კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობისმოყვარეობის ფასი

 

მეტისმეტად ცნობილი  იყო, რომ მისი პროფესიონალობა ასე ადვილად დაევიწყებინათ. მართალია, ხელი ანტიკვარიატით ვაჭრობას მოჰკიდა, მაგრამ ქალს ამის გაგონებაც არ უნდოდა. თვალებს ირონიულად ჭუტავდა და ჯიუტად იმეორებდა:

– მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, დამეხმაროთ...

საკმაოდ სიმპათიური არსება იყო: მაღალი, კარგი აგებულების, გრაციოზული, ლამაზი, მოციმციმე თვალებითა და აპრეხილი ცხვირით, თანაც, შესანიშნავად ჩაცმული. უზომოდ ქალური იყო, ამავე დროს, ძალიან საქმიანი.

– თქვენ ამბობთ, ნანობთ, კანონს რომ არღვევდით?! არ მჯერა.

– თქვენი ნებაა, მის დონაჰოუ, ვერაფრით დაგეხმარებით.

– არა, დამეხმარებით. წავიდეთ, რამე დავლიოთ. თან მოგიყვებით, როგორ უნდა ჩავიდეთ მემფისში და იქ რა უნდა გავაკეთოთ.

– თქვენ გაზეთს სხვა საქმე არ აქვს? თანაც, ჩემზე ამდენი საიდან იცით?

– ჩემო საყვარელო, – გაიცინა ქალმა, – ინფორმაციის მოგროვება ჩემი მოწოდებაა. მაგალითად, მე ისიც ვიცი, რომ თქვენს მეგობარ ქალს, ძაღლებს რომ აბანავებს, კეროლაინ კაიზერი ჰქვია და სადღაც ამავე ქუჩაზე ცხოვრობს. მე ხომ რეპორტიორი ვარ. „უიკლი გელექსს“ თქვენ სჭირდებით და გაწეული სამსახურისთვის კარგად გადაგიხდით. გასაკეთებელიც არაფერია – უნდა შეხვდეთ ელვის პრესლის საძინებელში და ფოტოები გადაიღოთ. ყველა ხარჯსაც ჩვენ ავანაზღაურებთ.

– თქვენ გინდათ, გრეისლენდში ჩავიდე და იმ ოთახში შევაღწიო, სადაც არავის უშვებენ? გრეისლენდი კერძო საკუთრებაა, მას კარგად იცავენ.

– თქვენ ფასი თქვით, – ქალმა სიგარეტს მოუკიდა და თვალები მოჭუტა.

– ოცდახუთი ათასი დოლარი... კიდევ ხუთი ათასი ხარჯებისთვის. დამხმარეებიც დამჭირდება...

***

მემფისში ჰოლი და ბერნი როდენბარი – ბანკების მძარცველი, პირველი კლასით ჩაფრინდნენ. ბერნი უარს არ იტყოდა, თუკი ჰოლი მისი მოხიბვლის ნებას მისცემდა, მით უმეტეს, რომ ქალი მთელი გზა მხარზე ეხუტებოდა და მაცდურად იღიმებოდა. მაგრამ, კაცის მხრიდან,  პირველივე შეთავაზებას მკაცრი პროტესტით შეხვდა.

– ჯერ საქმე, ჩემო ძვირფასო! ასე არ შემიძლია, ბერნი, ხვალ მძიმე დღე გვაქვს. ხომ არ დაგავიწყდა, ელვისთან რომ მივდივართ?

– ელვისთან რა გვინდა?! – ჩაიბურტყუნა ბერნიმ, – განა, მეც სულელი ვარ, მჯეროდეს, რომ ელვისი ცოცხალია? მკვდარია, ამას წყალი არ გაუვა.

– მაშინ, რატომ არავის უშვებენ მის საძინებელში? წარმოიდგინე, რომ ის იქ მშვიდად არის და თავის თაყვანისმცემლებს დასცინის. ეს ფოტოაპარატი სიბნელეშიც კარგად იღებს. ჩვენს გაზეთს არნახული წარმატება ელის.

გრეისლენდი მექაა ელვის პრესლის თაყვანისმცემლებისთვის: ამ ოთახში საუზმობდა... იქ ბილიარდს თამაშობდა... ეს მისი საყვარელი მაგიდაა და კვიპაროსის ხისგან საგანგებოდ დაამზადეს... მოოქრული თოკი სარკეებიანი კიბის პირველივე საფეხურს კეტავდა და მას მკაცრად სდარაჯობდნენ. სიგნალიზაცია და ვიდეოკამერებიც „ფხიზლობდნენ“. მეორე სართულზე არც ერთ ხორციელ არსებას არ უნდა დაედგა ფეხი...

ჰოლი და „მძარცველი“ ნომერში ისხდნენ და ლანჩს უღებდნენ ბოლოს.

– გეგმა უკვე გაქვს? – ჰკითხა ქალმა, – როგორ შეაღწევ მეორე სართულზე?

– არა, გრეისლენდი შეუვალია. ფორტ-ნოქსში შეღწევა გაცილებით ადვილი იქნება. ასე რომ...

 – არა, არა, უარს ვერ მეტყვი, შეხვალ და მეც თან შემიყვან.

– გამორიცხულია. ბილეთს ვიღებ და უკან ვბრუნდები. ორისთვის იქ შესვლა მეტისმეტად სარისკოა. მე ვცდი, მარტო... ფოტოებსაც მე გადავიღებ. კიდევ, დამჭირდება ვერტმფრენი თავისი მფრინავით, რომელიც ბევრს არ ილაპარაკებს.

– ეს უკვე საქმიანი ლაპარაკია, – გაიბადრა ქალი.

– ჰო. დაცვა უნდა გავართოთ. ამიტომ, პატარა წარმოდგენა უნდა მოვაწყო.

– მშვენიერია. „გელეკსი“ ისეთი გაზეთია, ასეთი წვრილმანები მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ფულზეც არ იქნება პრობლემა...

***

ხუთშაბათს ყველაფერი მზად იყო. მფრინავიც იპოვეს. რაც მთავარია, ბერნი როდენბარმა საჭირო ადამიანიც მოძებნა და საქმის ის მხარეც მოაგვარა, რომელიც მომხიბვლელი კორესპონდენტისთვის არ უთქვამს, თან გულში იღიმებოდა. იდეა არაჩვეულებრივი იყო. მის წარმატებაში თითქმის დარწმუნდა.

– აი, ფოტოკამერაც, – ჰოლიმ კამერა გაუწოდა, – ამით, თუ მოინდომებ, მაღაროშიც კი გადაიღებ ფოტოებს.

– ეს კარგია. თქენს გაზეთს წარმატება გარანტირებული აქვს.

– მეც მეშველება. უკვე დროა, ჩემი „ბეემვე“ გამოვცვალო და თანამდებობაც მომცენ. უბრალო კორესპონდენტობა აღარ შემეფერება.

იმ საღამოს ჰოლი უფრო „მოწყალე“ იყო და კაცს რაღაც-რაღაცეების უფლებაც მისცა, მაგალითად, ხელების ფათურის. თუმცა, ყველაზე საინტერესო მომენტში მაინც გაუსხლტა და ნომრიდან გაიქცა. თან მიაძახა – საჩუქარს მხოლოდ გამარჯვებულები იმსახურებენო. კაცს გაეღიმა. აღარაფერი უთქვამს. მისი პირადი ტრიუმფი მოსალოდნელი იყო. საკითხავი ის რჩებოდა, როგორ მოეწონებოდა ეს მის ჰოლის.

მეორე დღეს გრეისლენდში შეკრებილი თაყვანისმცემლები უცნაური სცენის მოწმენი გახდნენ. მამულს ვერტმფრენი მიუახლოვდა და რამდენიმე წუთით შენობის თავზე „დაეკიდა“. დაცვა გადაირია. მოარბენინეს კიბეები და სულ მალე სახურავი დაცვის თანამშრომლებით გაიჭედა. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მომენტით ისარგებლა და მეორე სართულისკენ გაიჭრა ყვირილით. „მე მიყვარხარ, ელვის!.. მე ახლავე მოვალ შენთან!..“ ერთი სიტყვით, გრეისლენდი დიდმა პანიკამ მოიცვა... მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მოხერხდა სიტუაციის ოდნავ ჩაწყნარება....

მეორე დღეს, საღამოს ხუთის ნახევარზე, ჰოლის ოთახის კარზე დააკაკუნეს... „მძარცველმა“ ისარგებლა იმ ნიჭით, რომელიც ღმერთმა უბოძა და კარი უხმაუროდ გააღო. ჰოლის საწოლზე გაშხლართულს ეძინა. გაღვიძების არანაირ სურვილსაც არ ამჟღავნებდა. ორი ჭიქა ცივი წყალი გახდა საჭირო მის გონზე მოსაყვანად. ერთიანად სველი, საწოლზე წამოჯდა და კაცს  თვალებაციმციმებული მიაჩერდა.

– აბა?

– მთელი ფირი გადავიღე.

– რაო, შეაღწიე შიგნით?

– რა თქმა უნდა! ფოტოებს რომ დაბეჭდავთ, მიხვდებით, როგორ გაგიმართლათ. ახლა კი ჩემი ჰონორარი მჭირდება.

– იქნებ, ფოტოფირი ცარიელია, ფული რომ აიღო და აორთქლდე?

– თქვენ რომ აორთქლდეთ?!

– არა, ასე არაფერი გამოვა, – თავი გააქნია ჰოლიმ, – ერთი ფოტო მაინც უნდა ვნახო... შენ კოჭლობ? პრობლემა იყო?

– აბა, რა სახურავიდან გადმოვხტი!

– ჩემი გმირი... – გაიცინა ჰოლიმ, – შენში არ შევმცდარვარ. კარგი, მიიღებ შენს ფულს. ახლავე დავრეკავ და გადმოვარიცხინებ შენს ანგარიშზე. თუმცა, ჩემი მხრიდან, ეს სერიოზული რისკია. ისე, მაინც რა ნახე იქ?

– არ ვიცი.

– არ იცი?

– ჰო, რატომ გიკვირს? იქ ხომ ისე ბნელოდა, იმ არეულობაში „ჩულანში“ დავიმალე. შუაღამისას გამოვედი და გადავიღე. სინათლეს ხომ არ ჩავრთავდი? შენთვის ამას რამე მნიშვნელობა აქვს?

– არა, – მხრები აიჩეჩა ჰოლიმ, – არანაირი! ახლავე დავრეკავ ჩემს ბოსთან...

***

ორი დღის მერე ბერნის თავისი საყვარლის, კეროლაინის კალთაში ედო თავი და ვისკის წრუპავდა.

– მაინც, როგორ მოიფიქრე? – ჰკითხა ქალმა.

– ხუთი ათას დოლარად ლიდსმა, ხომ იცი, ჩემმი პარტნიორი რომ არის ანტიკვარიატის საქმეში, სადღაც მოჩხრიკა ეგვიპტური სიძველეები. შესაფერისი ოთახი მოძებნა, შეათრია შიგ შვიდფუტიანი მიკი მაუსი და სარკოფაგი. მუსიკალური ავტომატიც დაამატა და – ესეც ელვისის საძინებელი... ეს რამდენიმე დღე შოკში იქნებიან... მერე გრეისლენდის ადმინისტრაცია და ელვისის მემკვიდრეები მოეგებიან გონს და ატყდება სკანდალი.

– ჰოლის არ გაუჭირდება მკვლელი დაიქირავოს. ის ამ აფერას არ გაპატიებს – ხომ იცი, რეპორტიორების ამბავი.

– ნუ გეშინია, ფისუნიავ... მე მას უკვე გავუგზავრე სიურპრიზი – საჩუქარი. ერთი ბოთლი „ბურბონი“, საგანგებოდ გაზავებული... ძალიან მოეწონება...

კეროლაინმა თვალები მოჭუტა:

– რა იყო?

– გული მწყდება...

– ჰოლიზე? დიდი საქმე, ერთი რეპორტიორით ნაკლები იქნება. ისე, მაგარი „ნაშა“ კი იყო...

– არა. ჰოლი არაფერ შუაშია... გული მაგაზე არ მწყდება... იქნებ, მართლა შესულიყავი იქ და ნამდვილი ფოტოები გადაგეღო?.. იქნებ, ის მართლაც იქ არის? ელვისი... ბარნი, შენ ხომ შეგიძლია ეს?

– კეროლაინ...

– ჰო, ვიცი. შენ ახლა ფიქრობ, რომ მეც ისეთივე გადარეული ვარ, როგორც ბევრი სხვა...

– არა, მე ვფიქრობ, რომ მალე ჰოლის დანამდვილებით ეცოდინება, მართლა მკვდარია ელვის პრესლი თუ გრეისლენდში, თავის საძინებელში ნებივრობს... მაგრამ შენ, კეროლაინ, ამას ვერ შეიტყობ, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით...

თარგმნა 

ნინო  წულუკიძემ

 

скачать dle 11.3