როგორ მოვუაროთ ძაღლს შემოდგომის პერიოდში და რას უნდა მოვარიდოთ ის
რა უნდა გაითვალისწინოთ და როგორ უნდა მოუაროთ ოჯახის ოთხფეხა წევრს შემოდგომაზე, ამის შესახებ ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი გიამბობთ.
– შემოდგომის პერიოდში რა უნდა გაითვალისწინონ ძაღლის პატრონებმა?
– გეტყვით, რომ შემოდგომის პერიოდი თავისებურად განსხვავებული დროა და საკმაოდ ფრთხილად უნდა იყოთ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად იცვლება ამინდები, ეს კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე. შემოდგომის პერიოდში, განსაკუთრებით, ცივ და წვიმიან ამინდებს ვგულისხმობ, თავს იჩენს და მწვავდება არაერთი ქრონიკული დაავადება.
– რომელ დაავადებებს გულისხმობთ?
– მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა ართრიტები და სხვა სახის რევმატიული დაავადებები. ასევე, არ გამოირიცხება სხვა პრობლემებიც.
– რას უნდა მოვარიდოთ ცხოველი ამ პერიოდში?
– როგორც წესი, შემოდგომაზე ხშირია ცივი, წვიმიანი ამინდები. გახსოვდეთ, ასეთ ამინდში ცხოველი გარეთ არ უნდა გაიყვანოთ და გასეირნებას უნდა მოარიდოთ.
– კი მაგრამ, ცხოველს სუფთა ჰაერზე გასეირნება ხომ ისევე სჭირდება, როგორც ადამიანს?
– რა თქმა უნდა, სჭირდება, მაგრამ, არ არის საჭირო სუფთა ჰაერზე ძაღლი მაშინ გაიყვანოთ, როცა წვიმიანი ამინდია. ეს არც მისთვის არის სასიამოვნო და არც მისი პატრონისთვის. წვიმაში ერთხელ გასეირნებაც კი, შესაძლოა, არაერთი დაავადების მიზეზი გახდეს, რადგან დასველების შედეგად, შეიძლება, ძაღლი გაცივდეს და ეს გაციება გართულდეს ბრონქიტით, პნევმონიითა და ართრიტით.
– იმ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ცხოველი ეზოში ცხოვრობს?
– თუ ძაღლი ეზოში გყავთ, შემოდგომის პერიოდისთვის აუცილებელად უნდა მოუწყოთ ისეთი ადგილი, სადაც წვიმის და ცივი ამინდის დროს შეაფარებს თავს. ამით ის დაცული იქნება ამინდის მავნე ზემოქმედებისგან და, შესაბამისად, თავიდან აარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
– თავის დაზღვევის მიზნით, რას ურჩევთ ძაღლის პატრონებს, თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ მის გასეირნებას შედარებით დაბალი ტემპერატურის დროს ან წვიმის შემდეგ?
– თუ შემოდგომის წვიმიან ამინდში მაინც გადაწყვეტთ ძაღლის გარეთ გაყვანას, არ დაიზაროთ და სეირნობისას მას აუცილებლად ჩააცვით სპეციალური სამოსი, რომელიც მას დასველებისგან დაიცავს. ყოველივე ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ თავიდან ავაცილებთ მას მთელ რიგ გართულებებს. თუ არ გაქვთ აღნიშნული სახის სამოსი თქვენი ძაღლისთვის, ამ შემთხვევაში, სასურველია საერთოდ აარიდოთ თავი წვიმიან ამინდში მის გასეირნებას.
– თუ არის განსაკუთრებული ჯიშები, რომელთა გარეთ გაყვანა მსგავს ამინდში სამოსითაც არ არის რეკომენდებული?
– დიახ, ასეთი ჯიშები ნამდვილად არის. მაგალითად, გრძელბეწვიანი ჯიშის ძაღლები.
– რატომ?
– გრძელი ბეწვის დასველება ცივ ამინდში ძალიან ცუდად მოქმედებს ცხოველზე, რადგან ამ დროს ცხოველის ორგანიზმიდან ხდება დიდი რაოდენობით სითბოს გაცემა, რის ნიადაგზეც, ორგანიზმის გადაციების შედეგად, თავს იჩენს მთელი რიგი დაავადებებისა, მაგალითად: ბრონქიტები, სხვადასხვა სახის პნევმონიები, ართრიტები და ასე შემდეგ. თუ თქვენი ძაღლი მაინც ვერ დაიცავით ამ პრობლემებისგან, უნდა იცოდეთ, რომ ამ დაავადებებს თან ახლავს შემდეგი ნიშნები: ცხოველი მოწყენილია, ნაკლებად მოძრაობს, არ იღებს საკვებს, კანკალებს, ზოგადი ტემპერატურა მომატებულია, აღენიშნება ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი, ხველა. ხველის შედეგად კი, შეიძლება, ამოიღოს ქაფისებრი თეთრი მასა. აღნიშნული ნიშნების გამოვლინების დროს აუცილებელია ცხოველი სასწრაფოდ მიიყვანოთ ვეტერინართან, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები. ვეტერინარი გასინჯავს მას, ჩაუტარებს ზოგად და სპეციალურ გამოკვლევებს და დაუნიშნავს სათანადო მკურნალობას.
ასე რომ, იმედი მაქვს, რჩევებს აუცილებლად გაითვალისწინებთ და შემოდგომის პერიოდს ჯანმრთელად გადაატანინებთ თქვენს ძაღლებს.