ანტიქრისტეს ცრუ სასწაულები
პავლე მოციქული ამბობს, რომ ანტიქრისტე იქადაგებს ქრისტეს მხსნელი რწმენის საწინააღმდეგო ცრუ მოძღვრებას, რითაც გაიტაცებს ბევრ სუსტსა და უღირსს (2 თეს. 2.9-12). თავისი მოძღვრების დასამტკიცებლად მოახდენს (ეშმაკის შეწევნით) ტყუილ ნიშნებსა და სასწაულებს, რათა ქვეყანა ბნელეთის მეუფის უსაზღვრო მორჩილებაში ამყოფოს.
„იოანეს გამოცხადების” მეცამეტე თავში ვკითხულობთ: „და იქმს სასწაულთა დიდთა და რათა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა” (გამოცხ. 13.13).
ეფრემ ასური: „დიდ არს ღვაწლი მათ დღეთა შინა, ძმანო, უფრო კი მართალთათვის, ოდეს გველი იგი დიდის ხელმწიფებითა ჰყოფს სასწაულებსა და ნიშნებს, ოდეს საზარელს ჩვენებებში ღმერთად გამოაჩინებს თავსა და იფრენს ჰაერში, ხოლო ეშმაკნი ყოველნი ანგელოზთაებრ ამაღლდებიან წინაშე მაჭირვებელისა.”
უმეცრება და ხორციელი ბრძნობა ამ სასწაულების ხილვისას, აღარ ისურვებს დროის დაკარგვას და დაფიქრებას თავისი სულის სიახლოვის გამო (ანტიქრისტეს ცრუსასწაულების.)
სულთან და სიბრმავის გამო, სატანის მოქმედებას ღვთის ძლიერების უდიადეს გამოვლინებად აღიარებენ და ანტიქრისტე მიღებული იქნება ნაუცბათევად, დაუფიქრებლად.
ეგნატე ბრიანჩანინოვი: „საშინელი უბედურებაა ადამიანში ღვთის ჭეშმარიტი შეცნობის არარსებობა. იგი ეშმაკის მოქმედებებს ღვთის საქმეებად მოაჩვენებს. ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ სულიერი ცოდნისა და გონიერების სიმწირე ადამიანებში ბოლო ზღვარს მიაღწევს... ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს მოწიწება და პატივისცემა ყოველივე წმიდისადმი, დაკარგეს თავმდაბლობა, რომელიც არ მიიჩნევს თავს ღირსად არათუ სასწაულის მოხდენისა, არამედ მისი ხილვისა, სწყურიათ სასწაულები, ისე, როგორც არასდროს. თავდაჯერებულობით, თვითკმაყოფილებით, უმეცრებით მთვრალი ადამიანები წინდაუხედავად, განუკითხავად და თამამად მიისწრაფიან ყოველივე სასწაულებისკენ და უარს არ ამბობენ, იყვნენ მათი მონაწილენი... მოაწყობს ანტიქრისტე კაცობრიობის წინაშე თეატრალური წარმოდგენების მსგავს სამარცხვინო არენას გამაოგნებელი, თანამედროვე მეცნიერების მიერ აუხსნელი სასწაულებისა, შიშით აღავსებს მათ თავისი სასწაულების მრისხანებითა და საკვირველებით, დააკმაყოფილებს მათ განუსჯელ ცნობისმოყვარეობას და უხეშ უმეცრებას, დააკმაყოფილებს ადამიანურ პატივმოყვარეობასა და სიამაყეს, დააკმაყოფილებს ცრუმორწმუნეობას... ადამიანები, განშორებულნი ღვთაებრივი ნათლის წინამძღვრობისგან იხელმძღვანელებენ თავისი დაცემული ბუნებითა და ისწრაფებენ დაემორჩილონ მაცდურს.“
ანტიქრისტეს ცრუსასწაულები იქნება ფსიქოლოგიური ძალადობა, რაღაც მასობრივი ჰიპნოზის მსგავსი. მას არ ექნება არავითარი კეთილგონივრული მიზანი, არავითარი განსაზღვრული მნიშვნელობა საპირისპიროდ მაცხოვრის მიერ მოხდენილი სასწაულებისა, რომელთა მიზანი იყო ადამიანთა დახმარება, განკურნება, დაპურება და რომლებითაც დაიწყო ქრისტემ სამყაროს მომავალი დიდებული განახლება.