როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ქირია
ქირია (ქირი, ქორი), ისევე, როგორც ქორიძე, კაკაბაძე, გნოლიძე და სხვა, შედის იმ გვარებში, რომლებშიც ფუძედ ფრინველის სახელები ჩანს.
ქირიების ძირითადი და მრავალრიცხოვანი დასახლებები მდებარეობს ურეთის მთის გარშემო და მის სიახლოვეს მდებარე სოფლებში.
გვხვდება ტოპონიმი საქირიო – სოფელი ხამისკურსა და ხეტას შუა. ერქვა მეორე საქირიო. უწინდელი პირველი საქირიო ამჟამად უბანია ამ სოფლის გაგრძელებაზე, ხეთაში. საქირიო – უბნების სახით გვხვდება დიდი ნეძისის ტერიტორიაზე, ასევე, კახათში, ცაითში, ურთაში, დვანეთში, აბასთუმანში, ევში, ნაქრუაში, ლაზარგეთში, სადაც გადმოცემის მიხედვით, ქირიებს უცხოვრიათ.
სამეგრელოს რაიონშიც ერთ-ერთი გავრცელებული გვარია. ხობის რაიონში მეხუთე ადგილი უჭირავს, ზუგდიდის რაიონში კი – მეცხრამეტე.
საქართველოში 3 857 ქირია ცხოვრობს: ზუგდიდში – 2 070, ხობში – 698, თბილისში – 400. არიან სხვაგანაც.
დავითიშვილი – თვალდამწვრიშვილი – ბაგრატიონი
დავითიშვილი, ისევე, როგორც თვალდამწვრიშვილი, არის სამეფო გვარი – ბაგრატიონი.
თავის წიგნში, იოანე ბაგრატიონი აღწერს საქართველოს თავადაზნაურთა გვარებს და წერს: „თავადი დავითისშვილნი, არიან გვარით ბაგრატიონნი, რომელნიც აწ მოსახლეობენ ქრცხინვალის, კერძოდ, ნულის ხეობაში (შინდისში, კარბში, ფცაში, აბანოში). არიან ორ სახლად: ზაალისშვილებად და ელიზბარისშვილებად, ხოლო სხვანი, მდაბალნი ამათისა გვარისანივე, არიან ფცის მოსახლენი: შანშეშვილები და სხვანი კვლავ ლეონისშვილებად.”
„ბაგრატიონნი – გაიყარა რა ქართლის (კახეთის); ავგიორგის ძმის, ალექსანდრეს ძეს, დემეტრეს ჰყავდა ორი შვილი: დავითი და რამაზი. აქედან გაჩნდა გვარები: დავითიშვილი და რამაზიშვილი“.
ასე რომ, დღევანდელი დავითიშვილები და რამაზიშვილები არიან ბაგრატიონები.
შემდეგ დაიწყო სომხეთისა და რუსეთის მიერ ერთობლივად ქართული გვარების შეკვეცა. ბაგრატიონ-დავითიშვილი 1886 წლის აღწერიდან დავითიშვილებს წერდნენ დავიდოვად ან დავითოვად და ასე შემდეგ.
ქეშელაშვილი
ქეშელაშვილის ძველი გვარი ლომისაშვილი იყო.
გადმოცემის მიხედვით, ამ გვარის წარმომადგენლები მეფესა და მის მხლებლებს გამასპინძლებიან. მეფისთვის ღვინოს უწყენია და ხმამაღლა უთქვამს – ქვეშელაო, ანუ, მაწყინაო და მათთვის ამ დღიდან ქეშელაშვილები შეურქმევიათ.
საქართველოში 312 ქეშელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 201, კასპში – 55, რუსთავში – 21. არიან სხვაგანაც.
კუპრავიშვილი
ბატონი პაატა ცხადაია წერს, რომ კუპრავიშვილები იგივე კუპრეიშვილები, თავდაპირველად გურიაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი სამეგრელოში გადასახლებულან.
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კუპრა. ესაა ქართული სახელი, რომელიც ერთ დროს საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. „კუპრა“ მეგრულად „შავგვრემანს“ ნიშნავს.
საქართველოში 1 928 კუპრავიშვილი ცხოვრობს: სენაკში – 638, აბაშაში – 362, თბილისში – 301. არიან სხვაგანაც.
თაბუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თაბუ, თაბუა.
1721 წლის აღწერით, ივანე თაბუაშვილი მოიხსენიება სოფელ დიდ ენაგეთში.
საქართველოში 603 თაბუაშვილი ცხოვრობს: კასპში – 313, თბილისში – 161, გორში – 61.
არიან სხვაგანაც.
გიუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გიუა.
ქუბა გიუაშვილი 1699 წელს მოიხსენიება მიწის ნასყიდობის წიგნში, როგორც ერთ-ერთი მოწმე.
1721 წელს, კრწანისში მიხსენიება გოგია გიუაშვილი.
საქართველოში 156 გიუაშვილი ცხოვრობს: გორში – 74, თხილნარში – 35, ბორჯომში – 20 არიან სხვაგანაც.
გელდიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გელდია, რომელიც თურქული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „წყალობა მოვიდა“.
ბერი გელდიაშვილი მოიხსენიება სოფელ მოხისში, 1707 წლის პირობის წიგნში, რომელიც მისთვის არდაშელ ზებულისძეს მიუცია.
საქართველოში 494 გელდიაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 152, თბილისში – 107, ახმეტაში – 72. არიან სხვაგანაც.
კაკალაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კაკალა. ამავე ძირისაა გვარები: კაკალაძე და კაკალია.
„სოფელ თონეთში ნინია გარაძეს შვილს უნათლავს გიორგი კაკალაშვილი.”
„დიდ თონეთში, 1843 წელს მოიხსენიება ბადალა ლაპიაშვილი, იგივე კაკალაშვილი.”
საქართველოში 613 კაკალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 301, კასპში – 64, გურჯაანში – 52. არიან სხვაგანაც.
ზუმბაძე – სუმბაძე
ზუმბაძე და სუმბაძე ერთი და იგივე გვარია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სუმბატი. ამ სახელისგან ნაწარმოებია, ასევე, გვარები: სუმბათაშვილი, სუმბაძე, ზუმბაიძე.
საქართველოში 546 ზუმბაძე ცხოვრობს: თბილისში – 96, ახალციხეში – 87, ხარაგაულში – 79. არიან სხვაგანაც.
442 სუმბაძე: თელავში – 342, თბილისში – 67, ახმეტაში – 10.
დოდიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დოდია, რომელიც ტბეთის მონასტერშია მოხსენიებული.
„სოლოღაშვილ იესეს ღოუბანში ჰყოლია ყმა იორდანე დოდიაშვილი.“
ამავე ძირისაა გვარები: დოდაშვილი, დოდელია, დოდოლაშვილი, დოდუა.
საქართველოში 43 დოდიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 28, გორში – 7, გარდაბანში – 6. არიან სხვაგანაც.
გეორგაძე – გიორგაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გიორგი და მისი სახეშეცვლილი ფორმა – გეორგა.
1817 წლის აღწერით, სოფელ ბორბალოში, თავად ნინია სოლოღაშვილის ყმად მოიხსენიება ივანე გეორგაძე.
ამავე ძირისაა გვარი გიორგაძე.
საქართველოში 14 582 გიორგაძე ცხოვრობს: თბილისში – 2 798, ქუთაისში – 2 256, ვანში – 1 112. არიან სხვაგანაც.
გნოლიძე
გვარის ფუძეა მეტსახელი გნოლია.
გნოლი არის მომცრო ფრინველი, რომელიც კაკაბს წააგავს.
თონეთში მცხოვრებ გლეხს, გიორგი გნოლიძეს, 1830 წელს შეეძინა ქალი, რომელიც მონათლა მღვდელმა აბრამ თეთრაძემ და სახელად უწოდა ანა.
საქართველოში 239 გნოლიძე ცხოვრობს: გორში – 134, თბილისში – 97, თელავში – 2.
არიან სხვაგანაც.
ერასტიშვილი – რევაზიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ერასტი, რომელიც ბერძნულია და ქართულად საყვარელს, მოსაწონს, მშვენიერს ნიშნავს.
ერასტი ბარათაშვილი-იოთამიშვილი მოიხსენიება ვახტანგ მეექვსის მიერ ოთარ ბარათაშვილისადმი გაცემული ყმისა და მამულის წყალობის წიგნში.
ერასტიშვილი რევაზიშვილის შტო-გვარია.
საქართველოში ეს გვარი დღეს აღარ ჩანს.
საქართველოში 2 155 რევაზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 819, გორში – 194, მცხეთაში – 158. არიან სხვაგანაც.
გელიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გელიტა.
გიორგი გელიტაშვილი მოიხსენიება 1713 წლის წყალობის წიგნში.
ხაბაზი გელიტაშვილი 1736 წლის დახსნილობის წიგნშია მოხსენიებული, რომელიც ელიზბარ და სხვა სოლოღაშვილებს მელიქია საქუაშვილისთვის მიუციათ.
სოსია გელიტაშვილი, ოჯახითურთ, 1823 წელს მიხსენიება დიდ ენაგეთში.
ამავე ძირისაა გვარები: მგელიტაშვილი, გელუტაშვილი.
საქართველოში 346 გელიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 190, კასპში – 80, გურჯაანში – 53. არიან სხვაგანაც.
კოჭლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოჭლა.
ამავე ძირით ნაწარმოებია გვარი კოჭლავაშვილი.
მეჩვიდმეტე საუკუნეში, სატივეში ცხოვრობდა ქიტესა კოჭლაშვილი, რომელსაც ჰყავდა ერთი მოლაშქრე ვაჟი. ის მოხსენიებულია ზემო ზართლის სადროშოს აღწერის დავთარში.
საქართველოში 211 კოჭლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 93, გორში – 59, ახმეტაში – 28. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით