კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14-41(563)

 

სახელოდაკაპიწებულმა დევიმ სუფრა პატარა მაგიდაზე გაშალა და ხელები მოიფშვნიტა:

– აბა, მოდი, ვივახშმოთ. ისეთი ჩაშუშული გავაკეთე... თემო, არ გესმის? მოეშვი მაგ ტელევიზორს!

– ცოტა ხანს მადროვე, რაღაც მაინტერესებს.

დევიმ ხელები ჭერისკენ აღაპყრო:

– რა არის თანამედროვე ადამიანის ცხოვრება – კოშმარი თუ ბედნიერება? ჩვენ ხომ ყველანი რაღაცაზე ვართ დამოკიდებულები, ნარკომანებივით. რა, არ გჯერა? მაგალითად, ტელევიზორი ავიღოთ. ჰო, რა გაოცებული მიყურებ, მაგ მოციმციმე ყუთზე გელაპარაკები. იცი, რამდენი ადამიანი ფიქრობს, რომ უტელევიზოროდ ცხოვრება არ არსებობს?! რა მოხდა – არ უყურებ და მორჩა, – რატომ უნდა იყოს ეს ტრაგედია? დიდი-დიდი, ის ვერ გაიგო, სად რა მასშტაბის კატასტროფა, სტიქიური უბედურება, ავარია მოხდა... ამით ცხოვრება ხომ არ დამთავრდება?! მაშინ, რატომ გვეშინია უტელევიზორობის?!

– ვინ გითხრა, რომ მეშინია? მაყურებინე, რა დაგემართა?

– უყურე, უყურე, ეგ შენი დოპინგია აბა, რას გეუბნებოდი?! შენც დამოკიდებული ხარ, ისევე, როგორც ბევრი სხვა. იმაზე არ გვიფიქრია, რომ ტელევიზორმა ადამიანები ერთმანეთს დააშორა?

– დევი, რა დაგემართა? უკვე მოასწარი და დალიე?

– არა. უშენოდ ხომ არ დავლევდი? გაცივდება ეს ყველაფერი. ტყუილად ვიწვალე?

– ჰო, კარგი, ხელებს დავიბან და მოვალ. – თემომ უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი და სააბაზანოსკენ გაემართა. უკან დაბრუნებულს დევიმ კონიაკით სავსე ჭიქა დაახვედრა. თემო მაგიდას მიუჯდა.

– დავლიოთ, არა?!

– დავლიოთ. იქნებ ცოტა დამილაგდეს გონება. ძალიან ვნერვიულობ. არ ვიცი, რა მემართება, მაგრამ, ემოციებს ვყვები. ეს საშინელებაა.

– ჰო, როგორ არა, საშინელებაა... ემოციები ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს. რა არის ამაში უცნაური ან ტრაგიკული?! თემო, პრობლემას იქ ნუ ეძებ, სადაც არ არის. დალიე კონიაკი და ცოტა მოეშვი. იცი, შენ რა გჭირდება? – ერთი კარგი დასვენება. აიღე შვებულება და წადი სადმე სამი-ოთხი დღით. ჰო, რას მიყურებ? ნუ გეშინია, ქვეყანა არ დაინგრევა.

– და ეს საქმეები ასე აწეწილი დავტოვოთ? – გამომწვევად ჰკითხა თემომ, კონიაკი მოწრუპა და შეაჟრჟოლა.

– კაკაოსავით ნუ სვამ. დალევა ხომ არ დაგავიწყდა? „ჩაშუშულიც“ გადაიღე. ტყუილად ხომ არ ვიწვალე.

– რაც გკითხე, იმაზე მიპასუხე.

– მოიცა, ახლა რა, არ არის აწეწილი? ნოდიას ცოლთანაც ვიყავით, მაგრამ, მაინც ვერ „დავალაგეთ“. ისევ იმას ფიქრობ, რომ არც დედა და არც შვილი დამნაშავეები არ არიან?

– საქმეც ეგაა, რომ ვერ გეუბნები. არ ვიცი, არაფერში არ ვარ დარწმუნებული.

– მეორე ჭიქის მერე უკეთესად გექნება საქმე, მესამეზე კი ზუსტად იტყვი, მკვლელი რომელმა დაიქირავა, დედამ თუ შვილმა.

– ხუმრობ, არა?!

– პირიქით, ვცდილობ, დაგეხმარო.

– მაგრად კი მეხმარები, ვერაფერს იტყვი.

– დიასახლისობაც კი შევითავსე, მეტი რა ვქნა?! – ყასიდად გაიოცა დევიმ და ჭიქები შეავსო, – ეს მეორე ჭიქაა... მესამეზე რაც ვთქვი, ხუმრობა არ ყოფილა, იცოდე ისე კი, იმ ქალს მეც კარგად მოვუსმინე და...

– და მიხვდი, რომ ქმარი სძულდა.

– ჰო. მაგას მიხვედრა არ სჭირდება, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. სასამართლოზეც თუ ასე ილაპარაკა, წასულია მაგის საქმე. ასე რომ, ტყუილად ნერვიულობ. მოამზადე მასალები და მიეცი პროკურატურას, რა გენაღვლება?

– მარტივად ლაპარაკობ...

– იმიტომ, რომ მარტივია. შენ კი ხელოვნურად ართულებ.

– შეიძლება, ორივე დაიჭირონ.

– შეიძლება, – დაეთანხმა დევი, – თუმცა, შეიძლება, მარტო შვილი დაიჭირონ, ან, მარტო დედა – ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია. გამორიცხული არ არის, ის გოგოც გვერდით მოუსვან.

– რომელი გოგო? ჰო, ვხვდები. მაგრამ, არა მგონია, მისი ბრალეულობა არ იკვეთება. მოტივიც დედა-შვილს მეტი ჰქონდა.

– მეტი, ნაკლები... – შეიჭმუხნა დევი, – მორჩი, რა, ეს საქმე, არ დაიღალე?

თემომ სულმოუთქმელად გამოსცალა ჭიქა და დევის გაუწოდა შესავსებად.

– აი, ეს მომწონს, – გახალისდა დევი, – გეუბნები, ზედმეტად მგრძნობიარე ხარ ამ საქმის მიმართ-მეთქი. დეისაძეზეც ასე გეგონა, მკვლელი არ არისო, მაგრამ, ჩასვეს და იხდის სასჯელს.

– მე ისევ მგონია, რომ დეისაძე მკვლელი არ არის, – გააპროტესტა თემომ, – რადგან დავნებდი, ეს არ ნიშნავს, რომ დარწმუნებული ვარ მის ბრალეულობაში.

დევიმ თავი გადააქნია:

– მე კი ვფიქრობ, რომ სულ ტყუილად იტანჯავ თავს.

– ისევ რომ მოხდება მკვლელობა, ამ სიტყვებს მაშინ გაგახსენებ.

– გამაკვირვე, – გაიცინა დევიმ, – მკვლელობები ხდებოდა და ისევ მოხდება, მნიშვნელობა არ აქვს, შენ როგორ გამოიძიებ საქმეს – ემოციურად თუ ემოციების გარეშე.

– ჰო, როგორ არა, – გამოაჯავრა თემომ, – მკვლელი ციხეში იჯდება თუ გარეთ თავისუფლად ისეირნებს, ამას არა აქვს მნიშვნელობა?

დევიმ კონიაკი გადაკრა და თემოს სერიოზულად შეხედა.

– მე ვხვდები, რასაც გულისხმობ. თუ გახსოვს, რაღაც მსგავსი ვარაუდი მეც მქონდა, მაგრამ...

– მაგრამ რა?

– ვცდებოდი.

– ცდებოდი?

– ჰო, ვცდებოდი. კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ასე არ არის, უბრალოდ, იყო რაღაც პატარა ნიუანსები, მაგრამ ნოდიას შემთხვევამ საპირისპიროში დამარწმუნა.

– ვერ გავიგე, რას ამბობ.

– აქ ისეთი სერიოზული მოტივი არსებობს, თვალს რომ ვერაფრით დახუჭავ. თუ ბერაძისა და იმ გერმანელ-ქართველის შემთხვევაში მქონდა რამე ეჭვი, ახლა ეს ეჭვი გამიქარწყლდა. შენც გირჩევ, ეჭვები მოიშორო, თავს ნუ იწვალებ.

თემომ კონიაკი კიდევ დალია და რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ თავი დააქნია.

– ჰო. ეჭვი საშინელებაა. ახლა მესმის მაკასი.

დევი შეიჭმუხნა:

– შენი მთავარი პრობლემა სწორედ ეგ არის.

– რა?

– შენი ცოლი. მაკასთან ურთიერთობა მოგვარებული რომ გქონდეს, გაცილებით მშვიდად იქნებოდი. რაღაც უნდა მოიმოქმედო.

– ახლა ზედმეტია ამაზე ლაპარაკი. ვერაფერს შევცვლი და, ვფიქრობ, ეს არც მაკას უნდა. რა აზრი აქვს მცდელობას, როცა იცი, რომ შემხვედრი ნაბიჯი არ იქნება?

– დათოს დაელაპარაკე, რაღაც ქენი. თუ გინდა მაკას დაბრუნება, თუ მის მიმართ გრძნობა ისევ გაქვს, ცდა ყოველთვის ღირს. მერე რომ არ ინანო.

– აზრი არ აქვს-მეთქი. მაკა ვერასდროს გათავისუფლდება ეჭვებისგან. ახლა რომც შევრიგდეთ, ძალიან მალე იგივე მოხდება.

– არა მგონია. მარიკა თითქმის გათხოვდა. შენს მდივანზე ხომ არ იეჭვიანებს? სასაცილოა.

– შენ გგონია, ეგ ხელს შეუშლის?! არ ვიცი, როდის და როგორ მოხდა მაკაში ეს ცვლილება, მაგრამ, უბრალოდ ეჭვიანი კი არ არის, ჩემ მიმართ უნდობლობა აკვიატებულ მანიად, იდეაფიქსად ექცა. შვილი რომ მაინც გვყოლოდა, ვეღარ მოიცლიდა ამაზე ფიქრისთვის. თუმცა, ვინ იცის. იქნებ, ასე უკეთესიც კია, – თემომ ხელი ჩაიქნია და კონიაკის ბოთლი თავისკენ მიაჩოჩა.

– შენს ადგილას, მე ერთხელ კიდევ ვცდიდი...

– ამას იმიტომ ამბობ, რომ ჩემს ადგილას არ ხარ, – მოიღუშა თემო.

– კარგი. გავჩუმდი. ერთ სიტყვასაც აღარ გეტყვი მაკაზე. მაგრამ, მაინც დაფიქრდი, კიდევ ერთხელ, კარგი?

თემომ არაფერი უპასუხა. კონიაკს წრუპავდა წარბშეკრული და თითქოს საერთოდ არც უსმენდა...

***

... ჩვეულ გეგმას არ მიჰყოლია. ეს რაღაც სხვა იყო, უფრო, სურვილს აყოლილი ქმედება, ვიდრე გონებით მომზადებული სამოქმედო ვარიანტი. არჩევანი ჰქონდა, იმ შემთხვევაში, თუ გონებას გაუშვებდა წინ... მაგრამ, ვერა, ის „ვიღაც”, შიგნით,  მასზე გაცილებით ძლიერი იყო. იმდენად ძლიერი, რომ გონების ხმაც, მისი უკანასკნელი გაფრთხილებაც ჩაახშო და ახლა მსხვერპლის კვალში ჩამდგარ ნადირს ჰგავდა, სისხლის სუნს რომ მიჰყვება ჟინმორეული და სხეულათრთოლებული, თანდაყოლილი ინსტინქტით წინასწარ რომ გრძნობს გამარჯვებას.

***

ნიკამ ამოიოხრა... არ იცოდა, რა ეთქვა პასუხის მომლოდინე გოგოსთვის. მარიკა თვალებმოჭუტული, გაბუსხული ტუჩებით მიშტერებოდა. თვალებში ცრემლჩამდგარი.

– ნიკა, უნდა ვიცოდე... რამე პრობლემა გაქვს?

– არა, მარიკა, არა, საიდან მოიტანე? არც მთვარეული ვარ, არც მაქცია და, საერთოდაც,  ერთი ჩვეულებრივი, ცოტათი დაბნეული ბიჭი ვარ, რომელსაც სიყვარულმა საერთოდ დააკარგვინა გონება.

– საუბრის თემას ნუ ცვლი, – მარიკა შეეცადა, ხმისთვის მკაცრი ინტონაცია მიეცა, – მე ეჭვით ვერ ვიცხოვრებ, არ შემიძლია.

– ეჭვი? ჩემში გეპარება ეჭვი? მარიკა, მე შენ მიყვარხარ, ძალიან, ძალიან მიყვარხარ... ზოგჯერ მეჩვენება, რომ სუნთქვაც კი მიჭირს ამ სიყვარულისგან.

– მე ეგ არ მიკითხავს... პასუხი იმ შემთხვევაზე უნდა მივიღო.

– ჰო, ვიცი. მეც მაინტერესებს ეგ ამბავი, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა. ყველანაირად შევეცდები, გავარკვიო. გპირდები. ახლა წავალ, კარგი?! 

მარიკამ ამოიოხრა.

– თუ წახვალ, მეც შენთან ერთად წამოვალ.

– სად? – გაუკვირდა ნიკას.

– არ ვიცი, სადაც მიდიხარ. მნიშვნელობა არ აქვს.

– მშობლებს რას ეტყვი?

– არაფერს. რა უნდა ვუთხრა? თქვენი გაცნობა არ უნდოდა და გაიპარა-მეთქი?

– შენ ხომ იცი, რომ ასე არ არის, ეწყინა ნიკას, – გინდა, ახლავე შეაძულო ჩემი თავი?

– არა, ეგ არ მინდა, მაგრამ, არ ვიცი, შენს საქციელს რა ახსნა მოვუძებნო, მართლა არ ვიცი.

 – მოკლედ, ორივე ცუდ დღეში ვართ. რა იდიოტური სიტუაციაა, ნერვები მეშლება.

– თემოს უნდა დაველაპარაკო. არა, უფრო სწორად, დევის.

– ჩემი მანქანის თაობაზე?

– ჰო. მეც შევეცდები, რამე გავარკვიო.

– არ შეიძლება, უბრალოდ, დავივიწყოთ ეს ამბავი? შენ ჩემი უნდა გჯეროდეს, უნდა დამიჯერო, რომ იმ შემთხვევასთან საერთო არაფერი მაქვს და არც შეიძლება, მქონდეს. არაფრით არ შეიძლება, არაფრით...

– მაშინ, რა მოხდა? ფაქტი უმთავრესია – მე ასე მასწავლეს... – მარიკამ თავზე იტაცა ხელები, – ყველაფერი ამერია. არც კი ვიცი, რა ვიფიქრო. მალე მამაჩემს მოთმინების ფიალა აევსება და კარზე მოგვიკაკუნებს... კიდევ უფრო უარესი იქნება, თუ ამას დედაჩემი გააკეთებს.

– მაშინ უნდა ვიჩქარო, – ნიკა წამოდგა.

– გვიანაა.

– რა?

– უკვე გვიანაა-მეთქი, – მარიკამ ბიჭს კარზე ანიშნა, რომელიც სწორედ იმ მომენტში გაიღო და ზღურბლზე ზურაბი აღიმართა.

– დედამ მთხოვა, შეგახსენოთ, რომ უკვე ყველაფერი გაცივდა.

– ჰო, მამა... უკვე მოვდივარ, მაგრამ ნიკას ეჩქარება და... – მარიკას ენა დაება.

– და... ვახშმად ვერ დარჩება? ცუდია. მაგრამ, თუ ეჩქარება...

– არა, საქმე მოიცდის, – თქვა მოულოდნელად ნიკამ და მარიკას ღიმილით შეხედა, – ჰო. გადავიფიქრე წასვლა. ისეთი მნიშვნელოვანიც არაფერია. უფრო სწორად, ამ ვახშამზე მნიშვნელოვანი არ არის.

გაოგნებული მარიკას თვალწინ ნიკამ მეგობრულად ჩამოართვა ხელი ზურაბს და მასთან ერთად გავიდა კაბინეტიდან. გოგოს ისღა დარჩენოდა, რომ უკან მიჰყოლოდა...

ნებისმიერ სიტუაციას მინუსებთან ერთად პლუსებიც აქვს. სანამ შენ თვითონ არ გასინჯავ, ვერაფრით მიხვდები, რომელ კერძს აქვს ცხარე, რომელს კი მოტკბო-მომწარო გემო. შეიძლება, სიმწარემ თვალებიც კი აგიწვას, მაგრამ, სამაგიეროდ, გეცოდინება, რა შეუკვეთო... თუ ერთხელ მაინც გამოიჭერთ საკუთარ თავს იმაში, რომ რამეზე დამოკიდებული ხდებით, აუცილებლად ჩაატარეთ ექსპერიმენტი, უარი თქვით მასზე და შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ! ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე სურვილის ტყვეობაში აღმოჩნდე და მონად გადაიქცე...

***

ნოდარ დევიძეს დერეფანში გადააწყდა. ახვლედიანის კაბინეტიდან რამდენიმე ნაბიჯზე... დევიძემ მისალმების ნიშნად ხელი აუწია და გვერდის ავლას აპირებდა, რომ თემომ მკლავზე მოჰკიდა ხელი.

– შენ უკვე იყავი იქ?

– ჰო. რა იყო?!

– შეიძლება, გავიგო, რატომ?

– უცნაური შეკითხვაა, მაგრამ, დღეს კარგ გუნებაზე ვარ და გიპასუხებ: გაუპატიურების საქმეს ვიძიებ.

– შენ?

– ჰო, რატომ გაგიკვირდა?

– იმიტომ, რომ დიდი ხანია, შენი გამოძიებული საქმე არ მინახავს.

– შხამიანი ენა გაქვს, პაპავა. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს კარგ გუნებაზე ვარ. რა ჩემი ბრალია, თუ ერთმანეთზე უარესი საქმეები მხვდება? შეიძლება ითქვას, საქმეების ნარჩენები. ყველაზე მსუყე ლუკმები, რატომღაც, შენ შეგხვდება ხოლმე.

– ვითომ? მაგ საქმეს როდის შემოდებ თაროზე?

– გეუბნები, ჩემი ბრალი არ არის-მეთქი. აი, ახლაც... დამნაშავე მიიმალა. გოგონა კი აღარ ჩივის. შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას?

– ისევე, როგორც შენ – საქმეს თაროზე შემოვდებდი.

– აი, ხომ ხედავ!

– ჰო, რა თქმა უნდა, – თემომ მეგობრულად მიუტყაპუნა მხარზე ხელი, სახეზე ღიმილშერჩენილ დევიძეს.

– შენ რა გენაღვლება, მე კი აქტიური მუშაობა მომენატრა – დამნაშავესთვის თვალებში ჩახედვა, მის კვალში ჩადგომა და...

– გეყოფა. იდეალური სიტყვებია დეტექტიური სერიალისთვის. წავედი. ორ საათში მეც ახვლედიანთან უნდა ვიყო, მანამდე კი უამრავი რაღაც მაქვს მოსაწესრიგებელი...

– მოიცადე! – დევიძეს თითქოს რაღაც გაახსენდა, – შენ რამე გინდოდა? – ისე საქმიანად გამაჩერე...

– მე საქმიანი ადამიანი ვარ... გაიცინა თემომ.

– ჰო, გეტყობათ, შენც და, განსაკუთრებით – შენს ძმაკაცს. ჩემი გაუპატიურებულის საქმეში ექსპერტად ეგ იყო, არ გითხრა?

– „ჩემი გაუპატიურებული“... – გაიმეორა თემომ, – გენიალურად ჟღერს. არა. არ უთქვამს. ეტყობა, განსაკუთრებული არაფერი იყო.

ნოდარმა ხელი ჩაიქნია.

– კარგი, წავედი, თორემ, იმდენს მოახერხებ, ნერვებს მომიშლი...

***

დევიმ ნებივრად მოიკალათა სავარძელში და კაბინეტში შემოსულ მარიკას ოვაციებით მიეგება:

– პატარძალო, მოხვედი? ვიფიქრე, უკვე თაფლობის თვე დაეწყო-მეთქი.

– სულაც არ ვარ ხუმრობის გუნებაზე.

– რატომ? გაცნობის ცერემონიალმა ცუდად ჩაიარა?

– პრინციპში, არა. მაგრამ... დევი, რატომ დამიმალე ნიკას მანქანის ამბავი? 

დევი მაშინვე დასერიოზულდა:

– როგორ გაიგე?

– ნიკამ მითხრა. ყველაფერი მომიყვა, ისიც, აქ რომ გყავდათ დათოსთან ერთად. მე რატომ არაფერი ვიცოდი?

– აბა, რა გითხრა? პაპავამ გადაწყვიტა ასე. ხომ იცი, საქმე მას მიჰყავს.

– რომელი საქმე, რომელიც უკვე დაიხურა? გამაგებინეთ, რა ხდება, კიდევ რა უნდა ვიცოდე და არ ვიცი?

– თუ ნიკამ გითხრა, რომ მისი მანქანა წყნეთის გზაზე მიმავალი და ჩამომავალი დაფიქსირდა, მაშინ, სათქმელი მეტი არაფერია.

– დარწმუნებული ხარ, რომ შეცდომა გამორიცხულია?

დევიმ მხრები აიჩეჩა:

– ეგ საპატრულოს ბიჭებს უნდა ჰკითხო.

– აუცილებლად ვკითხავ, თანაც, ახლავე.

– მოიცა, ნუ ჩქარობ. დარწმუნებული ხარ, რომ ნიკა არ გატყუებს?

– დარწმუნებული ვარ. უნდა გავიგო, რა მოხდა. ვფიქრობ, იქ რაღაც შეეშალათ. ვახო სად არის? მისი ნახვა მინდა.

– პაპავამ რაღაც დაავალა. ორ საათზე ახვლედიანთან გვაქვს ვიზიტი ნოდიას საქმის თაობაზე. დღეს, ალბათ, დამთავრდება ეგ ამბავი.

– გულახდილად რომ გითხრა, მე ნიკას მანქანის ამბავი უფრო მადარდებს და მაინტერესებს. ვერაფრით დავმშვიდდები, სანამ ყველაფერს არ გავარკვევ.

– მესმის შენი...

– არა, არ გესმის. რომ გესმოდეს, მანამდე მეტყოდი, სანამ მე თვითონ გავიგებდი ამას და რაღაც მინიშნებებით არ დამაბნევდი.

– მინდოდა, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე...

– ჰო?! მერედა, რატომ გადაიფიქრე?!

– ნუ მეჩხუბები, მარიკა. ძნელია, ვინმეს პირად საქმეში ჩაერიო. მით უმეტეს, თუ ის ვინმე შენთვის სულერთი არ არის.

– გმადლობ, მაგრამ, ეს ჩემს მდგომარეობას ოდნავაც ვერ ამსუბუქებს.

– ესეც მესმის.

– მოკლედ, წავედი. საპატრულოში უნდა გავარკვიო მანქანის ამბავი. ვახოს ტყუილად ველოდები, მაგისგან მაინც ვერაფერს გავიგებ.

– კარგი, წადი. თუ გინდა, გამოგყვები. თემოს მაინც ჯერ არ ვჭირდები.

– არ მინდა. მარტოც გავართმევ თავს. ძალიან მაწყენინე.

დევის სინანულით გაეღიმა:

– არ მინდოდა, გეფიცები.

მარიკამ გრაფინიდან წყალი დაისხა და დალია. მერე დევის შეხედა.

– კიდევ რა მოხდა?

– რომ თქვი, ძნელია, ვიღაცის პირად ცხოვრებაში ჩაერიოო, რას გულისხმობდი?

– ისეთს არაფერს. ზოგადად ვთქვი.

– ისევ რაღაცას არ ამბობ, – ამოიოხრა მარიკამ, – რა გაეწყობა, ვეცდები, მალე დავბრუნდე.

დევიმ მხრები აიჩეჩა და ტელევიზორის პულტი აიღო.

***

... მეშინია კიდეც, წარმოვიდგინო, რას დაემსგავსებოდა ჩვენი ცხოვრება, ერთ დღეს სასწაული რომ მოხდეს და ყველაფერი გაითიშოს. ყველა ტელეფონი ერთბაშად გამოირთოს – მობილურებიც და ჯერ კიდევ „შნურზე“ დაბმულებიც... გამოილიოს საწვავი ავტომობილებში, ჩაქრეს სინათლე... ინტერნეტზე აღარ არის ლაპარაკი... ამ ყოვლის შემძლე და ყოვლის მომცველ, უძლიერეს იარაღზე... არ თქვათ, რომ ეს ღვთის რისხვა იქნება, იმიტომ, რომ ვერავინ იტყვის, ღვთის ხელი ურევია მათ შექმნაში თუ ეშმაკის... იქნებ, არც ისე საშიშია ამ ყველაფრის გარეშე დარჩენა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს? ჩვენი წინაპრები ხომ ცხოვრობდნენ ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ არც ტელევიზორზე და, მით უმეტეს, არც ინტერნეტზე? სხვათა შორის, ბედნიერებიც იყვნენ, ჩვენზე უფრო ბედნიერები... იქნებ, არ გჯერათ და არ გინდათ, იცოდეთ, რომ მკვლელობის სურვილს ბევრ ადამიანში სწორედ ინტერნეტი და ტელევიზია ბადებს... ყოველ შემთხვევაში, კარგა ხანია ფსიქოლოგები, ამ დასკვნამდე მივიდნენ. ასე რომ, ცივილიზაციას სულაც არ აქვს ისეთი მომაჯადოებელი ხიბლი, როგორც თავს გვაჩვენებს.

***

ქალი ფეხზე იდგა, ახალგაზრდა კაცი სავარძელში იჯდა და დაძაბული ადევნებდა თვალს, როგორ სცემდა ის ბოლთას. მერე ერთბაშად გაჩერდა და ხელები ისტერიკულად აიქნია:

– ახლა კი ყველაფერი მორჩა, დამთავრდა შენი სისულელით....

– მე ვეცადე, – შეკამათება სცადა კაცმა.

– გაჩუმდი! შენი ბრალია, რომ ახლა კატასტროფის წინაშე ვდგავართ!

– ხომ გეუბნებოდი, გაფრთხილებდი... რატომ მიხვედი? მე ისე მიმყავდა საქმე, პრობლემას თავიდან ავიცილებდით. ახლა როგორ გინდა, დაამტკიცო, რომ ჩვენ არ გვინდოდა მისი სიკვდილი?

– შენ ფიქრობ, რომ ამის დამტკიცების აუცილებლობა იქნება?

– დედა! – წამოიყვირა კაცმა, – ილუზიებით როდემდე უნდა იცხოვრო? როგორ გგონია, ისინი აქ გუშინ რისთვის მოვიდნენ? ჩვენ მოვენატრეთ? მალე, ალბათ, დამაპატიმრებენ.

– შენ?

– ჰო, იმედი მაქვს, რომ მარტო მე.

– მაგით რისი თქმა გინდა? რომ, შეიძლება, ორივე დაგვაპატიმრონ?

კაცმა თავი დაუქნია.

– მამაშენი სიკვდილის ღირსი იყო და შენ ეს ჩემზე კარგად იცი. რომ არ მომკვდარიყო, ყველას დაგვინგრევდა ცხოვრებას.

– ეგ არგუმენტი სასამართლოსთვის შემოინახე – იქნებ გამოგადგეს, იქნებ მოსამართლეს გული აუჩვილდეს და გაგვამართლოს, – ჩაიცინა კაცმა, – დუმილს აზრი აღარ აქვს. თათიას უნდა დაველაპარაკო და ყველაფერი ავუხსნა.

– მოიცადე, გულს ნუ გაუხეთქავ გოგოს. იქნებ მოგვარდეს და დაწყნარდეს სიტუაცია.

– დედა, მაგიჟებ შენი გულუბრყვილობით, მაგიჟებ! რისი იმედი გაქვს? მორჩა-მეთქი ყველაფერი... მორჩა! თათია მაინც გაიგებს და, უმჯობესია, მე ვუთხრა. მართალია, მეეჭვება, რომ გამიგოს, მაგრამ, ნაკლები სტრესი ექნება.

ქალმა დაიგმინა და ხელები სახეზე აიფარა. 

– არა, არა, შენ ციხეში არ წახვალ... არა... ვიტყვი, რომ მე შევუკვეთე მკვლელობა!

 კაცმა თავი გადააქნია:

– და, შენ ფიქრობ, რომ ამით რამეს მიაღწევ? მარტო თქმა არაფერს ნიშნავს, უნდა დაამტკიცო კიდეც. მოგთხოვენ, რომ დაასახელო მკვლელის ვინაობა, როგორ დაუკავშირდი, ვისი საშუალებით, რამდენი გადაუხადე... სასამართლოზე დამაჯერებელი ვერ იქნები.

– შენ?

– რა – მე?!

– შენ შეძლებ, თავი დაიცვა?

– არ ვიცი. ადვოკატი უნდა ავიყვანოთ. მე არ მინდა, რომ გისოსებს მიღმა ორივე აღმოვჩნდეთ, არადა, საქმეს ასეთი სუნი უდის, – კაცი სკამზე  გადაკიდებულ პიჯაკს მისწვდა და მობილურიც აიღო.

– სად მიდიხარ?

– უნდა მოვასწრო და, სანამ ამიყვანენ, ადვოკატს დაველაპარაკო. შენ სახლში იყავი. მოვალ და თათიას ერთად დაველაპარაკებით.

– გადაირევა. შენს ცოლს ხომ იცნობ?

– სავარაუდოდ, ასე იქნება, მაგრამ, ამას გვერდს ვერ ავუვლით. ახლა მაინც ნუ შემიშლი ხელს და მაცადე, გავაკეთო ყველაფერი, რისი გაკეთებაც საჭიროდ მიმაჩნია....

***

მარიკამ პატრულ გოგონას ყავიანი ჭიქა გამოართვა და მადლიერების ნიშნად გაუღიმა.

– ძალიან მჭირდებოდა. კიდევ დიდი დრო უნდა?!

– არა. ახლა უკვე მალე მოვა და თვითონ დაელაპარაკეთ. აი, მოვიდა კიდეც.

მარიკამ ზორბა, შავგვრემან პატრულს გაუღიმა:

– თქვენი დახმარება მჭირდება.

– ვიცი, უკვე მითხრეს. თუმცა, ვერ ვხვდები, რატომ გახდა შესამოწმებელი ეს ინფორმაცია. ჩვეულებრივ, არ ვცდებით ხოლმე.

– დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ მინდოდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი.

პატრულმა მხრები აიჩეჩა.

– უცნაური ხალხი ხართ. კარგი, წამოდით და თავად დარწმუნდებით...

***

ნიკა თავზე წამოადგა დედას. ქალი აკურატულად ალაგებდა თავის ტანსაცმელს სამგზავრო ჩანთაში.

– მიემგზავრები სადმე?

– ჰო! – მოკლედ მიუგო იამ.

– ისევ კონფერენციაა?

– ჰო. დილით დამირეკეს. შენ გეძინა. წუხელ ნასვამი მოხვედი?

– ცოტა დავლიე. მარიკას მშობლები გავიცანი – მათთან ვიყავი, სახლში.

ქალს ოდნავ აუკანკალდა თითები, მაგრამ ტანსაცმლის ჩალაგებას მაინც განაგრძობდა. ნიკა გააღიზიანა მისმა მოჩვენებითმა სიმშვიდემ.

– რატომ არ მეკითხები, როგორ ჩაიარა ჩვენმა გაცნობამ?

– ვხვდები. მძინარეს ძალიან ბედნიერი სახე გქონდა, – თქვა ქალმა ისე, რომ თავი არ აუწევია.

– მართლა? უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, შენ რომ მყოლოდი გვერდით.

– მე არავის დავუპატიჟებივარ...

– რომ დაეპატიჟე, წამოხვიდოდი?

ქალმა მხოლოდ ამოიოხრა პასუხად.

– დედა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გარბიხარ... გესმის, დედა?

– არ გავრბივარ. კონფერენციაზე მივდივარ სამი-ოთხი დღით. რატომ გიკვირს, პირველად ხომ არ ხდება ასე?

– არა, მაგრამ, ახლა სხვანაირად მიდიხარ, 

– თავისი არ დაიშალა ნიკამ.

ქალმა ნაძალადევად გაიცინა?

– რას ნიშნავს „სხვანაირად“ მივდივარ?

ნიკამ თავი გააქნია:

– არ ვიცი... ნუთუ ეგ კონფერენცია ჩემზე უფრო მნიშვნელოვანია შენთვის? მეგონა, არ წახვიდოდი და ამ გადამწყვეტ მომენტში ჩემ გვერდით იქნებოდი.

– ოთხ დღეში ჩამოვალ... – ნელა გაიმეორა იამ.

– შეიძლება მარიკა, ხვალვე გადმოვიდეს ჩვენთან.

– მართლა? – უემოციოდ იკითხა ქალმა.

– შენ მე არ მისმენ.

– როგორ არა, გისმენ... ბინის დაქირავებას რომ აპირებდით?

– გადავიფიქრე. ჩვენც საკმაოდ დიდი ბინა გვაქვს და მარიკასთან ხომ, საერთოდ, დაიკარგები. თანაც არც იმდენი ფული გვაქვს, რომ ქირაში გადავყაროთ.

– მერე, მარიკა ჩვენთან ცხოვრებაზე თანახმაა?

– მგონი, კი... ყოველ შემთხვევაში, ბინის დაქირავებაზე ჩემნაირი აზრი აქვს. დედა, რა დაშავდება, რომ არ წახვიდე?

ქალმა თავი ასწია. ნიკას მოეჩვენა, რომ თვალებში ცრემლი ჰქონდა.

– დედა...

– არ შემიძლია... მართლა... ჩამოვალ და ყველაფერზე დავილაპარაკებთ. გპირდები.

ნიკამ შუბლზე მოისვა ხელი:

– გასაგებია... ოღონდ, იცოდე, რაც წეღან მარიკასთან დაკავშირებით გითხარი, რეალობაა...

ეს სიტყვებიც უპასუხოდ დარჩა. ქალმა სადღაც, ნიკას მიღმა გაიხედა და რაღაცას გაუღიმა... ბიჭი მიხვდა, რომ დედამისმა მისი ნათქვამიდან ნახევარიც კი ვერ გაიგო და აღიქვა. იმ სამყაროში, სადაც ქალი ცხოვრობდა, მისი ადგილი არ იყო...

***

მარიკამ უმწეოდ მიმოიხედა:

– თუ შეიძლება, წყალი დამალევინეთ...

– ცუდად ხომ არ ხართ?! ახლავე მოგიტანთ წყალს... რა ცუდი ფერი გაქვთ, – პატრულმა  მოუხერხებლად შეავსო ჭიქა წყლით. ნახევარი იატაკზე დაეღვარა... მარიკას მიუტანა და მაჯაზე მოჰკიდა ხელი.

– სასწრაფო დახმარებას გამოვუძახო? – იკითხა შეშფოთებით. მარიკამ თავი გააქნია. წყალი ნელა, პატარა ყლუპებად დალია და ჭიქაში ჩარჩენილი სითხე ჯერ ხელისგულზე დაისხა, მერე სახეზე მოისვა...

– გმადლობთ, ძალიან დამეხმარეთ...

***

დევიმ გადამრთველი გვერდზე გადადო და მარიკას შეშინებულმა შეხედა:

– ისეთი სახე გაქვს, თითქოს გზაში მოჩვენებას გადაეყარე. მარიკა, ცუდად ხარ? მოდი, დაჯექი... – დევი წამოხტა და გოგოს ხელი მიაშველა, – ხომ გითხარი, მარტო არ უნდა წასულიყავი. დარწმუნდი?

– ჰო. დევი, გამაგებინე, რა ხდება?

– არ ვიცი, საყვარელო. ჩემთვისაც ძალიან გაუგებარი ამბავია. შენთვის არ მითქვამს, მაგრამ, ძალიან ბევრი ვიფიქრე ამაზე. მით უმეტეს, მომხდარს უბედური შემთხვევის კლასიფიკაცია მიეცა. დასამალი რაღა უნდა იყოს?

– იმის თქმა გინდა, რომ ნიკა ჩემთან გულახდილი არ არის? კი მაგრამ, რატომ?

დევიმ ხელები გაშალა:

– საქმეც ისაა, რომ არ მაქვს მაგ კითხვაზე პასუხი. თუ რამე საქმე ჰქონდა წყნეთში და ავიდა, რა უნდა იყოს ამაში საშინელი?!

– დრო? დრო რომ ზუსტად ემთხვევა? თანაც, მიმტკიცებს, ზუსტად მაგ დროს აუზზე ვიყავიო... – უცებ მარიკამ შუბლზე იტკიცა ხელი, – რა სულელი ვარ, ხომ შემიძლია, მივიდე აუზზე და მისი ნათქვამი გადავამოწმო?

– არ გინდა. თემომ უკვე დაავალა ვახოს მაგის გაკეთება.

– მერე? – მარიკა დაიძაბა.

– მერე ის, რომ ნიკას სიტყვები ლამის მთელმა გუნდმა დაადასტურა, დათოზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

– მაშინ, მანქანა ათხოვა ვიღაცას და არ ამხელს.

დევიმ თავი დააქნია:

– ეგ უფრო სავარაუდოა და მაქვს კიდეც ერთი ვერსია. თუმცა, რადგან საქმე უკვე დაიხურა, ამის თქმას აზრიც აღარ აქვს.

– არა. მითხარი. ყველაფერი, ყველაფერი უნდა ვიცოდე.

დევიმ უცნაურად გაიღიმა:

– რა ვიფიქრე, იცი? ერთადერთი, ვისთვისაც შეიძლებოდა ნიკას მანქანა ეთხოვებინა და ახლა სწორედ მისი გამხელა არ უნდა, გარდაცვლილის ვაჟი, მიშა ჩილაჩავაა.

მარიკა დაფიქრდა:

შეიძლება... ჰო, ალბათ ასეა... აუცილებლად დავადგენ სიმართლეს.

– მე კი არ მინდა, რომ ეს ამბავი ბევრი ქექო.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ნიკა გიყვარს და მასზე გათხოვებას აპირებ. ზოგჯერ კი სიმართლე არც ისეთი სასარგებლოა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3