კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-44(462)

მატადორს ერთადერთი შანსი აქვს – გადარჩენის შანსი, მოუსმინოს ინტუიციას და ერთი წამითაც არ მოადუნოს ყურადღება. მას უსიტყვოდ უნდა ესმოდეს ხარისაც. სხვანაირად არათუ წარმატება იქნება შეუძლებელი, სულ მცირე უყურადღებობაც კი, შეიძლება, სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. ხალხს კი სანახაობა სჭირდება. როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ამ სანახაობას ხარისა და მატადორის ტანდემი უზრუნველყოფს, ანუ, ისინი რაღაც მომენტში თანამზრახველებად უნდა იქცნენ. თამაში, რაც შეიძლება დიდხანს უნდა გაგრძელდეს. არავის აინტერესებს არც მატადორის და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ხარის პირადი გრძნობები. ეს მათია და მათთან უნდა დარჩეს, მთავარია, სანახაობა შედგეს. ბილეთებში ხომ ფულია გადახდილი! ეს იცის მატადორმა, მაგრამ არ იცის ხარმა. მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს: როგორმე რქებზე წამოაცვას საძულველი არსება, რომელმაც მას სიმშვიდე დაურღვია. რას ერჩი, ხარია და მისი ლოგიკაც მარტივია. სხვა საქმეა მატადორი, რომელმაც ზუსტად იცის, რაზე მიდის, როცა გავეშებულ ხარს ცხვირწინ ქსოვილის ნაჭერს უფრიალებს. პირუტყვს სწორედ ეს ფრიალი აღიზიანებს და არა ქსოვილის ფერი, იმიტომ, რომ დალტონიკია. სულერთია მისთვის შავი, წითელი თუ მწვანე, მაგრამ სულერთი არ არის გაუგონარი თავხედობა მატადორისა...

***

ლევანმა დაიგმინა და ხელები გაშალა:

– სულ გაგიჟდი? ეტყობა ფრენამ გაწყინა. რამ მოგაფიქრა, გოგო, ეგ სისულელე?

– სისულელე რატომ არის? – არ შეეპუა ცოლი, – შენ არ მითხარი, მამაშენი დედამისის საყვარელი იყოო?

– მერე რა, რომ გითხარი?

– მერე ის, რომ ალბათობა არსებობს.

– რისი ალბათობა, სრულ ჭკუაზე ხარ? გეკითხები, სრულ ჭკუაზე ხარ-მეთქი?!

– ნუ ყვირი. ისედაც კარგად მესმის. ვიცი, რომ ეს ველაფერი რაღაც აბსურდულ სიზმარს ჰგავს, მაგრამ მე ჩემი უნდა ვცადო.

– რა უნდა სცადო, გოგო? – ლევანმა კბილები გააღრჭიალა, – სწორედ ისღა მაკლდა, ნიკუშასთან შენი ნათესაური კავშირები გეძებნა. რაში გჭირდება ეს, გამაგებინე!

თიკამ საყვედურით შეხედა ქმარს.

– გეტყოდი, მაგრამ მაინც ვერ გაიგებ.

– რატომ? ასეთი შეუგნებელი გგონივარ? რატომ ვერ გავიგებ?

– იმიტომ! – მოუჭრა ქალმა.

– თინიკო, მოთმინება არ დამაკარგვინო, ისედაც თავზე საყრელი მაქვს პრობლემები. გადავწყვიტე, ამ საქმეს საერთოდ შევეშვა.

– რა საქმეს?

– სურათის, სურათის საქმეს! კისერი უტეხია მამაშენსაც, ქალბატონ ელენესაც, ნიკუშასაც და საერთოდ, ყველას. არ მჭირდება საეჭვო მილიონები, რომლებიც, სხვათა შორის, მამაშენმა გააჩუქა.

– მამაჩემმა გითხრა, ნახატის დაბრუნებაში დამეხმარეო? – თიკამ სიგარეტს მოუკიდა.

– დიახ, სწორედ მან, შენმა კეთილშობილმა მამიკომ. აბა, რა გეგონა, ეს ამბავი სიზმარში ვნახე? ეგ ოხერი ნახატი, რაც თავი მახსოვს, სულ როიალის ზემოთ ეკიდა, ნიკუშას სახლში, სასტუმრო ოთახში. რას წარმოვიდგენდი, მილიონები თუ ღირდა.

– რომ გცოდნოდა, ამით რამე შეიცვლებოდა? – მოულოდნელად ჰკითხა თიკამ და ფიქრიანი მზერა ქმარს მიაპყრო.

ლევანმა უხერხულობა იგრძნო.

– ასე რატომ მიყურებ? ხომ არ ფიქრობ, რომ შემეძლო, მომეპარა? ამის თქმა გინდა?

– არა, უბრალოდ, ყოველთვის მინდოდა, ძმა მყოლოდა, – ჩაილაპარაკა ქალმა.

– თიკა, ამოიგდე თავიდან ეს სულელური აზრი, ძალიან გთხოვ, თორემ უკვე მაშინებ.

– გაშინებ? კარგი რა, ნუ იგონებ. შეგიძლია, მითხრა, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ნიკუშა შენი ძმა არ არისო?

– ასი პროცენტით არაფერში ვარ დარწმუნებული.

– ჰოდა, მაგაშია საქმე

– ღმერთო, ეს რა შარს გადამკიდე! – თავზე იტაცა ხელები ლევანმა, – შეშალე ხომ, ის ბიჭი ჭკუიდან?

– ვინ, ნიკუშა? მე მისთვის არაფერი მითქვამს.

– კიდევ კარგი, რომ საამისოდ მაინც გეყო ჭკუა.

– უბრალოდ, ვერ გავბედე, – თიკას თვალები აუცრემლდა, – ვერ შევძელი, შემეცოდა.

– ვინ, ნიკუშა თუ საკუთარი თავი?

ქალმა საყვედურით შეხედა:

– ხომ გითხარი, ვერ გამიგებ-მეთქი!

– რა უნდა გავიგო, ის, რომ ჩემი ცოლი მეტისმეტი სენტიმენტებისგან ჭკუაზე შეიშალა? მოდი, რა, ნუღარ იფიქრებ ამაზე. დაივიწყე, კარგი?

– არ შემიძლია, – ჯიუტად გააქნია თავი თიკამ.

– რა არ შეგიძლია, რას ნიშნავს, არ შეგიძლია? აბა, ნიკუშას ჰკითხე, სჭირდება და? თანაც შენნაირი და?

– „შენნაირ დაში“ რას გულისხმობ, იქნებ უკეთესად ამიხსნა?

– იმას არა, რაც შენ იფიქრე, – ამოიოხრა ლევანმა, – საცოდავ ნიკუშას უშენოდაც თავგზა აქვს არეული.

– მივხვდი, ვიღაც ჰყავს, მაგრამ ეს ჩემთან რა კავშირშია? – მხრები აიჩეჩა თინიკომ, – მის ცოლობაზე კი არ მაქვს პრეტენზია.

– მორჩა! შენთან სალაპარაკოდ დრო აღარ მრჩება, სხდომაზე ვერ დავიგვიანებ. მოგვიანებით განვაგრძოთ საუბარი. პირობა მომეცი, რომ ჩემ მოსვლამდე ნიკუშასთან კიდევ ერთ ვიზიტს არ მოაწყობ. ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც ისე მოიქცე, როგორც მე მინდა?

– მე ყოველთვის ასე ვიქცევი.

– ძალიან მინდა, მაგის მჯეროდეს, მაგრამ ფაქტებს რა ვუყო, – ამოიოხრა ლევანმა, – ასეა თუ ისე, რადგან ნიკუშას შენი ვარაუდი არ გაუზიარე, ჯერჯერობით არაფერი გვიჭირს. გადარჩენილები ვართ, თანაც – ბეწვზე.

– ნუ დამცინი, – ტუჩი აიბზუა თიკამ.

– რას ამბობ, მაგას როგორ გავბედავ? კიდევ რა სისულელე ჩაიდინე, მამაშენთანაც ხომ არ დაგირეკავს?

– არა, და, ნუ ამბობ, რომ ნიკუშასთან ჩემი ურთიერთობა სისულელეა.

– აბა, რა არის? – გაცხარდა კაცი, – მაგრამ, მართლა ძალიან მეჩქარება. მე, ალბათ, გვიანობამდე ვერ დავბრუნდები. ძალიან გთხოვ, კარს რომ გავიხურავ, ნიკუშასთან არ გავარდე.

– ბარემ ისიც მითხარი, რისი გაკეთების უფლება მაქვს.

– თქვენებთან წადი და ბავშვი წამოიყვანე. ხომ არ დაგავიწყდა, შვილი რომ გყავს, როდემდე უნდა იყოს დედაშენთან?

– რომ არ მომშხამო, არ შეგიძლია! ვითომ არ იცი, ზუკა დედაჩემთან რატომ დავტოვე, – წყენა ვერ დამალა თიკამ.

– მე არ მითხოვია შენთვის, უკან გამომყევი-მეთქი. ბავშვი მინდაო, რომ გაიძახი, ერთისთვის ვერ მოგივლია ნორმალურად და ორს მიხედავ, მით უმეტეს, ჩვილს?

– შენ მოახერხე და დამაორსულე, მერე ვნახოთ, როგორ მოვუვლი! – უყვირა გამწარებულმა თიკამ.

– საკუთარ შვილზე ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებ, – შეუბრალებლად უპასუხა ლევანმა და ასლუკუნებულ ქალს ზურგი შეაქცია.

– უსინდისო ხარ და საერთოდ არ გიყვარვარ! – მიაძახა ცოლმა, – მეტსაც გეტყვი: შენ წარმოდგენა არ გაქვს, რას ნიშნავს ეს გრძნობა!

ლევანმა მხრები აიჩეჩა და ოთახიდან გავიდა.

***

... ქალი ვერანდაზე იდგა და ჩამავალ მზეს უყურებდა, დაძაბული, დაჟინებული მზერა ჰქონდა, თითქოს აინტერესებდა, მოასწრებდა მზე ჩასვლას თუ მატყლის ფთილებივით ფაფუკ ღრუბლებში გაეხვეოდა. სახლიდან ხმაური მოისმა. ვერანდის კარი გაიღო და მამაკაცი გამოჩნდა. ორივე ხელში ოხშივარავარდნილი ფინჯანი ეჭირა. ერთი ქალს გაუწოდა.

– დადგი სადმე, ძალიან ცხელია, პირს დავიწვავ, – უთხრა ქალმა ისე, რომ მზისთვის თვალი არ მოუშორებია. კაცმა აივნის მოაჯირზე დადგა ჭიქა. მოაჯირი ფართო იყო და გლუვი. ქალი დუმდა. კაცი მიხვდა, უფრო იგრძნო, რომ ის ახლა შორს იყო... მოგონებებში ჩაძირული, ფიქრებით სხვაგან ქროდა. გამომეტყველება იმის მიხედვით ეცვლებოდა, რომელი მოგონება ამოტივტივდებოდა მეხსიერების ზედაპირზე.

– სევდიანი განსაკუთრებით მშვენიერი ხარ, – წასჩურჩულა კაცმა, – ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სევდაც შეიძლება იყოს მშვენიერი.

– არ გინდა, ჟან... ჭიქა მომაწოდე, – ქალს ისევ არ შეუხედავს მისთვის.

– ნერვიულობ, რომ მივდივარ?

– ცოტა... ვფიქრობ, გონივრულია თუ არა შენი განზრახვა.

– ნუ ფიქრობ, მაინც ვერ გადამაფიქრებინებ, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია.

– ვიცი, როგორი ჯიუტიც ხარ. სწორედ ახლა ვიხსენებდი, როგორ დამითანხმე, ცოლად გამოგყოლოდი.

კაცმა მისი ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა.

– ეს სიყვარული იყო, ელენე, სიჯიუტე არაფერ შუაშია.

ქალმა თვალებში ჩახედა ქმარს:

– ზოგჯერ მეჩვენება, რომ მთელი ჩემი წარსული ცხოვრება სიზმარი იყო. რეალურად მხოლოდ შენ გვერდით გავცოცხლდი. ნიკუშა რომ არა, შეიძლება, ეჭვი არც შემპარვოდა ამაში.

– თუ შევძლებ, ნიკუშა ჩვენთან ჩამოსვლის აუცილებლობაში დავარწმუნო, მაშინ შენს სახეზეც წაიშლება სევდის კვალი.

– გეყოფა. არ გვინდა ამაზე... – ელენემ ყავა მოსვა.

– რატომ, არ გჯერა, რომ შევძლებ ნიკუშასთან საერთო ენის გამონახვას?

ქალმა უპასუხოდ დატოვა მისი შეკითხვა. კაცი მიხვდა:

– მართალი ხარ, ეს გაცილებით ადრე უნდა გამეკეთებინა, მინიმუმ ათი წლის წინ.

– მაგრამ მე არ მოგეცი ამის საშუალება. ამის თქმა გინდა, ხომ? – შეიჭმუხნა ქალი, – საქმე ისაა, რომ ნიკუშასთან ჩემი ურთიერთობა იმაზე გაცილებით ადრე გაფუჭდა, ვიდრე შენ გამოჩნდებოდი.

– ამას არა აქვს მნიშვნელობა.

– ჩემთვის აქვს. ესე იგი, მიდიხარ. რომელ საათზეა რეისი?

– გამთენიისას ვიქნები თბილისში.

– მაინც ვფიქრობ, რომ ჯობდა, ლევანისთვის დაგვერეკა.

– ელენე, მომეცი საშუალება, ისე ვიმოქმედო, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ, კარგი?

– კარგი. უკვე ვიცი, რომ გამიჭირდება.

– უჩემობა? – კაცმა მხარზე მოჰხვია ხელი.

– უშენობაც და ისიც, რომ მე იქ არ ვიქნები.

– ყოველდღე დაგირეკავ.

– ყოველდღე?! დღეში რამდენჯერმე. დამპირდი, რომ სულ საქმის კურსში გეყოლები.

– რა თქმა უნდა, საყვარელო. მე თვითონაც ვერ გავძლებ, შენი ხმა რომ არ გავიგონო.

– მერჩივნა, მეც შენთან ერთად ვყოფილიყავი.

– მერე, წამოდი. ახლავე დავრეკავ და მეორე ბილეთსაც შევუკვეთავ, კიდევ მოვასწრებთ.

– არა, არა, ნუღარ მელაპარაკები, ეგ გადაწყვეტილი საქმეა, – ელენემ ჭიქა ისევ მოაჯირზე დადგა და სახლში შევიდა.

***

ნიკუშა ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. გაბმული ზარი იყო. მჭახე და უსიამოვნო. თვალის გაუხილავად მისწვდა ყურმილს და ყურზე მიიდო.

– გისმენთ!.. ალო, რომელი ხარ?.. ხმა ამოიღე, რას მეთამაშები ამ დილაუთენია, მეტი საქმე არ გაქვს?.. შენი დედაც!.. – ყურმილი აპარატზე დაახეთქა და ისევ შეიგინა. საათი მოშორებით იდგა და ზემოდან მაისური ედო. ეტყობა, დაუდევრად რომ მიაგდო, მაშინ გადაეფარა. ადგომა ეზარებოდა, მაგრამ საშინლად არ უყვარდა გაღვიძებულს ლოგინში კოტრიალი. თავი სტკიოდა. არ ახსოვდა, როდის გაიხადა და დაწვა. თიკას წასვლის მერე დალია, სამზარეულოში იპოვა ვისკის ბოთლი და ბოლომდე გამოცალა, ახლა კი თავი უსკდებოდა. საფეთქლები ისე უხურდა, თითქოს ვიღაცის უჩინარი ხელი შიგ გავარვარებულ შანთებს უყრიდა. „ვერ გავიგე, რისთვის მოვიდა. მაინც, რა საშინელი დღე იყო გუშინ: ჯერ ნატუკა და ია, მერე – თინიკო... ოხ, ეს ქალები... ნატუკა კიდევ ყველაზე ნაკლებად მიქმნის პრობლემებს. არის თავისთვის. დავურეკავ – მოვა, არ დავურეკავ – არ მოვა! – ნიკუშა სააბაზანოში გავიდა. ონკანი მოუშვა და სარკეში ჩაიხედა. პირგაუპარსავი, თვალებდასისხლიანებული მამაკაცი უმზერდა. ერთი კი გაიფიქრა, რას ვგავარო და პირში კბილების ჯაგრისი გაირჭო. არაფერზე არ უნდოდა ფიქრი. სიამოვნებით დაიძინებდა კიდევ ორ-სამ საათს. გუნებაში კიდევ ერთხელ გაუგზავნა „სართულებიანი მოკითხვა“ სატელეფონო ზარის ავტორს და სააბაზანოდან ისე გამოვიდა, სარკისკენ აღარ გაუხედავს. ოთახებში უსაქმოდ ბორიალიც მალე მობეზრდა. ისევ ვახოსთან წასვლა გადაწყვიტა. ჯინსის ჯიბეები მოიჩხრიკა და დაჭმუჭნულ ხუთლარიანს მიაგნო, – კარგია, ტაქსით წავალ. არ მაქვს მარშრუტკაში ჯაყჯაყის ნერვები, – გაიფიქრა და სახლიდან გავიდა.

ვახო კაფეში არ დახვდა რეკლამის საქმეებზე იყო გასული. მენეჯერმა გოგონამ მაგარი ყავა მოუდუღა და შთამბეჭდავი ზომის ბუტერბროდთან ერთად წინ დაუდო.

– ვახო მალე მოვა?

– არ ვიცი, ბატონო ნიკა, არაფერი დაუბარებია.

– გოგო, რამდენჯერ უნდა გითხრა, ბატონობით ნუ მომმართავ-მეთქი. თავი ბებერი მგონია.

– რა ვქნა, ბატონი ვახტანგის მოთხოვნაა, სამსახურში ოფიციალურ ურთიერთობებს ითხოვს.

– ძალიან კი დაუშინებიხართ, – გაიცინა ნიკუშამ.

გოგონამ პასუხად მხოლოდ გაუღიმა.

– ერთი შენ ვერ დაგაშინე ვერაფრით, – ვახო მძიმედ დაეშვა სკამზე და მეგობარს შეუბღვირა, – გუშინ მინდოდა, მომეკალი. დღეს მეცოდები.

– ვითომ რატომ შეიცვალე აზრი?

– ვერ ხვდები? – ვახომ ფეხი არხეინად შემოიდო ფეხზე და მეგობარს ირონიული მზერა შეავლო. ნიკუშამ ჯიუტად გააქნია თავი.

– სარკეში თუ ჩაიხედე ამ დილით?

– ჩავიხედე, მერე?

– მერე, როგორ მოგეწონა ის, რაც დაინახე?

ნიკუშა შეიჭმუხნა.

– არ გინდა, რა!.. არც შენ ხარ ხოლმე უკეთესი სანახავი პახმელიაზე.

– პახმელიაზე? – განცვიფრდა ვახო, – სადღა მოასწარი, ტო!.. არ მითხრა, რომ თიკა დასალევად მოვიდა შენთან, თორემ გავგიჟდები! რაო, „საბუტილნიკი“ არ მყავს და შენ უნდა მიშველოო?

– რა გენაღვლება, მიდი, მემასხრე! სხვა მაინც არაფერი შეგიძლია, – ნიკუშამ ბუტერბროდი ჩაკბიჩა. ვახო მაშინვე დასერიოზულდა.

– ჰო, კარგი, ნუ იბერები. მართლა მაინტერესებს, სად დალიე. თინიკოს არ ელოდებოდი? სადღა წახვედი.

– არსადაც არ წავსულვარ. სახლში დავლიე. თუ, სახლში რომ ვინმეს დაელიოს, არ გაგიგია?! – იფეთქა ნიკუშამ, – რას მიტრაკებ, ტო... მე ჩემიც მყოფნის!

– ნუ ავარდი. რას ნიშნავს – „გიტრაკებ“? – გაცხარდა ვახოც. ეგ რომ მინდოდეს, მოგკიდებდი ხელს და ერთი-ორჯერ ისე დაგიქნევდი, მაგ იდიოტურ აზრებს თავიდან გამოგიფერთხავდი. ჯერ მარტო ის კახპა რად ღირს.

– რომელი კახპა? – ნიკუშა მაშინვე ვერ მიხვდა, ვის გულისხმობდა ვახო.

– ვინ და ვისთანაც ჩახუტებულიც გნახა იამ. ოღონდ, არ მითხრა, რომ კახპა არ არის!

ნიკუშამ დანანებით გადააქნია თავი.

– რას აკანტურებ მაგ თავს დაბოლილი თხასავით, – დასცინა ვახომ, – ლოგინში რომ ჩაიწვინე, მაგაზე არაფერს ვამბობ თავისუფალი კაცი ხარ და, ვისთანაც გაგისწორდება, იმასთან დაწვები, მაგრამ სახლში რაღას ჩაისახლე, ტო?!

– არ არის ეგ გოგო კახპა, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ნიკუშამ.

ვახომ ხელები გაშალა:

– ვიცოდი, რა, ვიცოდი, რომ ამას მეტყოდი! ცირკთან რომ არ დგას და „მომსახურებაში“ ხუთ ლარს არ იღებს, იმიტომ პატიოსანია?! რა უნდა გელაპარაკო, ბერდები კაცი და ჭკუა მაინც არ მოგეცა.

– დედაბერივით რომ მმოძღვრავ, შენ თვითონ რამდენი ქალი გყავდა?

– მე მეკითხები ამას? – გადაირია ვახო.

– დიახ, შენ გეკითხები, შენ!

– რას მეკითხები, ტო... მე კაცი ვარ.

– მერე რა? ეს პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებს.

– შენ, მგონი, აურიე, ხო იცი?! რა დალიე, ბიჭო, ამისთანა?

– ვისკი. სხვათა შორის, შენი მოტანილი.

– ეტყობა, ძველი იყო, – გაიკრიჭა ვახო. მერე ისევ სერიოზულად განაგრძო, – ნუ ატრაკებ, რა... თუ, არ იცი, ბოზი რას ნიშნავს? გინდა, აგიხსნა?

– არა. მე აგიხსნი რაღაცას, თუ შენი ტვინის უჯრედები შეძლებენ გაიგონ, რასაც ახლა გეტყვი: ჩვენ, რატომღაც, ორმაგი სტანდარტებით ცხოვრებას შევეჩვიეთ და მოგვწონს ეს.

– რა-ა?!

– ჰო. თანაც ეს ორმაგი სტანდარტები მამაკაცების წისქვილზე ასხამს წყალს. მომისმინე და ნუ იჯღანები. თუ ქალი პირველივე შემხვედრს უწვება ლოგინში, კახპაა და გარყვნილი...

– აბა, რა არის, ტო?.. – ვერ მოითმინა ვახომ.

– დამაცადე, ნუ მაწყვეტინებ. მოკლედ, ქალი უწესოა, მაგრამ რა ჰქვია კაცს, რომელიც ქალებით ერთობა და ყოველკვირა იცვლის პარტნიორებს?! მაგარი ტიპი, სუპერმენი, – არ არის ასე?

– მერე რა, რომ ასეა? ასეც უნდა იყოს, ტო... შენ ხომ არ აურიე? უწესო ქალების დამცველად რომ მომევლინე, სხვა პრობლემა არა გაქვს? მე ფეხებზე მკიდია, ვის რა ჰქვია. ნატოზე გელაპარაკები, შეეშვი-მეთქი. შარს გადაეკიდები, იცოდე, მაგისთანების მეტი რა მინახავს.

– რას ერჩი, თავისთვის არის.

– ვინ არის თავისთვის? ია ხომ დაგაკარგვინა? ჯერ სად ხარ. შეეშვი-მეთქი.

ნიკუშა მეგობარს მიაშტერდა:

– შენ რაღაცას ბოლომდე არ ამბობ.

– ბოლომდე არ ვამბობ? მეტი რაღა გითხრა, გეუბნები, დაგღუპავს-მეთქი.

– მოეშვი ნატას. მე რაში ვჭირდები, როცა ნებისმიერ დროს იპოვის ისეთ საყვარელს, რომელიც ხელისგულზე ატარებს და არც ეჭვიანი, აზიატი ძმაკაცები ეყოლება.

– მე გაგაფრთხილე!

– გმადლობ, რომ ზრუნავ ჩემზე, მაგრამ მე თიკამ უფრო ჩამაგდო საგონებელში.

– ჰო, მართლა! ეგ ამბავი სულ დამავიწყდა. რა უნდოდა? თუმცა, დაახლოებით ვხვდები. ალბათ, ლევანზე ეჭვიანობს და შენგან უნდოდა, რამე გაეგო. ეტყობა, ფიქრობს, რომ შენს ბინაში აწყობს ორგიებს.

– თუ სიცილს თავს არ დაანებებ და არ მომისმენ, ერთ სიტყვასაც არ გეტყვი და წავალ, – დაემუქრა ნიკუშა, – როგორ გგონია, რატომ გამოვთვერი მარტოდმარტო, ლოთი ვარ?

– ჯერ არა, – „დაამშვიდა“ ვახომ, – მაგრამ ერთი ნაბიჯი გადადგმული გაქვს მაგ გზაზე. სამეზობლოც გყავს შესაფერისი... ასე რომ...

– ასე რომ, მივდივარ. აღარ ღირს შენთან ლაპარაკი, – ნიკუშა წამოდგა. მაგრამ ვახომ ხელი მოჰკიდა და თითქმის ძალით დასვა სკამზე.

– გისმენ. მართლა მაინტერესებს, რატომ მოვიდა.

– რაღაც არ გეტყობა, რომ გაინტერესებდეს, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნიკუშამ.

– მაინტერესებს, მაინტერესებს! მიდი, მიდი, მოყევი!

– რა მოვყვე? ვერაფერი გავიგე, მიედო და მოედო რაღაცეებს. შენთან დაახლოება მინდაო...

– რა პონტში, ტო... – გაშტერდა ვახო. ნიკუშა გაბრაზდა.

– პირი ნუ დააღე. მეგობრულ პონტში, მეგობრულშიო! შენ მიმართ რაღაც გაუგებარი პრეტენზიები მქონდა და, მოდი, ეს ამბავი დავივიწყოთო. ლევანმა არ იცის, აქ რომ მოვედიო. თუმცა, შეიძლება, ვუთხრაო...

– გაუფრენია მაგ ქალს, – წაუსტვინა ვახომ.

– არ ვიცი, ვახო, არ ვიცი! რაღაც ხდება ჩემს ირგვლივ, მაგრამ ვერ ვხვდები – რა.

– მდაა! მართლა უცნაური ამბავია, – პირი გააწკლაპუნა ვახომ, – მილიონების სუნი ხომ არ ეცათ, ჰა?!

– იმ ნახატს გულისხმობ? რა სიგიჟეა! მე აქ ვარ და მაგასთან არაფერი მაქვს საერთო.

– ვინ მოგახსენა! საერთო როგორ არ გაქვს, როცა დედაშენს შენ გარდა სხვა არავინ ჰყავს?

– არც მე ვყავარ! – მოუჭრა ნიკუშამ.

– აჰა! ისევ ატრაკებ. ფაქტს უარყოფ? ფაქტი ის არის, რომ შენ ხარ იმ ქალის შვილი, რომელსაც ორ მილიონად შეფასებული სურათი აქვს. თანაც, ერთადერთი შვილი.

– მერე, როგორ წარმოგიდგენია, მე, რომელიც თითქმის ოცი წელია, დედაჩემს არ ველაპარაკები, მივალ მასთან და ვეტყვი – დედიკო, მომეცი შენი მილიონები-მეთქი?! – ნიკუშა შეშლილივით წამოხტა ფეხზე და ჭარხალივით გაწითლებული წინ და უკან სირბილს მოჰყვა.

– დაწყნარდი, მე ეგ არ მითქვამს.

– რა დამაწყნარებს, როცა ყველა და ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ არის? ეგ ქალი თავისი არსებობითაც მშხამავს და ასეთ შორ მანძილზე მყოფი ცხოვრებას მინგრევს.

– პირიქით, სწორედ მას შეუძლია, შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. მით უმეტეს, რომ გასაკეთებელი ბევრიც არაფერი გაქვს. უბრალოდ, უნდა დაელაპარაკო ადამიანურად. ჩახუტებას და სიყვარულის ახნას არავინ გთხოვს.

– ნებისმიერ შემთხვევაში მათხოვარი ვიქნები, ყველაზე დიდი მათხოვარი მათხოვართა შორის.

– ახლა რა ხარ? – მშვიდად ჰკითხა ვახომ. ნიკუშას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. ვახოს სიტყვები მეხის გავარდნასავით ჩაესმა და გაშეშდა. ვახომაც ისარგებლა ამით და შეუტია.

– აა, არ მოგეწონა სიმართლე?! რას იზამ, ასეა, სიმართლე არავის სიამოვნებს. არა, თუ გინდა, მოგატყუებ, არ არის პრობლემა.

ნიკუშას სიბრაზე ერთბაშად ჩაცხრა. მისი მრისხანებისგან კვალიც აღარ დარჩა. ახლა დანაშაულზე წასწრებულ ბავშვს უფრო ჰგავდა, ვიდრე ზრდასრულ მამაკაცს და ვახოც ბოლომდე „მიაწვა“.

– არ მოგბეზრდა მაინც?! აბა, მითხარი, რა არის შენი ცხოვრება? ჰო, კარგი ტიპი ხარ. ამას ვერ უარვყოფ, მაგრამ მაგის იქით რა გაქვს? – არაფერი! ლევანს მაინც შეხედე, ტო! მინისტრია. აზრზე ხარ? დროშა მაინც გჭეროდა ხელში, ეგენი აქეთ-იქით რომ დარბოდნენ. ეგეც არ იკადრე.

– შენი აზრით, უნდა მერბინა?

– არა. თუმცა, არ ვიცი. მარტო ის ვიცი, რომ რაღაც ფუნქცია უნდა გქონდეს.

– შენ მეუბნები მაგას?

– ჰო. მე შვილი მყავს, შვილი და ეს უკვე ამართლებს ჩემს არსებობას. ამაზე არ გიფიქრია?

– შენ რომ შვილი გყავს, ასე შვილს მეც ვიყოლიებ, თანაც, სულ ცოტა, ოთხს მაინც.

– ვითომ, რა გინდა მაგით, თქვა – მე ცუდი მამა ვარ?

– ცუდი მამა შეიძლება არ ხარ, მაგრამ მასთან ერთად არ ცხოვრობ. არ იცი, როგორ იძინებს, როგორ იღვიძებს. რა ურჩევნია საუზმეზე. რომელი ზღაპარი მოსწონს. მამობა მარტო ყოველთვე ფულის რეგულარულად გაგზავნა არ არის. მე არ მინდა, ასეთი მამა ვიყო „პო პრაზდნიკამ“. გესმის შენ?

ვახო შეიჭმუხნა:

– მაშინ, ისეთი მამა იყავი, როგორიც შენ გინდა, რომ იყო. თუმცა, ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ ჩემს მდგომარეობას შენი მდგომარეობა რამით სჯობია.

ნიკუშამ შუბლი მოისრისა:

– რა ვიცი, არ ვიცი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოცდაათ წელს გადაცილებული ასე ვიქნებოდი, უცოლოდ, უშვილოდ...

– ჰო. შენი გეგმის მიხედვით რომ წასულიყო ყველაფერი, ახლა ოცი წლის შვილი გეყოლებოდა. შენი კი ის გოგოც გაუთხოვარი დატოვე.

– ია, ალბათ, სამუდამოდ დავკარგე.

– ალბათ. მილიონებს მაინც ნუ დაკარგავ. შენს ადგილას ლევანს ვეტყოდი, დაერეკა დედაშენისთვის. ის ვიზას და ბილეთს გამოგიგზავნიდა და „დაახვევდი“ აქედან.

– აქ მაინც „პრასვეტი“ აღარ მაქვს, არა?!

ვახომ თავი დაუქნია.

– შენ თვითონაც ხომ ხვდები, რომ ასეა?

– მე ამას არ გავაკეთებ.

– არ არის პრობლემა, მე გავაკეთებ, მე ვეტყვი ლევანს.

ნიკუშას არაფერი უთქვამს და ვახომ მისი სიჩუმე თანხმობად მიიჩნია...

***

ზურაბმა გაზეთები გვერდზე გადადო და ცოლისა და შვილის საუბარს ყურადღებით მიუგდო ყური. თინიკო რაღაცას ყვებოდა ემოციითა და ხმამაღლა სიცილით. ზურაბს მოეჩვენა, რომ თიკა ამ მოჩვენებითი ხალისით თავისი ჭეშმარიტი განწყობის დამალვას ცდილობდა. მისი გამოხედვაც არ მოეწონა. შეხვედრისას ოდნავ შეახო ლოყაზე ტუჩები და მაშინვე გაეცალა.

ზურაბი სამზარეულოში შევიდა.

– რას მიმზადებთ, გოგონებო? – ჰკითხა სიცილით და შვილს მხარზე მოჰხვია ხელი.

– ნელა, ყავა არ დამაღვრევინო! – თიკამ უხეშად მოიშორა მისი ხელი.

ზურაბს ისევ ცუდად ენიშნა შვილის უჩვეულო სიცივე.

– დიანა, რა სჭირს ამას? – მიუბრუნდა ცოლს.

– ვის?

– ვის და შენს შვილს, ქმარმა გააბრაზა?

– რა ვიცი, სანამ შენ შემოხვიდოდი, მშვენიერ გუნებაზე იყო.

– ესე იგი, მე ვყოფილვარ მიზეზი. ასეა, თიკა?

– მამა, რა გინდა? ვინ გითხრა, რომ რამის მიზეზი ხარ? პირიქით, საერთოდ არაფერ შუაში არ არის შენი შემოსვლა და, საერთოდ, საიდან მოიტანე, რომ მე და ლევანი ვჩხუბობთ?

– არა? არ ჩხუბობთ?

– მომეშვი, რა!.. – თიკამ ყავის ჭიქა აიღო და სამზარეულოდან გასვლა დააპირა.

ზურაბი კარში ჩადგა და არ მისცა ამის საშუალება.

– ესე იგი, ქმართან ყველაფერი კარგად გაქვს?

– დიახ! – გამომწვევი ტონით მიუგო თინიკომ.

– მაშინ, რატომ არ წაგიყვანა პარიზში, თუ, იყავი და მიმალავ?

– არაფერს არ გიმალავ. იმიტომ არ წამიყვანა, რომ საქმიანი მივლინება იყო.

– აჰა, აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე! თავს ნუ იტყუებ, შვილო. ვიცი მაგათი საქმიანი მივლინებები. ვხედავ...

– ხედავ თუ საკუთარი გამოცდილებით ლაპარაკობ? შენ ნამდვილად გაქვს ასეთი „მივლინებების“ დიდი გამოცდილება, თანაც, ძალიან, ძალიან დიდი, – გესლიანად მიახალა თიკამ და მამამისს თვალებში მიაშტერდა. ზურაბმა გაუძლო გამოცდას.

– გული რომ შემტკივა შენზე, ამიტომ უნდა ამიმხედრდე? ხედავ, დიანა, როგორ მიხდის მადლობას? რა პრეტენზია აქვს ჩემთან, გაუგებარია!..

დიანას არც შეუხედავს ქმრისთვის, მშვიდად ჭრიდა ბორშჩისთვის ბოსტნეულს.

– ეს ქალი გამაგიჟებს. ასეთი უემოციო როგორ ხარ? ვერ გრძნობ, რომ შენი შვილის თავს რაღაც ხდება? დედა არ ხარ, რატომ არაფერს ეკითხები? – ცოლის სიმშვიდემ წონასწორობა დააკარგვინა ზურაბს.

– პრობლემა რომ ჰქონდეს, მეტყოდა, – ოდნავაც არ აღელვებულა ქალი ქმრის რეაქციაზე, – სულ ტყუილად ნერვიულობ.

– არა, მე კი არ ვნერვიულობ, შენ გკიდია ფეხებზე ყველაფერი! – აყვირდა ზურაბი და გარეთ გავარდა.

– მიხვდი რამეს? – ჰკითხა დიანამ შვილს.

თინიკომ მხრები აიჩეჩა:

– მგონი, იმაზეა გაცოფებული, ლევანმა მასთან რომ არ შეათანხმა თავისი ვიზიტი.

– სულ გადაირია ეს კაცი, – ამოიოხრა დიანამ.

– ნეტავი, ნორმალური როდის იყო! მაგრამ მაშინ სხვაგან „უშვებდა ორთქლს“. უფრო სწორად, სხვასთან, – თქვა თიკამ და დედას შეხედა – აინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა მის ამ სიტყვებზე.



გაგრძელება შემდეგ ნომერში




скачать dle 11.3