ვის ესროლა სიმღერის დროს სკამი ზურაბ ანჯაფარიძემ და როგორ იპოვა მან ფეხსაცმლით ბედნიერება
„ხშირად მეკითხებოდნენ – მაინც, რაშია ზურაბ ანჯაფარიძის დიდი წარმატების საიდუმლოება? ამ კითხვაზე ბატონ ივან კოზლოვსკის სიტყვებით ვპასუხობდი: „თუ გინდა, გაიგო ანჯაფარიძის არაჩვეულებრივი სიმღერის საიდუმლოება, პირადად უნდა იცნობდე მას და მის შინაგან სამყაროს. მაშინ არ გაგიკვირდებათ მისი დიდი მომღერლობა. მხოლოდ ზურაბისნაირი სულიერი სითბოს მქონე კაცმა შეიძლება გამოსცეს ისეთი ჰანგები, როგორსაც მისი სიმღერისას ვისმენთ”, – ამბობს თავის წიგნში ზურაბ ანჯაფარიძის უახლოესი მეგობარი ნიკო ხატიაშვილი. „როდესაც სცენაზე დგახარ და მღერი, უნდა დააჯერო თავი, რომ ღმერთებს ელაპარაკები”, – უთქვამს თავის დღიურში ბატონ ზურაბს და, მართლაც, თავისი დაუღალავი შემოქმედებითი წვით შეძლო მან ზებუნებრივთან მიახლოება. თითქოს ღვთიური ცეცხლი უნდოდა ჩამოეტანა ამ ცოდვილ მიწაზე. ალბათ, ეს იყო მისი წარმატების საიდუმლოც. ამ უდიდეს ტენორს ცხოვრებაში სულაც არ აწუხებდა ვარსკვლავური დაავადება. იგი ყველასთან ისეთსავე თავმდაბლობასა და სითბოს ამჟღავნებდა, როგორსაც საყვარელ ადამიანებთან”... – ასე იწყება საქართველოს დიდი ტენორის, ზურაბ ანჯაფარიძის ცხოვრების დღიურები, რომლებიც ძალიან საინტერესო ეპიზოდებით არის გაჯერებული.
ქალის მახეში
მოსკოვში მოღვაწეობის პერიოდში ზურაბს ძალიან მოსწონდა კინოსა და თეატრის იმ დროს მეტად პოპულარული მსახიობი ქალი, მაგრამ, ვერ იქნა და ვერსად შეხვდა მას, რომ გაეცნო. ზურაბის ასეთი გატაცების შესახებ ბევრმა იცოდა და ერთ-ერთმა თეატრალურმა მოღვაწემ, ერთ მშვენიერ დღეს, ზურაბი ოჯახში დაპატიჟა, თან აცნობა, შენ რომ მოგწონს, ის ქალიც იქნებაო. ამით აღფრთოვანებული ზურაბი სტუმრად კი არ მივიდა, მიფრინდა და, აი, სასწაული! – სტუმართა შორის აღმოჩნდა უფრო ლამაზი ქალი. მან ვერ გაუძლო ცდუნებას და მთელი ყურადღება იმ „უფრო ლამაზ ქალზე” გადაიტანა. ამის დამნახავ იმ ცნობილ მსახიობს წყენა დაეტყო და რაღაცის მომიზეზებით სხვებზე ადრე წავიდა სახლში. გავიდა დრო. ზურაბმა ტაქსის რიგში შენიშნა ოდესღაც განაწყენებული ქალბატონი, რომელიც წინ იდგა. მანდილოსანმა ჩაჯდომა ვერ მოასწრო მანქანაში, რომ, მისდა მოულოდნელად ზურაბი მანქანის უკანა სავარძელზე აღმოჩნდა. ქალმა არც კი შეიცხადა, ზურაბის გასაოცრად, ტკბილად მიესალმა და საუბარი გაუბა, თან სინანული გამოთქვა, იმ საღამოს ადრე წასვლის გამო რომ სხვებივით არ მიეცა საშუალება, ოჯახურ ვითარებაში მისი სიმღერით დამტკბარიყო. ამაზე ზურაბმა უმალ მიუგო, ეს ადვილი გამოსასწორებელია, თუგინდ, ახლავეო. მანდილოსანმა თანხმობა გამოთქვა და ზურაბის სახლისკენ გაემგზავრნენ. იმ დროს ზურაბი ტიმირიაზევის ბაღთან ცხოვრობდა. სახლთან, ასახვევში, გასტრონომი იყო. მძღოლს სთხოვა, მანქანა შეეჩერებინა. შევიდა გასტრონომში სურსათ-სანოვაგის შესაძენად. მან ცოტას ყიდვა ისედაც არ იცოდა და, იმ დღეს, როცა ლამაზი ქალი მიჰყავდა შინ, რა ღმერთი გაუწყრებოდა! გასტრონომიდან გამოსულ დატვირთულ ზურაბს არც მანქანა დახვდა და აღარც შიგ მჯდომი მანდილოსანი. შემდეგ სახლში დაურეკა გაპარულ ქალბატონს და უთხრა: ერთით ნოლი თქვენს სასარგებლოდო. მან კი, მოაგონა ზურაბს სტუმრად მომხდარი ეპიზოდი და უპასუხა – არა, ბატონო ზურაბ, ერთით ერთიო.
მეორედ გაწბილებული ტენორი
ზურაბ ანჯაფარიძემ მილანის „ლა სკალას” საოპერო თეატრში ჩაიკოვსკის ოპერის „პიკის ქალში” გერმანის როლის წარმატებით შესრულების შემდეგ დიდი პოპულარობა და სიმპათიები დაიმსახურა იტალიელ მსმენელთა შორის. გამონაკლისი არც იტალიის სასტუმრო „კონტინენტალის” პრეზიდენტი იყო და მან თავის რეზიდენციაში მიიწვია ზურაბი. იქ მრავალ სტუმართა შორის ზურაბს დახვდა საქვეყნოდ ცნობილი, მსოფლიოში ულამაზესი კინოვარსკვლავი. ზურაბმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა მის მიმართ, ხან სასმელს უსხამდა, ხან კერძებს აწოდებდა – ერთი სიტყვით, თვალებში შესციცინებდა. პრეზიდენტს არ გამოჰპარვია ზურაბის ასეთი საქციელი და ხუმრობით უთხრა: თქვენი მეზობელი იტალიაში ერთ-ერთი კინოვარსკვლავია, რომელიც ქმარს არ ღალატობსო. მსახიობმაც ხუმრობითვე უპასუხა – ასე მხოლოდ დღემდე იყოო.
პირველი სიხარული
ზურაბმა ცოლად მოიყვანა კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის სტუდენტი ივეტა ბახტაძე. მათი შეყვარებულობის პერიოდი უფრო ხანგრძლივი გამოდგა, ვიდრე ცოლქმრობის. ცოლქმრული ურთიერთობა იმდენად ინდივიდუალური, იმდენად თავისებური და იმდენად ინტიმურია, რომ ამის შესახებ მხოლოდ მათ იციან და სხვამ არავინ. ზურაბმა ქალიშვილს ეთერი დაარქვა, ოპერა „აბესალომ და ეთერის” პერსონაჟის პატივსაცემად. ეთერმა არაჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭი და შრომისუნარიანობა გამოავლინა. მისი ტრიუმფალური სვლა მაშინ დაიწყო, როცა ფორტეპიანოზე დამკვრელთა მონრეალის კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა და პრემია დაიმსახურა. ამის შემდეგ სულ აღმავალი გზით იწყო სვლა და ჯერაც არ შეჩერებულა (ის ამერიკაში ცხოვრობს).
სკოლიდან გაძევებული ზურაბი
ზურაბის ძმა, ჯემალი, ძალზე ნიჭიერი, მრავალმხრივ განვითარებული, მუსიკალური და ენამოსწრებული პიროვნება იყო. არც მას უღალატია ხელოვნებისთვის, პროფესიად რეჟისორობა აირჩია და მშვენიერი საოპერო სპექტაკლები დადგა. ზურაბმა დედისგან მიიღო მემკვიდრეობით ვოკალურ-მუსიკალური მონაცემები. ზურაბის მამას, ბატონ ივანეს, საერთოდ არ ჰქონია მუსიკალური სმენა, ეს ყველაფერი ქალბატონ ალექსანდრა ბარათაშვილისა და მისი წინაპრების წყალობაა. ალექსანდრამ შვილები ობლობაში გაზარდა. ბატონი ივანე, მეფის არმიის პოლკოვნიკი, იმ ავბედითი რეპრესიების დროს დააპატიმრეს და უკან აღარც დაბრუნებულა. ოჯახში ცოლი და პატარა ბიჭები დატოვა. ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ეცხოვრა ოჯახს. ყველაზე უფრო ეს კითხვა ბატონ ივანეს აწუხებდა და, ალბათ, ამიტომ იყო, რომ თავის მეუღლეს, ალექსანდრას, ასეთი შინაარსის წერილი მისწერა: „იმისათვის, რომ სარჩო-საბადებელი იშოვო, გირჩევ, შეარჩიო ისეთი სამსახური, სადაც ხალხთან გექნება ურთიერთობა. შენ, შენი კეთილი ხასიათით, ადამიანებთან მიდგომის უნარით, აუცილებლად მოიხვეჭ ავტორიტეტს.” ქალბატონ ალექსანდრას მინიმალური ხელფასით ოჯახი უნდა ერჩინა, რაც შეუძლებელი იყო. ზოგიერთმა დახმარების ხელი გამოუწოდა ზურაბის ოჯახს, მათ შორის იყო რომანოზ ანჯაფარიძე, მაგრამ ცნობილია, რომ ვერანაირი დახმარება მთლიანად ვერ უზრუნველყოფს ოჯახს. ქალბატონმა ალექსანდრამ, დიდად თავმოყვარემ და თხოვნას მიუჩვეველმა ქალმა, პრობლემა დამოუკიდებლად გადაწყვიტა – თვითონ ხშირად მშიერს, შვილები ასე თუ ისე დაპურებული ჰყავდა. ზურაბი და ჯემალი ცდილობდნენ, თავიანთი მოქმედებით სულიერი ტრავმა არ მიეყენებინათ გასაჭირში მყოფი დედისთვის, მაგრამ განა რასაც ცდილობ ყოველთვის გამოგდის?! ერთ მშვენიერ დღეს, სკოლაში, შესვენებისას, ზურაბმა ჩვეულებისამებრ, კლასში გუნოს ოპერა „ფაუსტიდან” მეფისტოფელის არიის შესრულება დაიწყო (სხვათა შორის, ზურაბს ბავშვობისას ბანი ჰქონდა). სიმღერაში გართულმა, ვერ გაიგო ზარის ხმა და, უკანასკნელი ნოტის აღებისას, სკამი მოისროლა კარებისკენ. ამ დროს კარში გამოჩნდა ისტორიის მასწავლებელი, სასწავლო ნაწილის გამგე, ბატონი ვანო ხელაია და სკამი ისე ძლიერად მოხვდა, რომ წაიქცა. ამ ინციდენტის გამო, ზურაბი სკოლიდან გააძევეს როგორც ხულიგანი და უთხრეს: სანამ მშობელს არ მოიყვან, გაკვეთილზე არ დაგიშვებთო. ზურაბი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ვინმე უცნობი ქალისთვის გვეთხოვა, ზურიკოს დედის როლი შეესრულებინა. ასეც მოვიქეცით და შედეგსაც მივაღწიეთ. ზურაბის დედამ ვერაფერი გაიგო. ბატონმა ვანომ კი, როცა ყველაფერში გაერკვა, სულგრძელად აპატია ზურაბს ჩადენილი საქციელი.
მატერიალურად უკიდურესად გაჭირვებულ ალექსანდრას საზოგადოებაში ისე ეჭირა თავი, რომ ერთხელაც არ დაუწუწუნია. იგი 34 წლის ასაკში დაქვრივდა. ძალზე ლამაზი ქალი იყო და არაჩვეულებრივად მღეროდა. მას შეეძლო, თავისი პირადი ცხოვრება უკეთ მოეწყო, მაგრამ, აწმყო და მომავალი გმირულად შესწირა შვილებს.
ფეხსაცმლით ნაპოვნი საცოლე ანუ სამი კაკალი კონკიასათვის
ზურაბი ოპერის თეატრის დირექტორობის პერიოდში (ეს თანამდებობა მას დიდად არ ხიბლავდა და ამ პერიოდს თავისი ცხოვრების შავ ლაქად მიიჩნევდა) მეორედ დაქორწინდა მშვენიერ ქალბატონ მარინა მაჭავარიანზე. ეს ქორწინება ყოველმხრივ ბედნიერი გამოდგა ორივესთვის. უმცროსი ზურიკო, რომელიც ახლა 21 წლის არის და საოპერო ხელოვნებაში უკვე საკმაოდ კარგი მიღწევები აქვს, ქალბატონ მარინას 43 წლის ასაკში, ბატონ ზურაბს კი, 61 წლის ასაკში შეეძინათ. ვაჟის დაბადებამ საქართველოს პირველ ტენორს ლამის ჭკუა დააკარგვინა და მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მასზე ფიქრში აღამებდა და ათენებდა (მარინა მაჭავარიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი – დეა, იგი იმერეთის ყოფილი გუბერნატორის, თემურ შაშიაშვილის მეუღლეა). მათი რომანი „კონკიას” ზღაპრის მსგავსად დაიწყო: მარინა მაშინ 15 წლის იყო და დედასთან ერთად კონსერვატორიაში მაყვალა ქასრაშვილის გამოსაშვებ საღამოზე წავიდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი პირველად ეცვა და, სულ იმის შიშში იყო, ფეხი არ გადაბრუნებოდა, რაც არ ასცდა – ანტრაქტის დროს, კიბის მოაჯირთან ფეხსაცმელი გასძვრა და ძირს ჩავარდა. გოგონა დაიბნა, უხერხულობისგან აღარ იცოდა, რა ექნა. ამ დროს კიბეზე ულამაზესი პრინცი გამოჩნდა, რომელსაც ხელში ფეხსაცმელი ეჭირა და გაიძახოდა – ვისაც ეს ფეხსაცმელი მოერგება, ჩემი ცოლი გახდებაო. ბატონ ზურაბს გვერდით მარინა მაჭავარიანის მეზობელი, ცნობილი მომღერალი ირაკლი შუშანია მოსდევდა. გოგონა შეამჩნიეს და მისკენ წავიდნენ. ახალგაზრდა ზურიკოს უთქვამს: უჰ, ბავშვი ყოფილა! ა, ბიძიკო, ჩაიცვი შენი ფეხსაცმელიო. მეორე დღეს ირაკლი შუშანიას სტუმრად სწვევია. მარინას მამას მეზობლისთვის ღვინო ჩაუტანია და მალე ქეიფსაც შეჰყოლიან. ბატონ ზურაბს მისთვის ქალიშვილის ხელი უთხოვია – მოსკოვში მივდივარ და გამატანეო, მაგრამ მარინას მამას მოკრძალებული უარი უთქვამს – ჯერ ბავშვია და არ გამოგადგებაო. გოგონამ სიზმრად ნახა: გაჩირაღდნებულ დარბაზში მუსიკა ჟღერდა, მასთან უფლისწული მივიდა, ფეხსაცმელი ჩააცვა და ცოლობა სთხოვა... გავიდა წლები და ისინი, ერთმანეთზე აღფრთოვანებულები და შეყვარებულები, მაინც შეუღლდნენ, ოღონდ, მანამდე მარინა სხვას გაჰყვა ცოლად.
შეწყვეტილი სიმღერა
მან სიკვდილის წინ სამი რამ დაგვიბარა ანდერძად: პირველი – დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში არ დამასაფლავოთო. რატომ, ეს თავმდაბლობაა თუ კაპრიზი-მეთქი? არც ერთი და არც მეორე, – მიპასუხა მან. შენ ხომ იცი, როგორი გადატვირთულია ეს სასაფლაო. იქ იმდენი ღირსეული ადამიანია ერთიმეორის მიყოლებით დასაფლავებული, არა მგონია, ჩემთვის ადგილი გამოინახოს. სხვის გულზე დასვენებას კი, ჩემი კაი ძმის გვერდით, ვერის დიდსა და ტევად სასაფლაოზე მირჩევნია ყოფნაო; მეორე თხოვნა იყო – ოპერიდან არ გამომასვენოთო. ამის თქმამ კიდევ უფრო გამაკვირვა, ვიდრე პირველმა თხოვნამ. მიუხედავად უხერხულობისა, მისი მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, ეს საკითხი მის სიცოცხლეშივე უნდა გარკვეულიყო. დრო კი არ ითმენდა – არ ვიცოდით, ხელიდან როდის გამოგვეცლებოდა. თავს ძალა დავატანე და შევესიტყვე – არ გინდა იქიდან გამოსვენება, სადაც მთელი შენი შეგნებული ცხოვრება გაატარე-მეთქი? ხელით მანიშნა, მომიახლოვდიო. მივიწიე მისკენ, ხმას ძალა დაატანა და, ნახევრად ლუღლუღით, ყურში ჩამჩურჩულა: არ მინდა, ხალხმა იმ სცენაზე წაქცეული მნახოს, სადაც რამდენიმე ხნის წინ მხნედ დავაბიჯებდიო. ცრემლი მომერია. სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. უცბად წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. სახეზე წყალი შევისხი, ცრემლი მაინც მდიოდა. გაოგნებული დავრჩი და გულში ვიფიქრე: კაცს, რომელიც თავისი ხმის სიძლიერით სასწაულებს ახდენდა, სპექტაკლ „აიდაში” 14-ჯერ თავისუფლად იღებდა ლა-ბემოლს და ბროლის ჭაღებს აზანზარებდა, ახლა ხმის ამოღება უჭირს-მეთქი. უცბად სიმღერა მოგვესმა, გვეგონა ქუჩიდან შემოდის ეს ხმა, ვიღაცას ალბათ მაგნიტოფონი აქვს ჩართულიო. ზურაბზე არ გვიფიქრია – კაცს ლაპარაკი არ შეეძლო და, აბა, როგორ იმღერებდა. მელოდია გაგრძელდა. შევიხედეთ ზურიკოს ოთახში და – ნამდვილად ის მღეროდა – კრინით და ტკბილად. ხმა თანდათან სუსტდებოდა, ბოლოს მელოდია დამთავრდა და სიმღერაც შეწყდა. ასე სიმღერით გამოგვემშვიდობა. თავისი საქციელით დაგვანახვა, როგორ კვდებიან ნამდვილი ვაჟკაცები. მას თავისი საყვარელი სიმღერა შეუძღვა საიქიოში; მესამე თხოვნა კი ის იყო, ქელეხი არ გადამიხადოთო. ეს დანაბარები არ აუსრულეს. მე არ მახსოვს, ზურაბი ქელეხზე დარჩენილიყო, თუ ძალიან ახლობლის დაკრძალვა არ იყო. ის კი მახსოვს, როცა მისი ბიძაშვილი, ოტოლი გარდაიცვალა, რომელიც ძლიერ უყვარდა, ბიძაშვილ-მამიდაშვილები რესტორნამდე მიიყვანა, იქ დატოვა, თვითონ კი სახლში დაბრუნდა. ამას ასეთ ახსნას აძლევდა: ვერ ვიტან ისეთ სუფრას, სადაც ზოგს ეტირება, ზოგს ეცინება. ჭირისუფალი ცრემლებისგან იხრჩობა, მის გვერდით კი ვიღაც ხმამაღლა ანეკდოტს ყვება და მასავით სულელს აცინებსო. აქ, ზესტაფონელებმა და არგვეთელებმა – შვეტიამ, ტურა არაბიძემ, ბესიკმა, რაიკომის მდივნის – გორგოძის მეთაურობით, თავი გამოიდეს: რას ჰქვია, დაიბარა, თავი გინდათ, მოგვჭრათ? ჩვენს საყვარელ მეგობარს, რომელთანაც ერთად ვიყავით ლხინშიც და ჭირშიც, რამეს როგორ მოვაკლებთო და, ისეთი ქელეხი გადაუხადეს, რომ ხალხს, რომელიც იქ იყო, დღესაც სალაპარაკოდ აქვს. ოღონდ, ეს სუფრა ნამდვილად ჭირისა იყო – არც ანეკდოტებს ყვებოდნენ და არც იცინოდნენ. ზურაბი ძალზე მტკივნეულად განიცდიდა უშუქობას – ვერ იტანდა სიბნელეში ყოფნას. იმ პერიოდში კი მთელი ქალაქი ჩაბნელებული იყო. სახლებში სინათლე ხან ჩაქრებოდა, ხან აინთებოდა და, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, თითქოს ხელისუფლება ხალხში ნევროზის გამოწვევას ცდილობდა. შექმნილი მდგომარეობის გამო, ახლობლებს დაგვიბარა: იმქვეყნადაც რომ უსინათლობამ არ დამტანჯოს, გთხოვთ, თავთან რკინის ბოძი ჩამიბეტონეთ და ზედ ნათურა ჩამოკიდეთო. ამაზე ვუპასუხე: შენ ისეთი ტკბილი, კეთილი და უცოდველი კაცი ხარ, რომ აუცილებლად სამოთხეში მოხვდები, იქ კი ისეა ყველაფერი გაჩახჩახებული, გაგიკვირდება-მეთქი. სხვათა შორის, ოპერის ბაღში სინათლე მაშინაც კი არ ქრება, როცა სატელევიზიო ანძა ჩაბნელებულია.