კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წაგებულ თამაშს იწყებს კაცი, რომელიც ცოლის ერთგულებას ამოწმებს

აჩქარება და ემოციები ცუდი მრჩეველია – ეს, ალბათ, ყველამ ვიცით. თუმცა, ფაქტის წინაშე რომ ვდგებით, ან გვავიწყდება ეს ჭეშმარიტება, ან ემოციებს მაინც ვერ ვერევით. რა თქმა უნდა, ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება უფრო მომგებიანია, მაგრამ ადამიანი მაინც ემოციური არსებაა და ხშირად ხდება თავისივე გრძნობების ტყვე, რასაც ის სავალალო შედეგამდე მიჰყავს. თითქოს დადგენილია, რომ ქალები უფრო ემოციურები არიან, კაცები – პრაგმატულები, მაგრამ, თუ მამაკაცი ერთხელ მაინც აჰყვება ემოციას, ეჭვსა და გონების ხმას ჩაახშობს და შეცდომას აუცილებლად დაუშვებს. სამწუხაროდ, ყველა შეცდომის გამოსწორება არ არის შესაძლებელი. ალბათ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ძალიან ბევრი უნდა ვიფიქროთ, რადგან სინანული შვების მომტანი ნამდვილად არ არის.

გოგა (37 წლის): მარაზმია ეს ყველაფერი. მარაზმია, მე რომ აქ ვარ და ამ ყველაფერზე გელაპარაკებით, მაგრამ ამ ამბის შემდეგ რაღაც დამემართა. საკუთარ თავს აღარ ვგავარ და, ზოგჯერ მგონია, ვიღაც სხვამ დაუშვა ასეთი იდიოტური შეცდომა. ნორმალური ადამიანი მეგონა თავი და ვფიქრობდი, რომ მაგარი ტიპი თუ არა, სერიოზული კაცი მაინც ვიყავი, კარგი ცოლი მყავდა და ნორმალური ოჯახი მქონდა. განსაკუთრებული ქმარი ვიყავი-მეთქი, არ ვიტყვი, „მიცელქია” კიდეც, მაგრამ, სერიოზულად არა.
– ეგ რას ნიშნავს?
– ანუ, ცოლისთვის „მასშტაბურად” არ მიღალატია. გრძნობა მხოლოდ ცოლის მიმართ მაქვს და თუ სხვა ქალთან ვყოფილვარ, მხოლოდ სიტუაციიდან გამომდინარე, შემთხვევით და დამვიწყებია ის ამბავი.
– ძალიან მარტივად ლაპარაკობთ.
– იმიტომ, რომ მარტივი იყო ეს ყველაფერი, ძვირფასო. სულ ორჯერ მოხდა, რამდენიმე წლის წინ და ამას ჩემი და ჩემი ცოლის ურთიერთობაზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია. არც მითქვამს მისთვის, იმიტომ, რომ სათქმელიც არაფერი მქონდა. მამაკაცები ასეთ უმნიშვნელო რაღაცეებს ყურადღებას არ ვაქცევთ. მომენტი ჩავარდა და სულ ეს იყო. ღალატი ცოტა სხვა რამეა – როცა ცდილობ, ორ ფრონტზე „გადანაწილდე”; როცა ისიც გინდა და ოჯახსაც ეპოტინები; არც ის გეთმობა, არც ეს... იცი, რომ ბოლოს მაგრად გაიჭედები, მაგრამ, ვერ ჩერდები. მე ამაზე არასდროს წავიდოდი, არ ზის ჩემში და იმიტომ. ჩემს ცოლსაც საკმარისზე მეტად ვცემ პატივს, რომ შეურაცხყოფა მივაყენო. კაცი რომ საყვარელს იჩენს, ეს შეურაცხყოფაა. გულახდილად გეუბნებით ამას, ყოველგვარი პოზიორობის გარეშე. ამიტომაც აღვიქვი ისე მტკივნეულად და ემოციურად ჩემს ცოლში მომხდარი ცვლილება.
– რა, ცოლი ღალატში შენიშნეთ?
– ასე მარტივად არ არის საქმე. მე სულ ვფიქრობდი, რომ ქალები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთგულებად და ორგულებად. ერთგული ქალი, როგორც არ უნდა გამწარდეს, ცუდ საქციელს არ ჩაიდენს. შეიძლება, უნდოდეს კიდეც სამაგიეროს გადახდა, მაგრამ ვერ გააკეთებს ამას. ორგული ქალისთვის კი სიტუაციაა მთავარი. როცა ბუნებაში ღალატი უდევს, მშვიდად ვერ იქნები.
– სამაგიეროს გადახდა ვისთვის?
– თუნდაც, მოღალატე ქმრისთვის. რა არ გაგიგიათ, გამწარებული, შეურაცხყოფილი ქალი, რომ სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობს რაღაც კონკრეტულ მომენტში მაინც? ძალიან იშვიათი გამონაკლისები, შეიძლება მაღლა დგანან ამ ყველაფერზე, მაგრამ, მე ვიცი ქალის ბუნება.
– შეიძლება იცით, მაგრამ, საკუთარი ცოლის შეცნობაში ძალიან შეცდით.
– ჰო, ასეა. შევცდი იმიტომ, რომ ემოციებს ავყევი და ეჭვმა შემიპყრო, ეჭვი კი ძალიან ცუდი მრჩეველია. ისე, საკმაოდ დიდხანს ვებრძოდი საკუთარ თავს. უფრო სწორად, ეჭვს. არ არის ადვილი, ლამის ფაქტები რომ გიჭირავს ხელში და გაურკვევლობა გტანჯავს. მე ახლა მესმის ყველა იმ ქალის, რომლებიც ქმრებზე ეჭვიანობენ – საშინელებაა და არავის ვუსურვებ. ეგ უფრო საშინელებაა, ვიდრე თავად ღალატის ფაქტი. თუ ვინმეს ეს არ განუცდია, ვერ გაიგებს.
– თუ ცოლი თავიდანვე „ერთგული ქალების” კატეგორიაში გყავდათ, მის მიმართ ეჭვი რატომ გაგიჩნდათ?
– სრულიად შემთხვევით. ხომ იცით, ყველაფერი სერიოზული რომ შემთხვევით ხდება. მართალი ბრძანდებით. ცოლი ნამდვილად მყავდა „ერთგული ქალების” კატეგორიაში. სწორედ ამიტომაც მივიღე შოკი. იცით, რამდენ ხანს ვფიქრობდი, ეს როგორ უნდა მომხდარიყო-მეთქი?! გადავირიე და გავგიჟდი.
– თქვენ მიგაჩნდათ, რომ „ერთგული ქალი“ არანაირ გარემოებაში არ უღალატებს პარტნიორს?
– დიახ და ახლაც ასე მიმაჩნია. მიუხედავად მომხდარისა, ჩემი თეორიის ერთგული ვრჩები. ქალი ან ბოლომდე ერთგულია, ან – სიტუაციიდან გამომდინარე არ გღალატობს.
– კაცებიც შეიძლება დავყოთ კატეგორიებად?
– არა. მამაკაცი ვარ, მაგრამ, პირდაპირ გეუბნებით – მამაკაცის ერთგულება პირობითია.
– ეს რას ნიშნავს?
– თქვენც ხომ მიხვდით, რასაც ნიშნავს?! მამაკაცის ერთგულება მთლიანად სიტუაციაზეა დამოკიდებული და ამიტომაც არის ის პირობითი. თუ მომენტი ჩაუვარდა და ქალმაც ძალიან მოინდომა მისი „შებმა”, დამთავრებულია საქმე. წინააღმდეგობას დიდხანს ვერ გაუწევს. კაცები უფრო მსუბუქი ყოფაქცევის არიან, ვიდრე ქალბატონები. თუმცა, ქალის ერთგულებაც უნდა შემოწმდეს.
– შემოწმდეს?
– ჰო, აბა რა, აუცილებლად უნდა შემოწმდეს. საკუთარი თავის ნდობაც კი არ შეიძლება ბოლომდე, არათუ ქალის. პრინციპში, არც კაცის, იმიტომ, რომ ადამიანები მაინც სიტუაციებზე, გარემოებაზე და შემთხვევებზე ვართ დამოკიდებული. გარემოება ქმნის შეგნებას – არ მახსოვს რომელმა ფილოსოფოსმა თქვა ეს, მაგრამ, ასპროცენტიანია. რატომ უნდათ, რომ შვილები კარგ წრეში ჰყავდეთ. რატომ ეშინიათ მშობლებს იმ ადამიანების მავნე ზეგავლენის, ვინც კონკრეტულ მომენტში მათ შვილებს გვერდით ჰყავთ?! მითხარით, ვინმეს მოეწონება მის მეუღლეს, პარტნიორს, უზნეო, მსუბუქი ყოფაქცევის მეგობარი რომ ჰყავდეს?! მერწმუნეთ, რომ არა, მაგრამ, მე არ შემიმოწმებია ჩემი მეუღლე – ეს არასდროს გამიკეთებია, მართლა ბოლომდე ვენდობოდი. არ მახსოვს, მისი მობილი ამეღოს და მესიჯები წამეკითხოს. ან მენახოს, ვინ დაურეკა, ან წასვლა-მოსვლა გამეკონტროლებინოს.
– ალბათ, საამისო საბაბიც არასოდეს მოუცია.
– თუ მოინდომებ, საბაბს ყოველთვის იპოვი. არ უნდა ეძებო. მე რომ მოულოდნელად ეჭვი არ გამჩენოდა, ისევ ასე დარჩებოდა ყველაფერი, ანუ, ნდობის „კოეფიციენტი” ძველებურად მექნებოდა ჩემი ცოლის მიმართ.
– ვერ გავიგე, თქვენ თქვით, ერთგულება უნდა შეამოწმოო, თან ამბობთ, მე ცოლს არ ვამოწმებდი კონკრეტულ შემთხვევამდეო.
– ჰო, არ ვამოწმებდი, სამწუხაროდ... ცოტა ეჭვი რომ მქონოდა მის მიმართ, ნაკლებად ემოციურად მივიღებდი ფაქტს. არ ვიცი, შესაძლოა, იმ დღეს უცებ გავიგონე ჩემი ცოლის სიტყვები. ვიღაცას მობილურზე ელაპარაკებოდა. ფრაზა ახლაც ზუსტად მახსოვს: „უნდა შევხვდეთ... არა, აქ არა, ჩემთან არ გამოვა. უმჯობესია, ჩემმა ქმარმა არ გნახოს. რა? კარგი, კარგი, მოვილაპარაკეთ“... გეკითხებით, თქვენ – ეჭვი არ გაგიჩნდებოდათ? ქმარი გყავთ? ჰოდა, ასეთი საუბარი, შემთხვევით თქვენი ქმრის პირიდან რომ გაგეგონათ, არ იეჭვიანებდით? ოღონდ, ჯიბრით არ მითხრათ, არაო. გულახდილები ვიყოთ.
– ვიეჭვიანებდი, თუმცა, მაშინვე არ გავაკეთებდი დასკვნას.
– ჰოდა, მაგაშია საქმე. დასკვნა არც მე გამიკეთებია, თუმცა, ეჭვმა კი შემიპყრო. თან, რომ დამინახა ჩემმა ცოლმა, სახე შეეცვალა, დაიბნა, შეცბა. მერე ნერვიულად გაიცინა: მოვიდა, მაკოცა და ნაძალადევი მხიარულებით მითხრა. უი, რა ადრე მოხვედი, ახლავე მოგიმზადებ ვახშამს, შენ ხელები დაიბანეო. როცა ოთახიდან გავიდა, მე შევბრუნდი და მისი მობილური ავიღე. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, მეთქვა მე არ მიკითხავს, ისე თქვა, დედაჩემს ველაპარაკებოდიო. ესეც არ მესიამოვნა – თითქოს დანაშაულს მალავდა. ამიტომ შევუმოწმე მობილური. დავიფიცებ, რომ მანამდე ჩემი ცოლის მობილურში არასოდეს ჩავმძვრალვარ. ვნახე ზარები და აღმოვაჩინე, რომ, სიდედრს კი არა, ჩემს მეგობარს ელაპარაკებოდა. შოკში ჩავვარდი. რატომ უნდა ჰქონოდა ჩემგან ეს საუბარი დამალული? რისთვის უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს ფარულად? გადავირიე. ცოლმა დამიძახა და გავედი სავახშმოდ. საღამოს ვითომ შემთხვევით ვახსენე ჩემი მეგობარი – რამდენი ხანია, არ დამირეკავს, ერთი, უნდა შევეხმიანო, მოჰკიდოს ცოლს და ბავშვს ხელი და როგორმე შემოგვიაროს-მეთქი. ისევ სახე შეეცვალა. ვაკვირდებოდი. საგანგებოდ არ მომიცილებია თვალი. იცით, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი? აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ეჭვიანობის ისეთი შემოტევა მქონდა, ვერ აგიწერთ. ერთი რომ დაეჭვდები კაცი და საგონებელში ჩავარდები, მერე – მორჩა, ცუდად არის შენი საქმე. იმდენ შეცდომას დაუშვებ, სათვალავი არ ექნება. დავიწყე ფიქრი და ნელ-ნელა რაღაც დასკვნები გავაკეთე. უფრო სწორად, აღმოჩენები.
– მაგალითად?
– მაგალითად, გამახსენდა, რომ ბოლო დროს რაღაც საქმეები გამოუჩნდა. რამდენჯერმე, სახლში დაბრუნებულს შინ არ დამხვდა. ცოტა უცნაურად იქცეოდა. ფაქტია, რომ ამ საუბართან დაკავშირებითაც მომატყუა. იმ დღის მერე, ჩასაფრებული ვიყავი. მეორე საღამოსვე დავურეკე ჩემს მეგობარს (უკვე ვეღარ ვიტანდი) მოვიკითხე. ისე გაიოცა, სად დაიკარგეთ ან ცოლი და ან ქმარიო, ისე მინდა თქვენთან გამოვლა, მაგრამ, უამრავი საქმე მაქვს და ვერ ვახერხებო. ჩემთვის ვიფიქრე, რა ნაძირალაა, რაღა ამასთან მიღალატა ჩემმა ცოლმა-მეთქი.
– ანუ, გადაწყვიტეთ, რომ გიღალატათ?
– ან, აპირებდა ღალატს – ეს თითქმის ერთი და იგივეა. ის მზად იყო, რომ ჩემს ჩუმად შეხვედროდა. რატომ ხვდებიან ცოლები მამაკაცებს ქმრების ჩუმად?! – არ არის გასაგები? განსაკუთრებული ახსნა და მიხვედრა სჭირდება? გავწამდი და წავედი ჩემს მეგობართან.
– იმასთან უნდა გაგერკვიათ საქმე?
– მის ცოლთან. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. შოკში მაგის გამოც ვიყავი – რაღა მაგასთან მღალატობს-მეთქი.
– რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვისთან გიღალატებდათ?! შემაძრწუნებელი ხომ თავად ფაქტია.
– კი, ფაქტიც არის, მაგრამ, ცოლი შენს ძმაკაცთან რომ გიღალატებს ხომ ეს სრული კატასტროფაა, ნამდვილი კოშმარია, რადგან, ორმხრივი ღალატი გამოდის. უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე და ჩემი ძმაკაცის ცოლთან მივედი, იმ ვარაუდით, რომ, შეიძლებოდა, მასაც რამე ჰქონდა შემჩნეული. ეჭვიანობამ შრომისუუნარო გამხადა. სამსახურში საყვედურს საყვედურზე ვიღებდი. ინტერესი ყველაფრის მიმართ დავკარგე. თავში მარტო ერთი აზრი მიტრიალებდა: მე რა კაცი ვარ, ცოლმა ჩემსავე ძმაკაცთან მიღალატა-მეთქი. საწყალი ჩემი მეგობრის ცოლი! მგონი, ამ ამბავში ყველაზე მეტად ის დაზარალდა. როგორია, მიადგე და ყველაფერი მოუყვე?
– რა იყო მოსაყოლი? შემთხვევით მოსმენილი ფრაზა?
– არა მარტო. ჩემი ცოლის ელექტრონულ ფოსტაშიც „ჩავიხედე” და იქაც ვიპოვე ჩემი ცოლის მიერ მიწერილი საინტერესო წერილი. იმისი წაშლილი ჰქონდა უკვე. „ხომ გახსოვს რაზე შევთანხმდით, გოგამ (ანუ მე) არაფერი არ უნდა იცოდეს. ჯობია, საერთოდ აღარ შემხვდე რაღაც პერიოდის განმავლობაში, რომ რამე არ შეგატყოს“. ახლა არ მითხრათ, რომ ესეც არაფერი არ იყო. ფანტაზიები არაფერ შუაშია. გათხოვილ ქალსა და დაქორწინებულ კაცს შორის ასეთი გასაიდუმლოებული რა უნდა იყოს? რა თქმა უნდა, – ინტიმური ურთიერთობა. თქვენ ახლა მეწინააღმდეგებით, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩემს სიტუაციაში ეჭვიანობა მოგკლავდათ, ქმარსაც სკანდალს მოუწყობდით.
– თქვენი მეგობრის ცოლს როგორი რეაქცია ჰქონდა?
– გაოგნდა. არაო, რაღაც გაუგებრობააო. ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი ქმარი მღალატობს, თანაც შენს ცოლთანო. ის ასეთი ნაძირალა არ არის და არც შენი ცოლი გამიკეთებდა ასეთ სისაძაგლეს. გეხვეწები, მითხარი, რომ რაღაც კარგად ვერ გაიგეო. მარტო ის ვუთხარი, რომ ქმრის საქციელს დაჰკვირვებოდა და, თუ რამე საეჭვოს იპოვიდა, მაშინვე ჩემთვის დაერეკა.
– არ ჯობდა, საკუთარ ცოლს დალაპარაკებოდით?
– ახლა კი ვხვდები, რომ ჯობდა, მაგრამ მაშინ ემოციას ავყევი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ეჭვს საფუძველი ჰქონდა. თანაც, ორი დღის მერე ჩემი მეგობრის ცოლმაც დამირეკა ტირილით – მართალი იყავი, გვღალატობენ. ჩემი ქმრის სააგენტოში შენი ცოლის სახელზე ბილეთებია დაჯავშნილი. ნამდვილად ერთად იპარებიან. ჩემი ქმარი მივლინებას მოიგონებს, შენი უსინდისო ცოლიც მოგატყუებს და არაჩვეულებრივ რომანტიკულ „შვებულებას” მოიწყობენო. ისტერიკაში იყო – ორივე უნდა მოვკლაო. მივხვდი, საშინელებას ჩაიდენდა და წავედი მასთან. ცუდ დღეში იყო. სულ კანკალებდა, ტიროდა. ვამშვიდებდი, ისიც მეხუტებოდა. მერე უცებ კოცნა დამიწყო.
– უკვე ვხვდები, რაც უნდა თქვათ.
– მე წინააღმდეგობა გავუწიე, მან კი მითხრა, თუკი იმათთვის შეიძლება ეს, ჩვენ ვინ აგვიკრძალაო და იმ მომენტში მეც ბოღმამ მძლია. ეს სამართლიანად ჩავთვალე. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ცოტა ხანს კმაყოფილების განცდაც მქონდა, რაც ახლა ძალიან მაწუხებს. მართლა მაწუხებს. რით ვიყავი ჩემს ძმაკაცზე უკეთესი? – არაფრით. მერე კი სიმართლემ ლამის გამაგიჟა. იმ საღამოსვე გადავწყვიტე, ცოლი ღალატში მემხილებინა. პირდაპირ ვუთხარი, ყველაფერი ვიცი, ვიცი, რასაც აკეთებ ჩემს ზურგს უკან-მეთქი. გაეცინა და ამან დამზაფრა. მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო, მაგრამ, იმან, რაც ცოლმა მითხრა, მართლა შოკში ჩამაგდო: შენ ხომ ვერაფერს დაგიმალავს ადამიანი. დაბადების დღისთვის სიურპრიზს გიმზადებდი. კახამ (ჩემმა ძმაკაცმა) საგზური გამიკეთა განვადებით. უკვე ბილეთებიც კი შევუკვეთეო... – აღარ მესმოდა, რას მელაპარაკებოდა. რა გამოვიდა?! გამოვიდა, რომ მე ვუღალატე. ვუღალატე ცოლსაც და ძმაკაცსაც. ახლა რა უნდა ვქნა?! სიმართლეს ვერ გავამხელ. არც ის შემიძლია, ცხოვრება ისე გავაგრძელო, ვითომ არაფერი მომხდარა. ასეთი იდიოტი რატომ გამოვდექი?!

 

скачать dle 11.3