კრაზანას ნახარში კუჭ-ნაწლავის პრობლემებს მოგიგვარებთ
კრაზანა შეიცავს სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და აქვს ბევრნაირი ფარმაკოლოგიური თვისება. ყველაზე აქტიური ნაერთებია ფლავონოიდები, რომლებიც ხსნის სპაზმებს სანაღვლე გზებიდან, ნაწლავებიდან, სისხლძარღვებიდან და შარდსადენის გლუვი კუნთებიდან. ეს აუმჯობესებს ნაღვლის გამოდინებას, ეწინააღმდეგება შეგუბებით პროცესებს ნაღვლის ბუშტში და ამგვარად იცავს ორგანიზმს კენჭების წარმოქმნისგან. ფლავონოიდები აგრეთვე, ხსნის ნაწლავურ სპაზმებს, აღადგენს ნორმალურ პერისტალტიკას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მონელებით ფუნქციას.
კრაზანა ხსნის სისხლძარღვთა, განსაკუთრებით კი კაპილარების სპაზმს, აუმჯობესებს ვენური სისხლის მიმოქცევას და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს სისხლით მომარაგებას, შარდმდენია, ხელს უშლის შარდსაწვეთების კედლის მოდუნებას და არეგულირებს თირკმლის ფილტრაციის მომატების დონეს. კრაზანას ახასიათებს ანტიანთებითი და ანტიმიკრობული მოქმედება. ეს მცენარე ასევე, ზრდის კუჭის სეკრეციას.
კრაზანას პრეპარატები ფართოდ გამოიყენება კანის, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, თირკმელების დაავადებისას. ნაყენს პირში სავლებადაც იყენებენ ღრძილების ანთების, სტომატიტის დროს. კომპრესების სახით კი სისხლმდენი და ინფიცირებული ჭრილობების დროს.
კრაზანას პრეპარატები ასევე გამოიყენება სანაღვლე გზების ფუნქციური დარღვევებისას, ჰეპატიტების, ნაღვლის შეგუბების, ნაღვლის ბუშტის ანთების, ნაღველკენჭოვანი დაავადებების საწყისი სიმპტომების, დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების, თირკმელების ფუნქციის დაქვეითების, თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების დროს.
ნახარში ასე უნდა მოამზადოთ: ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში ერთი კოვზი დანამცეცებული მცენარე, დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, მოათავსეთ წყლის ორთქლზე და ნახევარი საათი დააყოვნეთ. გადმოდგით, გააგრილეთ, გაწურეთ და შეინახეთ გრილ ადგილას, ერთი დღე-ღამის განმავლობაში. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.