კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაბრუნდა ბაბილინა მეუღლის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში სამსახურში და ვისთვის ცდილობდა ის ტკივილის შემსუბუქებას

ის ყველასთვის, დიდისთვის და პატარისთვის, ქერათმიანი, მოსიყვარულე, ხალისიანი ბაბილინაა, მაგრამ, მაინც ბავშვებს უყვართ განსაკუთრებულად... შვიდი წელია, რაც ნატო სულხანიშვილი ბაბილინა გახდა, მაგრამ ის საკუთარი შვილებისთვის მანამდეც ძალიან მოსიყვარულე, ყურადღებიანი, მზრუნველი „ბაბილინა“ იყო და ახლაც ასეა... ნატო ცხოვრებაშიც ისეთივე ენერგიული, ხალისიანი და საინტერესო ადამიანია, როგორი©ც ეკრანიდან ჩანს.

ნატო სულხანიშვილი: როდესაც ჩემმა შვილმა, ლევანმა მნახა პირველად ტელევიზორში, მაშინ პატარა იყო – 3 წლის, მკითხა: დედიკო, შენ რა, ბაბილინა გახდიო? გაუკვირდა, მაგრამ, ძალიან მოეწონა და დიდი ხნის განმავლობაში ტელეფონს ასე პასუხობდა: „გამარჯობა, მე ბაბილინას და დიჯეი გოგას შვილი ვარ“. უფროსი ქალიშვილიც მყავს, 16 წლის. ლევანს ყოველთვის ვეუბნებოდი: მე შენი იმედი მაქვს, შენ უნდა დაიცვა შენი დაიკო, დედიკო, სამშობლო, მერე ოჯახი გექნება და ისინი უნდა დაიცვა. ჩემთვის კარგი, იდეალური მამაკაცი არის ის, რომელიც მხოლოდ საკუთარ ოჯახს არ უვლის, თავის მეგობრებსაც პატრონობს და სამშობლოსაც უნდა გამოადგეს.
– მკაცრიც იყავით?
– ზომიერების ფარგლებში. მოფერება გვიყვარს ძალიან. ჩემი მეუღლე აღარ არის ცოცხალი, მაგრამ, როდესაც ცოცხალი იყო, ბავშვები ძილის წინ ყოველთვის კოცნიდნენ მამას, დილითაც იგივე ხდებოდა. ახლაც, სკოლაში რომ მიდიან, ყოველთვის მკოცნიან და ასე იქცევიან ძილის წინაც. დღის განმავლობაში, თუ სადმე დამინახეს, მაშინაც არ ერიდებიან. ბიჭიც და გოგონაც ძალიან თბილები არიან. ამჟამად მთელი ყურადღება სწავლა-განათლებაზე მაქვს გადართული. ახლა ისეთი საუკუნეა, ბავშვები ნაკლებად კითხულობენ, რადგან ბევრი ინფორმაცია მოდის ტელევიზიით, კომპიუტერით. მაგრამ, ეს ბარიერი გადავლახეთ, ამაში არაჩვეულებრივი ქალბატონი – მარინა გოგორიშვილი დაგვეხმარა, რომელიც ჩემთვის აღმოჩენა იყო. ჯერ ერთი შვილი მივიყვანე, შემდეგ – მეორე და დღემდე დადიან.
– რა პროფესიის ხართ?
– კონსერვატორია მაქვს დამთავრებული. სანამ ბავშვები მეყოლებოდა, მუსიკალურ სასწავლებელშიც ვმუშაობდი, ბაღშიც – მუსიკის მასწავლებლად, ორკესტრშიც ვუკრავდი, მაგრამ, როდესაც გავთხოვდი, პროფესია შევიცვალე. ჩემი მეუღლე მსახიობი იყო და მეც მოვსინჯე თავი გახმოვანებაში და დღემდე იქაც ვმუშაობ. ჯერ იყო თოჯინა „კოკო“, შემდეგ – „ბაბილინა“ და ასე მოვდივარ. ვცდილობ, ყოველთვის მოვიცალო შვილებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა, ისევე, როგორც ყველა დედისთვის. გარდა იმისა, რომ ჩემი საქმიანობა მიყვარს, ისეთი ოჯახური პირობები მაქვს, აუცილებლად უნდა ვიმუშაო – მე ვარ ყველაფერი. დღეში 6 საათი ერთად ვართ და სულ ვსაუბრობთ. ეს არ არის ცუდი, მაგრამ, არასაკმარისია. ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, თუმცა, პრინციპულიც ვარ, როცა ეს საჭიროა. ძალიან რთულია ბავშვებს აღზრდა.
– თანაც, მამის გარეშე...
– დიახ. სამი წელია, რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ეტაპი დამთავრდა და სხვა დაიწყო – პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემზე გადმოვიდა. თან, ისე მოხდა, რომ ბებიები-ბაბუებიც აღარ არიან ცოცხლები და რადგან არასდროს ჰყავდა ნანახი ერთხელ ლევანმა მკითხა: შენ ჩემი ბებო ხარო? ბავშვის გარშემო ძალიან ბევრი თბილი გული უნდა ტრიალებდეს. ამიტომ, ვცდილობ, მათთვის ზოგჯერ ბებო ვიყო, ზოგჯერ – მამა, დედა ხომ, თავისთავად, ვარ.
– როდესაც მეუღლე გარდაგეცვალათ, ალბათ, გარკვეული ხნით აღარ მუშაობდით.
– ერთ კვირაში გავედი სამსახურში. მქონდა ძალიან მძიმე ექვსი თვე, ამიტომ, აუცილებლად უნდა მემუშავა, რომ სხვა რამეზე გადამეტანა ფიქრი. 6 თვის შემდეგ მივხვდი, რომ არ შეიძლებოდა, წარსულით გამეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ, აწმყოზე რომ მეფიქრა, მეც აწმყოში უნდა ვყოფილიყავი და დავბრუნდი კიდეც. ბავშვები ამაში ძალიან დამეხმარნენ, მეც ვეხმარებოდი მათ ამ დიდი დანაკლისის ამოვსებაში, ვცდილობდი, მათთვის ტრავმა შემემსუბუქებინა. ტკივილი ყოველთვის რჩება, მაგრამ, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს პრობლემის გადალახვა. მე ასე გამზარდეს და ჩემს შვილებსაც ასე ვასწავლი: პრობლემა, წინააღმდეგობა, რომელიც გზად დაგხვდება, უნდა გადალახო, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ.
– ყველაზე კარგ, ხალისიან სფეროში გიწევთ მუშაობა.
– დედაც და მამაც პედაგოგები მყავდა, ძალიან მიყვარდა ბავშვები და სულ ვამბობდი, დიდი სახლი ავაშენოთ, ბევრი ბავშვი მოვიყვანოთ და მე ყველას მოვუვლი-მეთქი. ბავშვები ძალიან გულწრფელები არიან და კარგად გრძნობენ არაგულწრფელ ადამიანებს. მათგან დაუშრეტელი ენერგია მოდის, თანაც – პოზიტიური. ბავშვებთან ურთიერთობა ენერგიით დამუხტვაა, ესაა ყველაზე კარგი „ტურბო“, ელემენტები რომ გაიკეთო, მაგრამ, რასაც ჩადებ, იმას აუცილებლად მიიღებ და, როდესაც შედეგს ხედავ, ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია. „ბასტი-ბუბუ“ უკვე დიდი პლანეტაა, თავისი მეგობრები, შვილები ჰყავს, ბევრი კარგი იდეა აქვს და გაჯერებულია ბავშვების სიყვარულით, აგებულია ბავშვების ფსიქოლოგიაზე და, თუ მეც შემაქვს ამ ყველაფერში ჩემი წვლილი, ძალიან ბედნიერი ვიქნები.
– ალბათ, ხშირად გიწევთ თავდაყირა დგომა?
– სულ თავდაყირა არ არის მთელი ჩვენი ცხოვრება, მით უმეტეს, ბავშვებთან ურთიერთობისას?! რა თქმა უნდა, არის სირთულეები, მაგრამ, ყველაფერი გვარდება, მთავარია, იმის სურვილი გქონდეს, რომ შენი საქმე კარგი გამოვიდეს. ის, რომ დავდივარ და ვიღიმები, უკვე ამ დიდი პლანეტის – „ბასტი-ბუბუს“ დამსახურებაა. რაც უფრო მეტი ადამიანი გაუღიმებს გულწრფელად ერთმანეთს, მით უკეთესია. ასეთი ფილოსოფია არსებობს: ადამიანი ბაღს რომ უვლის, ის საკუთარ სულს კურნავსო. ბაღში ბავშვები იგულისხმებიან, როდესაც სული იკურნება, მერე გული სიყვარულით ივსება, სიყვარულს აფრქვევს და ყველას სჩუქნის ამ გრძნობას.
– კარგი დიასახლისი უნდა იყოთ.
– მიყვარს დიასახლისობა და მენატრება. როგორც აღნიშნავენ, გემრიელ საჭმელებს ვაკეთებ. მართალია, ამისთვის ძალიან ცოტა დრო მაქვს, მაგრამ შაბათ-კვირას ამას ყოველთვის ვახერხებ. თან, ჩემი მეგობრები მოდიან ხშირად. შარშან ფეხი მოვიტეხე, ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მეგობრებმა, რომ დამირეკეს და ხმა არ მოეწონათ, მოვიდნენ და იმის შემდეგ თითქმის ყოველ შაბათს მოდიან ჩემთან სტუმრად. ბევრნი ვართ – 15 ქალი, მათი შვილები... არ აქვს მნიშვნელობა, ვისი დაბადების დღეა, ჩემი თუ შვილების, იქ არიან დიდებიც და პატარებიც. ერთი ოცნება მაქვს: ძალიან მინდა, რომ ახალგარემონტებული სახლი და ძალიან დიდი სამზარეულო მქონდეს.
– თუ წარმოგიდგენიათ ბაბილინა, რომელიც მხოლოდ სახლში, სამზარეულოსთან ტრიალებს და ბავშვებთან არ მუშაობს?
– ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, რადგან ჩემი ენერგია მხოლოდ აქ ვერ დაიხარჯება ბოლომდე – შეიძლება, რამე გადავწვა. სხვათა შორის, ერთი პერიოდი ნათურებსა და ჩამრთველებს ვწვავდი – ავანთებდი ნათურას და ვიცოდი, რომ გადაიწვებოდა. 16 წლიდან ვმუშაობ, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. მიმაჩნია, რომ ქალს შეუძლია, წარმატებულად მართოს ოჯახის საქმეები, აღზარდოს შვილები და, ასევე, ჰქონდეს თავისი საქმე. ეს ყველაფერი მის ხასიათზეა დამოკიდებული. თუმცა, არის ეიფორიული მომენტი, როდესაც გადაღლილი ხარ, ვერ ისვენებ და მაშინ გიჭირს ამ ყველაფრის გაკეთება. მე, მაგალითად, რამდენიმე ზაფხულია, არ დამისვენია. წელს ჩემმა მეგობრებმა გამიტაცეს კვარიათში და მეგონა, რომ ორი კვირა ვიყავი. ზღვის ხმას ვუსმენდი, მზეზე ვირუჯებოდი, იყო ძალიან კარგი მუხტი.
– თარსიც ხომ არ ხართ?
– თარსი არ ვარ, მაგრამ, რაღაცეები მემართება. ფეხი შარშან მოვიტეხე. ჩემი შვილი დაბადების დღის ცენტრში მყავდა, ფეხი გადამიბრუნდა და კოჭში სამ ადგილას მომტყდა, იმ დღესვე სამი ოპერაცია გამიკეთეს. მაგრამ, ცხრა დღეში ბათუმში წავედი და ორი კონცერტი წავიყვანე, რადგან, ასე გამზარდეს: „თუ ცოცხალი ხარ, რაღაც უნდა აკეთო“. უმოძრაოდ ყოფნა არ შემიძლია, ძალიან მოძრავი ადამიანი ვარ.
– თქვენც გყავდათ ბავშვობაში „ბაბილინა“?
– ჩემი ბაბილინები, ალბათ, დედაჩემი და ბებიები იყვნენ. ძალიან კარგი დედა მყავდა, იმას ვგავარ იერით, ენერგიით – ასე ამბობენ მისი მეგობრები. დედის მამა ექიმი იყო და ჰიპოკრატეს ფიცის შესახებ მისგან ვიცი. სულ იცავდა ამ ფიცს, ყველას ეხმარებოდა. პედაგოგობა და ექიმობა უფლის ბოძებული ნიჭია – თუ არ შეგიძლია, არ უნდა გააკეთო. მე და ჩემი ქმარი (მისი მამაც ექიმი იყო), სულ ვკამათობდით: ექიმი თუ პედაგოგი? მე ვამბობდი: პედაგოგი ადამიანის სულს კურნავს; ან განკურნავს, ან – დააავადებს, ექიმი და ფიზიკურად კურნავს. ჩემი მეუღლე ექიმისკენ იხრებოდა, ხეჩინაშვილების შთამომავალი იყო და მათი მთელი დინასტია ექიმები იყვნენ, მე კი პედაგოგების ოჯახიდან ვიყავი.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ჩემი და და ჩემი მეუღლე მეგობრები იყვნენ, ორივე მეთოჯინეა და მისგან გავიცანი. ჩემი და მოდიოდა და სულ ახალ ანეკდოტებს ყვებოდა, რომელსაც ჩემი მომავალი მეუღლე უყვებოდა. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. სულ ვამბობდი, ვინ არის ეს გოგა ხეჩინაშვილი-მეთქი. რომ მივედი და დავინახე, მაშინვე შემიყვარდა – ამას ერთი ნახვით სიყვარული ერქვა. ოთხ წელიწადში ოჯახიც შევქმენით.

скачать dle 11.3