რამდენ ათას ევროდ გაიყიდა თბილისელი მხატვრის დევიდ-დათუნას ნამუშევარი – „მონა ლიზა – პუტინი“ და რომელი გეგმის განხორციელებას აპირებს ის საქართველოს მთავრობის დახმარებით
მისი შემოქმედებით მსოფლიოს წამყვანი არტ-გალერეები და კოლექციონერები ინტერესდებიან. მისი ნამუშევრები მეფეების, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების პირად კოლექციებში ინახება. ის თანამედროვე ხელოვნების სრულიად ახალი მიმდინარეობის ავტორია და თავისი ინოვაციური პროექტებით მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. სულ ახლახან, წარმოშობით თბილისელი, დევიდ-დათუნას ნამუშევარი – პუტინის პორტრეტი 200 ათას ევროდ გაიყიდა. გარდა ამისა, მან კარლ ლაგერფელდის „შანელისთვის“ შექმნა ინსტალაცია და მოდის კორიფეს მოწონება დაიმსახურა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე და დევიდ-დათუნა ჟურნალ „თბილისელებისთვის“ ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში მოგვითხრობს.
დევიდ-დათუნა: დავიბადე ქალაქ თბილისში, ძველ ავლაბარში და შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მშვენიერი პერიოდია. 80-იან წლებში თბილისი იყო მომღიმარი სახეების, ბედნიერი ადამიანების, უზრუნველი ბავშვებისა და მოსიყვარულე მშობლების ქალაქი. მამა ტაქსის მძღოლი იყო. სწორედ მან ჩამინერგა ხელოვნების სიყვარული. კარგად მახსოვს, თავის ტაქსიში რომ ჩამსვამდა და საათობით მატარებდა საღამოობით თბილისის ქუჩებში, მიხსნიდა მის ღირსშესანიშნაობებს. სწორედ იმ დროს გადმომეცა მამისგან ჩემი ქვეყნისა და ქალაქის სიყვარული, რომელიც დღემდე შემომრჩა. ჩემი ცხოვრების განმავლობაში შემოვიარე მრავალი დიდი ქალაქი, თვეობით ვცხოვრობდი იქ, ვცდილობდი, გამეგო მათი ენერგეტიკა და დღეს, ამ გამოცდილებით, შემიძლია, დაზუსტებით ვთქვა, რომ არ არის დედამიწაზე თბილისზე მშვენიერი ქალაქი.
– სწავლობდით ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორ მოხვდით თბილისიდან ყუბანში და როდის დაინტერესდით მხატვრობით?
– 90-იანი წლების დასაწყისში დავიწყე სწავლა ყუბანის უნივერსიტეტში იურისპრუდენციისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მაგრამ ამას სრულფასოვან განათლებას ვერ დავარქმევ, რადგან წარჩინებული მოსწავლე არ ვყოფილვარ. ამ დროს, მთელი ჩემი გონება დაკავებული იყო ხელოვნებით. თუმცა, არასდროს მაინტერესებდა ტრადიციული ხელოვნება და ვეძებდი ახალ ფორმებს, რათა ზემოქმედება მომეხდინა ადამიანების ემოციებსა და გრძნობებზე. მაშინ ხელოვნებისადმი ასეთ მიდგომას ვერ იგებდნენ საბჭოეთში და ამიტომ, გადავწყვიტე, ამერიკაში წავსულიყავი და იქ მეპოვა ჩემი თავი.
– გაგიჭირდათ ადაპტაცია ამერიკულ ცხოვრების სტილთან?
– ამერიკაში ყველაფერი კარგად ამეწყო, რადგან იმ პერიოდში იქ უკვე ცხოვრობდნენ ჩემი მეგობრები და ნათესავები.
– გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ? მეუღლე, შვილი...
– დავოჯახდი, მეყოლა შვილი. ამჟამად განქორწინებული ვარ. მეზრდება მშვენიერი ბიჭი. პირველი მეუღლე ამერიკის მოქალაქე იყო, მეორე აუცილებლად ქართველი იქნება.
– ვიცით, რომ თქვენ ხშირად აწყობთ გამოფენებს ნიუ-იორკში, კიევში, მოსკოვში. ახლო მომავალში ხომ არ აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას და თუ გაქვთ ურთიერთობა საქართველოში მოღვაწე მხატვრებთან?
– ბევრ გამოფენას ვაწყობ მსოფლიოს მასშტაბით: მოსკოვში, ტორონტოში, ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზში, ტოკიოში, პეკინში, ბერლინში, მეხიკოში, მაიამიში, ლოს-ანჯელესში... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ არ მაქვს ურთიერთობა ქართველ მხატვრებთან. იმედი მაქვს, მომავალში, როდესაც პერსონალურ გამოფენას მოვაწყობ თბილისში, მათთან დავამყარებ ურთიერთობას.
– თქვენი ნამუშევარი ბარაკ ობამას პირად კოლექციაში ინახება – ამერიკის დროშა. მოგვიყევით ამის შესახებ, როდის გაგიჩნდათ იდეა, შეგექმნათ დროშა ოპტიკური ლინზებისა და შპრიცების გამოყენებით?
– მართალია, ჩემი ნამუშევარი არის ობამას პირად კოლექციაში. ის მივუძღვენი მისი პრეზიდენტობის მეასე დღეს. ნამუშევარი აწყობილია სათვალის ლინზებით და ეს შემთხვევით არ ამირჩევია: სათვალე არის სამყაროს ხედვა. ყველა ლინზა ჩემს ნამუშევრებში რეცეპტითაა გაცემული. არის მინუსი და პლუსი, როგორც ცხოვრებაშია დადებითი და უარყოფითი. მაგალითად, ჩემს გახმაურებულ ნამუშევარზე „მონა ლიზა – პუტინი” მასიურად მეკითხებიან, რა ვიგულისხმე პუტინთან დაკავშირებით – დადებითი თუ უარყოფითი. შემიძლია ვთქვა ზუსტად, რომ ჩემი დავალება, როგორც ხელოვანისა არის, ყველა ვაიძულო იფიქროს – უბრალოდ იფიქროს, რადგან ამ ნამუშევარს აქვს პლუსიც და მინუსიც, ადამიანებსაც აქვთ დადებითი და უარყოფითი შეხედულება – ყველას შეუძლია, იფიქროს და თავად გადაწყვიტოს რომელს მიაკუთვნოს, პლუსს თუ მინუსს.
– თქვენ მუშაობთ ნეო-პოპ-არტში – როდის დაინტერესდით თანამედროვე ხელოვნების ამ მიმდინარეობით?
– საერთოდ, უმეტესობა ჩემს შემოქმედებას ნეო-პოპ-არტად მიიჩნევს, მაგრამ ოფიციალურად განვაცხადე ნიუ-იორკში, ლონდონში და თქვენთანაც ვაცხადებ, რომ მე გახლავართ პირველი დიდი მხატვარი მსოფლიოში, რომელიც მუშაობს გლობალურ, კოლექტიურ აზროვნებაზე. მე, ფაქტობრივად, წარმოვადგენ ერთ-ერთ ახალ მიმდინარეობას არტ-მიმართულების ხელოვნებაში.
– ვიცით, რომ თქვენი ერთ-ერთი ნამუშევრის, რუსეთის ფედერაციის დროშის შეძენა რომან აბრამოვიჩს სურდა. როგორ დასრულდა ეს ისტორია?
– შარშან რომან აბრამოვიჩის წარმომადგენლებს სურდათ, შეეძინათ ჩემი ნამუშევარი – რუსეთის ფედერაციის დროშა. მაგრამ, ეს ნამუშევარი შეიძინა უმარ ჯაბრაილოვმა (რუსი მილიარდერი და რობერტო კავალის ახლო მეგობარი – ავტორი). რაც შეეხება რომან აბრამოვიჩს, ამჟამად ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები და ამას ახლო მომავალში შეიტყობთ.
– თქვენი ნამუშევრები ინახება მონაკოს პრინც ალბერ მეორის, კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერის პირად კოლექციებში. გვიამბეთ ამ ნამუშევრების შესახებ?
– თქვენი ჩამონათვალი სრული არ არის, სინამდვილეში ეს გავლენიანი ხალხის გრძელი სიაა. ჩემი მხრიდან არ იქნება ლამაზი მათი ჩამოთვლა, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი ხელოვნება არ არის დამოკიდებული რომელიმე გავლენიან ადამიანთა ჯგუფზე, რადგან ის თავისი არსითაა ძლიერი. მხოლოდ ერთი შემიძლია, გითხრათ, რომ ჩემი ნამუშევრები ბევრი გამოჩენილი ადამიანის, მათ შორის: ქვეყნის პრეზიდენტების, მინისტრების, პრინცების, მეფეების, მილიარდერების, ბიზნესმენების, დიდი კორპორაციებისა და კომპანიების დირექტორების კოლექციებშია.
– ელიზაბეთ მეორე, ლედი დიანა, ჟაკლინ კენედი, მერლინ მონრო... ამ ცნობილი ქალბატონების ინსტალაცია – პორტრეტები თქვენი ახალი პროექტია. რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ამ პროექტს?
– 2013 წლის ბოლოსთვის, ლონდონის ოლიმპიურ სასახლეში, იქნება გამოფენა ,,G 20” სახელწოდებით. გამოფენა მიეძღვნება დიდ ოცეულში შემავალ ქვეყნებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ ქვეყნების განვითარებაზე იმოქმედეს. გამოფენა გაიმართება უშუალოდ ყველა ამ ქვეყნის დახმარებით.
– თეფშების პროექტზე მოგვიყევით?
– ეს არის უნიკალური პროექტი, რომელმაც უკვე მოიარა მსოფლიოს რამდენიმე მუზეუმი. მათ შორის მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომლის დირექტორია ზურაბ წერეთლის შვილიშვილი, ვასილ წერეთელი. თეფშები ჩემთვის ადამიანების სულებია, ჭურჭლის სარეცხი მანქანა კი ჩვენი ცივილიზაციის, ტექნიკური პროგრესის შედეგი. თეფშების დამსხვრევით ამ მანქანაზე მე ვაჩვენებ თუ როგორ იმსხვრევა ადამიანის სულები, ვაიძულებ დაუფიქრდნენ თუ რა არის ამ ცხოვრებაში მთავარი და არსებითი.
– თქვენ თანამშრომლობთ არაერთ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან, მაგალითად, ფონდ „პეტრუშკასთან“, რომელიც რუსეთში მცხოვრებ უსახლკაროებს ეხმარება, ასევე მოდელ ნატალია ვოდიანოვას ფონდთან. გაყიდული ნამუშევრებიდან მიღებულ თანხებს მათ ანგარიშზე რიცხავთ. რა ადგილი უჭირავს ქველმოქმედებას თქვენს ცხოვრებაში?
– ქველმოქმედება უმთავრესი კრედოა ჩემი შემოქმედებითი საქმიანობისა. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ საქველმოქმედო ფონდებთან საქმიანობისას, შევიძინე უდიდესი გამოცდილება. შემიძლია, დავაინტერესო საქართველოს მთავრობა ჩემი გამოფენის შემდეგ, რომელიც 2012 წელს გაიმართება, შექმნას ხელოვნების საქველმოქმედო ფონდი, რომლის ძირითადი მიზანი იქნება საქართველოში მატერიალურად დაუცველი ნიჭიერი ბავშვების მხარდაჭერა და დახმარება. მათგან საუკეთესოს ექნება საშუალება, ჩემი დაფინანსებით სწავლა გააგრძელოს უცხოეთში. ამ თემაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნიუ-იორკში მცხოვრებ გავლენიან პირებთან, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის უშუალო ძალისხმევის გარეშე, ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელია.
– სულ ახლახან თქვენი ნამუშევარი: „მონა ლიზა – პუტინი“ 200 ათას ევროდ გაიყიდა. გვიამბეთ ამ ნამუშევრის შესახებ. ვიცით, რომ ის ლეონარდო და ვინჩის „ჯოკონდას“ პატარა ნიმუშებითაა აწყობილი და არის თუ არა ის თქვენი ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი?
– მქონია ნამუშევრები, უფრო ძვირად რომ გაყიდულა. ამასთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ 2012 წელს იხსნება ნიუ-იორკში ჩემი პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „ფეშენ რულზ ზე ვორლდ“. ის იქნება უდიდესი თავისი მასშტაბებით, რომლის ანალოგიც, ჯერ მსოფლიოში არ ყოფილა. ისინი, ვინც ამ გამოფენას აკეთებენ ჩემთვის არიან კურატორები, მსოფლიო გამოფენის არტ-სპეციალისტები, რომლებიც უკვე აწარმოებენ რამდენიმე მათგანის წინასწარ გაყიდვას (საწყისი ფასი 1 000 000 დოლარია). რაც შეეხება „მონა ლიზა – პუტინის” ნამუშევარს, ამაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. მხოლოდ დავამატებ იმას, რომ როგორც „მონა ლიზაა“ ამოუცნობი, ასევე ამოუცნობია პუტინიც. ამიტომ გავბედე და დავუსვი კაცობრიობას კითხვა: ვინ არის პუტინი? ოფიციალური მონაცემებით, ეს ნამუშევარი ნახა 300 000 000-ზე მეტმა ადამიანმა. ესე იგი ჩემმა იდეამ გაამართლა.
– მნიშვნელოვანია თუ არა თქვენთვის გამოფენაზე მოსული ადამიანების რეაქცია? ვიცით, რომ დიდ ყურადღებას აქცევთ ემოციებს და თქვენი ნამუშევრები ადამიანებს დააფიქრებს.
– ყველაზე მთავარი ჩემს ნამუშევრებში, არის ის, რომ ვაიძულო ადამიანი იფიქროს, დაინახოს ჩვეულებრივი ნივთები ცოტა სხვა კუთხით. მგონი მე ამას მივაღწიე.
– რა ან ვინ არის დევიდ-დათუნას მუზა შემოქმედებაში?
– მუზის მნიშვნელობამ დღევანდელ, თანამედროვე ხელოვნებაში, ცოტა არ იყოს ინტერპრეტაცია შეიცვალა. ის ძველ მუზას აღარ ჰგავს. დღეს მუზა ჩემთვის ადამიანის ცარიელი და სულელური თვალებია. ჩემი სურვილია თუნდაც ცოტათი მაინც შევცვალო ეს სამყარო და მუზას პირვანდელი სახე დავუბრუნო.
– ფოტოზე ხართ გადაღებული ჰოლივუდის ვარსკვლავ ლიუსი ლიუსთან. თუ იცნობთ მას და სხვა ცნობილ ვარსკვლავებთანაც თუ გაქვთ რაიმე შეხება? ისინი თუ იცნობენ თქვენს შემოქმედებას?
– ბევრს ვიცნობ, ბევრთან ვმეგობრობ, ასევე ბევრს აქვს კოლექციაში ჩემი ნამუშევრები.
– რას გვეტყვით თქვენი ჰობის შესახებ, რით ხართ დაკავებული თავისუფალ დროს?
– ძალიან ბევრს ვმუშაობ და თავისუფალი დრო ცოტა მაქვს. მაგრამ, ამ ცოტა დროს მაქსიმალურად ვატარებ ჩემს შვილთან. სულ ახლახან ერთად ვიყავით „ამერიკის ღია პირველობაზე“ ჩოგბურთში.
– ზოგადად თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ?
– 2012 წელს გაიმართება ჩემი გამოფენები პოლონეთსა და უკრაინაში. ხელისუფლების თხოვნით, მე ვუხელმძღვანელებ რიგ გლობალურ არტ-პროექტს, ხოლო 2012 წელს მექნება დიდი გამოფენა ნიუ-იორკში. 2013 წლის ბოლოსთვის კი დაიწყება უდიდესი გამოფენა ლონდონში „G 20”. გარდა ამისა მივიღებ მონაწილეობას არტ-ფესტივალებში: ართბეიზელი, ართბეიზელ მაიამი ბიჩი, არმორი ენ ვაი, ართ ჰონკონგი, ლოს-ანჯელეს ართ შოუ. სურვილი მაქვს გავაკეთო დიდი პერსონალური გამოფენა თბილისში და პროგრამის ჩარჩოში მივიზიდო მთელი მსოფლიოს და საქართველოს ახლო მეზობელი ქვეყნების ინტერესი. საერთოდ, ვფიქრობ, რომ თბილისი, ეს არის იდეალური ადგილი ყოველწლიური არტ-ფორუმის გასამართავად. ასევე, დავამატებ, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია საქართველოს პრეზიდენტის ნების გარეშე. ამიტომ, მაქვს იმედი, რომ დიალოგი შედგება და ჩვენი ყველა გეგმა განხორციელდება.