როდის უნდა ჩავაქროთ ავტომობილი დაუყოვნებლივ
მძღოლთა უმეტესობას ხელსაწყოების დაფაზე ნიშნულების ანთება აბნევს და საფიქრებელში აგდებს. ხშირად, ყოვლად უმიზეზოდ აჩერებენ მანქანას და ან პირიქით აგრძელებენ მართვას მაშინ, როდესაც ხელსაწყოების დაფა პირდაპირ „პანიკაშია”. როგორ უნდა გავიგოთ, რაზე „გვესაუბრება“ ავტომობილი, ამას მევლუდ მელაძე აგვიხსნის: ავტომობილის ხელსაწყოების დაფაზე სხვადასხვა ნიშნები რამდენიმე ფერად ინთება. წითლად ინთება იმ მოწყობილობათა, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს ეხება ისეთი დეტალების მწყობრიდან გამოსვლას, ავარიის საფრთხეს რომ შეიცავს, ან ავტომობილს შიგნიდან სერიოზულად აზიანებს. არის ხელსაწყოები, რომელთა ანთებაც ერთ კონკრეტულ პრობლემას მიანიშნებს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის რამდენიმე სხვადასხვა პრობლემაზე მიგვანიშნებს და ყველა უნდა გადამოწმდეს. მაგალითად, რკალში ჩასმული ორი ფრჩხილი და ძახილის ნიშანი, რომელიც ანთია, როცა ხელის მუხრუჭი ამოწეულია, შესაბამისად, მძღოლების დიდ ნაწილს მხოლოდ ამის აღმნიშვნელი ჰგონია. ეს ხელსაწყო აღნიშნავს, რომ სამუხრუჭე სისტემას სითხე დააკლდა. რა შემთხვევაში აკლდება სითხე სისტემას? თუ სამუხრუჭე ხუნდები ახალი გამოცვლილი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ სითხემ რაღაც მიზეზით გარეთ გამოჟონა. აუცილებლად უნდა გაჩერდეთ და დაათვალიეროთ მანქანის გარშემო ხომ არ გამოჟონა სითხემ. სითხე ასევე, შეიძლება დააკლდეს იმ შემთხვევაში, თუ ხუნდები გამოსაცვლელია. გათხელებულ ხუნდებს შორის დარჩენილ ადგილს სითხე ავსებს, რომელიც დგუშებით სამუხრუჭე ხუნდებს აწვება. ორივე შემთხვევა უნდა გადამოწმდეს, რადგან შესაძლოა, უცებ მუხრუჭმა აღარ დაგვიჭიროს, ეს კი სერიოზულ ავტოსაგზაო შემთხვევას გამოიწვევს.
– ყოფილა შემთხვევა, ხელის მუხრუჭი ჩამომიწევია, მაგრამ ხელსაწყო ისევ ენთო.
– ეს მაშინ ხდება, როცა ხელის მუხრუჭთან არსებული ინდიკატორი, რომელიც აფიქსირებს, რომ ბერკეტი ჩაწეულია, მწყობრიდან გამოვიდა. ეს ძალიან პრიმიტიული მოწყობილობაა და ხშირად გამოდის მწყობრიდან. ასე რომ, ამ ხელსაწყოსთვის ყურადღების მიქცევა აუცილებელია. წითლად ინთება სარწყავის ფორმის ხელსაწყო, რომელსაც წვეთიც ახატია. ეს ზეთის ხელსაწყოა და თუ ის აინთო, ნიშნავს, რომ ძრავას ზეთი აღარ მიეწოდება და ავტომობილი მაშინვე უნდა ჩააქროთ. ბევრი მიზეზია, რის გამოც შეიძლება, ზეთი დიდი რაოდენობით დაიღვაროს. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ მანქანა უნდა გააჩეროთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ჯიპი“ გყავთ და მკვეთრად ცალ მხარეს გააჩერეთ ან უგზოობაში გადახრილი მიდიხართ, ცოტა ხნით აინთება ეს ხელსაწყო. სხვა შემთხვევაში კი პრობლემას იმწამსვე სჭირდება რეაგირება. წითლად ინთება წყლის ადუღებაც. ზოგიერთ მოდელში კი, უბრალოდ, წითელ ნიშნულამდე მიდის ისარი. თუ სკალა საშიშ ზღვართან მივიდა, ავტომობილი უნდა გააჩეროთ. წითელი ხელსაწყო ნიშნავს, გადამეტებულ საფრთხეს და სვლის გაგრძელება არ შეიძლება.
– წითლად მიგვანიშნებს ხელსაწყო საწვავის გათავებისას.
– ძირითადად, ეს ხელსაწყო ყვითლად ინთება და ასეც უნდა იყოს. ყვითლად ინთება, ის ხელსაწყოები, რომელიც ნაკლებ საფრთხეს შეიცავს, მაგრამ პრობლემაში გარკვევა აუცილებელია. მაგალითად, იგივე წყლის პრობლემა შეიძლება სხვანაირად გამომჟღავნდეს. დაფაზე ყვითლად აინთოს რადიატორის ფორმის ხელსაწყო, რაც ნიშნავს, რომ სისტემას წყალი აკლია და თუ შორს მიდიხართ, წყალი უნდა დაამატოთ. ხელსაწყოების დაფაზე ყვითლად ინთება ძრავა ან პირდაპირ იწერება „CHECK ENGINE”, რაც მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ძრავას პრობლემა აქვს. რაღაც დეტალი გამოსულია მწყობრიდან, მაგრამ ავტომობილს მართვა უნარჩუნდება. „ჩეკი” საჭიროებს კომპიუტერულ დიაგნოსტიკას. ზოგჯერ „ჩეკი” შემთხვევით ინთება – რომელიმე სენსორმა ინფორმაცია არასწორად წაიკითხა. კომპიუტერზე „ჩამოყრამაც” შეიძლება უშველოს ამ პრობლემას.
ასევე, ხელსაწყოების დაფაზე ინთება მწვანე, ლურჯი და სხვა ფერის შუქიც, რაც სხვადასხვა რამეს აღნიშნავს. ქალი მძღოლების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ლურჯად ინთება შორს მაშუქი ფარები. დააკვირდით ამ ხელსაწყოს და ნუ დააბრმავებთ სხვა მძღოლებს.