ყველაზე გრანდიოზული ობსერვატორია
ოცდამეერთე საუკუნეში ერთ-ერთმა ყველაზე გრანდიოზულმა პროექტმა მეცნიერებაში, რომლის მიზანია სამყაროს არსებობის ადრეული ეტაპების შესწავლა, სტარტი აიღო ჩილეს უდაბნო ატაკამაში, ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის მოედანზე.
ატაკამის დიდი რადიოტელესკოპი ALMA წარმოადგენს უმსხვილეს და ურთულეს ტელესკოპს ასტრონომიული მეცნიერების ისტორიაში. მისი დანიშნულებაა იმ პროცესების შესწავლა, რომლებიც დიდი აფეთქების შემდეგ, პირველი ასობით მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, როდესაც ვარსკვლავთა პირველი თაობა ყალიბდებოდა. ასტრონომები მოელიან, მისი დახმარებით მიიღონ ახალი მონაცემები, რომლებიც ახსნიან სამყაროს ევოლუციის მექანიზმებს, ანუ, როგორც ერთ-ერთმა ასტრონომმა, დოქტორმა დიეგო გარსიამ განაცხადა, „ჩვენ შევძლებთ, დავინახოთ სამყაროს ფორმირების საწყისი ეტაპები, როდესაც წარმოიშვა პირველი გალაქტიკები“.
სწავლულებმა ახალი ტელესკოპით უკვე გადაიღეს იმ ორი გალაქტიკის ფოტოები, რომლებიც ერთმანეთს ახლო წარსულში შეეჯახნენ და უკან დატოვეს შემდგარი ვარსკვლავების კვალი, რომელიც მწერს წააგავს.
ამას გარდა, ამ გალაქტიკებში და მათი შეჯახების ზონაში აღმოჩნდა მკვრივი მოლეკულური ღრუბელი – ვარსკვლავების სამშენებლო მასალა, რომლის დანახვა „ჩვეულებრივი“ ტელესკოპით სრულიად შეუძლებელია.
ივლისში ობსერვატორიის ხელმძღვანელობამ განაცხადა ეგრეთ წოდებული „ადრეული მეცნიერების ფაზის“ დაწყების, – ანუ, ტელესკოპის გამოყენების შესახებ სამეცნიერო მიზნებისთვის. მის ოფიციალურ გაშვებამდე მეცნიერებმა დაახლოებით 1 000 პროექტი წარადგინეს, რომელთაგან ობსერვატორიამ მხოლოდ 100 მოიწონა.