ატაკე თითი თვალში მაურინიოს!
ესპანურმა კომპანია „რეუს აველან დიჯითალმა” სპეციალურად „აიფონებისთვის” ახალი კომპიუტერული თამაში შექმნა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება, მადრიდის „რეალის” მთავარ მწვრთნელს ჟოზე მაურინიოს თვალში ატაკოთ თითი და ამით ქულები დააგროვოთ. თამაშს „მოუს თვალი” ეწოდება და გამარჯვებისთვის საჭიროა სამი ეტაპის გავლა. თამაშის შექმნის იდეა კომპანიის თანამშრომლებს იმ ცნობილი ინციდენტის შემდეგ მოუვიდათ, როდესაც მაურინიომ „ბარსელონასთან” მატჩის დროს, თვალში თითი ატაკა ხოსეპ გუარდიოლას თანაშემწეს, ტიტო ვილანოვას. აღსანიშნავია, რომ კომპანია კატალონიურ ქალაქ რეუსში მდებარეობს, ბარსელონასთან ახლოს და, რა თქმა უნდა, მისი თანამშრომლები „ბარსელონას” ქომაგები არიან.