რატომ არის ოთო ნემსაძე ნორჩი და ქორფა და ვისმა მენჯმა გაუჩინა „მაზოლი“ ვაჟა მანიას
მათი წარმატება „ჯეოსტარიდან“ დაიწყო და დღეს ვაჟა მანია და ოთო ნემსაძე ყველას უყვარს. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან და მიუხედავად ამისა, ბევრი საერთოც აქვთ: ორივე საოცრად ნიჭიერი, კეთილი, თბილი და ძალიან კარგი ადამიანია. მათ გვერდით ყოველთვის დადებითი ენერგიით იმუხტები და არასდროს იწყენ. ამ ინტერვიუს ჩაწერისასაც სამივე კარგად გავერთეთ და იმედია, მკითხველიც იხალისებს. ოთომ ოთარ რამიშვილთან ერთად (მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე), ტკბილი და თბილი სიმღერა ჩაწერა. ვაჟა ამჟამად ორ კლუბში მღერის და ამავდროულად, ბერკლიში გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება.
– ორივეს გაქვთ ქარიზმა და გამორჩეულად უყვარხართ მაყურებელს.
ოთო: რაღაც მამაკაცური მოდის ჩვენგან და ამას ყველა გრძნობს. ჩვენი მამაკაცურობიდან გამომდინარე, დარბაზში უხილავი ძაფების გაბმა შეგვიძლია.
ვაჟა: ოთო „სპაიდერმენია“, მე „გრენდაიზერი“ ვარ – „გრენდაიზერ, წინ!“
– ვაჟა, შენც აბამდი მსმენელთან უხილავ ძაფებს?
– მე ვაბამდი? რომ გამოვდიოდი, მაყურებელი იბნეოდა და ძაფების გაბმა აღარ მჭირდებოდა. არავის შებმას არ ვცდილობდი, ზოგ-ზოგიერთ გოგონას ვგულისხმობ, ჩემდაუნებურად, ებმეოდნენ და მერე, ასევე, ჩემდაუნებურად, გაქრა ყველაფერი.
ოთო: მე ჯერ ახლად ჩამოფრენილი იური გაგარინივით ვარ... როდესაც გამოცდილება არ გაქვს, უფრო ბუნებრივი, თავისუფალი ხარ და კარგად ახერხებ ყველაფერს. მერე ბენდთან ერთად დიდ საკონცერტო დარბაზში მღერი; რასაც გინდა, იმას აკეთებ; ამ თავისუფლებას ეჩვევი და მთელი ცხოვრება თავისუფალი ხარ.
ვაჟა: ძველი უნდა დააძველო და მერე ახალი გჭირდება. ოთო ჯერ ნორჩია, ქორფა და ამიტომ, არაფერი დაძველებია.
ოთო: მეგრულად ჩამაშხამა ყველაფერი...
ვაჟა: კარგად რომ გაქვს უკვე ყველაფერი გამჯდარი, თავისით მოდის სიმღერაც... ეს არის ძალიან კარგი.
ოთო: შენს ნამღერზე თუ არ „იკაიფე“, სხვა საერთოდ ვერ „იკაიფებს“.
– როგორია ის პერიოდი, რომელიც „ჯეოსტარის“ შემდეგ იწყება?
– უფრო იზრდები და თავი დიდი ადამიანი გგონია. ახლა ვუყურებდი „ჯეოსტარის“ შესარჩევი ქასთინგის ფოიერვერკს, ჩამწყდა და ჩამეწვა ყველაფერი.
ვაჟა: ხედავ?! იეჭვიანა...
ოთო: მივა ახლა სხვა ვინმე ჩემს მანანა მასწავლებელთან. როგორც ესენი ეჭვიანობდნენ ჩემზე, ახლა მე უნდა ვიეჭვიანო სხვებზე.
ვაჟა: მეც მართლა ვეჭვიანობდი. ნოდიკოს ვწერდი: ბიჭო, ვინ არიან ახლები, რა „როჟები“ არიან, აუუ... ახლა ესეც ასეა. ამ ხნის განმავლობაში, რომ შენ ფიგურირებ და შენია იქაურობა მერე სხვა რომ გამოჩნდება, იცი – სხვისია და ეჭვიანობ.
ოთო: მე ბოლომდე ვიბრძოლებ და არავის არაფერს დავუთმობ.
– ერთად, ალბათ, ხშირად დადიხართ ტურნეებში. რა ხდება სცენის მიღმა?
ვაჟა: ანაკლიაში რომ ჩავედით, ყველანი აუზში ჭყუმპალაობდნენ. მე იქვე, ქვიშის სტადიონი ვნახე, მაგრამ ვერავინ ავიყოლიე – ფეხები დაეწვათ და უკან გაბრუნდნენ. ამათ არც თამაში იციან და საერთოდ, არაფერი... ოთო ფეხშიშველი იყო, ქვიშაზე ფეხები დაეწვა და ვერ გაუძლო.
ოთო: სენაკის კონცერტის შემდეგ ჩემი მენჯის „მაზოლი“ კიდევ გემჩნევა (ვაჟას ეკითხება. – ავტორი)?
ვაჟა: მანქანაში ჩაგვტენეს – ოთხი კაცი უკან. ოთოსი კი არა, ვისი მენჯი არ მეხებოდა. რომ რეკავენ, რაღაც კონცერტიაო, სულ ვეკითხები, ვინ მოდის-მეთქი და რომ ვიგებ, ჩვენი ჯეოსტარელები არიან, რაღაც-რაღაცეების მიუხედავად, მაინც ვთანხმდები. როცა სხვები არიან, თავს ვიკავებ.
ოთო: რომ იციან ჩვენი დამოკიდებულება, ისეთი შემთხვევაც ყოფილა, მოუტყუებიათ: სუხიტა მოდის, ვაჟა, ანუ ჯეოსტარელებიო. მივსულვარ, არ დამხვედრიან და უკან წამოვსულვარ.
– ვის უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს რეგიონებში?
– უნდა ნახო, ვაჟას სენაკსა და ზუგდიდში როგორ ხვდებიან – „კაროლ კოზირივით“ არის. მე ქართლში ვარ „ჯოკერივით“. საერთოდ, ყველგან ძალიან კარგად გვხვდებიან. გურულები განსაკუთრებით ემოციურები არიან. თბილად გვექცევიან, სულ იღიმებიან, ცდილობენ, რა გასიამოვნონ.
ვაჟა: ყველგან ტაშს გვიკრავენ, მაგრამ გურიაში რომ გვიკრავენ, ტყუილია. ისე, სადმე რომ მივდივარ, ყველას ბედიაში ვეშლები. არ ვიცი, რატომ? არაფრით არ ვგავარ, ალბათ, გვარი რომ მთავრდება „ია“-ზე, იმიტომ. ერთხელ ცემში მივდიოდი, ვიღაც ჩამიჯდა მანქანაში – მეც წამიყვანეო. ვმგზავრობთ და უცებ დაიძაბა – ფიქრობს, ფიქრობს და ბოლოს მეუბნება: „ბედია, ჰო?“ არა, მანია ვარ-მეთქი.
ოთო: მე, რატომღაც, ყველას დიტო ლაგვილავაში ვეშლები. არ ვბრაზდები ასეთ რაღაცეებზე.
ვაჟა: ერთხელ მივედი ოთოსთან სახლში. ეტყობა, ახლად გაღვიძებულზე უხასიათო და უჟმურია. თან, მით უმეტეს, თუ ბანაობს და პირსაწმენდი არ მიაწოდე. აი, მაშინ ძალიან ბრაზდება.
ოთო: ვაჟა საერთოდ არ ბრაზდება. ვინმე თუ გადაუხტება მანქანის წინ, მაშინ შეიძლება რაღაც თქვას. დანარჩენ შემთხვევაში, დიდნესტოებიანი ლაბრადორია. ეს როგორ უნდა გაბრაზდეს?!
– წარმომიდგენია, რა ხდება, როდესაც რეგიონებში ასეთი კარგი ბიჭები ჩადიხართ და თან, კონცერტს ატარებთ. ალბათ, რამდენი მანდილოსანი გგულშემატკივრობთ.
ვაჟა: ყველას თავისი ფანი ჰყავს და ყველას თავისი გულშემატკივარი დასდევს.
ოთო: რომ გადახედავ, გაინტერესებს, ვის უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვხვდები, რომ ყველას თანაბრად ჰყავს. ყველას ჩვენ-ჩვენი გვყავს, მაგრამ ხანდახან ერთმანეთშიც ირევიან ხოლმე.
– კონცერტების შემდეგ არ აგრძელებთ მათთან ურთიერთობას?
– ვინ გაცდის? ჰაიდა, მაიტა, შემოახტი „მარშრუტკას“ და წადი. თუ „მარშრუტკაში“ ზიხარ, ბედნიერი ხარ, რადგან მანქანაში არ ხარ ჩატენილი.
– ვის უფრო კარგი გოგონები ჰყავს?
ვაჟა: მე ჩემი გოგონები მირჩევნია ყველას.
ოთო: ამას ზანგის ქალები ჰყავს. მე მეგონა, მხოლოდ თინეიჯერებზე გავიდოდი, მაგრამ უფრო დიდებიც არიან. ეტყობა, ჩემგან უფრო დიდი მამაკაცურობა იგრძნობა.
– როგორია გოგონებთან დაკავშირებით თქვენი გემოვნება?
– „იასნა“, ლამაზი უნდა იყოს. ყველაფერი იდეალური რომ აქვთ, ასეთი გოგონები არ მომწონს. რაღაც უნდა ჰქონდეს ისეთი, რაც ამ ჰარმონიას დაარღვევს და ამით მიგიზიდავს თავისკენ, რაღაც ინტრიგას რომ ჩაგიგდებს. რქებიანი არ უნდა იყოს, რადგან მეც რქებიანი ვარ და, ძირითადად, ემტვრევათ ხოლმე.
ვაჟა: როგორც ჩანს, ჩამოვყალიბდი მოზომილ და შეგნებულ გოგონებზე. არ მიყვარს, ბევრ რაღაცას რომ ვერ ზომავენ. შავთმიანებიც მომწონს, მაგრამ ქერებსაც არა უშავს. თმის ფერს არა, მაგრამ თვალებს აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა.
ოთო: მეტყველი თვალები – ცამდე მართალია.
ვაჟა: მრავლისმეტყველი თვალები უნდა ჰქონდეს.
– როგორები არიან შეყვარებული ვაჟა და ოთო?
ოთო: შეიძლება, გავჯეგო ნახევარი ბატალიონი, რკინის ტანკი დავჭეჭყო.
ვაჟა: თუ არ უნდა იმ გოგოს, მაინც დაჭეჭყავ?
ოთო: არა, მაშინ არა.
ვაჟა: აი, ეს მომწონს. სხვა შემთხვევაში, დამიჯერე, დასაჭეჭყად არც გექნება საქმე.
ოთო: ხშირად მინდა, ბევრი რაღაც გავაკეთო და როცა ამის საშუალებას არ მაძლევენ, მზღუდავენ, აგრესიული ვხდები. ცუდს არასდროს არაფერს ვაკეთებ, ამიტომ არ უნდა შემზღუდოთ. აქედან მოგმართავთ, გოგონებო: წინასწარ ცოტა რაღაც გათვალეთ, არ იცით, რა ბიჭს უშვებთ ხელიდან!
ვაჟა: როდესაც გოგონასთან ურთიერთობას ვიწყებ, არ მიყვარს შეზღუდვები, მით უმეტეს, თუ კონკრეტული რაღაცეები მოდის მისგან. როდესაც ურთიერთობას ვიწყებ ადამიანთან, თუ საჭიროა, რაღაცაზე უარსაც ვიტყვი, მაგრამ თუ მიმაჩნია, რომ ეს ასე არ არის, მაშინ იმასაც ვაკეთებ და ამასაც. შესაბამისად, შეზღუდვები არ მიყვარს. ამიტომ, ყველას უნდა ჰქონდეს იმის შეგნება, თუ სიყვარულზეა საუბარი, იქ რაღაც ზედმეტობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი.
ოთო: იცი, რა ტექსტები მკლავს? – არ იყო საჭირო. რადგან გავაკეთე, ესე იგი, საჭიროა.
ვაჟა: ჩემი შეზღუდვა ჩიხში შეიყვანს ვინმეს.
ოთო: ვაჟას თუ დააბამ და გალიაში ჩასვამ, დაღუნავს, გამოიქცევა, გაფრინდება ამერიკაში და პირობას გაძლევ, მაინც ისწავლის იმ სასწავლებელში.