კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაიტაცა ალმასის ფონდიდან 160 მილიონის ღირებულების ნივთი და როგორ გახსნა ეს საქმე „სუკის“ ქართველმა გამომძიებელმა

 
უცნობი გვამი

„თბილჰესთან“ მეთევზე პარმენ ლელაძემ 1975 წლის 30 მაისს, დილის 8 საათზე წყალში მოტივტივე გვამი შენიშნა. ლელაძის ახსნა-განმარტებაში ვკითხულობთ: „ის-ის იყო ანკესი უნდა გადამეგდო წყალში, შევნიშნე, ადიდებულ მტკვარს ადამიანის სხეული მოჰქონდა. ის ჯერ მდინარის შუაგულში მოტივტივებდა, შემდეგ მარცხნივ წამოიღო და ნაპირთან ჩაყრილი ბეტონის ბლოკების ფოლადის მავთულს გამოედო...“ ლელაძემ მილიციას გამოუძახა და შემთხვევის ადგილზე მისულმა ოპერმუშაკებმა და კრიმინალისტებმა უცნობი მამაკაცის უთავო გვამი გამოიტანეს ნაპირზე. მამაკაცის ცხედარი წელსქვემოთ შიშველი იყო და სასქესო ორგანო ჰქონდა მოკვეთილი. მოკლულს არანაირი საბუთი არ აღმოაჩნდა და გვამი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად წაიღეს პროზექტურაში.

უთავო გვამის ექსპერტიზას ახალგაზრდა პათანატომი, 30 წლის ბეგლარ მელქაძე ატარებდა, რომელიც სულ რაღაც 2 თვის მისული იყო პროზექტურაში და იმ დღეს მორიგეობდა. მან ჯერ გვამი გაარეცხინა სანიტრებს, შემდეგ ზლაზვნით შევიდა პროზექტურაში და ზანტად შეუდგა გაკვეთას. მუცლის ღრუ რომ გახსნა და ორგანოების თვალიერებას შეუდგა, მისი ყურადღება კუჭის გადიდებულმა ზომამ მიიპყრო. მელქაძემ ლანცეტი დაუსვა კუჭს, გაჭრა და იქიდან ამოვარდნილმა მოკაშკაშე შუქმა თვალი მოსჭრა, რომელსაც ოვალური ფორმის საგანი გამოასხივებდა. ბეგლარ მელქაძემ გაიხედ-გამოიხედა და რომ დარწმუნდა, პროზექტურაში მის გარდა არავინ იყო, მოკაშკაშე საგანი სასწრაფოდ ამოიღო კუჭიდან, გულმოდგინედ გარეცხა და შარვლის ჯიბეში შეინახა. შემდეგ ექსპერტიზა განაგრძო და დასრულებისთანავე დასკვნის წერას შეუდგა...

მეცამეტე კვერცხი

საქართველოს უშიშროების კომიტეტის მაიორის, ვარლამ ხარშილაძის კაბინეტში ტელეფონი აწკრიალდა. ხარშილაძე, ეგრეთ წოდებული, „ბრილიანტების გამომძიებელი“ იყო. „სუკში“ ასე უწოდებდნენ იმ განყოფილებას, სადაც ხელოვნების ნიმუშების საქმეებს იძიებდნენ. ვარლამი კი ამ სფეროში საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტ-გამომძიებელი იყო და მის ანგარიშზე არაერთი ჩახლართული საქმის გახსნა ირიცხებოდა. მაიორმა ხარშილაძემ ყურმილი აიღო და უპასუხა.

– გისმენთ.

– ვარლამ, დეგენაცვლე, როგორ ხარ?

– რა მიჭირს, აბონ, შენ როგორ გიკითხო?

– როგორც ყმაწვილი კაცი ქალთან პირველად ყოფნის წინ. გულისცემა და წნევა საგრძნობლად მაქვს მომატებული. ეს კი, დეგენაცვლე, ჩემს ასაკში არცთუ ისე კარგია.

– ესე იგი, „ჩეპეა“.

– „ჩეპეა“, თანაც როგორი. მე ახლა სახლში ვარ და ორ-სამ კაცთან მოდი. მაგრამ ფრთხილად, ისე, რომ არავინ შეგნიშნოთ. აქ ერთი ჩიტი უნდა მოფრინდეს და გალიაშია გამოსამწყვდევი.

– გასაგებია, – თქვა ვარლამმა და ყურმილი დაკიდა. შემდეგ სამი თავისი ხელქვეითი იხმო და აბონ კაციაშვილის სახლისკენ გაემართა, საბურთალოზე.

65 წლის კაციაშვილი ცნობილი თბილისელი იუველირი იყო და თავისი პროფესიიდან გამომდინარე, 8 წელიწადი ციხეში ჰქონდა გატარებული. სწორედ ამიტომ იცნობდა ის ვარლამს და მადლობელიც კი იყო ხარშილაძის, რადგან „სუკის“ გამომძიებელმა კაციაშვილს თხუთმეტწლიანი საქმე რვამდე ჩამოუყვანა და ეს ყველაფერი უანგაროდ გააკეთა. მართალია, მოგვიანებით, ციხიდან გამოსულმა აბონმა ვარლამს, ორკარატიანი ბრილიანტის ბეჭედი მიუტანა საჩუქრად, მაგრამ ხარშილაძემ ცივად გამოისტუმრა. თუმცა, მათ ახლობლობას იმ დღეს ჩაეყარა საფუძველი.

– აბა, ბრძანე, აბონ, თუ რამ გაგხადა ცუდად, – უთხრა ხარშილაძემ კაციაშვილს და სავარძელში მოკალათდა.

– სიმართლეს გეტყვი, ვარლამ, და კინაღამ სული წავიწყმიდე, რომ არა ჩვენი მეგობრობა და კიდევ ჩვენი ძალიან მკაცრი კანონების მორჩილება, ალბათ, არც შეგაწუხებდი, – უთხრა აბონმა ვარლამს. შემდეგ მაიორის წინ ოვალური ფორმის მოდიდო საგანი დადო, რომელიც ზღაპრული ფერებით აკაშკაშდა.

– ეს ხომ ფაბერჟეს „მეცამეტე კვერცხია“, იმ კოლექციის გვირგვინი, რომელიც ცნობილ ოსტატს თავად იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ შეუკვეთა უფლისწულის დაბადების აღსანიშნავად! – აღტაცებით წამოიძახა ხარშილაძემ. ძვირფასი ნივთი ხელში აიღო და თქვა, – შენთან საიდან გაჩნდა, აბონ?

კაციაშვილმა ამოიოხრა და მაიორს უთხრა:

– ერთი კრეტინი მოვიდა ჩემთან ამ დილით და ეს საოცრება მან მომიტანა. რომ ვნახე და დავრწმუნდი ნამდვილი იყო, რეტი დამესხა. მაგრამ, თავს მოვერიე, არ შევიმჩნიე და ვკითხე, თუ რამდენი უნდოდა. მან კი – 2 ათასი მანეთი მომეციო. გესმის, ვარლამ, 2 ათასიო, როცა ეს საოცრება, სულ მცირე, 5 მილიონი მანეთი ღირს. მე მას ცივი უარი ვუთხარი და 500 მანეთზე ჩამოვიყვანე, თან 5 საათისთვის დავიბარე. გესმის, ვარლამ, 500 მანეთად... მოკლედ, ვფიქრობ, რომ იმ კრეტინს ეს ნივთი შემთხვევით ჩაუვარდა ხელში და მარტო იმიტომაა დასაჭერი, რომ 500 მანეთად ყიდის. ნახე, დაელაპარაკე და ყველაფერი შენ გაარკვიე. მე კი ეს საოცრება მომაშორე, რომ გული არ გამისკდეს.

– მდაა, „ნუ ი დელა“... – ჩაარუსულა ხარშილაძემ, – ეს მეცამეტე კვერცხი და კიდევ ოცდახუთი უძვირფასესი ნივთი ამ სამი თვის წინ გაქრა ალმასის ფონდიდან.

– რას ამბობ, კაცო?! – თვალები გადმოეკარკლა კაციაშვილს.

– მაშ, – თავი დააქნია მაიორმა, – მაგრამ ეს ჩვენ შორის დარჩეს...

ვარლამ ხარშილაძემ და მისმა ხელქვეითებმა იმავე დღეს 30 წლის პათანატომი დააპატიმრეს, რომელმაც „მეცამეტე კვერცხი“ თავმოკვეთილი მამაკაცის კუჭიდან ამოიღო.

მალახოვის საქმე

„სუკში“ ბეგლარ მელქაძის დაკითხვამ ცხადყო, რომ ახალგაზრდა პათანატომს ფაბერჟეს ცნობილი ნამუშევარი სრულიად შემთხვევით ჩაუვარდა ხელში და ალმასის ფონდიდან გაუჩინარებულ ნივთებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

„მეცამეტე კვერცხის“ აღმოჩენიდან სამი თვით ადრე, საბჭოთა კავშირის ალმასის ფონდში ჩატარებულმა შემოწმებამ, რაც ყოველთვიურად ხდებოდა, დაადგინა, რომ უძვირფასესი ხელოვნების ნიმუში იყო გაუჩინარებული. ანუ საგანგებო სეიფი რომ გახსნეს, ფაბერჟეს „მეცამეტე კვერცხი“ და კიდევ ცამეტი სხვა ნამუშევარი იქ არ აღმოჩნდა. იმავე ღამეს, ალმასის ფონდის დირექტორი ევგენი მალახოვი თავის სახლში მოკლული იპოვეს. მას „ვალტერის“ სისტემის პისტოლეტიდან ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი და გამჭოლი ჭრილობა ეტყობოდა. პისტოლეტი იქვე ეგდო, დეფორმირებული ტყვია ექსპერტმა კედლიდან ამოიღო და საქმეს დაურთო. ფაქტის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, გამოძიებას „სუკმა“ მოჰკიდა ხელი, საქმეზე დაიკითხა უამრავი ადამიანი. „სუკმა“ მრავალი საეჭვო ბინა და აგარაკი გაჩხრიკა, თუმცა, გატაცებული ძვირფასეულობის კვალს, რომელიც 160 მილიონ მანეთად იყო შეფასებული, ვერსად მიაგნეს.

მალახოვის საქმის გამოძიება წამითაც არ შენელებულა და „სუკის“ ცენტრალურმა აპარატმა ყველა რეგიონალურ განყოფილებას შეატყობინა ძარცვის ფაქტი – 26 გაუჩინარებული ნივთის დეტალური აღწერილობა და ფერადი ფოტოები დაუგზავნა...

ავლაბრელი სურენა

ფაბერჟეს „მეცამეტე კვერცხის“ ოფიციალურად დადგენილი ღირებულება 5 მილიონ 350 ათასი მანეთი იყო. ინკრუსტირებული ოქროს ჩარჩოში ჩასმული 12-კარატიანი იასამნისფერი ბრილიანტი ზღაპრულ ფერებს აფრქვევდა და ვინც ამ საოცრებას შეხედავდა, თვალის მოწყვეტა უჭირდა. არანაკლები ღირებულების იყო სხვა ნივთებიც, რომლებიც ჯერჯერობით არ ჩანდა. მაიორი ვარლამ ხარშილაძე მიხვდა, რომ ჯერ, მტკვარში ნაპოვნი იმ უთავო გვამის ვინაობა უნდა დაედგინა, რომლის კუჭშიც „მეცამეტე კვერცხი“ აღმოჩნდა და მხოლოდ ამის მერე იქნებოდა შესაძლებელი სხვა ნივთებზე გასვლა.

მეთევზე პარმენ ლელაძის მიერ აღმოჩენილი უთავო გვამი ეგრეთ წოდებულ უპატრონოთა სასაფლაოზე იყო დაკრძალული და მაიორმა ხარშილაძემ მისი ექსგუმაცია და ხელახალი ექსპერტიზა ჩაატარა. თან დაიკითხა ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის პატრონი, რომლებსაც თავიანთი ახლობლების გაუჩინარების შესახებ განცხადებული ჰქონდათ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ასეთი, სულ 109 ადამიანი აღმოჩნდა და „სუკს“ შრომატევადი სამუშაოს ჩატარება მოუწია, რაც, საბოლოოდ, წარმატებით დასრულდა. 63 წლის თბილისელმა ქალბატონმა სუსანა კარაპეტოვამ თავმოკვეთილ გვამში თავისი 36 წლის ვაჟი სურენ კარაპეტოვი ამოიცნო. კარაპეტოვი სამჯერ იყო ნასამართლევი ქურდობისთვის, ორჯერ – ყაჩაღობისთვის. საერთო ჯამში, 14 წელი ჰქონდა ციხეში გატარებული და ბოლო პატიმრობიდან, მკვლელობამდე 8 თვით ადრე გათავისუფლდა. მოკლული დედამისმა ხალით და ფეხის თითების ფორმით, აგრეთვე, ტატუთი ამოიცნო. კარაპეტოვს შავ სამყაროში ავლაბრელი სურენას სახელით იცნობდნენ. ვარლამ ხარშილაძე მისი მეგობრების და ნაცნობების დამუშავებას შეუდგა, რათა მკვლელობის მოტივი, რეალური სურათი დაედგინა და ამით გამოძიება წინ წაეწია. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, რომელსაც მაიორი ძირითადად მიიჩნევდა, სურენ კარაპეტოვი შურისძიების მსხვერპლი გახდა და ამ საქმეში ქალი იყო გარეული. ვარლამი არ შემცდარა და დაადგინა, რომ კარაპეტოვს ვინმე ოქსანა რუდენკო უყვარდა. 31 წლის რუდენკო ავლაბარში ცხოვრობდა, გათხოვილი, მაგრამ უშვილო იყო. მას ჰყავდა მეუღლე, 33 წლის არტემ პოღოსოვი. არტემი შორეული რეისების მძღოლი იყო და თვეში 15 დღეს მივლინებებში ატარებდა. ხარშილაძემ პოღოსოვზე აიღო ეჭვი და მისი მივლინებები შეისწავლა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ ხელქვეითები იახლა და კრასნოდარისკენ მიმავალი პოღოსოვი თბილისის გასასვლელში გააჩერა. მანქანიდან გადმოსვა და „სუკის“ შენობაში მიიყვანა დაკითხვაზე...

შავი ბლოკნოტი

„სუკში“ მიყვანილმა არტემ პოღოსოვმა პირველივე დაკითხვაზე აღიარა კარაპეტოვის მკვლელობა და ყველაფერი, როგორც ამას ვარლამ ხარშილაძე მოელოდა, შურისძიებით ახსნა. მკვლელობის საქმე გახსნილი იყო. თუმცა, ვარლამს ეს არ აკმაყოფილებდა, რადგან მშვენივრად ესმოდა, რომ პოღოსოვი მხოლოდ და მხოლოდ შურისმაძიებელი იყო და ალმასის ფონდიდან გატაცებულ ნივთებთან კავშირი არ ექნებოდა. გამომძიებლის ვარაუდი ამჯერადაც გამართლდა. თუმცა მაიორი პოღოსოვის მონათხრობმა დააინტერესა, რომელმაც ხარშილაძეს უთხრა:

– კარაპეტოვი მტკვრის პირას მოვკალი და თავი იმიტომ მოვაჭერი, რომ არ ამოეცნოთ, სხეული კი წყალში ჩავაგდე. მისი საბუთები, თავი და შავი ბლოკნოტი, რომელიც მას ჯიბეში ედო, ერთად დავმარხეო.

ხარშილაძემ პოღოსოვს სამარხის ადგილსამყოფელი ათქმევინა, დასახელებული ნივთები ამოიღო და შავი ბლოკნოტის შესწავლას შეუდგა, რომელშიც სხვადასხვა ჩანაწერები იყო გაკეთებული. „სუკის“ მაიორი განსაკუთრებით ერთმა ჩანაწერმა დააინტერესა, რომლის გაშიფვრამ ანტონ კოლესნიკოვის გვარი ამოატივტივა. კოლესნიკოვი, მოსკოვის ცირკის ადმინისტრატორი იყო და კარაპეტოვი მას მკვლელობის დღეს უნდა შეხვედროდა. საინტერესო კი ის იყო, რომ კოლესნიკოვი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა სწორედ იმ დღიდან, როდესაც კარაპეტოვს უნდა შეხვედროდა.

მაგიური წრე

42 წლის მოსკოვის ცირკის ადმინისტრატორის დანახშირებული ცხედარი მოსკოვის მილიციამ ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე კერძო სახლში მოულოდნელად გაჩენილი ხანძრის მერე აღმოაჩინა. ადმინისტრატორის ამოცნობა მაჯის საათით, სასწაულებრივად გადარჩენილი ნახევრად დამწვარი პასპორტის მეშვეობითა და წარწერებიანი ოქროს ბეჭდის საშუალებით მოხერხდა. ლოკალური მოკვლევის შემდეგ, კოლესნიკოვის საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ აღმოჩნდა და მილიციამ მას უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მისცა. თუმცა, „სუკი“ სხვა აზრის იყო ამ შემთხვევაზე და მოსკოვში საგანგებოდ ჩასული ვარლამ ხარშილაძე თავის რუს კოლეგებთან ერთად კოლესნიკოვის კვალს ეძებდა, რადგან უშიშროების თანამშრომლებს არ სჯეროდათ კოლესნიკოვის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი და მთელი ეს ისტორია წინასწარ დადგმულად მიაჩნდათ. ისინი არც შემცდარან და ერთი კვირის მერე, ქალაქ ლვოვში ცოცხალი და უვნებელი კოლესნიკოვი დააპატიმრეს. ჩხრეკისას კი ალმასის ფონდიდან გატაცებული დანარჩენი 25 ნივთი აღმოუჩინეს. კოლესნიკოვს გარეგნობა ჰქონდა შეცვლილი. ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა და საზღვარზე გადასვლას ცდილობდა. მოახერხებდა კიდეც ამის გაკეთებას, რომ არა ხარშილაძის დაჟინებული მოთხოვნა მესაზღვრეებისადმი, რომ საზღვარზე გადამსვლელი ყველა მამაკაცი განსაკუთრებულად შეემოწმებინათ. კოლესნიკოვს მარჯვენა მუხლზე ჩონჩხის ფორმის ტატუ ჰქონდა და მესაზღვრეებმა ის ამ პირველადი ნიშნის მიხედვით დააკავეს. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო და მესაზღვრეებმა გრიმი და 160 მილიონი მანეთის ღირებულების გატაცებული ძვირფასეულობა ადვილად აღმოაჩინეს. იმავე საღამოს, კოლესნიკოვი სპეცთვითმფრინავით მოსკოვში გადააფრინეს, ლუბიანკაზე მიიყვანეს და გამომძიებელს მან უთხრა:

– მაგიური წრეა, ამხანაგო გამომძიებელო. ალმასის ფონდის დირექტორი ასტახოვი ჩემი ქვისლი იყო, ძვირფასეულობა მასთან შეთანხმებით იქნა გატანილი და ჯერ ის მოვკალით, შემდეგ კი თვითმკვლელობის იმიტაცია გავითამაშეთ. ყველაფერი კი კარაპეტოვის ვირთხულმა საქციელმა ჩაშალა. ის და კიდევ ორი მისი „პაძელნიკი“ ლოსევს მივუგზავნეთ. სწორედ ლოსევს ჰქონდა შენახული ფონდის ძვირფასეულობა და თავდასხმა გავითამაშეთ. კარაპეტოვს კი „მეცამეტე კვერცხი“ გადაუყლაპავს და ამ მოულოდნელობამ ჩაშალა მშვენივრად აწყობილი გეგმა. კარაპეტოვის ორი „პაძელნიკი“ კონსპირაციული შეხვედრისას მოვიშორე და კარაპეტოვი რომ არ მოვიდა, მივხვდი, რაღაცაში რომ იყო საქმე, თან არც „მეცამეტე კვერცხი“ აღმოჩნდა ადგილზე.

კოლესნიკოვის აღიარებაში ხარშილაძემ თეთრი ლაქები აღმოაჩინა. მაიორი მიხვდა, რომ კოლესნიკოვის უკან გავლენიანი ხალხი იდგა, რომლებსაც ცირკის ყოფილი ადმინისტრატორი არ ასახელებდა. იმ საღამოს კოლესნიკოვის დაკითხვა დასრულდა, დილით კი ის საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს...

P. S. ალმასის ფონდიდან გატაცებული ნივთები ფონდს დაუბრუნდა, ხარშილაძეს პოდპოლკოვნიკობა მიანიჭეს და საქმე ამით დაიხურა. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე გაირკვა, რომ ალმასის ფონდიდან ძვირფასეულობის გატაცებას ვინმე ანზორ ლეონიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც გალინა ბრეჟნევას ერთ-ერთი საყვარელი იყო...


скачать dle 11.3