რა შემთხვევაში არ ისმენს უფალი ადამიანის ლოცვას და რატომ არ შეუძლია ღმერთს ადამიანების დასჯა
დიდ ათონელ ბერს, მამა პაისს, შემდეგი კითხვა დაუსვეს: „ვლოცულობ რა ყოველდღიურად, ჩვეულებრივ, საღამოს ლოცვების წაკითხვის შემდეგ, ვზივარ და საკუთარ თავს ვეკითხები: უფლისადმი აღვლენილი სიტყვების შემდეგ, რატომ ვერ ვგრძნობ ვერაფერს?”. პასუხი ასეთი იყო: „როგორ შეიგრძნობ ლოცვას, როცა ამის წინ ამდენ ხანს ტელევიზორთან იჯექი და სხვადასხვა ცნობებს ისმენდი, შემდეგ კი გამორთე და მაშინვე დაიწყე საღამოს ლოცვების კითხვა? კარგია, საერთოდ არ უყურო ტელევიზორს, მაგრამ, თუ შეხედავ, მაშინ, გამორთავ რა მას, ჯერ გული უნდა გაითბო, წაიკითხო თავი წმიდა წერილიდან ან წმიდა მამათა თხზულებიდან იმ მიზნით, რომ შესასვლელში შესვლის შემდეგ ლოცვის ადგილას მოხვდე. მაშინ შეიგრძნობ ლოცვას. გაყინული გულითა და პრობლემებით გადატვირთულნი უფალს ვერ ვესაუბრებით, დღის დაბრკოლებები იმოქმედებს ჩვენზე”.
ლოცვის არსის, მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):
– ლოცვა ქრისტიანი, რელიგიური ადამიანისთვის აუცილებელია, რადგან ლოცვა არის საუბარი, კავშირი, ურთიერთობა უფალთან. ამიტომ, არ შეიძლება ქრისტიანს ერქვას ქრისტიანი და ის არ ლოცულობდეს. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ვართ ქრისტიანები, გვწამს ღმერთი, მაგრამ, საერთოდ არ ვლოცულობთ. ესე იგი, უფალთან არ გვაქვს ლოცვითი კავშირი, ის სულიერი საკრალური კავშირი, რომლის დროსაც ხდება ადამიანისა და უფლის სინერგია, ანუ სულიერად შეერთება ერთი მხრივ ადამიანის, მეორე მხრივ კი უფლის. ეს ყველამ იცის, მაგრამ, როგორია ჩვენი ლოცვითი განწყობა, სულიერი მდგომარეობა თუნდაც ყოველდღიური ლოცვის დროს – ეს ცალკე საკითხია. დღევანდელ საზოგადოებაში, მორწმუნე მრევლში ასეთი შეხედულებაა დამკვიდრებული: ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ლოცვას უნდა კითხულობდეს: – დილა-საღამოს ლოცვებს, ფსალმუნებს, დაუჯდომლებს, წმიდანების მიმართ ლოცვებს და ამ ყველაფერს მან შეიძლება, მთელი დღე მოანდომოს. ანუ, შეიძლება, ჩათვალოს, რომ ეს არის მისი შინაგანი განწყობა და, ამიტომაც, დილიდან საღამომდე ლოცულობს. მაგრამ, თუ ის დაუკვირდება, მიხვდება, რომ მისი მხრიდან არ არის სწორი ლოცვითი გზა არჩეული და, შესაძლოა, ეს ატარებდეს გარკვეული სახით განდიდების, პატივმოყვარეობის მდგომარეობას, ანუ ის განიცდის იმ არასწორ სულიერ მიმართულებებს, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანს აზიანებს. წმიდა მამების ასეთი გამონათქვამიც არსებობს: თუ ადამიანი გულით არ ლოცულობს, ის, როგორც მკვდარი, მიცვალებული, ისე დგას უფლის წინაშე. ანუ ის არის ცარიელი გვამი და არა სული, რადგან ლოცვა – ეს არის სულიერი მოვლენა და არა ფიზიკური. თუმცა ადამიანი ფიზიკურად, ხორციელად შეიძლება იყოს ჩართული, ეს გამოიხატება მუხლმოდრეკაში, მეტანიებში, სხვა მოძრაობებში, რაც, შეიძლება, გააკეთოს ლოცვის დროს, მაგრამ, ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს, არაფერს წარმოადგენს, თუ მას შინაგანი ლოცვითი მდგომარეობა არ აქვს. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ეს მდგომარეობა არ უნდა იყოს მოჩვენებითი, ანუ, შეიძლება დილა-საღამო დაუთმოს ლოცვას და სხვა არაფერი აკეთოს. რა თქმა უნდა, ასეთი ლოცვა არ შეიძლება.
– რატომ არ შეიძლება?
– ადამიანს, რომელიც მონასტერში მოღვაწე, მორჩილია, აღთქმა აქვს დადებული, რომ მისი ყოველდღიური საქმიანობა უნდა შემოიფარგლოს ორი რამით: ლოცვითა და შრომით და, მეორეა უკვე, როდესაც ადამიანი ერისკაცია, მისი მოვალეობა მარტო ლოცვა არ არის, მისი მოვალეობაა სამსახურში წასვლა, საქმის კეთება, შვილების აღზრდა, მეუღლის მოვლა – ანუ ყველაფერი, რაც ადამიანმა დღის განმავლობაში უნდა აკეთოს. ვისაც პრეტენზია აქვს, რომ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ბუნებრივია, უნდა ილოცოს, თუმცა, მარტო ლოცვით არ უნდა იყოს დაკავებული. ანუ, ადამიანმა ლოცვა ზომიერად უნდა შეასრულოს, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ლოცვა უნდა იყოს სულიდან წამოსული, მისი შინაგანი მოთხოვნილება და არა ვინმეს დასანახავად შესრულებული ქმედება. ასეთი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ: ხშირად ტაძარში, ყველას დასანახავად ხმაურიანად იწერენ პირჯვარს, ხმაურით ასრულებენ მეტანიებს, ანუ, უნდათ, რომ ამით სხვა ადამიანების ყურადღება მიიქციონ. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ არ განვიკითხავთ, მაგრამ, სულიერებაში გამოცდილი მორწმუნე რომ დააკვირდება ასეთ ადამიანებს, ადვილად აღმოაჩენს, რომ მათი ლოცვითი მდგომარეობა არ არის ჯანსაღი, სწორი მდგომარეობა. როცა გულით ვლოცულობთ, მაშინ გადმოდის ჩვენზე უფლის მადლი და წყალობა და ამ დროს ლოცვისგან ვიღებთ სარგებლობას. რაც მთავარია, ლოცვა სიყვარულით უნდა იყოს აღვლენილი უფლის მიმართ. თუ სიყვარული არ გააჩნია, მაშ, რისთვის ლოცულობს? უფალი პირველწყაროა სიყვარულისა და ის ჩვენგანაც სიყვარულს მოითხოვს. რასაც უნდა აღვასრულებდეთ, ლოცვა იქნება ეს თუ სამსახური, ყველაფერი მხოლოდ სიყვარულით უნდა იყოს შემოსილი. უფალი დაინახავს მის კეთილ განწყობას, სიყვარულს ადამიანების მიმართ და ასეთი ლოცვა იქნება შესმენილი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ფსალმუნების, დაუჯდომლების კითხვა ცუდია, მაგრამ, ყველაფერი უნდა იყოს აღსრულებული ზომიერებით, რადგან მართლმადიდებლობა არის ზომიერი სარწმუნოება და, რაც ზომიერებას სცილდება, უკვე ფანატიზმია.
– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ის არასწორად ლოცულობს?
– ადამიანი უცბად ვერ აღმოაჩენს, რომ ის კარგად ლოცულობს, ან ცუდად. საკუთარ თავს უნდა დაუკვირდეს და ნელ-ნელა მიხვდება ყველაფერს. ეკლესიის მამები ყოველთვის გვასწავლიდნენ: ადამიანი მაშინ ემსგავსება უფრო მეტად ადამიანს, როდესაც ის საკუთარ თავს უკვირდება, ანუ საკუთარ თავს შეიცნობს. იმისთვის, რომ ადამიანმა ისწავლოს სწორი ლოცვა, მთავარია აღქმა, შეგნება იმისა, რომ ის ცოდვილია. თუ ადამიანი შინაგანად აღიქვამს, რომ მას სჭირდება უფლის შეწევნა, რომ მისი ლოცვა და ნებისმიერი საქმიანობა უფლისთვის არ არის მოსაწონი, ის მიღწეულზე არ ჩერდება და ფიქრობს, რომ მას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, და თუ რამე გააკეთა და მოახერხა, ეს მხოლოდ მისი დამსახურება არ არის. მინდა, სახარებიდან ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მოვიყვანო: ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს ერთ-ერთი ავაზაკი ეუბნება: „მომიხსენე, როდესაც მოხვალ სუფევითა შენითა”. ამას არა მხოლოდ მისთვის, მთელი კაცობრიობისთვის, ქრისტიანობისთვის ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს ადამიანი, მეორე ავაზაკისგან განსხვავებით, არ ითხოვდა: უფალო იხსენი შენი თავი და ჩვენც გვიხსენიო, პირიქით, უფალს მოხსენიებას სთხოვს და არა ცხონებას, სამოთხეში შეყვანას; ის ვერც კი წარმოიდგენდა, თუ იმ დღესვე მოხვდებოდა სამოთხეში, მაგრამ, ის მაინც აცხონა უფალმა. ჩვენ ვიცით, რომ, ადამიანი რომ ცხონდეს, უნდა იყოს მონათლული და ის როდესაც შედის ეკლესიის ერთობაში, როგორც მათ ეუბნება უფალი: „თუ შენ არ ეზიარები ჩემს სისხლსა და ხორცს, ვერ ცხონდები; თუ შენ არ ხარ მონათლული წმიდა სამების სახელით, ვერ შეხვალ სასუფეველში”. მაგრამ, ავაზაკი, რომელიც ცუდ საქმეებს სჩადიოდა, არ იყო მონათლული – შედის სასუფეველში.
– შეიძლება, ბევრმა იფიქროს, მაშინ, რა საჭიროა ლოცვა, ზიარება, როცა ავაზაკი ერთი სინანულის სიტყვის თქმისთანავე შევიდა ცათა სასუფეველში?
– ეს ერთადეთი თვალსაჩინო მომენტია და, გარკვეულწილად, დაუჯერებელი ამბავიც: ავაზაკი, რომელიც არც მონათლულია, უფლის სისხლსა და ხორცს არ ეზიარა, მაინც შედის სამოთხეში. ეს ადამიანი აცნობიერებს თავის ცოდვიანობას და სამოთხეში შესვლას კი არ ითხოვს, არამედ, მოხსენიებას. დღეს, როდესაც ჩვენ ვლოცულობთ, ღვთისგან სწორედ ეს უნდა ვითხოვოთ: წყალობა, მადლი და, რაც, მთავარია, ეს უნდა მოხდეს საკუთარი ცოდვიანი მდგომარეობის შეცნობით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ცხონება-არცხონების საკითხი სწორედ დედამიწაზე ხდება და არც უფალი სჯის ადამიანებს. უფალი აბსოლუტური სიყვარულია, ის არის ყველაფრის შემქმნელი და ამიტომ, არ შეიძლება მან ვინმე დასაჯოს. ადამიანი ისჯება თავისი ცოდვებითა და ცუდი საქციელით. უფალს არ შეუძლია ადამიანის დასჯა, რადგან ის სიყვარულია. ამიტომ, ადამიანებს სჯის ის, რომ არ ლოცულობს კარგად, არ ლოცულობს სიყვარულით და, შესაბამისად მისი ლოცვა არ არის შესმენილი, რადგან დამძიმებულია ამქვეყნიური მდგომარეობით, ვნებებით. ამიტომ, ის ვერაფრით ვერ ავა უფალთან და კვლავ დაბლა დაეშვება.