მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, როგორ უნდა მოინანიოს წინაპრის ცოდვა შთამომავალმა?
პასუხი: წინაპრის ჩადენილ ცოდვაზე შთამომავალი პასუხს არ აგებს, თუმცა, განსაკუთრებით მძიმე ცოდვები მაინც აისახება ხოლმე შთამომავალზე და აბრკოლებს მას. ამიტომ, ადამიანმა თავისი ეკლესიურობით, ღვთის მოშიშობითა და სინანულით უნდა თქვას უარი ცოდვიან ცხოვრებაზე და მაშინ წინაპრის ცოდვა ვერ აზარალებს მას.
კითხვა: მარხვის პერიოდში მომიწია ჩემი ვაჟის ქორწილის გადახდა. ახლა ამას ძალიან განვიცდი. როგორ მოვიშორო ეს შეგრძნება?
პასუხი: თქვენს მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ცოდვა შეგნებით ჩაიდინეთ, ანუ იცოდით, რომ მარხვის პერიოდში არ შეიძლებოდა ქორწილის გადახდა და მაინც გადაიხადეთ. თუმცა, რადგან აცნობიერებთ თქვენს ქმედებას და ნანობთ, უფალი გულმოწყალეა და შეგინდობთ. თქვით აღსარება, მოინანიეთ და ილოცეთ საკუთარი და თქვენი ვაჟის კეთილდღეობისთვის.
კითხვა: ყველა გარდაცვლილისთვის სასარგებლოა თუ არა ფსალმუნების წაკითხვა?
პასუხი: გარდაცვლილისთვის ფსალმუნების კითხვა ძალიან კეთილი საქმეა, მაგრამ, ყველა გარდაცვლილისთვის მისი კითხვა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. კერძოდ კი: ურწმუნოებისთვის, თვითმკვლელებისთვის, მოუნათლავთათვის და სხვა სარწმუნოების მიმდევრებისთვის.
კითხვა: სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ გარდაცვლილ მეუღლეს შეცდომით ჩავაყოლე ჩემი შვილის ნივთი. ხომ არ იმოქმედებს უარყოფითად ეს ჩემს შვილზე? გთხოვთ მიპასუხოთ, რადგან ძალიან განვიცდი.
პასუხი: შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, თქვენს შვილს ეს არაფერს ავნებს, უმჯობესია, მსგავს ცრურწმენებს არ მიაქციოთ ყურადღება, იცხოვროთ ეკლესიურად და ილოცოთ თქვენი შვილისთვის.