი, ამ ადგილზე დაგხვდება, რიოში. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ, – ჩვეულ სტილში მითხრა „ძიამ“, შემდეგ წამოდგა და, ტრადიციულად, პირველი წავიდა.
რიოში ვოიაჟი ჩემს ახალ კარიერაში მეორე საქმე იყო. ამჯერად ძალიან შორს მივემგზავრებოდი. მაგრამ, სიშორეში არ იყო საქმის სირთულე, რადგან ბევრჯერ უფრო შორსაც ვყოფილვარ და ბევრად უფრო რთული საქმეც შემისრულებია. უბრალოდ, ადრე ისეთი უძლიერესი ორგანიზაცია მაზღვევდა, როგორიც „კაგებე“ იყო. რიოში კი, კერძო შემსრულებლის სტატუსით მივემგზავრებოდი და, გამორიცხული არ იყო, რომ საქმის შესრულების შემდეგ, თავად მე გავმხდარიყავი სამიზნე და მეც ჩემი მსხვერპლის კვალს გავყოლოდი. ხუმრობა ხომ არ იყო, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკობარონის ლიკვიდაცია უნდა მომეხდინა რიო-დე-ჟანეიროს კარგად დაცულ ოტელში, რომელიც განგსტერებისა და სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტებით იყო გატენილი.
– ხვალ მოსკოვში უნდა გადავფრინდე, ძვირფასო. დამირეკეს და მითხრეს, რომ რაღაც სარფიანი საქმე გამოჩნდა და ცოტა ფულს ვიშოვი, – ვუთხარი მერის, როდესაც „ძიასთან“ შეხვედრიდან დავბრუნდი.
– მალე ჩამოხვალ?
– ერთ კვირაში თუ არა, ათ დღეში ნამდვილად აქ ვიქნები.
– ფრთხილად, საყვარელო. ხომ იცი, რა არეული დრო დადგა და ხალხი როგორ გაგიჟდა. ღამით ქუჩაში გასვლას მოერიდე. ხომ გესმის და ხედავ, რას ლაპარაკობენ ტელევიზორში? მოსკოვი, თურმე, ყველაზე საშიში ქალაქია მსოფლიოში, იქაურობა მკვლელებითაა სავსე და შემთხვევით ვინმე ოხერს არ გადაეყარო, რამე შარში არ გაეხვიო, – დამმოძღვრა მერიმ მოსკოვში გამგზავრების წინ.
ყოფილ საბჭოეთის დედაქალაქში დიდხანს არ შევყოვნებულვარ, ორიოდე საათი „დომოდედოვო-2-ის“ აეროპორტის ბარში გავატარე, შემდეგ მოსკოვი-რიო-დე-ჟანეიროს სარეისო „ბოინგ-647-ში“ ჩავჯექი და რიოსკენ ავიღე კურსი, თერთმეტსაათიანი ფრენის მერე კი ამ ულამაზეს ქალაქში ჩავფრინდი და სასტუმრო „ჰილტონში“, ჩემს სახელზე დაჯავშნილ ლუქსში დავბინავდი. როგორც კი ნომერში შევედი, შხაპი მივიღე, შემდეგ ლოგინში ჩავწექი და, ისეთი მოქანცული ვიყავი, რომ ბალიშზე თავის დადებისთანავე მაგრად ჩამეძინა...
თვალი რომ გავახილე, ადგილობრივი დროით ღამის თერთმეტი საათი იყო. სწორედ ამ დროს იწყება რიოში ღამის სისხლსავსე ცხოვრება, რომელიც დილამდე გრძელდება. ოსტაპ ბენდერის საოცნებო ქალაქის გიჟური რიტმი დაახლოებით დილის 7-8 საათისთვის ცხრება და სიყვარულით, სასმლითა და აზარტით გამძღარი ადამიანები დასაძინებლად წვებიან.
მე ავდექი, შხაპი მივიღე, თეთრ სამოსში გამოვეწყვე და ქვევით ჩავედი, რომ სასტუმრო გულდასმით შემესწავლა და, შეძლებისდაგვარად, მისი მომსახურე პერსონალიც გამეცნო. ხუთ დღეში სწორედ „ჰილტონში“ უნდა შეკრებილიყვნენ ბობოლა ნარკობარონები, რომლებსაც ნარკობიზნესის გავლენის სფეროები უნდა გადაენაწილებინათ, მე კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მათი კოლეგა უნდა მომეკლა.
რიოს „ჰილტონი“ საუკეთესოა ამ ტიპის სასტუმროთა ქსელში მსოფლიოში და კოპა-კაბანას პლაჟის ფეშენებელურ ინფრასტრუქტურაში გამორჩეული ადგილი უკავია. მისი ქათქათა ფასადი ამ სასტუმროს სიმდიდრის მკაფიო გამოხატულებაა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ ისაა თანაბართა შორის პირველი. მე მეცხრე სართულზე ვცხოვრობდი, ჩემი „კლიენტის“ ნომერი ჩემს ქვემოთ, მერვეზე იყო დაჯავშნილი, შეხვედრები კი მეთორმეტე სართულზე მდებარე საკონფერენციო დარბაზში უნდა გამართულიყო. ნარკობარონთა შეხვედრამდე ეს საკონფერენციო დარბაზი პაციფისტებს ჰქონდათ დაქირავებული ერთი დღით და კონფერენციას ატარებდნენ. დარბაზის შესწავლის მიზნით ამ კონფერენციას დავესწარი და დავადგინე, რომ იქ „ობიექტის“ მოკვლა შეიძლებოდა, მაგრამ, იქიდან გამოსვლა იქნებოდა რთული. თუმცა, იქ შესვლა უკვე შეუძლებელი იქნებოდა იმ დროს, როდესაც იქ ნარკობარონები შეიკრიბებოდნენ. ამიტომ, დარბაზში მკვლელობის იდეა თავიდანვე უარვყავი და სხვა ალტერნატივების ძებნა დავიწყე.
„ჰმ, რას ნიშნავს, რომ მარტო ვმუშაობ – არც არავინ მეხმარება და არც არავინ მაზღვევს. ეჰ, რა სახელმწიფო დაშალეს და რა ძლევამოსილი სამსახური გააუქმეს?! თუმცა, საბჭოეთიც და „კაგებეც“ ჯანდაბას წაუღია, მთავარი ახლა ისაა, როგორ გამოვნახო „ობიექტის“ ლიკვიდაციის საშუალება“, – ვფიქრობდი გუნებაში, „ჰილტონის“ ვერანდაზე ვიჯექი და კამკამა ოკეანეს გავცქეროდი.
– ყავა მიირთვით, სენიორ, – ფიქრებიდან თეთრკბილებიანმა მულატმა გამომარკვია, რომელმაც მაგიდაზე ყავა დამიდგა, გამიღიმა და მკითხა, – რომელ თამბაქოს ინებებთ?
– კუბურ „იუმპანს“, – მივუგე მიმტანს, რომელმაც რჩეული სიგარა მომიტანა, თავადვე მომიკიდა და, ფეხის ქირა რომ მიიღო, ღიმილითა და მადლიერების გამომხატველი ფრაზებით დამშორდა.
სიგარა მოვქაჩე, შემდეგ ყავა მოვსვი და ჩემი რაიონის კომკავშირის პირველი მდივანი – ილია გამახსენდა, რომელმაც ზუსტად ასეთი გემრიელი ყავა დამალევინა თავის კაბინეტში...
დრო გადიოდა. ნარკობარონების შეკრებამდე ორი დღე იყო დარჩენილი. მე მოქმედების გეგმა შემუშავებული არ მქონდა და საქმე ჩაშლის პირას იყო. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მომეფიქრებინა რამე და, ქათქათა უნიფორმაში გამოწყობილი მულატი მიმტანის შემხედვარეს, თავში ერთი იდეა მომივიდა. ყავითა და სიგარით ნებივრობას რომ მოვრჩი, რიოს მთავარ ფოსტამტს ვეწვიე და ერთ-ერთი ელექტრონული შემნახველი საკნიდან ტყავის ჩანთა გამოვიღე, სასტუმროში დავბრუნდი, გავხსენი და იქიდან ორი ცალი მაყუჩიანი პისტოლეტი „სტარი“, ოთხი ცალი ცრემლსადენი პაკეტი, ორი ფლაკონი გასათიში პულვერიზატორი, ტყვიებით სავსე ოთხი კოლოფი და „ზაუერის“ ფირმის უმსუბუქესი და უზუსტესი, ასაწყობი სნაიპერული შაშხანა ამოვალაგე. მთელი ეს რეკვიზიტი ყოველი შემთხვევისთვის სავენტილაციო მილში დავმალე, კვლავ ქალაქში გავედი და მიმტანებისთვის განკუთვნილი სპეციალური უნიფორმა შევიძინე. შემდეგ სასტუმროს ერთ-ერთი მორიგის ოთახში შევიპარე, მის უნიფორმას „ჰილტონის“ საფირმო ნიშანი მოვხსენი, რომ ჩემს უნიფორმაზე მიმემაგრებინა. დანარჩენი „მონაგარიც“ სავენტილაციო მილში სხვა რეკვიზიტებთან ერთად დავმალე და ქვევით, ეგრეთ წოდებულ ოვალურ საცურაო აუზზე ჩავედი დასასვენებლად.
– მისტერ! ერთი წუთით ადგილზე დარჩით! მანსურ-ხანი მოდის და გაატარეთ! – „ჰილტონის“ ჰოლში ზორბა მამაკაცმა გამაჩერა და დამტვრეული ინგლისურით მითხრა, რომ ადგილზე დავრჩენილიყავი.
მე გავჩერდი და ევროპულ ყაიდაზე ჩაცმულ, მაღალ, შავგვრემან, წვერიან მამაკაცს გავაყოლე თვალი. ის წინ მიდიოდა, უკან კი ორი ჩადრიანი ქალი მიჰყვებოდა. სამეულმა ექვსი პირადი მცველისგან შემდგარი დერეფანი გაიარა, ლიფტში გაუჩინარდა და მეც გზა განვაგრძე.
მანსურ-ხანი ავღანელი ნარკობარონი იყო. ის ამ ქვეყნიდან ექსპორტირებული ნარკოტიკების ოთხმოცდაათ პროცენტს აკონტროლებდა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახლდათ. მანსურ-ხანს ძალიან დიდი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა თავის სფეროში, მის აზრს პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ. ის წარსულში ცნობილი საველე მეთაური იყო და საბჭოთა არმიის წინააღმდეგ მედგარი ბრძოლით გაითქვა სახელი. ავღანური წარმომავლობის მიუხედავად, მანსურ-ხანი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო და ლონდონში, უზარმაზარ კერძო მამულში ცხოვრობდა, საიდანაც თავის ნარკოიმპერიას მართავდა.
„ნარკობარიგები იკრიბებიან, ეს ორი ქალი კი, ალბათ, მანსურ-ხანის ცოლები არიან“, – გავიფიქრე გუნებაში და აუზზე ჩავედი.
იმავე დღეს ჩამოვიდნენ დანარჩენი ნარკობარონებიც, რომლებსაც პირად მცველთა მთელი არმიები ახლდათ. მათ შორის იყო ჩემი „ობიექტიც“, ის ათიოდე მცველით იყო გარშემორტყმული.
მიუხედავად იმისა, რომ „ობიექტის“ ლიკვიდაციის გეგმა უკვე დეტალურად მქონდა დამუშავებული და ყველაფერი ზუსტად გავიანგარიშე, მაინც ურთულესი ამოცანის წინაშე ვიდექი და, ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც კი შეეძლო მთელი საქმის ჩაშლა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში