გალაქტიკების დაპყრობისთვის აუცილებელია... სექსი
„უახლოეს ას წელიწადში კაცობრიობა შეძლებს, ორგანიზება გაუკეთოს ნამდვილ გალაქტიკათაშორისო მოგზაურობას“, – ასეთი წარმოუდგენელი პროგნოზით გამოვიდა თავდაცვის სფეროში ამერიკის პერსპექტიული კვლევების პროგრამების სამმართველო (DARPA), რომელსაც ხშირად პენტაგონთან არსებულ „შეშლილი სწავლულების დეპარტამენტს“ უწოდებენ.
ახალი კოსმოსური იდეის შინაარსსაც და მასშტაბებსაც სწავლულები სკეპტიკურად შეხვდნენ. ეჭვების მთავარი მიზეზია სექსის შეუძლებლობა კოსმოსში. მოგზაურობა უახლოეს ვარსკვლავურ სისტემებამდე, ყველაზე მაღალი სიჩქარეებითაც კი, რომლებიც ადამიანს შეუძლია შექმნას და გაუძლოს, მრავალ ასეულ წელს საჭიროებს. ესე იგი, კოსმოსურ ხომალდზე უნდა დაიხოცოს და დაიბადოს ადამიანთა რამდენიმე თაობა და სწორედ ამიტომ ხდება რეპროდუქციის ამოცანა გადამწყვეტი ამ იდეის განსახორციელებლად.
„სექსით დაკავება და ბავშვის დაბადება გრავიტაციის არარსებობის პირობებში – ეს ხომ ნამდვილი ჯოჯოხეთია“, – ამბობს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი ათენა ანდრეადისი. ამასთან, ბავშვის წონა – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მისი ნორმალური განვითარებისთვის როგორც მუცლადყოფნის დროს, ასევე, მისი დაბადების შემდეგაც. მრავალი სწავლული ეჭვობს, რომ ჩასახვა დედამიწის გარეთ საერთოდ შეუძლებელია.
ყოველ შემთხვევაში, ზუსტად არის ცნობილი ერთი რამ: საერთაშორისო კოსმოსურ ორბიტაზე გატარებული თვეებიც კი სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს: ატროფირდება არა მარტო კუნთები, არამედ, დამანგრეველი ცვლილებები ხდება ჩონჩხშიც. რა თქმა უნდა, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ 100 წლის განმავლობაში კაცობრიობა გამოიგონებს „ხელოვნურ გრავიტაციას“, მაგრამ, ჯერჯერობით, ასეთი ტექნოლოგიები ძალიან შორეულ მომავალში შეიძლება დამუშავდეს.
ამას გარდა, ადამიანისთვის საშიშროებას წარმოადგენს ვარსკვლავთშორისი რადიაცია – შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ მისი ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგები, ზუსტი აღწერა ხომ – მით უმეტეს. ადამიანს კოსმოსში მრავალი დაბრკოლება და საფრთხე ემუქრება, რომელთა უმრავლესობა სწავლულებისთვის უცნობია.