ვის სცემდნენ და ვინ გაჰყავდათ ყოველდღე დასახვრეტად ლაშა ონიანის დავალებით და როგორ გახდა ის ჯერ გენერალი, შემდეგ კი ცნობილი პროფესორი
ლაშა ონიანი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, მუდმივად რომ მუშაობს და ახალ-ახალი, დიდი თუ პატარა პროექტების გაკეთებით არის დაკავებული. ლაშა უკვე დიდი ხანია, გერმანიაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოშიც ძალიან ხშირად ჩამოდის და აქაც სხვადასხვა საქმით არის დაკავებული. მას საქართველოში უკვე მესამე ფილმში იღებენ. რაც მთავარია, მისთვის ყველა როლი განსხვავებული და საინტერესოა.
– ბოლო დროს საქართველოში ხშირად გიღებენ ფილმებში.
– ახლახან გადაიღეს ფილმი „საქმე 0011“, რომელიც გაგზავნილია ამერიკაში გასახმოვანებლად და რაღაც ეფექტების დასამუშავებლად. მასშიც მთავარ როლს ვთამაშობ, ანუ გენერალ ხუფენიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და გადარჩა, ომის შემდეგ პერიოდში კი ციხეების, ზონის უფროსი ხდება. 35-წუთიანი ფილმია, ძალიან საინტერესო თემაა: ახალგაზრდა მწერალი წიგნზე მუშაობს და გენერალ ხუფენიასთან მიდის იმ შემოთავაზებით, რომ უნდა დახვრეტამისჯილ პატიმრებზე დაწეროს წიგნი. ამისთვის კი სჭირდება მათთან უშუალო ურთიერთობა, რათა ზუსტად აღწეროს ყველაფერი და ითხოვს, სამი დღე ჩასვან კამერაში. ოფიციალურად შედგება სასამართლო, მიუსჯიან დახვრეტას, ჩასვამენ სამი დღით ციხეში, მაგრამ ეს სამ თვეს გაგრძელდება. მეოთხე დღეს რომ არ გამოუშვებენ, ერთ ამბავს ატეხს, გენერალთან მოლაპარაკებული ვარო, მაგრამ ამბავს მიუტანენ, გენერალს ვიღაც სვანები დახვდნენ და ჩაცხრილესო. ამ სამი თვის განმავლობაში სცემენ, ყოველდღე გაჰყავთ დასახვრეტად, მაგრამ არ ხვრეტენ. ბოლოს, მესამე თვეს მივა მასთან გენერალი ხუფენია და გაათავისუფლებს, ანუ სპეციალურად შეუქმნა ისეთი სიტუაცია, რომ გაეგო, სინამდვილეში რა ხდებოდა ციხეში.
– ფილმებში გადაღება პირდაპირ გენერლის სტატუსით დაიწყე.
– კინოსამყაროში გენერლობით დავიწყე, ახლაც ფილმის გადაღებით ვარ დაკავებული, რომელსაც „ნაწილები“ ჰქვია და უკვე პროფესორის როლს ვთამაშობ. რეჟისორი ახალგაზრდა კაცია – ნიკოლოზ ჯავახიშვილი. საერთოდ, მიმიწვიეს იმისთვის, რომ შემოქმედებითი მხარე გამეკონტროლებინა, მაგრამ, რომ ჩამოვედი, მეორე შემოთავაზება ექსპრომტად დამახვედრეს: აქ თუ უნდა იყო, მთავარი როლიც ითამაშეო. სცენარმა ძალიან დამაინტერესა. თემატიკა მისტიკური დრამაა, რაზეც ქართული კინემატოგრაფია არ მუშაობს და ამ მიმართულებით არც არის ფილმები გადაღებული. ფილმში 7 მთავარი როლია, ერთ-ერთია პროფესორი დავითის, რომელიც ექსპერიმენტებს ატარებს – იკვლევს იაპონურ მითოლოგიას, ფიზიკასთან დაკავშირებით აგრძელებს ექსპერიმენტებს. ნაწილი უწოდეს იმ ენერგიებს, რომლებიც არ მოიპოვება, თუ ექსპერიმენტი არ ჩაატარე. ამის შესახებ კარგად იცის პროფესორმა და ამ საქმით არის დაკავებული. ფილმში ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობი თამაშობს: ნიკა თავაძე, ნანკა კალატოზიშვილი, გიორგი გურგულია, გიორგი კალანდაძე. დავით გარეჯში გვქონდა გადაღებები, ძალიან საინტერესო და კარგი ადგილია ასეთი ფილმის გადასაღებად. წესით, კარგი და საინტერესო ფილმი უნდა გამოვიდეს. დავითი ხანშიშესული პროფესორია, დაახლოებით 70 წლის. საკმაოდ სერიოზული ლექციებიც წავიკითხე ჯავახიშვილში, რა თქმა უნდა, როლიდან გამომდინარე.
– გერმანიაშიც გექნება საინტერესო გეგმები?
– გერმანიაში არსებობს დიდი და პატარა პროექტები. პატარა პროექტები უფრო ხშირად არის – ჩართულია მექანიზმი და მუდმივად აკეთებ. დაახლოებით 7 წელია, რაც მუშაობის ეს ფაზა არ ჩერდება. წელიწადში ორი-სამი დიდი პროექტი აუცილებლად არის – სტადიონთან დაკავშირებით ან რომელიმე ქალაქის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა, ან რაღაც დიდი ღონისძიების ორგანიზება, რომელიც ქალაქში ქუჩას კეტავს. ამჟამად ვმუშაობ პროექტზე, ანუ ვაპირებ ქართული დელეგაციის წაყვანას ლუქსემბურგ-საფრანგეთის, გერმანია-ბელგიის საზღვარზე, სადაც უნდა ჩატარდეს ქართული საღამოები. ხშირად მახსენდება სიტყვები: „ვარ ქართველი და ვარ ევროპელი“, სწორედ ასეთი გაცნობითი საღამოები უნდა ჩატარდეს. მე ვარ კონცეპტუალური რეჟისორიც და დამდგმელიც. ეს იქნება ყველაფერი, რაც ქართველებს შეგვიძლია: დაწყებული ფოლკლორიდან, დამთავრებული კლასიკით, ქანდაკება, მხატვრობა, მოკლედ, ყველაფერი. ღონისძიება გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში. დაესწრება დელეგაცია ლუქსემბურგიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. ამ ოთხი დიდი ქვეყნის არქიტექტურის, კულტურის, ხელოვნების წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული სტუმრად და მათ 10 დღის განმავლობაში კარგად უნდა გავაგებინოთ, რა შეგვიძლია ქართველებს, სცენარი უკვე დაწერილი მაქვს, ღონისძიება, სავარაუდოდ, 14 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ჩატარდება. ნოემბერში მომიწევს თბილისში ჩამოსვლა, რომ დაიდგას ყველაფერი. დაახლოებით 8 ობიექტი იქნება, სადაც უნდა მოხდეს ჩვენებები. სახელმწიფო თეატრის ძალიან დიდ შენობაში – „ლე კარო“ ყველაზე დიდი შოუ უნდა ჩატარდეს. მოცემული მაქვს ორი დიდი ტაძარი და შიგნით სცენაა, 500 კაცი ეტევა. ასევე, არის პატარა ისტორიული ტაძრებიც, სადაც შეიძლება, ჩვენი საგალობლები შესრულდეს. ძირითადი პერსონაჟები ვინ იქნებიან, ამის ჩამონათვალი უახლოეს დროში მექნება.
– ჩემპიონთა ლიგებთან დაკავშირებით არ არის სიახლეები?
– ყოველ წელს უნდა გაამზადო სცენარი, თავისი „როლიკით“. გამარჯვების შემთხვევაში, შერჩეული პროექტი ორ ფინალს იგებს, ანუ გამარჯვებული ზედიზედ მუშაობს ორ გახსნაზე. ანუ, შარშან ვინც იმუშავა, წელსაც ის იმუშავებს. მომავალ გახსნაზე შეგვიძლია, ჩვენც შევიტანოთ განაცხადი. ამ საკითხზე სულ 12 კაცი ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაცემები, მასალები უდევთ. სანამ ლიგის ჩემპიონატის ფინალზე მივალთ, მანამდე სტადიონზე უზარმაზარ დადგმებს ვაკეთებთ. ალბათ, ზამთრის დასაწყისში, სანამ აცივდება, მოგვიწევს კიდევ ერთხელ დიდი ქორეოგრაფიის შემოტანა სტადიონზე, რომელიც რომელიღაც თამაშის გახსნა იქნება. ასეთი რაღაცეები სულ ხდება, უბრალოდ, არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას.
– რა თამაშებია?
– ბუნდესლიგის თამაშები გერმანიის მასშტაბით. შეიძლება, სხვა ლიგებშიც მოგიწიოს თამაშის გახსნა, ეს მუდმივად მიმდინარეობს. უბრალოდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალისგან განსხვავებით, ბუნდესლიგას არ აქცევენ ისეთ დიდ ყურადღებას. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგაზე იმ 12 ადამიანიდან სამჯერ ზედიზედ არავის უმუშავია. მე სამჯერ კი მომიწია ამ პროექტზე მუშაობა, მაგრამ შუალედში იყო ორ-ორი, სამ-სამი წელი. როდესაც მე რაღაცას ვდგამ, მას ყოველთვის აქვს შინაარსობრივი დატვირთვა. არადა, შოუა და ეს სულ არ მოგეთხოვება, უბრალოდ, მე არ მიყვარს ისეთი რამის დადგმა, რომელიც არაფერს მოგცემს. ვინც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს, ანუ ჩემპიონთა ლიგის გახსნას, მათ ინტერესშიც შედიოდა ისეთი დადგმის გაკეთება, შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა და ჩემი სცენარი მოიწონეს. მაგრამ არის ზოგჯერ შემთხვევა, როდესაც მხოლოდ ქორეოგრაფია ან მუსიკა სჭირდებათ. ანუ ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. თუმცა, შეიძლება, ხვალვე ტელეფონზე შემოვიდეს ზარი და მითხრან, თქვენ მოგიწევთ დადგმაო. „მოსაცდელი კამერა“ არსებობს და იქ ვზივარ, ველოდები. თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ მოდის დრო, როდესაც თეატრს უნდა მივუბრუნდე, ჩავიკეტო ნამდვილი შემოქმედების სამყაროში. სტადიონების გახსნა – ეს შემოქმედება არ არის, ეს უფრო ძვირად ღირებული სპორტსმენების გამოსვლის წინ გახსნითი შოუა და შემოქმედებასთან მხოლოდ ის აკავშირებს, რომ იდგმება და შემსრულებლები მსახიობები, მომღერლები არიან. შემოქმედება მაინც თეატრშია, სადაც სცენაა, პარტერი, მსახიობები...
– ალბათ, ბევრ ცნობილ ფეხბურთელთან გიწევს ურთიერთობა.
– მიუნხენის „ბაიერნის“ „სასტავთან“ 2-3-ჯერ ახალი წლის საღამოები მაქვს გაკეთებული. ბალაკთან მქონია ურთიერთობა. უბრალოდ, აქ არის ერთი მომენტი: სამყარო გაყოფილია, მათ თავიანთი რეჟიმი აქვთ და მათ მხოლოდ მაშინ ხვდები, როცა ბერლინში რომელიღაც ჰოლში ცნობილი სახეების შეკრება, რაიმეს გახსნა, ან პრეზენტაციაა. რა თქმა უნდა, მათ იცნობ, მოიკითხავ და აქ მთავრდება ურთიერთობა, რადგან ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვთ და იმასაც ოჯახის წევრებთან ერთად ატარებენ. ანუ, როდესაც რაღაც საღამოს გახსნაა, მათ მაშინ თუ შეხვდები. მაგალითად, ბაიერნში, როდესაც ალიას არენის გახსნის დროს ვმუშაობდი, ბეკენბაუერიდან, ანუ ვეტერანი ფეხბურთელებიდან დაწყებული, ახალგაზრდებით დამთავრებულნი, ყველანი იქ იყვნენ. რომ გხედავენ, ძალიან უხარიათ, გცნობენ, შენ ხომ ჩვენთან ერთად იმუშავეო – ეს არ ავიწყდებათ. ზიდანთან მქონდა ახლო ურთიერთობა, ძალიან კარგი ადამიანია, უმშვიდესი, უწყნარესი. პარიზში ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვაკეთებდი. ფეხბურთელები ხურდებოდნენ, ზიდანი ბურთს კენწლავდა, ბოლო რომ ააგდო, ხელში დაიჭირა და ბურთიანად გამოვიდა მინდვრიდან. მეც იმ დროს იქ ვიდექი, სადაც ტექნიკოსები გახმოვანების კაბელებს აკეთებენ. ჩემთვის ვიყავი გართული საქმეში. ზიდანმა ბურთი რომ აიღო, შევხედე, ხელის აწევით მივესალმეთ ერთმანეთს: „ჰალო, ჰალოც“. ამ დროს შემოძვრა ფოტოგრაფი, რომელსაც იმ მომენტში ზიდანის დაფიქსირება უნდოდა. მათ კი აქვთ საშვი, მაგრამ იმ დერეფანში შესვლის უფლება ფეხბურთელების გარდა არავის აქვს. მეც იქვე ვიდექი დერეფანთან. ატყდა ერთი ამბავი, ჯერ ზიდანს მოჰკიდეს ხელი, მერე მე, იმ ფოტოგრაფს... ზიდანი ძალიან გამწარდა, ხასიათი შეეცვალა: გასაგებია, რომ იცავთ, მაგრამ ან იმან რა უნდა ქნას, ან ამანო. რეპეტიცია 10 წუთში იწყება, ამისთვის დგას და ელოდება, რომ დაიწყოს, ერთად ვდგავართ და განა რა უნდა მოხდესო. გაბრაზდა ძალიან, მაგრამ მშვიდობიანად დამთავრდა ყველაფერი: ზიდანი შევიდა, ფოტოგრაფი წავიდა, მე კი სტადიონზე დავრჩი სამუშაოდ.