ინტიმური საუბრები
გოგონებო, დაუჯერეთ ჩემს რჩევას!
ვარ თქვენი ჟურნალის და თქვენი რუბრიკის ერთგული მკითხველი. გწერთ ისეთ ისტორიას, როგორიც, ალბათ, იშვიათად მოუწერიათ. მე მქვია ია, ვარ 19 წლის. დავიბადე და გავიზარდე ერთ რიგით თბილისურ ოჯახში, სადაც მუდამ სიცივე და შიმშილი იყო გამეფებული. ისეთი დღეებიც მახსოვს, პურის ნამცეციც რომ არ მოგვეპოვებოდა. მთელი ჩემი ბავშვობა კოშმარივით მახსოვს, რადგან ეს უკიდურესი გაჭირვება წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგად ვსწავლობდი. საერთოდ, თავიდანვე სხვანაირი ვიყავი, ჩემი ოჯახის წევრებისგან განსხვავებული აზროვნება მქონდა. ვიღაცისთვის ამას, შეიძლება, განდიდების მანია ჰქვია, მაგრამ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები ჩემთვის უცნობი ადამიანები იყვნენ: არ მომწონდა მათი დაბალი დონის საუბარი, აზროვნება, ჩაცმა-დახურვა, უბრალოება, ტრადიციებისადმი რაღაცნაირი მონური დამოკიდებულება; ის, რომ არ ჰქონდათ არანაირი განათლება, არანაირი დიდი მიზანი; რომ აკმაყოფილებდათ ის უბადრუკი სამსახური, სადაც მუშაობდნენ. მათი შემხედვარე, ვფიქრობდი, რომ გავიზრდები და ამათ სამუდამოდ გავეცლები, წარმატებას მივაღწევ და საკუთარი ბედის მმართველი თავად ვიქნები-მეთქი. მაგრამ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ნათქვამია. თუ იცით, ვინ ვარ ახლა? წარმატების ნაცვლად, იმას მივაღწიე, რომ მეძავი გავხდი. თავიდან, როცა ეს ნაბიჯი გადავდგი, ვფიქრობდი, ცოტა ფულს ვიშოვი და მერე სხვა ცხოვრებას დავიწყებ-მეთქი, მაგრამ, აგერ უკვე ორი წელია, მეძავი ვარ და სხვა გზა ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩენილა.
თავის ქებაში არ ჩამომართვათ და, ძალიან კარგი გარეგნობა მაქვს. როგორც ყველა ლამაზი გოგო, მეც მოდელობაზე ვოცნებობდი, მაგრამ, ამის ნაცვლად, ეგრეთ წოდებული „ვიპ ქალი“ ვარ, ძვირად ღირებული მეძავი. ჩემთან ერთი საათის გატარება 300 დოლარი ღირს. თუმცა, ახლა სულ სხვა რამის შესახებ უნდა გიამბოთ.
შემიძლია, თავისუფლად ვთქვა, რომ, ფსიქიკა საერთოდ დამენგრა. რამდენჯერმე დავანებე კიდეც თავი ამ საქმეს, შევეცადე, რამე სამსახური მეპოვა, მაგრამ, არც განათლება მაქვს, არც ენები ვიცი და, შესაბამისად, მიმტანის ადგილის მეტი ვერაფერი ვიშოვე. მიმტანის ხელფასით კი ამდენი ხალხი როგორ ვარჩინო?! ყველას ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, თითის განძრევა არავის უნდა და მთელი ოჯახის რჩენა მე ამკიდეს. ყველანაირი ხარჯი ჩემზეა: ჭამა-სმა, ჩაცმა, გადასახადები. არც არავინ მეკითხება, სად ვმუშაობ, საიდან მომაქვს ფული. ოჯახის მონად ვიქეცი. მე რომ არ ვიყო, ზუსტად ვიცი, შიმშილით დაიხოცებიან. ასეთი ცხოვრების წყალობით, დავკარგე ღირსება, ნერვები... საკუთარი თავი მძულს. გარდა ოჯახის წევრებისა, მისახედი და გასაზრდელი მყავს ჩემი შვილი, რომელიც ჯერ მხოლოდ 3 წლისაა (15 წლის გავთხოვდი და ერთ წელიწადში დავქვრივდი). ჩემი დამხმარე არავინაა. ქმრის ოჯახიც იქითაა დასახმარებელი. ჩემი სული წაშლილია, მე აღარ ვარსებობ. ამ საქმეს რომ შევეშვა, ბავშვი შიმშილით მომიკვდება. აღარ ვიცი, რა გამოსავალი მოვძებნო. ვხვდები მხოლოდ მდიდარ მამაკაცებს, ღარიბებისთვის მიუწვდომელი ვარ. არც მეგობარი მამაკაცი მყავს. ვინც მყავდა და გაიგო, რას ვსაქმიანობდი, შევატყვე, რომ ჩემგან მხოლოდ ფული აინტერესებდა და არა მე თვითონ. კლიენტებიდან ბევრი მომწონებია და ბევრს მოვწონებივარ, მაგრამ, მაინც ერიდებიან ჩემთან ურთიერთობას. მე არ მაქვს უფლება, ვინმეს დავურეკო ან ვინმეს მიმართ სიმპათია გამოვამჟღავნო, მათ თავად უნდა დამირეკონ.
კიდევ ერთი დიდი ტკივილი მაქვს: უნივერსიტეტთან რომ ჩავივლი და ვხედავ, როგორ გამოდიან იქიდან სტუდენტები, მათ შორის წარმოვიდგენ ხოლმე თავს და მაშინ განსაკუთრებით ვგრძნობ, როგორი უბედური ვარ. ზოგჯერ მგონია, რომ, ცოტაც და – შევიშლები. ჩემს ოჯახს სულ არ ვაინტერესებ. როცა მინდა, რამე ვთქვა ან მოვყვე, ვთქვათ, ცუდად ვარ-მეთქი, დედაჩემი უსიტყვოდ დგება და ოთახიდან გადის, არც კი მომისმენს. წარმოიდგინეთ, საერთოდ არავინ მყავს გულშემატკივარი. დაქალებსაც დავშორდი – ნერვები ისე გამიფუჭდა, რომ მათი მოსმენაც კი აღარ შემიძლია. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მთელი სამყარო მძულს. სულ რაღაც 19 წლის ვარ და, მგონია, რომ უკვე დავამთავრე ცხოვრება.
მართალია, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და თვითონ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ, მაინც მინდა, გოგონებს ვურჩიო: არასდროს არავის არ გაასულელებინოთ თავი; არ გეგონოთ, რომ „გულაობაში“ და ბიჭების გამოცვლაში რამე კარგი ყრია, ეს მხოლოდ ფსიქოლოგიურად გაგანადგურებთ, ხელში კი არაფერი შეგრჩებათ. პატიოსნება ყველაზე დიდი სამკაულია. ბევრი ისწავლეთ და არავის მისცეთ ნება, მონად გაქციონ. ადრე ნუ გათხოვდებით და ისწავლეთ ბიჭების ამოცნობა. ნუ მოიხიბლებით ცანცარა, უსწავლელი ან ზედმეტად თავში ავარდნილი ბიჭებით და ნურც იმას იფიქრებთ, რომ, თუ „ტუსოვკებს“ ან ღამის ბარებს დააკლდებით, ამით რამეს დაკარგავთ. ეს ყველაფერი მხოლოდ გარედან ჩანს კარგი, შიგნიდან კი ცარიელი ფუტლარია, ნივთების მარიაჟი და ინტელექტს მოკლებული ადამიანების ამბიციები. იყავით დამოუკიდებელი და ძლიერი. თუ ასეთი იქნებით, მამაკაცები თვითონ მოიხრიან ქედს თქვენ წინაშე. მენდეთ, მე ამ რჩევებს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გაძლევთ. ეს აზრი და გამოცდილება კი, სამწუხაროდ, მაშინ მივიღე, როცა თავი დავკარგე – ურემი რომ გადაბრუნდა, გზა მერე დავინახე. ამიტომ, გაფრთხილებთ, თქვენც ასე არ მოგივიდეთ.
ია, 19 წლის.
ერთმა დანაშაულმა
მთელი ცხოვრება დამინგრია
დიდი ხანია, მინდა, ჩემი ისტორია გიამბოთ, მაგრამ, გამბედაობა არ მყოფნიდა ამისთვის. ახლა კი გადავწყვიტე, მოგწეროთ. ვიცი, ამით არაფერი მეშველება, მაგრამ, მაინც...
დავიწყებ ყველაფერს თავიდან:
სამი წლის წინ ერთ ბიჭს ვხვდებოდი, რომელიც, მეგონა, რომ მიყვარდა. ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდა, თან იყო გადაყოლილი. ჩემი მშობლები და ძმაც კი ნახა და უთხრა, რომ სერიოზულად ფიქრობდა ჩემზე. ძალიან მკაცრი მამა მყავს და, საერთოდ, ჩვენი ოჯახი ძალიან იცავს ტრადიციებს. ამიტომ, ჩემი შეყვარებულის (რომელსაც პირობითად გოგას დავარქმევ) საქციელი მოეწონათ.
მე და გოგა შვიდი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი შემთხვევით გავიგე, რომ კიდევ ვიღაც გოგოს ხვდებოდა. როდესაც ამაზე პასუხი მოვთხოვე, მითხრა, მასთან მხოლოდ ვერთობი, როგორც კაციო. ჩემს ძმასაც კი უთხრა, ამის გამო რომ ვეჩხუბე.
ერთხელ კი, ისე მოხდა, რომ იმ გოგოს ტელეფონის ნომერი გავიგე. ჩვენი უბნელი აღმოჩნდა და მის შესახებ ძალიან ცუდი ინფორმაცია შევაგროვე – მითხრეს, პატიოსანი გოგო არ არის და მაგაზე არ ინერვიულოო. მაგრამ, ასეთებისგან უფრო უნდა ელოდე ცუდს. რამდენიმე ხნის შემდეგ, უკვე ხშირად ვხედავდი ჩემი შეყვარებულის მანქანას მის სახლთან და გადავწყვიტე, ყველაფერი გამერკვია. დაქალებიც მეუბნებოდნენ, მაგას თავს არ დაანებებს და ცხოვრებას გაგიმწარებსო. ავდექი და, იმ გოგოს დავურეკე და ვუთხარი, შენი ნახვა მინდა-მეთქი. იმანაც მითხრა, მეც დიდი ხანია, მინდოდა შენი ნახვა და იმის თქმა, მეცოდები, ასე რომ ტყუვდებიო. ამან გამაცეცხლა. საღამოს სასწავლებლიდან გავუარე სამსახურში და, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ძალიან თბილად შემხვდა. აღმოჩნდა, რომ გოგა ორივეს „გვაბოლებდა“. ტელეფონზე ჩემ შესახებ ათასი საზიზღრობა ჰქონდა მესიჯებით მიწერილი და იმ გოგომ ყველაფერი წამაკითხა. თურმე, რასაც იმ გოგოზე ლაპარაკობდა ჩემთან, ზუსტად იმავეს ამბობდა ჩემზე იმასთან. მარტო გოგა კი არა, მისი ძმაკაცებიც კი, მე რომ მეუბნებოდნენ იმ გოგოზე, უპატიოსნოაო, თურმე იმასთან ჩემზეც იმავეს ამბობდნენ. ანუ, ტექსტები ორივესთან ზუსტად ერთნაირი იყო. ამ ყველაფრის შემდეგ, გოგას დავურეკე და ვუთხარი, დაიფიცე, რომ იმ გოგოსთან მხოლოდ ერთობი და მე სანერვიულო არაფერი მაქვს-მეთქი. უყოყმანოდ დაიფიცა. მე ეს ყველაფერი ჩავიწერე ტელეფონით და იმ გოგოს მოვასმენინე. მერე ორივემ მაგრად მივალანძღეთ. იმ დღის შემდეგ ის გოგო ჩემ მიმართ ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდა, საჩუქრებს მჩუქნიდა, ტელეფონში თანხას მირიცხავდა და ასე შემდეგ. ჩემმა დაქალმა მითხრა, ფრთხილად იყავი, მაგისი ასეთი საქციელი არ მომწონსო.
ამ ამბების შემდეგ ცოტა ხანს დეპრესიაში ვიყავი. მერე კი, არ ვიცი, რატომ, მაგრამ, გადავწყვიტე, ვინმე გამეცნო და გავთხოვილიყავი, ალბათ, მინდოდა, გოგასთვის დამემტკიცებინა, რომ, რასაც ის ჩემზე ამბობდა იმ გოგოსთან, ტყუილი იყო.
დედაჩემის ერთ თანამშრომელს ძალიან მოვწონდი თავისი დისშვილისთვის, რომელმაც მერე საიდანღაც გაიგო ჩემი „ფეისბუქის“ მისამართი და დამეკონტაქტა. ძალიან მალე შევხვდით კიდეც და მოგვეწონა ერთმანეთი. კოტიკო 26 წლის, ძალზე სიმპათიური ბიჭი აღმოჩნდა. მეზღვაური იყო. მას ყველაფერი ვუამბე, რაც გადამხდა და ოჯახშიც გამოვაცხადე, გოგას დავშორდი-მეთქი, რაც ყველას ძალიან გაუხარდა.
ახალი წლის დღეები კოტიკოსთან ერთად გავატარე და ურთიერთობაც გვქონდა. მაგრამ მერე ისტერიკა დამემართა და ვუთხარი, მეზიზღები-მეთქი. მან კი დაიფიცა, მიყვარხარ და უშენოდ ვერ ვიცოცხლებო. ოთხი თვის შემდეგ კი მოტყუებით მომიტაცა. ასე გავხდი მისი ცოლი. ქალაქში დაბრუნების შემდეგ დაიწყო კოშმარული ცხოვრება. ვერა და ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. ჭირვეული ბავშვივით იყო, ყველაფერზე მეჩხუბებოდა. დედამისიც ცხვირს ყოფდა ჩვენს ცხოვრებაში. ჩემმა ქმარმა გემზე წასვლა აღარ ისურვა, მთელი დღე ლოგინში ნებივრობდა და კომპიუტერში თამაშობდა, მე კი დილიდან საღამომდე სამსახურში ვიყავი და, სახლში რომ მივიდოდი, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო. ერთი სიტყვით, დავინგრიე ცხოვრება. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ მასთან მხოლოდ დაკარგული ქალწულობის გამო დავრჩი. მაგრამ, ვერ გავეყრებოდი, რადგან ამას ჩემი მშობლები არ მაპატიებდნენ, თანაც, არ მინდოდა, მეზობლების საჭორაო გავმხდარიყავი. ოთხ თვეში კი მშობლებმა დიდი და ლამაზი ქორწილი გადაგვიხადეს და ნელ-ნელა დავიწყე ბედთან შეგუება, თუმცა, მაინც ვერ შევძელი – ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ ჩავალაგე ჩემი ნივთები და დედ-მამასთან დავბრუნდი. ერთ კვირაში ხვეწნა-მუდარით მომადგა, დაბრუნდიო. დავბრუნდი იმ პირობით, რომ გამოსწორდებოდა, მაგრამ, ამჯერადაც შევცდი.
ცოტა ხნის წინ უკრაინაში გამიშვეს სასწავლებლად ორთვიან კურსებზე, რომელიც წარმატებით დავამთავრე. იქ მარტო ვიყავი წასული.
სანამ ძველი სამსახურიდან წამოვიდოდი, იქ ერთი ბიჭი გადმოიყვანეს სხვა ფილიალიდან, რომელმაც თავიდან არ იცოდა, რომ გათხოვილი ვიყავი და მოვეწონე, მაგრამ, რომ გაიგო, ძალიან ეწყინა.
ერთხელ ჩემს თანამშრომელს ვუყვებოდი ჩემი და კოტიკოს ჩხუბის შესახებ და ისიც ვუთხარი, სამსახურიდან უკრაინაში მგზავნიან სასწავლებლად ორი თვით-მეთქი. ეს საუბარი გაიგონა ლაშამ (ახალმა თანამშრომელმა), თურმე იმედი მიეცა და გაააქტიურა ჩემ მიმართ ყურადღება. უკრაინაში წასვლის წინ მითხრა, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ შენი გული მოვიგოო. მეორე დღიდან დაიწყო რეკვები. ორი კვირის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი (რა თქმა უნდა, ქმრისგან). გულში ვიფიქრე, რომ ეს იყო ჩემი ოჯახის შენარჩუნების ერთადერთი ხსნა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ სასწრაფო აბორტი უნდა გამეკეთებინა. აბორტის გასაკეთებლად თბილისში ჩამოვედი, კოტიკო კი ქუთაისში იყო და არც კი ჩამომაკითხა. სამაგიეროდ, ლაშამ რომ გაიგო, გიჟს ჰგავდა – ჩამოვალ და დაგეხმარებიო, მაგრამ, დავაფიცე, არ ჩამოსულიყო, რადგან თბილისში ნათესავები მყავდა და მაინც ვერ ვნახავდი. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ხუთი დღე მომცეს დასასვენებლად, რაც არავინ იცოდა. ამიტომ, ჩუმად წავედი ქობულეთში და ლაშასთან ერთად მშვენივრად გავატარე დრო. ჩვენ უკვე სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი და ორივე ვიტანჯებით. ლაშას ბევრჯერ ვუთხარი, მე თავი დამანებე და უკეთესი გოგო მოძებნე-მეთქი, ის კი ამაზე ძალიან ბრაზდება. ამიტომ, გადავწყვიტე, ქმარს გავყროდი. მაგრამ, მანამდე ისევ წავედი უკრაინაში, სწავლა დავასრულე და სახლში დავბრუნდი. ახლა ერთ-ერთ სამინისტროში ვმუშაობ და საკმაოდ კარგი ხელფასიც მაქვს. ჩემს ქმარს კი ჩემმა სიძემ დააწყებინა მუშაობა ნავთობის ერთ-ერთ ფირმაში.
ყოველივე იმის გამო, რაც თავს გადამხდა, ფსიქიკურად ძალიან არეული ვიყავი, თან, ლაშა ისე მიყვარდა, რომ ქმარს აღარ ვიკარებდი. ამას გარდა, ექიმმა გამაფრთხილა, კატეგორიულად არ შეიძლება დაფეხმძიმება, სანამ მკურნალობის კურსს არ დაამთავრებო, მაგრამ კოტიკოს ეს არც კი აინტერესებდა, ცხოველივით იყო. თან, სულ მეჩხუბებოდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ახლა ისევ ჩემს მშობლებთან ვარ.
კოტიკო ისევ მთხოვს დაბრუნებას, ოჯახშიც მეჩხუბებიან, ქმრისგან რომ წამოვედი – მეზობლები რას იტყვიანო. სამსახურიდან პირდაპირ სახლში მივდივარ და მეტი არსად მიშვებენ. ლაშაც იმათ მხარესაა – მეუბნება, სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდება, სახლში იჯექი და ზედმეტ აყალმაყალს მოერიდეო. არადა, სახლში სულს მიხუთავენ ჩემი ქმრის გამო. რაც ჩამოვედი, ლაშა ერთხელაც არ მინახავს, მხოლოდ ტელეფონით ვლაპარაკობთ.
ახლახან კოტიკომ კიდევ ერთხელ მთხოვა შერიგება და შემეხვეწა, კიდევ ერთი შანსი მომეცი, თუ გინდა, ბინა ვიქირავოთ და ცალკე გადავიდეთო. მე კი აღარ მინდა მასთან ყოფნა – არ მიყვარს. მასთან ცოლქმრული ურთიერთობაც ვერ წარმომიდგენია. ამიტომ, ძალიან რთულია ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა.
არ ვიცი, რა ვქნა. მთელი ცხოვრება ამირია ერთმა დანაშაულმა. ხანდახან სიკვდილზეც კი ვფიქრობ. მართალია, გარეგნობაც კარგი მაქვს, განათლებულიც ვარ, არც სამსახურს ვუჩივი, მაგრამ, თურმე, ბედნიერებისთვის ეს ყველაფერი საკმარისი არ ყოფილა. მინდა, ფსიქოლოგს მივმართო, იქნებ მან მირჩიოს, როგორ მოვიქცე.
გვანცა, 22 წლის.
ქმარმა უზრუნველად უნდა მაცხოვროს და ყველა სურვილი შემისრულოს
მე „თბილისელების“ ერთგული მკითხველი ვარ და მინდა, ჩემი ისტორია გიამბოთ.
ვარ საკმაოდ ლამაზი გოგო. არც განათლება მაკლია, არც ინტელექტი და არც საუბარში ჩამოვუვარდები ვინმეს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ მე არც ერთი არ მომწონს, ამის მიზეზი კი ჩემი წინასწარ დაგეგმილი ცხოვრებაა. საქმე ის არის, რომ რაიონში ვცხოვრობ, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. რომ იტყვიან, მართლაც არაფერი მაკლია, მაგრამ, ბავშვობიდან ამოვიჩემე და თავი დავირწმუნე, რომ აქ ჩემი დონის ხალხი არ არის და მათ გვერდით არ უნდა ვცხოვრობდე. რაც უფრო მემატებოდა ასაკი, ამაში მით მეტად ვრწმუნდებოდი. ახლა კი უკვე დანამდვილებით გადავწყვიტე, სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარო (ძალიან კარგად ვხატავ), რა თქმა უნდა, თბილისში და, თვითმიზნად დავისახე, რომ აუცილებლად ვიპოვო ისეთი მამაკაცი, რომელიც ძალიან მდიდარი იქნება, არც შეუხედავი არ უნდა იყოს, თან, ძალიან უნდა ვუყვარდე, მთელი ცხოვრება უზრუნველად მაცხოვროს და ყველა ჩემი სურვილი თანდათან შემისრულოს. ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევ; მნიშვნელობა არ აქვს, რის ფასად დამიჯდება, მაგრამ, უკან არაფერზე დავიხევ. მთავარია, აუცილებლად ბედნიერი უნდა ვიყო, რადგან, ზუსტად ვიცი, რომ მე ცხოვრებისგან გაცილებით მეტი დავიმსახურე.
ირინკა, 18 წლის.
ჩემი დაქალი ჩემს შეყვარებულს ხვდება
მყავდა შეყვარებული, რომელსაც ჩხუბით დავშორდი. ვისი ბრალი იყო ჩვენი დაშორება, ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ანდრო უფრო დამთმობი უნდა ყოფილიყო ჩემ მიმართ. სხვა თუ არაფერი, ბიჭმა შეყვარებულს სიტყვა აღარ უნდა შეარჩინოს?! რაც არ უნდა მეთქვა, რაც არ უნდა გამეკეთებინა, ყველაფერზე ან მაკრიტიკებდა ან ცინიკურად მაძლევდა შენიშვნებს. რომ გეკითხათ, ვუყვარდი, მაგრამ, ჩემი რაღაც-რაღაც თვისებები არ მოსწონდა და ჩემს გამოსწორებას ცდილობდა. გამოსასწორებელი თვითონ არის. ბოლოს ისიც კი მითხრა, ძნელად აღსაზრდელი ბავშვი ხარო და სწორედ ამის გამო ვეჩხუბე და დავშორდი. მართალია, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მე ვიყავი მართალი, მაგრამ, მაინც ძალიან განვიცადე და ჩემს უახლოეს დაქალს მოვუყევი ყველაფერი, რაც ჩვენ შორის მოხდა. მან დამამშვიდა და მითხრა, კარგად მოქცეულხარ, ბიჭს არაფერი არ უნდა დაუთმო, თორემ, ყოველთვის ყველაფერში მართალი ჰგონიათ თავი და, მერე, შეყვარებული ცოლად რომ მოჰყავთ, დესპოტებივით იქცევიანო. ბოლოს კი დამარიგა, შერიგება თუ გთხოვოს, არ დაუთმო და მაგრად აწრუწუნეო. მაგრამ, შერიგებამდე არც მისულა საქმე. ძალიან მალე ერთი მეგობრისგან გავიგე, რომ ანდრო ამ ჩემს დაქალს ხვდება და, თურმე, ის პრეტენზიები, რაც ჩემთან ჰქონდა, მასთან აღარ გასდის, რადგან ჩემი დაქალი იქით უწუნებს ხასიათსაც, საქციელსაც, თვისებებსაც და, როგორც იტყვიან, ყურით ჰყავს დაჭერილი. ნატომ (ჩემმა დაქალმა) არ იცის, რომ გავიგე მათი ურთიერთობის შესახებ და ჩემთან ისე იქცევა, როგორც ერთგული მეგობარი, რომელიც ძალიან განიცდის ჩემს მდგომარეობას. მეც, ჯერჯერობით, არაფერს ვეუბნები, მაინტერესებს, როდემდე გაგრძელდება მისი იუდობა.
ანა, 19 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 595 40-76-78.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.