როგორ იძია შური მამის მკვლელობისთვის 25 წლის ქართველმა გოგონამ
1971 წლის 31 დეკემბერს მოსკოვში, კუტუზოვის შესახვევში მდებარე სამსართულიანი, ფეშენებელური სახლის ბოლო სართულზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად მოედო მთელ შენობას. საახალწლო ზეიმის მომლოდინე მობინადრეები, ახალი წლის დადგომამდე ორი საათით ადრე, ქუჩაში გამოეფინენ და ეს ისტორიული შენობა ხანძარმა თვალის დახამხამებაში, სულ რაღაც, 50 წუთში გაანადგურა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა მეხანძრეებმა მესამე სართულის ბინაში საშინლად დანახშირებული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მილიციის საგამოძიებო ჯგუფმა კი პირველადი მოკვლევის ოქმში დააფიქსირა, რომ ჩადენილი იყო განზრახ მკვლელობა.
1972 წლის 1 იანვარს მოსკოვის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელსაც გამოცდილი გამომძიებელი, პავლე გელოვანი უძღვებოდა. საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული მოკვლევისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების შედეგად, დადგინდა, რომ მოკლული 51 წლის ანტონ როზნერი გახლდათ. ის იმავე ბინაში ცხოვრობდა, სადაც მისი გვამი იპოვეს. მარტოხელა იყო და საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა უფროს გამომძიებლად მუშაობდა. როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა დაადგინეს, ანტონ როზნერი კაპრონის თოკით იყო საწოლზე მიბმული, რომ არ ეყვირა პირში ჩოგბურთის ბურთი ჰქონდა ჩაჩრილი და სხეულზე კი, მკვლელს ბენზინი გადაუსხამს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდებია... როზნერის ცხედარი უკიდურესად იყო დანახშირებული და გადაბუგულ ოთახში ვერც კაპრონის თოკი იპოვეს და ვერც ჩოგბურთის ბურთი, მაგრამ, პათანატომებმა ასეთი დასკვნა იმიტომ გააკეთეს, რომ კაპრონის თოკის დამდნარი ნაწილაკები მოკლულს დანახშირებულ სხეულზე აღმოუჩინეს, ხახაში კი – დანახშირებული ჩოგბურთის ბურთის ნაშთები იპოვეს. გარდა ამისა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ როზნერს თავის ქალის მძიმე, დახურული ტრავმა ჰქონდა მიყენებული. ანუ, ბოროტმოქმედმა ჯერ მძიმე, ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავში როზნერს და გონება დააკარგვინა, შემდეგ კი კაპრონის თოკით მიაბა საწოლზე, პირში ჩოგბურთის ბურთი ჩაჩარა, ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა. გარდა ამისა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა როზნერის ბინაში კარის საკეტი შეამოწმეს და დაადგინეს, რომ ის სრულ წესრიგში იყო. ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ მასპინძელმა ან თავადვე გაუღო კარი მკვლელს, ან მესამე პირმა, რომელსაც როზნერი იცნობდა. დანახშირებულ ბინაში მილიციის ოპერმუშაკებმა ინსულინის ჩასაწყობი ლითონის კოლოფი აღმოაჩინეს, რომელიც, მართალია, ხანძრისგან ძალიან დეფორმირებული იყო, მაგრამ მისი ნამდვილობა მაინც დადგინდა. კოლოფი საწოლის ქვეშ ეგდო და სავარაუდოდ, ის მკვლელს ეკუთვნოდა, რადგან გაარკვიეს, რომ როზნერი ამ წამალს არ ხმარობდა. ექსპერტების დასკვნით, ინსულინის ეს სახეობა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა განსაკუთრებული სახეობას ენიშნებოდა. ასეთ დაავადებულებს სახესა და ზურგზე წითელ-ყვითელი ლაქები აქვთ, ამიტომ, ოპერმუშაკებმა ამ განსაკუთრებული ნიშნების მქონე ადამიანის ძებნა დაიწყეს, რადგან ვარაუდობდნენ, რომ როზნერი შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმით დაავადებულმა ადამიანმა მოკლა.
სასამართლოს შეცდომა
ანტონ როზნერის მკვლელობა პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი გენერალურ პროკურორს, რუდენკოს. მან პირადად დაიბარა გელოვანი და უთხრა:
– პაველ გეორგიევიჩ, ანტონ მოისეევიჩ როზნერის მკვლელობის გახსნა ჩვენი მუნდირის ღირსების საქმეა და თქვენი დიდი იმედი მაქვს...
გელოვანი ჩვეული პროფესიონალიზმით შეუდგა როზნერის მკვლელობის გამოძიებას. 3 იანვარს ოპერატიულმა თანამშრომლებმა 39 წლის ვილენ კარპოვი დააპატიმრეს და მოსკოვის პროკურატურაში მიიყვანეს დაკითხვაზე. ის როზნერის შორეული ნათესავი იყო. მას შაქრიანი დიაბეტის განსაკუთრებული ფორმა სჭირდა და სწორედ ისეთ ინსულინს ხმარობდა, რომლის ლითონის კოლოფიც მოკლულის ბინაში იპოვეს. მას სახესა და ზურგზე წითელ-ყვითელი ლაქები აღმოაჩნდა. როზნერის საქმეში იყო ერთი დეტალიც, მის გადაბუგულ ბინაში მილიციამ ვერ აღმოაჩინა როზნერის ტაბელური პისტოლეტი – „მაკაროვი“. იმის გამო, რომ დამწვარი სახლი ჩანგრეულ-ჩაფერფლილი იყო და მხოლოდ იმ ოთახის იატაკი გადაურჩა დანგრევას, სადაც როზნერის ცხედარი აღმოჩნდა, გამომძიებლების აზრი ორად გაიყო. უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ იარაღი დამწვარი სახლის ნანგრევებში დაიკარგა. გელოვანი კი არ გამორიცხავდა, რომ „მაკაროვი“ მკვლელმა გაიტაცა...
კაბინეტში მიყვანილ ვილენ კარპოვს პავლე გელოვანმა ჰკითხა:
– სად იმყოფებოდით 1971 წლის 31 დეკემბერს, საღამოს 8-დან 11 საათამდე?
– საკუთარ სახლში. ვიწექი და მეძინა, – ლაკონურად მიუგო გელოვანს კარპოვმა.
პროფესიით მხაზველი, 39 წლის ვილენ კარპოვი, ცოლთან გაშორებული იყო და მარტო ცხოვრბდა. ის შაქრიანი დიაბეტის განსაკუთრებული ფორმით იყო დაავადებული და როზნერის ნათესავი გახლდათ დედის მხრიდან. მათ ერთმანეთთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ და კარპოვი ხშირად აკითხავდა როზნერს ბინაში. ამიტომ, კარპოვს როზნერის მეგობრებიც კარგად იცნობდნენ. ვილენ კარპოვი უკიდურესად გაოცდა, როდესაც შეიტყო, რომ როზნერის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი და ამიტომ გელოვანს უთხრა:
– რას ბრძანებთ, ამხანაგო გამომძიებელო? ანტონ მოისეევიჩი ჩემი ნათესავი იყო და მას მე როგორ ან რატომ მოვკლავდი?!
მილიციამ ეჭვმიტანილი კარპოვის ბინაც გაჩხრიკა და მართალია, იქ როზნერის ტაბელური „მაკაროვი“ ვერ აღმოაჩინა, მაგრამ კომოდის უჯრაში როზნერის ბინის გასაღები იპოვეს.
– როზნერის ბინის გასაღებს თქვენთან რა უნდოდა? – ჰკითხა გელოვანმა კარპოვს, რაზეც ეჭვმიტანილმა მშვიდად მიუგო:
– გასაღები ანტონ მოისეევიჩმა მომცა. მხაზველობის პარალელურად, მე მხატვარიც ვარ. დამწვარი ბინიდან მდინარე მოსკოვის თვალწარმტაცი ხედი იშლება და იმას ვხატავდი. სწორედ ამიტომ მომცა მან მე თავისი ბინის გასაღები. როგორც იცით, ის ცხონებული ძალიან დაკავებული ადამიანი იყო. დილით ადრე გადიოდა, საღამოს კი გვიან ბრუნდებოდა სახლში. ეს არის და ეს.
– თუ იცოდით, რომ მოკლულს ტაბელური იარაღი ჰქონდა?
– რა თქმა უნდა, ვიცოდი. „მაკაროვს“ ის ბალიშის ქვეშ ინახავდა. ერთხელ ვკითხე, რად გინდა-მეთქი. მან კი მითხრა, ყოველი შემთხვევისთვისო.
სამსაათიანი ინტენსიური დაკითხვის შემდეგ გელოვანმა კარპოვი უბრალოდ დააკავა. მეორე დღეს კი განმეორებით დაჰკითხა და მის უდანაშაულობაში რომ დარწმუნდა, გაათავისუფლა. მაგრამ, გამოცდილი ქართველი გამომძიებელი ამ საქმეს ჩამოაშორეს და მის ადგილზე მოკლული როზნერის გაზრდილი, გამომძიებელი სტეპან კროტოვი დანიშნეს, რომელსაც კოლეგები ზურგსუკან „ყასაბს“ უწოდებდნენ. ის პატიმართა ტანჯვა-წამებით იყო ცნობილი და ამის წყალობით, საქმეების გახსნის ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა.
კროტოვმა ვილენ კარპოვი დააპატიმრა და ექვსსათიანი დაკითხვის შემდეგ, დანაშაული აღიარებინა. ერთი კვირის შემდეგ კი, კროტოვმა ეს საქმე სასამართლოს გადაუგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არც ერთი პირდაპირი სამხილი არ არსებობდა, ხოლო ერთადერთი და ძალიან საეჭვო ნივთმტკიცება, როზნერის ბინის გასაღები იყო, კარპოვს დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი მოსკოვში, ბუტირკის ციხეში, სულ რაღაც, თვე-ნახევარში მოიყვანეს სისრულეში.
როზნერის მკვლელობაში ბრალდებული და დახვრეტილი კარპოვის განაჩენის აღსრულებიდან ორი თვის შემდეგ, ლენინგრადში 46 წლის იური მერკულოვი მოკლეს. ის მოსამართლე იყო. მისი სხეული 8 ტყვიით იყო დაცხრილული. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მოკლულს 6 ჭრილობა სასიკვდილო ჰქონდა. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, იური მერკულოვი ანტონ როზნერის ტაბელური „მაკაროვით“ იყო მოკლული, ანუ, იმ იარაღით, რომელიც როზნერის ბინიდან ხანძრის შემდეგ გაუჩინარდა. როდესაც ეს მონაცემები გენერალურ პროკურატურაში მოვიდა, გენერალურმა პროკურორმა რუდენკომ განრისხებული ტონით თქვა:
– უდანაშაულო კაცი დახვრიტეთ. მკვლელობა ისევ გაუხსნელია! სასწრაფოდ განაახლეთ ეს საქმე და ძიება გელოვანმა გააგრძელოს. კროტოვი კი თვალით არ დამენახვოს...
„ყასაბი“ კროტოვი სამსახურიდან გააგდეს. ძიება კვლავ პავლე გელოვანმა განაახლა. ცხადია, სასამართლოს შეცდომის გამოსწორება ვეღარ მოხერხდებოდა, მაგრამ დახვრეტილი კარპოვის რეაბილიტაციაზეც კი არავის უფიქრია...
დადიანის საქმე
როგორც კი როზნერის საქმე კვლავ პავლე გელოვანს გადასცეს, მან შურისძიების ვერსია წამოსწია წინა პლანზე და ლენინგრადში მოკლული იური მერკულოვისა და მოსკოვში მოკლული ანტონ როზნერის საქმეები გაერთიანდა. მერკულოვი და როზნერი ძველი კოლეგები იყვნენ. მოსამართლეობამდე მერკულოვმა რვა წელიწადი მოსკოვში იმუშავა და როზნერის თანაშემწე იყო, შემდეგ კი ლენინგრადში გადავიდა და მოსამართლე გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ როზნერი გამოცდილი და დამსახურებული გამომძიებელი იყო, კორუმპირებულ პროკურორთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა და არაერთი ადამიანი ჰყავდა გამწარებული. გელოვანმა იცოდა როზნერის ამ თვისების შესახებ და სწორედ ამან აიძულა, განახლებული ძიების საქმეში მთავარ ვერსიად შურისძიება დაეყენებინა. ქართველი პროკურორი ვარაუდობდა, რომ როზნერისა და მერკულოვის მკვლელი მათი ერთობლივი რვაწლიანი მუშაობისას გამწარებული ერთ-ერთი პატიმარი ან მისი ახლობელი იყო. ამიტომ, გელოვანმა იმ საქმეების შესწავლა დაიწყო, რომლებშიც როზნერს და მერკულოვს ერთად ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა. ასეთი საქმე კი 87 აღმოჩნდა, რაც საერთო ჯამში, 300 ტომს მოიცავდა და 60 ათას ფურცელზე მეტი იყო... მაგრამ, გამოცდილი ქართველი გამომძიებელი არ შეუშინებია ამ სირთულეს და ხელქვეითებთან ერთად, არქივებს ჩაუჯდა. საქმეების შესწავლის შემდეგ, გამომძიებელმა ცხრა საეჭვო საქმე ამოარჩია და მათ შესწავლას უფრო გულდასმით შეუდგა.
ამორჩეული საქმეებიდან გელოვანის განსაკუთრებული ყურადღება მალხაზ დადიანის საქმემ მიიპყრო. მოსკოვის ტრიკოტაჟის ფაბრიკის მთავარი ინჟინრის, 50 წლის მალხაზ დადიანისა და მისი ორი მეგობრის, იმავე ფაბრიკის ინჟინრების – ასლან შამბასა და გივი ლომიძის საქმეს, როზნერი და მერკულოვი იძიებდნენ. დადიანი ძიების პერიოდში გარდაიცვალა მწვავე ინფარქტით, შამბა და ლომიძე კი დახვრიტეს. გამოძიება მათ სახელმწიფო ქონების დატაცებაში ადანაშაულებდა და 2 მილიონ 950 ათას მანეთს ედავებოდა – სხვადასხვა მაქინაციის შედეგად ბანკიდან გამოტანილი ფული ერთბაშად გაუჩინარდა. ამ საქმის ძიება 1968 წელს დაიწყო და 1971 წელს დასრულდა. დადიანი 1970 წლის 31 დეკემბერს, როზნერის მკვლელობამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, ციხეში გარდაიცვალა. მორიგემ პატიმარი გულგახეთქილი იპოვა ბუტირკის ციხის ერთადგილიან საკანში. სიკვდილის მიზეზად ექსპერტიზამ მწვავე ინფარქტი დაასახელა. შამბა და ლომიძე კი 1971 წლის 1 თებერვალს დახვრიტეს იმავე ციხეში. საქმე დაიხურა და არქივს გადაეცა. თუმცა, 2 მილიონ 950 ათასი მანეთის კვალი გაქრა და საქმეში ჩაიწერა, რომ ეს უზარმაზარი თანხა დადიანმა, შამბამ და ლომიძემ გაფლანგეს. ამიტომ, მათი ქონების კონფისკაცია მოხდა და საქმეც დაიხურა...
დადიანის საქმის შესწავლამ და უდიდესმა გამოცდილებამ პავლე გელოვანი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მალხაზ დადიანი მოკლეს, მკვლელობის მიზეზი კი ბანკიდან გამოტანილი 2 მილიონ 950 ათასი მანეთი იყო. გამომძიებლის აზრით, ეს თანხა ერთი ადამიანის მიერ იყო დატაცებული და ის, მისი აზრით, მოკლული ანტონ როზნერი უნდა ყოფილიყო. ქართველი გამომძიებლის ინფორმაციით, ყველაზე ბოლოს დადიანი ცოცხალი სწორედ როზნერმა ნახა, რომელიც მას ციხეში ეწვია დაკითხვაზე. გამომძიებლის წამოსვლიდან რამდენიმე საათში კი პატიმარს ინფარქტი მოუვიდა.
ყვითელი ჩემოდნები
უდიდესი გამოცდილების მიუხედავად, პავლე გელოვანი მხოლოდ 33 წლის, მარტოხელა, გამომძიებელი იყო. დადიანის საქმის შესწავლისას, მან დაადგინა, რომ გარდაცვლილ მალხაზ დადიანს ერთადერთი ქალიშვილი, 25 წლის ლია დარჩა, რომელიც მამის ქონების კონფისკაციის შემდეგ, ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩა. პავლემ დაადგინა, ასევე, რომ ლია თბილისში დაბრუნდა და მამამისის მამიდაშვილთან, ნოდარ ჯიქიასთან დასახლდა, რომელიც სოლოლაკში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ლია გაუთხოვარი იყო და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. პავლე გელოვანმა ლიას დაკითხვა გადაწყვიტა და საქართველოს დედაქალაქში გაემგზავრა. მაგრამ ლიას მამის მამიდამ პავლეს უთხრა, რომ გოგონა სამი თვის წინ მოსკოვში გაემგზავრაო. მიუხედავად ამისა, პავლე გელოვანმა ლიას სურათი მოიპოვა და როდესაც ის დახვრეტილ ვილენ კარპოვის მეზობლებს უჩვენა, მათ მასში ვინმე ანა გოგოლაძე ამოიცნეს, რომელიც ადრე ბინას მათ სახლში ქირაობდა.
– მდა, – ჩაილაპარაკა პავლემ, როდესაც ის დაკითხულის სახლიდან გამოვიდა, – როგორც ვფიქრობდი, ყველაფერი ისე მოხდა. ლია დადიანი გოგოლაძის გვარით ცხოვრობდა და სწორედ მან „გაუჩალიჩა“ კარპოვს დახვრეტა.
მიუხედავად იმისა, რომ გელოვანი ყოველდღე აბარებდა პროკურორს ძიების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს, მან მაინც ბევრი რამ დაუმალა თავის უფროსს. მთავარი კი ის იყო, რომ გელოვანს არავისთვის გაუმხელია 2 მილიონ 950 ათასი მანეთის ძებნის შესახებ. ეს ფული, მისი აზრით, ანტონ როზნერს ჰქონდა გადამალული და დარწმუნებული იყო, რომ ლია დადიანი ამ ფულის კვალს ადგა. ამიტომ, გელოვანმა ჯერ ლია დადიანი მოძებნა, რომელიც მოსკოვში, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შემდეგ ფარული თვალთვალი დაუწესა გოგონას და 1972 წელს 1 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც გოგონამ კურსკის ვაგზლის ავტომატურ შემნახველ საკანში ორი ყვითელი ჩემოდანი შეინახა, ლია დადიანს გასასვლელთან დაეწია და ჰკითხა:
– თქვენ ლია დადიანი ხართ?
– დიახ, რაშია საქმე?
გელოვანმა გოგონას თავისი სამსახურებრივი მოწმობა უჩვენა და უთხრა:
– ხუთი წუთის წინ ¹1089 საკანში თქვენ ორი ყვითელი ჩემოდანი შეინახეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მათში 3 მილიონ მანეთამდეა. გთავაზობთ ან შუაზე გავიყოთ ეს თანხა, ან აქვე დაგაპატიმრებთ...
ნახევარი საათის შემდეგ გელოვანი და დადიანი თბილისის მატარებელში ჩასხდნენ და საქართველოს დედაქალაქში გამოემგზავრნენ. ერთი თვის შემდეგ კი ისინი ჯერ თურქეთში გადავიდნენ, იქიდან კი ამერიკაში, თან უზარმაზარი ქონება წაიღეს.
ცოლ-ქმარი ლია დადიანი და პავლე გელოვანი დღესაც ცოცხლები არიან და ახალ ზელანდიაში ცხოვრობენ...