კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეიძლება ფუქსიისთვის ადგილის შეცვლა და როდის უნდა გაიტანოთ იუკა გარეთ

„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე ამჟამად ისაუბრებს ეპრეტენზიო  მცენარეებზე, რომლებიც არა მარტო იოლად მოსავლელები არიან, არამედ, სილამაზითაც გამოირჩევიან, ერთ-ერთი მათგანი კი ბევრ სასარგებლო საქმეშიც გამოიყენება.

 

– ფუქსიის სილამაზისა და ელეგანტურობის ძირითადი მაჩვენებელი არის მისი ყვავილები, რომლებიც თავისი ფორმით მოცეკვავე ბალერინებს მოგვაგონებს. ჰიბრიდული ფუქსია მარადმწვანე მცენარეა. 

– რთულად მოსავლელი მცენარეა ჰიბრიდული ფუქსია?

– ეს მცენარე არ არის რთულად მოსავლელი, მისი გაზრდა მოყვარულებსაც კი შეუძლიათ, ამიტომ მან იოლად დაიმკვიდრა ადგილი ოთახის მცენარეთა შორის. თუ გსურთ, რომ ფუქსია იოლად გაიზარდოს და კარგად იყვავილოს, ნახევრად ჩრდილიან ადგილას უნდა დადგათ. გაითვალისწინეთ, რომ ჩრდილოეთის მხარის ფანჯარაზე ჰიბრიდული ფუქსია ხანგრძლივად არ იყვავილებს. როგორც გითხარით, ეს მცენარე პრეტენზიული არ არის. ერთადერთი ჭირვეულობა შეიძლება გამოიხატოს მაშინ, როდესაც ყვავილობა დაეწყება და მცენარეს სხვა მხრისკენ შეაბრუნებთ. ამან, შეიძლება, გამოიწვიოს მცენარის კოკრებისა და ყვავილების ჩამოცვენა. დაიმახსოვრეთ, რომ ჰიბრიდული ფუქსია ყვავილობის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეაბრუნოთ  და ადგილი არ შეუცვალოთ. 

– ზამთრის დადგომისას როგორ მოვუაროთ ჰიბრიდულ ფუქსიას?

– ზამთრის დადგომისას მცენარეს შეუწყვიტეთ მინერალური სასუქის მიწოდება და წყლის შესხურებისგანაც თავი შეიკავეთ. ამ პერიოდში მცენარეს შეურჩიეთ განათებული ადგილი და, შესაბამისად, გრილი ადგილმდებარეობა. ზამთარში მისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 5-10 გრადუსი. მცენარეს გამოზამთრება თბილ ოთახშიც შეუძლია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ის ჩამოყრის ფოთლებს და მას ღეროები შესამჩნევად დაუგრძელდება, თუმცა, ამან არ უნდა შეგაშინოთ, გაზაფხულის დადგომისთანავე ძლიერად გასხალით და მთლიანად გაშიშვლებული ტოტები შეაჭერით – ეს ხელს შეუწყობს ახალი ყლორტების განვითარებას და უხვად ყვავილობას. გასხვლის შემდეგ მცენარე გადარგეთ ახალ ნიადაგში, რომლის ძირითადი შემადგენლობა ასეთი იქნება: თითო წილი ფოთლის მიწა, ტორფი, ქვიშა და ნაკელი. მოჭრილი ტოტები, შეგიძლიათ, დასაკალმებლად გამოიყენოთ. 

– როდის შევძლებთ ჰიბრიდული ფუქსიის გამრავლებას?

– კალმებით ამ მცენარის გამრავლება შეიძლება როგორც გაზაფხულზე, ისე ზაფხულში.  კალამი ძალიან მალე ფესვიანდება წყალში და, ასევე, დასაკალმებელ ექსტრაქტშიც. თუ გსურთ, რომ ფუქსიამ ბუჩქის ფორმა მიიღოს, ზაფხულში ახალგაზრდა მცენარეს თავები წააწყვიტეთ და ქოთანში ცალ-ცალკე ჩარგეთ. მცენარის გამრავლება შეიძლება თესლითაც. ამისათვის საჭიროა ხელოვნური დამტვერვა. თუ თქვენ გაქვთ სხვადასხვა ჯიშის ფუქსია, შეგიძლიათ, შეაჯვაროთ და ხელოვნური დამტვერვით სხვადასხვა ჰიბრიდი გამოიყვანოთ. 

– რაც შეეხება მცენარის მორწყვას?

– გაზაფხულზე და ზაფხულში ხშირად მორწყეთ. ამ დროს კარგია წყლის შესხურება და სუფთა ჰაერზე განიავებაც. თუ ბინაში აივანი გაქვთ, გაიტანეთ ჰიბრიდული ფუქსია და ინტერიერს გაგილამაზებთ, მაგრამ, მას გარე პირობებშიც არ უყვარს ადგილის შეცვლა. მცენარეს არ მოსწონს ორპირი ქარი და ოთახის განიავების დროს გამჭოლ ქარს უნდა მოარიდოთ. გაზაფხულზე და ზაფხულში ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ მინერალური სასუქი. ზამთარში მორწყვა შეამცირეთ. 

– რა დაავადება შეიძლება შეხვდეს ჰიბრიდულ ფუქსიას?

– დაავადებებიდან მცენარეს უჩნდება ტილი, თეთრულა, ობობა და ნაცარი, რომლის ქიმიური რეცეპტურა ყვავილების ნებისმიერ სპეციალიზებულ მაღაზიებშია.

– რას გვეტყვით იუკას შესახებ?

– იუკა ძალიან კარგი მცენარეა, რომელიც თავის სამშობლოში – მექსიკაში სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოიყენება. მისი ყვავილები შეიცავს ბევრ შაქარს, ფოთლებიდან კი კეთდება უნიკალური და ძალიან გამძლე ბაწარი. პირველი ჯინსის ნაჭერი სწორედ უხეში იუკას ძაფისგან მოქსოვეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლაც ამატებენ იუკას ძაფს, რათა ჯინსი უფრო მეტად გამძლე იყოს. ამ მცენარისგან, ასევე, ამზადებენ ქაღალდს და გამოიყენება სამკურნალოდაც. მთავარი კი, რისთვისაც იუკას ამრავლებენ, არის მისი ლამაზი ფორმა და არაჩვეულებრივი ყვავილები. „სპილოს იუკა“ ამ მცენარის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც დიდ ასაკში სპილოს ფეხს წააგავს. ეს იუკა საქართველოშიც არის და მისი შეძენა შეგიძლიათ ბოტანიკურ ბაღში და ჰოლანდიურ მაღაზიებში. იუკას ტანი დაფარულია პარაფინით, რაც ხელს უშლის აორთქლებას და ასეთ მდგომარეობაში გადააქვთ ქვეყნიდან ქვეყანაში და ავრცელებენ მის ნერგებს მთელ მსოფლიოში. თუ მისი ნერგის ყიდვას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ მცენარის ნერგი არ უნდა იყოს გამომშრალი და დრეკადი. ასევე, აუცილებელია, რომ არ ჰქონდეს შეპარული სიდამპლე. ამასთან კარგად დააკვირდით, რომელია ქვედა და ზედა მხარე. ეს საჭიროა მცენარის ჩარგვის დასაფიქსირებლად. მისი შეძენის შემდეგ ჩარგეთ წინასწარ გამზადებულ ქვიშიან და ტორფიან ნიადაგში. ჩარგვის შემდეგ მორწყეთ, ოღონდ, უხვად არა. ნერგი ერთ-ორ თვეში დაფესვიანდება და მიიღებთ სრულყოფილ მცენარეს. თუ თქვენს ხელში აღმოჩნდა იუკას ტანის ნაჭერი და არ იცით, რომელია თავი და რომელი – ბოლო, აიღეთ ეს ნაჭერი, ჰორიზონტალურად, ნახევარ სიმაღლეზე ჩარგეთ მიწაში და მორწყეთ. რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ მძინარე კვირტები „გაიღვიძებს“, რის შემდეგაც, შეგიძლიათ, დაფესვიანებული ნერგი მოაშოროთ დედა მცენარეს და გადარგოთ თავის მუდმივ ადგილას. 

– რთულია იუკას მოვლა?

– არც ეს მცენარეა პრეტენზიული. მას უყვარს წყლის ხშირი შესხურება. თუ ნიადაგი ცოტათი გამოშრა, იუკა არ დაზიანდება. მისთვის აუცილებელია კარგი დრენაჟი, რათა წყალი არ ჩაუდგეს ფესვებში. იმისათვის, რომ იუკას ფესვები კარგად განუვითარდეს, ქოთანში უნდა იყოს თავისუფალი ადგილი. სასურველია რეგულარულად მინერალური სასუქის მიცემა. იუკას ძალიან უყვარს მზიანი და განათებული ადგილი. გაზაფხულზე ძალიან კარგ შედეგს მიიღებთ, თუ გარეთ აივანზე გაიტანთ და წვიმის წყალი მოხვდება. ამ მცენარეს არ უყვარს ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა. მისთვის მინიმალური ტემპერატურა 5 გრადუსია. ხშირად დააკვირდით ფოთლების ძირებს. თუ შეამჩნევთ პარაზიტს, მაშინვე მოაშორეთ სისუფთავის დასაცავად. კარგია ფოთლების ხშირი გაწმენდა.

 

скачать dle 11.3